გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1130-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "თ-----------ი"
წარმომადგენელი თამარ მაღალაშვილი
მოპასუხე თ----- შ---–---–ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
თ----- შ---–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2017 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7348.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6059.47 ლარი, პროცენტი 701.19 ლარი, ჯარიმა 575.60 ლარი, სადაზღვევო პრემია – 12.06 ლარი.
1.2. 2019 წლის 12 ივნისიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6059.47 ლარზე, წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს – 124.51 ლარს ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა.
1.3. 2019 წლის 12 ივნისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის – 6 059.47 ლარის 0.1%-ის პირგასამტეხლოს ყოველდღიურად დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 30.36 ლარისა.
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 22 სექტემბერს სს „თ----------სა“ და თ----- შ---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო კრედიტი 7700 ლარი 1464 დღის ვადით. სარგებელი შეადგენს წლიურ 25%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს 131.84 ლარის გადახდა. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაბრუნების გრაფიკი, სულ 48 გადახდა.
მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის მიერ გადახდილია ძირითადი თანხა 1640.53 ლარი, პროცენტი 2 196.47 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა 7348.32 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 6059.47 ლარი, პროცენტი 701.19 ლარი, ჯარიმა 575.60 ლარი, სადაზღვევო პრემია – 12.06 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თ----- შ---–---–მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო: საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა მისი შინაარსის გაუაზრებლად, მისთვის ხელშეკრულების პირობების შინაარსი ბანკის თანამშრომელს არ განუმარტავს. კრედიტის დასაბრუნებლად გადახდილი აქვს 3900 ლარი, რის გამო მიღებული კრედიტის თანხიდან 7700 ლარიდან გადასახდელად დარჩა 3800 ლარი. ბანკს მისთვის არ გაუგზავნია რაიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ აძლევდა ვალდებულების შესრულების დამატებით ვადას, თუმცა ბანკისათვის მისი საცხოვრებელი ადგილი ცნობილი იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 22 სექტემბერს სს „თ----------სა“ და თ----- შ---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან მიიღო კრედიტი 7700 ლარი 1464 დღის ვადით. სარგებელი შეადგენს წლიურ 25%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს 131.84 ლარის გადახდა. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაბრუნების გრაფიკი, სულ 48 გადახდა. მოპასუხეს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თვის 25 რიცხვში თანხის გადახდით. გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო შენატანის გადახდის დროა 2021 წლის 25 სექტემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-61. 65-66. ტომი 1)
3.1.2. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის მიერ გადახდილია ძირითადი თანხა 1640.53 ლარი, პროცენტი 2 196.47 ლარი, ჯამურად 3837 ლარი. მას თანხა არ დაუბრუნებია 2019 წლის 25 იანვრის შემდეგ. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7348.32 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6059.47 ლარი, პროცენტი 701.19 ლარი, ჯარიმა 575.60 ლარი, სადაზღვევო პრემია – 12.06 ლარი. დავალიანების გადახდის მოთხოვნით ბანკმა წერილი მოპასუხეს გაუგზავნა 2019 წლის 14 მაისს მისამართზე რუსთავი, მ---------------------------, სადაც 2019 წლის 24 მაისს არ ჩაბარდა კორესპონდენცია მისამართის უსწორობის გამო. 2019 წლის 5 ივნისის შეტყობინების თანახმად, წერილის ჩაუბარებლობის მიზეზია სახლში არ ყოფნა. წერილით მსესხებლს განესაძრვრა ვალდებულების შესასრულებლად 14 დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 67-68. ტომი 1)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 69. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (29.11.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- წერილის და შეტყობინებების ასლები (ს.ფ. 62-65. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება. ასევე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე მუხლები, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი
6. სამართლებრივი შეფასება
მხარეებს შორის სადაო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის არსი განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2016 წლის 15 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
2017 წლის 22 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 7700 ლარი წლიური 25% სარგებლის დარიცხვით, ხოლო თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად გრაფიკით დადგენილი წესით.
საკრედიტო ხელშეკრულების დადებით მოპასუხეს წარმოეშვა ბანკისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, რაც სესხად მიღებულ თანხას და სარგებლის თანხის გადახდას ავალდებულებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. პროცენტი სესხს ერიცხება საკრედიტო ვალდებულების წარმოშობიდან, ხელშეკრულების დადებიდანვე იმ ვადაში, რა ვადითაც გაცემულია კრედიტი და მსესხებლის უპირობო ვალდებულებაა ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს კრედიტის სარგებელი.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი 3837 ლარით საკრედიტო ვალდებულება შემცირდა და გადასახდელად დარჩენილია 3800 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ გადახდილი თანხით მთლიანად სესხის ძირითადი თანხა უნდა შემცირდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებულია „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ (ამოქმედდა 2017 წლის 1 მაისიდან) . ამ დადგენილების მე-2 მუხლის“ლ“ პუნქტის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე;
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
ბრძანების მე-5 მუხლით დადგენილია, რომ ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების თავსართი. ამ ნორმის მიხედვით, 1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფონტის ზომით, მაგრამ არანაკლებ 12-ისა. ხელშეკრულების თავსართში ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406”; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ნიმუშების ზოგადი სტილი და მასში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა. ხელშეკრულების თავსართში არ უნდა მიეთითოს ის საკომისიოები, რომლის გადახდაც კონკრეტულ მომხმარებელს არ ეკისრება. ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად უნდა იყოს ასახული, დაუშვებელია სავალდებულო ინფორმაციის ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე. მე-4 პუნქტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, პრეტენზიის წარდგენის ფინანსურ ორგანიზაციაში არსებული ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. 5. ფინანსური ორგანიზაცია, საკრედიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ვალდებულია, ასევე: ა) მიუთითოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია; მე-9 პუნქტის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.“
ბრძანების მე-6 მუხლით დადგენილია მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებაში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის ფორმა. კერძოდ, 1. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტების გარდა მოცემული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია.
2. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე, თითოეული გარემოების მითითებით;
ბ) საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი და ვადა;
გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსი, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ;
ვ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;
ზ) ფინანსური პროდუქტის გაცემასთან, შენარჩუნებასა და დასრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;
თ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
ი) დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
კ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებულ, სულ მცირე, მეათედამდე;
ლ) ფინანსურ ორგანიზაციაში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.
3. საკრედიტო ხელშეკრულებაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) კრედიტის ვადა;
ბ) კრედიტის მთლიანი თანხა;
გ) კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა;
დ) საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ე) უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №1-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ვ) უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებული განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ზ) სადაც შესაძლებელია, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა, შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს, სულ მცირე, თანხობრივად;
თ) შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
კ) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი;
ლ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ საქონლის /მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი, რომლის შესყიდვასაც აფინანსებს დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი. ასევე, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად;
მ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსური ორგანიზაციისგან იღებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო მომსახურების მიღებისათვის სავალდებულო სხვა სახის დამატებით მომსახურებას, ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დამატებითი მომსახურების მიღებასთან;
ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსურ ინსტიტუტთან აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას, სადაც მსესხებელი ფინანსური ინსტიტუტია, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს, ხოლო მომხმარებლის თანხმობის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა ზოგადი მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან/დაინტერესებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულების ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი ნიმუში მომხმარებლისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით. მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით, ამასთან ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.
ეროვნული ბანკის ამ ბრძანებით დადგენილია ის სავალდებულო წესები, რომელიც საფინანსო ორგანიზაციამ უნდა დაიცვას სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების დროს. კერძოდ, ამ ბრძანებით ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს, რადგან დადგენილია, რომ ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს თავფურცელს, სადაც მითითებული უნდა იყოს ძირითადი სახელშეკრულებო პირობები – სესხის თანხა, ვადა, სარგებლის პროცენტი, თანხის დაბრუნების წესი, თანხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი.
მოპასუხის განმარტებით, მას ხელშეკრულების დადების დროს არ განუმარტეს მისი შინაარსი და ვალდებულების დარღვევის კონკრეტული შედეგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება დადებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ზემოთაღნიშნული წესების დაცვით, ხოლო მოპასუხეს კონკრეტულად არ მიუთითებია, ხელშეკრულების რომელი პირობაა ბუნდოვანი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. შესაბამისად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ფინანსური ხარჯი. კერძოდ, სადაო ხელშეკრულებით სარგებელთან ერთად გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯი სესხის გაცემის საკომისიო და დაზღვევის მართვის საკომისიო, რომელთაგან სრულად გადახდილია სესხის გაცემის საკომისიო, ხოლო ნაწილობრივ ანაზღაურებულია სესხის ძირითადი თანხა, სარგებელი და დაზღვევის მართვის საკომისიო.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია, რომ "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის ფუნქცია, რადგან მისი მიზანია მომავალში ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან აიცილოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქციაც.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 6059,47 ლარი. 2019 წლის თებერვლის თვიდან სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 6760,66 ლარი. გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების 10%-ზე ნაკლები თანხა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. პირაგასამტეხლოს ოდენობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას, იგი სამართლიანი ფულადი სანქციაა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. შესაბამისად, საბანკო კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „თ----------სა“ და დავით ლორიას შორის 2015 წლის 16 ივლისს და 2017 წლის 28 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულება გრძელვადიანია, იგი შეეხება საკრედიტო ბარათის მიღებას, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მსესხებელს ევალება ფაქტობრივად დახარჯული თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნება. მოპასუხე ამ ვალდებულებას ასრულდება 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, რის შემდეგ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
მოპასუხეს კრედიტი არ დაუბრუნებია 2019 წლის 25 იანვრის შემდეგ, შესაბამისად ვადა გადაცილებულია 2019 წლის 25 თებერვლიდან. საკრედიტო ხელშეკრულებით მიხედვით, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 2021 წლის 25 სექტემბრამდე, რის გამოც ბანკს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს ამ დრომდე მიიღებდა ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მსესხებელი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა თითქმის სამი წლის მანძილზე. მხარეებს შორის გაფორმებული სამომხმარებლო ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება, რის გამოც 348-ე მუხლით დადგენილი პრინციპის საფუძველზე მოვალეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება გონივრულობის სტანდარტის დაცვით. ამ შემთხვევაში ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულია ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი იმ თანხის დაკისრება, რასაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღებდა, ამასთან თანხის ყოველთვიურად დაკისრება მოთხოვნილია 2019 წლის 12 ივნისიდან არაუმეტეს ერთი წლისა. იმის გამო ბანკისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდა მოპასუხეს ევალებოდა 2012 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრება გონივრულია და გამომდინარეობს სახელშეკრულებო პირობებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე №ას-145-135-2015 2015 წლის 23 აპრილის განჩინებაში 873-ე მუხლის შესახებ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ეს წესი ბანკმა არ დაიცვა, არ გაუგზავნა გაფრთხილება დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ. საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულია მსესხებლის თ----- შ---–---–ის მისამართი - რუსთავი, მ---------------------------, სადაც გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება მსესხებელს ვერ ჩაბარდა. საკრედიტო ხელშეკრულებაში მსესხებლის სხვა საცხოვრებელი ადგილი მითითებული არ არის. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის შეტყობინებისათვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა). მსესხებელს წერილი ფოსტით გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. სასამართლო განმარტავს, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის მიზანია მოვალეს მიეცეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რის გამოც შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი სანქციების დაკისრება. ამ შემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ მას წაერთვა ვალდებულების შესრულების ან ვალის შემცირების შესაძლებლობა. ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო მას კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რაშიც მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები არ დასტურდება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა მოსარჩელისათვის.
18. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისმე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;
2. თ----- შ---–---–ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“
· 2017 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7348.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6059.47 ლარი, პროცენტი 701.19 ლარი, ჯარიმა 575.60 ლარი, სადაზღვევო პრემია – 12.06 ლარი.
· 2019 წლის 12 ივნისიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 6059.47 ლარზე, წლიური 25% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს – 124.51 ლარს ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა.
· 2019 წლის 12 ივნისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის – 6 059.47 ლარის 0.1%-ის პირგასამტეხლოს ყოველდღიურად დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 30.36 ლარისა.
3. თ----- შ---–---–ს დაეკისროს სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 266,19 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი