გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2019
საქმის ნომერი
140210118002703759
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2101-18 (140210118002703759)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აგვისტო, 2019 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ვ-–----------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - მ-------------–-–---–ი

მოპასუხე - მ----------–----–---–ი

წარმომადგენელი - ლ-------------–--ე

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო (დაზუსტებული) მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ვ-–----------------–-–---–სა და მ----------–----–---–ს შორის 2017 წლის 4 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ნივთის, მდებარე გ------------------------–------–----ა (საკადასტრო კოდი: 6--4--1--2--) ½ წილზე და საჯარო რეესტრში აღირიცხოს ვ-–----------------–-–---–ის.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2010 წლის 23 აგვისტოდან ვლადიმერ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ------------–თან, რომელიც არის მოპასუხე მ----------–----–---–ის შვილი. ქორწინების პერიოდში, 2014 წლის 25 მარტს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე გ------------------------–------–----ა (საკადასტრო კოდი: 6--4--1--2--). 2014 წლის 15 აგვისტოს ლ------------–ის სასარგებლოდ, შეადგინა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სადავო ნივთის ½ წილზე, რომელზეც სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. ლ------------–ის დაჟინებული თხოვნით ვ-–----------------–-–---–მა 2016 წლის 13 ივნისს შეადგინა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება მოპასუხე მ----------–----–---–ის სასარგებლოდ ½ წილზე, რომელზეც ასევე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2017 წლის 4 იანვარს განმეორებით შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება და სადავო უძრავი ნივთის ½ წილი საჯარო რეესტრში აღირიცხა მ----------–----–---–ის საკუთრებად.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების დადებით საბოლოოდ იგი მოტყუებული დარჩა, ვინაიდან უძრავი ნივთის მ----------–----–---–ისთვის ჩუქების მიზანი იყო თავიდანვე მოწესრიგებულიყო უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის საკითხი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლ------------–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, უძრავი ნივთის მეუღლეების თანასაკუთრებაში დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, რის გამოც ლ------------–მა გადაწყვიტა ჩუქება გაფორმებულიყო მისი დედის მ----------–----–---–ის სახელზე, თუმცა მოგვიანებით, როდესაც პრობლემა გაჩნდა მეუღლეებს შორის და დღის წესრიგში დადგა განქორწინების საკითხი, ლ------------–მა სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევარი, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ქონებიდან ვ-–----------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთის ½ წილიდან ½ წილის (მთლიანი ქონების ¼ წილი) მესაკუთრე გახდა ლ------------–ი (იხ. სარჩელი და 31.06.2019წ. მთავარი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე მ----------–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთი შეძენილია მისი შვილის, ლ------------–ის მიერ გერმანიაში სესხად აღებული თანხით. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია ნებაყოფლობით, ადგილი არ ჰქონია იძულებას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ მოსაზრებას გარიგების მოტყუებით დადების შესახებ, მოსარჩელემ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი შეცვალა მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე, რაც გაზიარებული არ უნდა იქნეს. ამასთან, მტკიცებულება ამ კუთხითაც არ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა სარჩელი არის ხანდაზმული იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 84-ე და 89-ე მუხლებით მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა ერთი წელია, ხელშეკრულება კი გაფორმებულია 2017 წლის იანვარში (იხ. 12.06.2019 წ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ-–----------------–-–---–ი და ლ------------–ი 2010 წლის 23 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.21-22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ვ-–----------------–-–---–მა ლ------------–თან თანაცხორების პერიოდში 2014 წლის 25 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე, გორი, სოფელი ახალდაბა, ს/კ:6--4--1--2--.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 25 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27)

 

3.2.2. 2017 წლის 04 იანვარს უძრავი ქონებიდან, მდებარე გ-----------------------–------–-----, საკადასტრო კოდი 6--4--1--2--, ½ წილი ვ-–----------------–-–---–მა ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლებით გადასცა მ----------–----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 04 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 35-37).

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 4 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება არ გაფორმებულა ვ-–----------------–-–---–ის მოტყუებით.

 

მოსარჩელე ვ-–----------------–-–---–ის განმარტებით, მისი მოტყუება გამოიხატა იმაში, რომ მ----------–----–---–ის სახელზე ჩუქების ხელშეკრულება იმიტომ გააფორმა, რომ მისი მეუღლე ლ------------–ი, რომელიც ამავდროულად არის მ----------–----–---–ის შვილი, ვერ იფორმებდა სახლს თანასაკუთრებაში საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო და ამ ჩუქების ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მ----------–----–---–ის საკუთრებაში აღრიცხვა ნიშნავდა უძრავი ნივთის ლ------------–ის საკუთრებას, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მან განქორწინება მოისურვა, ლ------------–მა, გარდა იმისა, რომ მას საკუთრებაში აქვს თავისი დედის ½ წილი უძრავი ქონებიდან, ვ-–----------------–-–---–ის კუთვნილი ½ წილიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით საკუთრებაში მიიღო ნახევარი.

 

სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე, რადგან მისი მოსაზრებით, სადავო გარიგება მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს. მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება ნიშნავს განზრახ შეცდომაში შეყვანას. ამ დროს სახეზეა გარიგების ერთი მხარის ნების გამოვლენის ნაკლი, ოღონდ ეს ნაკლი გამოწვეული უნდა იყოს გარიგების მეორე მხარის, ან მესამე პირის გასაკიცხი მოქმედებით, რაც გამოხატება განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე მცდარი შეხედულების ჩამოყალიბებისათვის.

 

2017 წლის 04 იანვრის ხელშეკრულებით ვ-–----------------–-–---–მა ჩუქებით გადასცა უძრავი ქონება მ----------–----–---–ს. ამასთან, ხსენებული ხელშეკრულება გაფორმებულია მარეგისტრირებელ ორგანოში, რაც დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, 2014 წლის 25 მარტიდან 2017 წლის 04 იანვრამდე არაერთი წარუმატებელი ხელშეკრულება გააფორმა ვ-–----------------–-–---–მა სადავო უძრავ ნივთზე, კერძოდ, 2014 წლის 15 აგვისტოს ლ------------–ზე, 1--06.2016წ. მ----------–----–---–ზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ვ-–----------------–-–---–ი მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა მ----------–----–---–მა თუ ლ------------–მა მოსარჩელის მხარეზეა, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება სარჩელი და შესაბამისი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

 

აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელემ სხდომაზე განმარტა, რომ მ----------–----–---–ისთვის უძრავი ნივთის ჩუქება ნიშნავდა იმას, რომ აღნიშნული ნივთი აჩუქა ლ------------–ს, რათა მეუღლეებს შორის ამგვარად მოწესრიგებულიყო საერთო ქონების თანასაკუთრების საკითხი, თუმცა შემდეგ ამავე საფუძლით ლ------------–მა ვ-–----------------–-–---–ის კუთვნილი წილის ½ ნაწილი საკუთრებაში მიიღო და სწორედ ამას მიიჩნევს მისი მოტყუების ფაქტად.

 

აღნიშნულ ახსნა-განმარტებას არ ეთანხმება მოპასუხის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება ამ გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხე მოსარჩელის ახსნა-განმარტებას უარყოფს, ხოლო აღნიშნული ახსნა-განმარტება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით არ არის გამყარებული, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო სადავო გარემოებას დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, მითუმეტეს, მანვე მიუთითა, რომ მისთვის ნათელი იყო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზნის შესახებ, ანუ თავადვე უარყოფს მისი მოტყუების ფაქტს, ამასთანავე მოსარჩელის მიერ გამოხატული პრეტენზია სუბიექტის მიმართ, თუ ვისმა მოქედებებებით დარჩა იგი მოტყუებული ლ------------–ისკენაა მიმართული და არა მ----------–----–---–ისკენ. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილებით ლ------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ-–----------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 81-83-ე, 524-525-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან, უძრავი ნივთის ნახევარი გააჩუქა მოტყუების შედეგად. თავის მხრივ მოპასუხე მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, ვინაიდან მათ ჩუქების ხელშეკრულებით მხოლოდ ჩუქების ნება გამოხატეს.

 

ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად. საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები უნდა გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას მისი მოტყუების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას იგი მოატყუეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის შესახებ, რომ იგი მოატყუეს და მოტყუება გამოიხატა ლ------------–ის მოქმედებაში მისი მხრიდან მეუღლეების განქორწინების პროცესში ყოფნისას, მიეღო უფრო მეტი ქონება, კერძოდ მეუღლის კუთვნილი წილიდან ნახევარი, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწია კიდეც.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება ჩუქების ხელშეკრულებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება შედგა 2017 წლის 04 იანვარს და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა არა ჩუქების ხელშეკრულების არსებითი პირობები, არამედ მისი ბათილობის საკითხი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, რომელი შეიძლება ბათილად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში თუ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს (სკ 54-ე მუხლი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა გარიგების ბათილობის საფუძვლებზე, რიგ შემთვევაში როგორც გარიგების დადებისას მის იძულებაზე, გარიგების მოჩვენებითობასა და თვალთმაქცურობაზე, საბოლოოდ შეჯერდა, რომ გარიგება დაიდო მოტყუებით.

 

6.5. სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-83-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას კი, გარიგების ბათილობის მოთხოვნა შეიძლება, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

 

კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვენბის ადამიანის მოტყუება უნდა იყო შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი საქმე №ას-182-171-2014, 20.01.2016წ. საქმე №ას-1117-1051-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ზემოთ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა, თავადვე მიუთითა სადავო ხელშეკრულების დადების მიზანზე, რომელიც ყველასათვის (გამჩუქებლისათვის, დასაჩუქრებულისათვის და ასევე იმისათვის, რომლის ინტერესშიც, როგორც თავად მოსარჩელე მიუთითეს, ამ გარიგების დადება შედიოდა) ცნობილი იყო, ე.ი. მოტყუების ფაქტთან თავადვე მოვიდა წინააღმდეგობაში. რაც შეეხება მოგვიანებით იმ გარემოების აღმოჩენას, რომ ლ------------–ის მხრიდან ვ-–----------------–-–---–ის კუთვნილ წილზე დავის დაწყებით (მაშინ როცა მისი ინტერესი დედამისზე უძრავი ნივთის ½ წილის გადაფორმებით უკვე დაკმაყოფილებული იყო) იგი მოტყუებული დარჩა, აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია იმდენად, რამდენადაც ეს გარემოება გარიგების დადებისას საერთოდ არ არსებობდა და ვერც იარსებებდა და ამასთანავე შეუსაბამო და წინააღმდეგობრივია ამ საქმეზე მოპასუხე მხარის პოზიციით - მითითებული სარჩელის ცნობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოუდგენია და მიუთითა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, ისიც მხოლოდ მთავარ სხდომაზე და აღნიშნული გარემოებები დაზუსტდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე შეკითხვების ეტაპზე.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ გარემოებებს ემყარება, უფრო მყარი არგუმენტები ვერ წარმოადგინა იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ იგი გარიგების დადებისას მოატყუეს.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაგანი რწმენით შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაამტკიცა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება იყო მოტყუებით დადებული ხელშეკრულება.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, როგორც თავად მიუთითა მოტყუებით თუ იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა ერთი წელია (სკ 84-ე და 89-ე მუხლები) და ეს ვადა მოტყუების შემთხვევაში აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევში კი მოსარჩელე მხარემ მისი მოტყუების საფუძვლად მიუთითა მეუღლეების დაშორების გამო ლ------------–ის მხრიდან საერთო ქონებაზე დავის დაწყების მომენტიდან, რომლის ათვლის წერტილიც 2018 წლის იანვარია, ვლადიმერ რჩელულიშვილმა კი სასამართლოს გარიგების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მომართა 2018 წლის 01 ნოემბერს (ერთ წლის გასვლამდე).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა რა, სარჩელი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

8.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ----------–----–---–ს (პ/№ 0----------) აეკრძალა გ-----------------------–------–-----ში მდებარე უძრავი ქონებიდან, საკადასტრო კოდი: №6--4--1--2--., მისი კუთვნილი 1/2 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

საქმის განხილვის შედეგად, უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ვ-–----------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე მ----------–----–---–ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მ----------–----–---–ისათვის (პ/ნ: 0----------) მის საკუთრებაში რიცხული გორის რაიონის სოფელ ახლადაბაში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 6--4--1--2--) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი