გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
140210018002665385
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1944-18 (140210018002665385)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - ლ-----------–---–ი

წარმომადგენელი - ტ-------------ე

მოპასუხე - გ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.2. გ--------------–---–ისათვის (---------------------- არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 24 აგვისტოს დაბადებული მ-------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 8 ოქტომბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ლ-----------–---–ი და გ--------------–---–ი 2014 წლის 25 ნოემბრიდან ფაქტობრივ, ხოლო 2015 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 24 აგვისტოს შეეძინათ შვილი მ-------------–---–ი. ხასიათების შეუთავსებლობის გამო 2017 წლის შემოდგომიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე შვილთან, მ--------------–---–თან ერთად ცხოვრობს მშობლებთნ.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გ--------------–---–ი არ მონაწილეობს შვილის აღზრდა-განვითარებაში და ბავშვს მატერიალურ დახმარებას არ უწევს. ლ-----------–---–ის მტკიცებით, მას აქვს მცირე შემოსავალი, რაც ბავშვის სრულფასოვანი კვების, ჩაცმისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის. მოპასუხე მართალია არ მუშაობს, მაგრამ დაკავებულია სოფლის მეურნეობით და აქვს შემოსავალი. შესაბამისად, გ--------------–---–ი, როგორც მშობელი, ვალდებულია თანაბარი მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ--------------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მას აქვს ბავშვთან ურთიერთობა და შვილზე ყოველთვის ზრუნავდა. მოპასუხის განმარტებით ყოფილ მეუღლეს ტელეფონიც შეუძინა, რომ ბავშვთან ჰქონოდა ურთიერთობა. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას გ--------------–---–მა 80 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ-----------–---–ი და გ--------------–---–ი 2014 წლის 25 ნოემბრიდან ფაქტობრივ, ხოლო 2015 წლის 24 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ლ-----------–---–სა და გ--------------–---–ს 2015 წლის 24 აგვისტოს შეეძინათ შვილი, მ-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა №67186004262;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ლ-----------–---–ი და გ--------------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი, მ-------------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ლ-----------–---–თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის მომართვის თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, გ--------------–---–ს არ უფიქსირდება შემოსავალი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ლ-----------–---–ს 2018 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 625 ლარის ოდენობით. 2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ვინაიდან განცხადებით მომართვის დროისათის არ დამდგარა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ლ-----------–---–ი დასაქმბულია შპს ტელე-რადიო კომპანია თ-----–---–- და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 250 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

3.2.2. მოპასუხე გ--------------–---–ი არ მუშაობს და შემოსავალი არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

გარდა მხარეთა ვალდებულებისა, თვითონ უზრუნველყონ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელზეც ისინი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვის დროს სასამართლოს მინიჭებული აქვს ფართო უფლებები, თვითონ თავისი ინიციატივით მიიღოს ყველა ზომა, რათა დაადგინოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) სასამართლოს შეუძლია თვითონ განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა. მხარეთა მიერ მითითებული გარემოებებით, სასამართლო ამ შემთხვევაში შემოჭილი არ არის; ბ) თვითონ თავისი ინიციატივით გამოითხოვოს არა მარტო ის მტკიცებულებები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები, არამედ რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ, მაგრამ რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალ დასადგენ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

მოცემულ დავაში სადავოა, დასაქმებულია თუ არა გ--------------–---–ი სოფლის მეურნეობით და აქვს თუ არა შემოსავალი და რამდენად შესწევს უნარი იხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი.

 

ის გარემოება, რომ გ--------------–---–ს აქვს შემოსავალი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით დგინდება, რომ გ--------------–---–ს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. თავად მოპასუხე აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს არ არის მისი საკუთრება, სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის თავისებურებიდან გამომდინარე, ორივე მშობელია ვალდებული უზრუნველყოს თავიანთი არასრულწლოვანი შვილი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაბამისად, ერთ-ერთი მშობლის შემოსავალი მეორე მშობლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებას საფუძვლად ვერ დაედება - უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო აუცილებელი მოთხოვნილების ფარგლებში, თუ მას აქვს ამის პოტენციალი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლართ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 8 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები;

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს როგორც ალიმენტის მიმღების, ისე მისი გადამხდელი პირების როგორც მატერიალურ, ისე ოჯახურ მდგომარეობაში. შესაძლებელია დამატებიტი შემოსავლის წყაროს გაჩენა, კმაყოფაზე მყოფი პირის გარდაცვალება ან ოჯახის ახალი წევრის გაჩენა, პირის ქმედუნარიანად აღიარება, ავადმყოფობა და სხვა. თითოეული გარემოება შეიძლება ალიმენტის ადრე დადგენილ ოდენობაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდეს. სასამართლოს შეუძლია ალიმენტის მიმღები პირის ან მისი გადამხდელის სარჩელის საფუძველზე შეამციროს ან გაზარდოს ალიმენტის ადრე დადგენილი ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, ამ ეტაპზე მოპასუხეს უდასტურდება თუ არა შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხის შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილი აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან, ლ-----------–---–თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ნოემბრის თვეში - 154.4 ლარს, დეკემბრის თვეში 155.0 ლარს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ--------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - მ-------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე..

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლ-----------–---–ი ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 49.3 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 80 ლარი, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 7.20 (შვიდი ლარისა და ოცი თეთრის) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. გ--------------–---–ს (---------------------- დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–---–ის (---------------------, დაბადებული 2015 წლის 24 აგვისტოს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 8 ოქტომბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3. მოპასუხე გ--------------–---–ს (---------------------- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 7,20 (შვიდი ლარისა და ოცი თეთრის) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი