გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
251210019003019784
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 251210019003019784

საქმე №2/103-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2019 წე ქ. თელავი

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი მიხეილ მოსიაშვილი

მოსარჩელე - ბ-------–----ე

წარმომადგენელი - ი-----–-------------–ი

მოპასუხე - შ------------ა

წარმომადგენელი - ნ-----------------ი

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია შ------------ასა და ბ-------–----ეს შორის, რომელიც რეგისტრირებულია 2010 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ (სააქტო ჩანაწერი N0----------).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2010 წლის 6 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან ბ-------–----ე და შ------------ა. რეგისტრაცია განხორციელდა ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.

ქორწინების რეგისტრაციამდე თანაცხოვრების პერიოდში მოსარჩელეს და მოპასუხეს შეეძინათ შვილი - 2010 წლის 19 მაისს დაბადებული თ--------–----ე, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად.

შ------------ა ამჯამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2007 წლიდან არის იმ ქვეყნის მოქალაქე.

ქორწინების რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვის შემდეგ დაიწყო მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოებები და უკვე სამ წელზე მეტია ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ამჟამად მხარეებს ურთიერთობა საერთოდ შეწყვეტილი აქვთ და მათ შორის მიმდინარეობს დავა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს. განმარტავს, რომ მათი ქორწინების დასრულების მიზეზი არის ბ-------–----ის ღალატი. შ------------ასთან ქორწინების პერიოდში მას პარალელურად ჰქონდა სხვა ქალთან ურთიერთობა რომელთანაც შეეძინა შვილი. ბ-------–----ემ ბოროტად გამოიყენა შ------------ასთან ოჯახური ურთიერთობა და მეუღლის ფინანსების ხარჯზე შექმნა ბიზნესი საქართველოში და სურს მოიპოვოს ლეგალური ყოფნის უფლება აშშ-ში. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ შ------------ა თანახმა იქნება განქორწინებაზე მას შემდეგ, რაც გადაწყდება ქონებრივი დავა მხარეებს შორის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბ-------–----ე და შ------------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 06 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (სააქტო ჩანაწერი N0----------) (ს.ფ. 14).

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 19 მაისს შეეძინათ შვილი თ--------–----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შ------------ა და ბ-------–----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან - თ--------–----ესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი, ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

შ------------ა და ბ-------–----ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2010 წლის 06 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 19 მაისს შეეძინათ შვილი თ--------–----ე.

 

დადგენილია, რომ მხარეები, შ------------ა და ბ-------–----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს სურს შეწყდეს მოპასუხე შ------------ასთან რეგისტრირებული ქორწინება. მოსარჩელეს არ სურს, იმყოფებოდეს მოპასუხესთან ქორწინებაში. მისი მოსაზრებით, მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.

 

მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-------–----ის სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმის გათვალისწინებით, რომ ბ-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე შ------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია შ------------ასა და ბ-------–----ეს შორის, რომელიც რეგისტრირებულია 2010 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ (სააქტო ჩანაწერი N0----------).

 

2. შ------------ას დაეკისროს მოსარჩელე ბ-------–----ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ, 2019 წლის 29 მაისს გადახდილი სახელწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე