განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
080100118002505514
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/542-18 (№069100418002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ნ---- ზ-------–---–-, გ------- გ-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ლ---- ბ---------

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 0----------–--–-

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი გ-------

 

ადვოკატი - ნ------ ბ-------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 9 აპრილს, ღამის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო-----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნისას ლ---- ბ---------მ იძალადა მეუღლეზე ი--- კ------–---–---, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ლ---- ბ---------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ---- ბ---------- ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი--- კ------–---–-- არ მისცა ჩვენება მეუღლის ლ---- ბ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ბ---------მ არ მისცა ჩვენება ძმის ლ---- ბ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- ქ-------- ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 9 აპრილს მასთან სტუმრად მივიდნენ მისი დისშვილები, მათ შორის ლ---- ბ--------- და მისი მეუღლე ი--- კ------–---–-. დაახლოებით ორი საათი დაჰყვეს სუფრასთან, რის შემდეგ ლ---- ბ--------- და მისი მეუღლე ი--- კ------–---–- გავიდნენ გარეთ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ლ----ი სახლში შებრუნდა და ბიძას უთხრა, რომ ი--- წავიდა. მეორე დღეს ლ----თან ერთად მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მათგან შეიტყო, რომ ი--- გზაში ცუდად გახდა. პოლიციის თანამშრომლებმა ითხოვეს ნებართვა, რომ ფოტოები გადაეღოთ ადგილისათვის, სადაც ლ----ის განმარტებით ი---ს ხელი გაარტყა სახეში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--- ქ-------- ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 9 აპრილს იმყოფებოდა სახლში, მასთან სტუმრად მივიდნენ მისი მამიდაშვილები ი-----–- და ლ---- ბ---------ები და ლ----ის მეუღლე ი--- კ------–---–-. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლ----ი და ი--- გავიდნენ, თავად სამზარეულოში იმყოფებოდა, როდესაც გამოვიდა ი--- არ დახვდა და გაუგზავნა შეტყობინება თუ სად იყო, რაზედაც ი---მ უპასუხა, რომ ლ----თან იჩხუბა და წავიდა. თავად ლ--- ქ------- ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------- მ------- ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 აპრილს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ი--- კ------–---–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავად მეორე დღეს ჩაერთო აღნიშნულ საქმეში. მის მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნა ბრალდებული ლ---- ბ---------, რომლის განმარტებით შეეძლო მიეთითებინა ის ადგილი, სადაც მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა. გამოიძახა ექსპერტები, გავიდნენ ლ---- ბ---------- მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც შედგა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ლ---- ბ---------მ მიუთითა ის ადგილი, სადაც მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა, აღნიშნული დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - 2018 წლის 10 აპრილს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო წყალტუბოს რაიონის სოფელ ო-----------–- ი--- კ------–---–-ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N8----- თანახმად - წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად 2018 წლის 10 აპრილს ქუთაისში, წ-------–-----------------–- მდებარე კლინიკა „უ-----–-------ში’’ დახმარება ითხოვა ი--- კ------–---–--, რომელმაც განმარტა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ო-----------–-, სტუმრად ყოფნის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა ლ---- ბ---------მ.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად - 2018 წლის 10 აპრილს 16:35 საათიდან 16:55 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მონაწილე პირები ლ---- ბ---------- მითითებით მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ო-----------–- მდებარე თ----- ქ-------- საცხოვრებელ სახლში. ლ---- ბ---------მ მიუთითა საცხოვრებელი სახლის გვერდით კონკრეტული ადგილი, სადაც კამათის შემდეგ მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ლოყის არეში მეუღლე ი--- კ------–---–-.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ჯ--------- დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღული ფოტოსურათები CD-R დისკზე.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „უ-----–------’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N941-ის და ამავე დაწესებულების ცნობა N941 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 10.04.2018 წელი)) მონაცემებისა: მოქ. ი--- კ------–---–-- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.04.2018 წელს 23:20 საათზე. გაეწერა 10.04.2018 წელს 12:30 საათზე დიაგნოზით: არტერიული ჰიპერტენზია. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ი--- კ------–---–- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---- ბ---------- ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა ი--- კ------–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. ამავე უფლებით ისარგებმა მოწმე ი-----–- ბ---------მ და არ მისცა ჩვენება ძმის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმებს ლ--- ქ-------ს, თ----- ქ-------ს, თ---------- მ------- და გ------- ჯ---------, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმის ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

 

საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „უ-----–------’’ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N941-ის და ამავე დაწესებულების ცნობა N941 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 10.04.2018 წელი)) მონაცემებისა: მოქ. ი--- კ------–---–-- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 09.04.2018 წელს 23:20 საათზე. გაეწერა 10.04.2018 წელს 12:30 საათზე დიაგნოზით: არტერიული ჰიპერტენზია. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ი--- კ------–---–- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. აღნიშნული დასკვნით დაზარალებულის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი დაზიანებების არსებობის პირობებშიც კი, ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ---- ბ---------მ იძალადა მეუღლეზე ი--- კ------–---–---, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ---- ბ---------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რის გამოც ლ---- ბ--------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ბ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ---- ბ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გამართლებულ ლ---- ბ---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური