გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20579-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - ქ--------------------ე, თ-----------------ი, ზ--------–------ი
წარმომადგენელი - ნ-----–--------------
მოპასუხე - შპს „კ------------------ი“
წარმომადგენელი - ლ----------------–---–-
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სესხის აღიარება, პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს 2018 წლის 23 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტი და განისაზღვროს თვეში ძირითადი თანხის 2,5%-ით;
1.2. შემცირდეს 2018 წლის 23 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ით;
1.3. ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 24 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლით გადასახდელი თანხა განისაზღვროს: ძირითადი თანხა - 5200 ლარი, 12 თვის პროცენტი - 1560 ლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „კ------------------‘’-სა და მოსარჩელეებს - ქ--------------------ეს, თ-----------------სა და ზ--------–------ს შორის 2018 წლის 23 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც მოსარჩელეები არიან სოლიდარული მოვალეები. მოსარჩელეებმა აიღეს სესხი 5200 ლარი, 48 თვის ვადით, ყოველთვიური 4,95% სარგებლის დარიცხვით, რაც წელიწადში შეადგენს 59,4%-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,219%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას.
2019 წლის 19 ივლისს მოპასუხის მოთხოვნით გაიცა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 5200 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2752,71 ლარი, ხოლო ჯარიმა 3382,83 ლარი. 24 ივლისს გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შევიდა ცვლილება 19 ივლისის სააღსრულებო ფურცელში და აღნიშნული თანხების დაფარვის მიზნით დადგინდა ყველა მოვალის მთლიან ქონებაზე იძულებითი აღსრულება ან აუქციონზე რეალიზაცია ყველა მოვალის ნებისმიერი ქონებისა.
მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური პროცენტი არის მაღალი და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს და განისაზღვროს თვეში 2,5%-ით. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობა და უნდა განისაზღვროს დღეში 0,01%-ით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
ხელშეკრულების არსებითი პირობები შეთანხმდა მხარეებს შორის, რაც ასევე შესაბამისობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან. ხელშეკრულების დადების დროისთვის მოქმედი რედაქციით სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა წლიურ საპროცენტო განაკვეთს არაუმეტეს 100%-ისა, ხელშეკრულებით კი შეთანხმებულია 59,4%. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დაწესებული პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა არის ძირითადი თანხის 0,27%. ხელშეკრულებით კი შეთანხმებულია 0,219%. კანონმდებელმა იმისთვის დაადგინა პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა, რომ მაქსიმალურად ჩარჩოებში მოექცია კრედიტორები და ასევე მოვალეებიც. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო ამოქმედებას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოვლინდება მოვალის არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი ქმედება. თუ კრედიტორის ხელთ არ იარსებებს პირგასამტეხლოს დაკისრების ბერკეტი, იგი ვერ შეძლებს თავის დაცვას მავალის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობა სავსებით გონივრულია და სრულ შესაბამისობაშია სესხის ტიპთან და ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე შემცირების წინაპირობა. ამდენად, გაურკვეველია, რა საფუძვლით ითხოვენ მოსარჩელეები მის შემცირებას 0,01%-მდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ერთის მხრივ, შპს „კ------------------სა“ (გამსესხებელს) და მეორეს მხრივ ქ--------------------ეს, თ-----------------სა და ზ--------–------ს (როგორც სოლიდარულ მსესხებლებს) შორის 2018 წლის 23 აგვისტოს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რაც შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: სესხის თანხა - 5200 ლარი, კრედიტის ვადა - თვეში 4,95%, ამასთან მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის წინსწრებით შემცირების შემთხვევაში სარგებელი დაიანგარიშება სესხის ძირითადი თანხის მიმდინარე ვალდებულებიდან და სესხი დაიფარება ანუიტეტის წესით. ხოლო პირგასამტეხლო - სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,219% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სადაც განისაზღვრა ყოველთვიური გადასახდელი თანხა, თვეში 285,48 ლარი), ხოლო ბოლო თვეს - 384,11 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.08.2018 წლის სესხის ხელშეკრულება;
- გადახდის გრაფიკი;
3.1.2. კრედიტორის შპს „კვაკასუს კრედიტის“ მოთხოვნის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ნ------------–---–ის მიერ 2019 წლის 19 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეების: ქ--------------------ის, ზ--------–------ისა და თ-----------------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა, სესხის ძირითადი თანხა - 5200 ლარი, პროცენტი – 2752,71 ლარი, პირგასამტეხლო - 3382,83 ლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 132,02 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.07.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------.
3.1.3. იმავე სესხის ხელშეკრულებაზე შპს „კ------------------ის“ მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს ნ------------–---–ის მიერ 24.07.2019 წელს კვლავ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების სახე საბოლოოდ შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს მსესხებლის მიერ ვალის - 5200 ლარის, დარიცხული პროცენტების - 2752,71 ლარის, დარიცხული ჯარიმის - 3382,83 ლარის კრედიტორისთვის დაბრუნება ან იძულებითი აღსრულება ყველა მოვალის მთლიან ქონებაზე, ან აუქციონზე რეალიზაცია, ყველა მოვალის კუთვნილი ნებისმიერი ქონების მიმართ“.
19.07.2019 წლის სააღსრულებო ფურცლის დანარჩენ პუნქტებს ცვლილება არ შეხებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.07.2019 წლის სანოტარო აქტი სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შესახებ.
3.1.4. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამავდროულად, სააღსრულებო ფურცლის თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენა მოხდა იმავე დღეს და აღმასრულებელმა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოსარჩელეებს გაუგზავნა 26.07.2019 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.07.2019 წლის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ;
- 26.07.2019 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.1.5. მსესხებლები ადასტურებენ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული ყოველთვიური 4,95% (რაც წელიწადში შეადგენს 59,4%-ს) არის მაღალი და უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო, ამორალურ შეთანხმებად.
(ამ გარემოებასთან დაკავშირებით მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.1. პუნქტში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ქ--------------------ის, თ-----------------ისა და ზ--------–------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადების დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მოსარჩელეები პროცენტის ნაწილში თავიანთ შედავებას ამყარებენ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულის საპირისპიროდ კრედიტორი განმარტავს, რომ პროცენტი გამომდინარეობს ხელშეკრულების დადების დროს სამოქალაქო კოდექსით მოქმედი ნორმიდან, რომლის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. ხელშეკრულებით კი წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 59,4%-ს. გარდა ამისა, პროცენტზე მხარეთა შეთანხმება არსებობდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებლები დაეთანხმნენ, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კრედიტორი მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, რომელიც ეყრდნობა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.
ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალურია გარიგება, რომელიც ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება. ზნეობის ნორმებში კი იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას.
ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას საპროცენტო სარგებლის ნაწილში შეთანხმების ნაწილობრივ ბათილობასთან დაკავშირებით, თუმცა საკმარისად მიიჩნევს წლიური პროცენტის შემცირებას 48%-მდე, რაც თანხობრივად შეადგენს 2496 ლარს. სწორედ ამ ოდენობამდე უნდა შემცირდეს დარიცხული საპროცენტო სარგებელი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სესხის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
მითითებული ნორმით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 150%-ის ოდენობით.
მიუხედავად ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ამავე კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, რადგან 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არის თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დადგენილად არის მიჩნეული, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. მისი ოდენობა შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,219%-ს, რაც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის ჯამში შეადგენს 3382,83 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს დაკისრება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ვალდებულების დარღვევის არათანაზომიერია, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 338,28 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 340 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 241,02 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის ანაზღაურება. ხოლო დარჩენილი 98,98 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლების მოქმედება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ქ--------------------ის, თ-----------------ის, ზ--------–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქ--------------------ის, თ-----------------ის და ზ--------–------ის დავალიანება მოპასუხე შპს „კ------------------ის“ წინაშე განისაზღვროს 8034.28 ლარით, საიდანაც: ძირი თანხაა - 5200 ლარი, წლიური სარგებელი (12 თვის) - 2496 ლარი, პირგასამტეხლო - 338.28 ლარი;
3. მოპასუხე შპს „კ------------------ს“ მოსარჩელეების ქ--------------------ის, თ-----------------ისა და ზ--------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 241.02 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 98.98 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, კმ №64) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე