განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/100-19
გამოძიების #0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---------------------–---–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------–-, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ------–-------------------------–------------------, ამჟამად პატიმარი
ადვოკატი - ლ--–-----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი)
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის თებერვალში, თ------–-------------------------–---------------–-, ვ------------------–---–--- და ბ-------–---–---–-- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბ-------–---–---–--, ოჯახურ საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ფეხის მარჯვენა მხარეს ნეკნებთან ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ვ------------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ბ-------–---–---–--ა და ვ------------------–---–-- არასრულწლოვანი შვილი - ა-----------–---–---–-.
2. 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, თ------–-------------------------–---------------–-, ვ------------------–---–--- და ბ-------–---–---–-- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბ-------–---–---–--, ოჯახურ საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა მკერდის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ვ------------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ბ-------–---–---–--ა და ვ------------------–---–-- არასრულწლოვანი შვილი - ა-----------–---–---–-.
3. 2019 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ------–-------------------------–---------------–-, ვ------------------–---–--- და ბ-------–---–---–-- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბ-------–---–---–--, თუ რატომ არ დგებოდა დაზარალებული დილით ადრე, ასევე, თუ რატომ ადარებდა სხვა პირებს, თმაზე მოქაჩვის, მუშტის სახის არეში და ფეხების წელის და წვივების არეში დარტყმების გზით ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით დროის შუალედში სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - ვ------------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ძალადობის ფაქტებს შეესწრო ბ-------–---–---–--ა და ვ------------------–---–-- არასრულწლოვანი შვილი - ა-----------–---–---–-.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ ბ-------–---–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
6. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულის და მოწმეების - ვ------------------–---–--- და ა-----------–---–---–-ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, ფოტოსურათები, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის #5--------- დასკვნა და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ-------–---–---–-- მიერ იმ დანაშაულების ჩადენას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება ბ-------–---–---–-- მიერ დაზარალებულზე ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-------–---–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ვ------------------–---–-- მიმართ სამივე ეპიზოდში ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბ-------–---–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ბ-------–---–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სამივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ბ-------–---–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 3, მათ შორის 2 არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან და შერიგებულია, კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული ავადმყოფი მშობლები.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბ-------–---–---–-- ქმედება განახორციელა არასრულწლოვანის თანდასწერებით, ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამ ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ამიტომ, ჩადენილი ძალადობრივი ქმედების - თითოეულ შემთხვევაში, გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
14. ბ-------–---–---–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული ავადმყოფი მშობლები, ხოლო მე-3 ეპიზოდთან მიმართებით ასევე ფიზიკური ძალადობის ინტენსივობასა და სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ასევე დამამძიმებელ გარემოებათა არარსებობას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას 2019 წლის თებერვლისა და ოქტომბრის შუა რიცხვებში ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2019 წლის 28 ოქტომბრის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდში - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელ ეპიზოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ინტენსივობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით სასჯელად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენება 160 საათის ვადით დამატებით ეფექტს შესძენს სასჯელის მიზნების რეალუად შესრულებას. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, აქამდე ეგონა, რომ "რქებს ვერავინ წაატეხდა", ასე რომ მისი ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ამგვარი დამატებითი სასჯელის მიზანშეწონილობას ნამდვილად ხედავს ამ საქმეში.
15. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - ბ-------–---–---–-- აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: ბ-------–---–---–-- მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ავადმყოფი მშობლები, ასევე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
16. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბ-------–---–---–- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და ყველაზე მკაცრმა უნდა შთანთქას დანარჩენი სასჯელები. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია ბ-------–---–---–-- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ ბ-------–---–---–--ათვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
2. ბ-------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად
3. ბ-------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 28 ოქტომბრის ფიზიკური და 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ-------–---–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2 წელი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით.
5. ბ-------–---–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
6. ბ-------–---–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით, მანვე განსაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
8. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ბ-------–---–---–- დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი