გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002686341
2-4388/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11/12/2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელეები - გ-------– მ-------ე და რ------- ჩ----ძე
წარმომადგენელი - დ----------------ე
მოპასუხეები - გ-- მ-------ე, ქ--------- ქ-----ე
წარმომადგენელი - რ----------ე
დავის საგანი: ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
გ-------– მ-------ე და რ------- ჩ----ძე სასარჩელო განცხადებით მოითხოვენ შვილიშვილთან, გ------ მ-------ესთან ურთიერთობისათვის დაუდგინდეთ კვირაში ორი დღე. კერძოდ ყოველ შაბათ და კვირას. მოსარჩელეებმა მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს და მოითხოვეს გ------ მ-------ესთან ურთიერთობისათვის დაუდგინდეთ ყოველი კვირა დღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდი.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
გ-------– მ-------ეს და რ------- ჩ----ძეს ჰყავთ შვილი გ-- მ-------ე, რომელმაც ცოლად შეირთო ქ--------- ქ-----ე. გ-- მ-------ეს და ქ--------- ქ-----ეს ჰყავთ ერთი შვილი: - 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული გ------ მ-------ე. რ------- ჩ----ძეს რძალთან ურთიერთობა დაეძაბათ, რაც საბოლოო ჯამში გადაიზარდა ოჯახურ კონფლიქტში. მოპასუხეები საცხოვრებლად გადავიდნენ ქ--------- ქ-----ის მშობლების ოჯახში, რის შემდეგაც მოსარჩელეებს აუკრძალეს შვილიშვილის ნახვა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ შვილიშვილთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მოპასუხეების მიერ განხორციელებული ხელშეშლა მართლსაწინააღმდეგოა და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს. მოითხოვენ სასამართლომ დაადგინოს შვილიშვილთან ურთიერთობის დღეები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეებს მოპასუხეებთან აქვთ კონფლიქტი. ისინი მოპასუხეებზე სისტემატურად ძალადობდნენ, რის გამოც მოპასუხეებმა მიატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და შვილის ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ ქ--------- ქ-----ის მშობლების ოჯახში. მათი კონფლიქტური ურთიერთობა უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის ფსიქიკაზე. მიაჩნია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ბებიისა და ბაბუის შვილიშვილთან ურთიერთობის განსაზღვრის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ-------– მ-------ე და რ------- ჩ----ძე არიან ცოლ-ქმარი. ცხოვრობენ ხ--–----------------–----–----------------–-----––--ში. ჰყავთ შვილი გ-- მ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. გ-- მ-------ე და ქ--------- ქ-----ე არიან ცოლ-ქმარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. გ-- მ-------ეს და ქ--------- ქ-----ეს ჰყავთ ერთი შვილი: - 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული გ------ მ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16)
3.1.4. მოსარჩელეები არიან გ------ მ-------ის ბებია და ბაბუა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.5. საქმის განხილვის მომენტისათვის გ-- მ-------ე და ქ--------- ქ-----ე, თავიანთი შვილის გ------ მ-------ის ერთად ცხოვრობენ ქ--------- ქ-----ის მშობლების ერთად მისამართზე ქ. ბათუმი, კალანდაძის ქ. №70-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სოც. მუშაკის დასკვნა.ს.ფ. 62-63
3.2.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ რ------- ჩ----ძეს და ქ--------- ქ-----ეს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია. რ------- ჩ----ძე ფიქრობს, რომ ქ--------- ქ-----ე და მისი ოჯახის წევრები ჯადოს გამოყენებით ცდილობენ მათ შვილს - გ-- მ-------ეს ცუდი ურთიერთობა ჰქოდეს მშობლებთან. აღნიშნული მან რამოდენიმეჯერ გაიმეორა სხდომაზეც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.2.7. ასევე უდაო ფაქტობრიბვი გარემოებაა ის, რომ მოპასუხეები მოსარჩელეებს არ აძლევენ უფლებას მოინახულონ შვილიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეები დაობენ მასზედ, თუ რამდენად შესაძლებელია ბებიასა და ბაბუას განესაზღვროს შვილიშვილის ნახვის დრო. სხვა საკითხებზე მხარეები არ დაობენ. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. ბებიამ და ბაბუამ რა პერიოდულობით უნდა ინახულონ თავიანთი შვილიშვილი, ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია უდაო ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ფაქტების სამართლებრივ ანალიზზე და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბებიასა და ბაუას უნდა მიეცეს შვილიშვილთან ურთიერთობისა და მისი ნახვის საშუალება.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვა, კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შინაარსი. კერძოდ:
,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.
5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვადებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათ შვილებს ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ მათი მოვალეობაა ამ ურთიერთობაში სწორად განსაზღვრონ ის პირები, ვისთან ურთიერთობაც აუცილებელია შვილების სათანადო აღზრდისა და განვითარებისათვის. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე იზრუნოს შვილების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იმავდროულად სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია მშობლის მოვალეობა, კერძოდ მშობლებმა მინიჭებული უფლება არ უნდა განახორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მოპასუხეები წინააღმდეგი არიან შვილიშვილი მოინახულონ ბებიამ და ბაბუამ. დავის გადასაწყვეტად აუცილებელია დადგენილი იქნას ის მატერიალური საფუძველი, რაც ბებიასა და ბაბუას უფლებას ანიჭებს მოინახულოს შვილიშვილი. ასევე შეფასებული იქნას ის მიზეზები, რის გამოც მოპასუხეებს არ სურთ ბებიამ და ბაბუამ ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან.
6.4. მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი. დასახელებული ნორმით პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
სასამართლო დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ბებიასა და ბაბუას უფლება აქვთ ურთიერთობა ჰქონდეთ თავიანთ შვილიშვილთან და მონაწილეობას ღებულობდნენ მათ აღზრდასა და განვითარებაში. დედას ან მამას არ აქვს უფლება შვილიშვილებთან ურთიერთობა აუკრძალოს ბებიასა და ბაბუას. ასეთი აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ შვილიშვილებთან ბებიისა და ბაბუის ურთიერთობა ხელს შეუშალის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე დავაში მხარეები სუბიექტურები არიან. რ------- ჩ----ძეს და ქ--------- ქ-----ეს აქვთ კონფლიქტური სიტუაცია. რ------- ჩ----ძე, ქ--------- ქ-----ეს და მის ოჯახის წევრებს აბრალებს ზებუნებრივი ძალაბის გამოყენებით გ-- მაკარიძის მიმართ ზეგავლენას. აღნიშნულის გამო მოპასუხეები მოსარჩელეებზე გაბრაზებული არიან და არ სურთ, რომ მათ შვილს ბებიასა და ბაბუასთან ჰქონდეს ურთიერთობა. ასეთ სუბიექტურ დამოკიდებულებას ბუნებრივია აქვს თავისი ახსნა, მაგრამ ის გადაჭარბებულია. მათ შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაში არასრულწლოვანთა ჩართვა, გაუმართლებელია. უფრო ლოგიკური და გამართლებულია სიტუაციის ნორმალიზებისაკენ სწრაფვა. ის, რომ მხარეებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ეს დაძაბულობა არ უნდა გავრცელდეს ბებია/ბაბუისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გადის დაპირისპირებული პირების ინტერესის სფეროდან და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხოლოდ ბავშვის ობიექტურ, უპირატეს ინტრესებს. შვილიშვილთან ურთიერთობის განსაზღვრა დედამთლი/მამამთილისა და რძლის დაძაბული ურთიერთობის ფაქტორის გავლენით, შეცდომაა. ბებიასა და ბაბუას შვილიშვილთან ურთიერთობა შესაძლებელია შეეზღუდოთ მხოლოდ მაშინ, როცა ბებიასა და ბაბუასთან ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მათზე. წინამდებარე შემთხვევაში გარკვეულ ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მხარეებს აქვთ კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ კონფლიქტის მასშტაბები არ იძლევა შვილიშვილთან ურთიერთობაზე სრულად უარის თქმის საფუძველს. სასამართლო ლოგიკურად მიიჩნევს ბებიასა და ბაბუას შვილიშვილის ნახვისათვის განესაზღვროს კვირაში ერთი დღე, კერძოდ ყოველ კვირას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში. ამ ფორმატით შვილიშვილების მონახულება სასარგებლო იქნება, როგორც ბებიისა და ბაბუისათვის, ასევე შვილიშვილების აღზრდისა და განვითარებისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
დასახელებული ნორმების გათვალისწინებით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 100 ლარს. იგი მოსარჩელეებს წინასწარ აქვთ გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო სახ. ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------– მ-------ისა და რ------- ჩ----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ-------– მ-------ესა და რ------- ჩ----ძეს, არასრულწლოვანი შვილიშვილის: - გ------ მ-------ის ნახვისათვის დაუდგინდეთ ყოველი კვირა დღე 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
3. მოპასუხეები დავალდებულდნენ მოსარჩელეებს ხელი არ შეუშალონ შვილიშვილთან ურთიერთობაში.
4. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს კვირა დღეს 11:00 საათიდან ნახვის დაწესების ნაწილში.
5. მოსარჩელეს სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.
6. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეებს აუნაზღაურონ წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდეს საქმეზე მიღებული დროებითი განკარგულება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.N30) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე