გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.11.2019
საქმის ნომერი
330310019003017604
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4016-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - რ---------------

წარმომადგენელი - შ---------–-–---–-

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------ს“ მიერ 2009 წელს, რ---------------ს სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 16.10.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 აპრილის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2001 წლის 17 დეკემბერს შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0------- ლიცენზია.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 15 თებერვლის N1------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულებების 2009 წლის 24 დეკემბრის N1---- გადაწყვეტილებით, შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------“, ჩაითვალა ავტორიზებულად აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

 

2011 წლის 30 ნოემბრიდან შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს--–---–------------------------“. 2012 წლის 20 აგვისტოდან აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა - შპს ,,ს----------–--------------–-----------------------“, ხოლო 2014 წლის 29 სექტემბრიდან - შპს ,,ს--–---–-------------–-----------------------“.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის N40 გადაწყვეტილებით, შპს ,,ს--–---–-----------------------ს“ 2014 წლის 24 დეკემბრიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი).

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდათ ერთი წლით.

 

2015 წლის 30 სექტემბრიდან აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს----------–--------------–-----------------------“ (ს/კ 208215509). აღნიშნული იურიდიულ პირს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ცენტრში წარდგენილი აქვს ჩარიცხულ პირთა სია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 აპრილის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 69-70);

 

3.1.2. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 09 ივლისის M---------------- წერილის თანახმად, რ--------------მა მონაწილეობა მიიღო 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რ---------------ს მიერ მიღებული იქნა შემდეგი შეფასებები:

ქართული ენა და ლიტერატურა - 55 ქულა (სკალირებული ქულა - 151,0)

ზოგადი უნარები - 41 ქულა (სკალირებული ქულა - 142,2)

რუსული ენა - 85 ქულა (სკალირებული ქულა - 170,3).

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის M---------------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რ---------------ს შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ხოლო ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიაში ფიქსირდება რ---------------ს შესახებ მონაცემები, კერძოდ, 2005 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, ჩაირიცხა შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ში“.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 09 ივლისის M---------------- წერილი (ს.ფ. 85);

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 86-87);

 

3.1.3. შპს ,,ს----------–--------------–-----------------------ს“ რექტორის 2019 წლის 08 აპრილის N0925 წერილის თანახმად, რ--------------- ,,ს----------–--------------–---------------------–-“ ჩაირიცხა 2005 წელს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის I კურსზე. მან აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი დაასრულა 2008 წელს, მიენიჭა ბიზნესისა და მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომი S-- 0-----, სარეგისტრაციო #0-----.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,ს----------–--------------–-----------------------ს“ რექტორის 2019 წლის 08 აპრილის N0925 წერილი (ს.ფ. 77);

-დიპლომი S-- №0----- (სარეგისტრაციო №0-----) (ს.ფ. 16);

 

3.1.4. 2019 წლის 02 აპრილს, რ--------------მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------ს“ მიერ 2009 წელს, მის სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით, რ--------------ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ რ--------------ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდების და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე. შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე 2009 წელს გაცემული ბაკალავრის S-- №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2019 წლის 02 აპრილის განცხადება (ს.ფ. 56-57);

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 17-21).

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული -სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მითითებული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას, ხოლო მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილებით, რ--------------ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ რ--------------ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდების და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე. შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე 2009 წელს გაცემული ბაკალავრის S-- №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ--------------მა მონაწილეობა მიიღო 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, დადგენილია, რომ 2005 წელს რ--------------- ჩაირიცხა შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ში“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ინსტიტუტში ჩარიცხვის წესზე და მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 09 ივლისის M---------------- წერილის თანახმად, რ--------------მა მონაწილეობა მიიღო 2005 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამავე წელს, იგი ჩაირიცხა შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ში“, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, რასაც მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ. ამასთან, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ უნივერსიტეტს რ---------------სთვის ჩარიცხვის ეტაპზე არ მოუთხოვია ეროვნული გამოცდების ჩაბარება, არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა, მაშინ როცა ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ ადგენდა ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი. მეტიც, რ---------------სთვის ცნობილი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულების შესახებ, ვინაიდან მან 2005 წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდები, თუმცა მიღებული შედეგების გათვალისწინებით მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რის შემდგომაც სწავლა განაგრძო შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–----------------ში“, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

 

6.3. შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------ს“ მიერ 2009 წელს, რ---------------ს სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირებაა, რეალაქტია, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. ამასთან, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, მათ შორის დიპლომი. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ დიპლომის მიმართ პირის კანონიერი ნდობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან რ--------------მა შპს ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში“ სწავლის უფლება მოიპოვა არა კანონის თანახმად, საყოველთაოდ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გზით, არამედ, ეროვნული გამოცდების ჩაბარების გვერდის ავლით. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------ს“ მიერ 2009 წელს, რ---------------ს სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის თაობაზე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2009 წელს, შპს ,,ი-–-------------------–-----------------–--------------–------------------ს“ მიერ რ---------------ს სახელზე გაცემული S-- №0----- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 02 მაისის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერი გულუაშვილი