გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
180310019003116656
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/209-19 (180310019003116656)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - ელ-------–-----–------------–-----ედ

წარმომადგენლები: გი----------–---–-, ქე----------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’

წარმომადგენელი - გიორგი ფანცულაია

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 20.06.2019 წლის N3----- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2.საქპატენტის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარდგენილი განაცხადით სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემის თაობაზე.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 24.10.2017 წელს ელ-------–-----–------------–-----ედმა საქპატენტში წარადგინა N14----1 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა ქაღალდის მუნდშტუკიანი უფილტრო სიგარეტზე, როგორც გამოგონების ობიექტზე პატენტის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 75);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 19.12.2017 წელს საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ ელ-------–-----–------------–-----ედის N14----1 განაცხადი აკმაყოფილებს ფომალურ მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განაცხადი (ს.ფ. 75);

-გადაწყვეტილება (ს.ფ. 77);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 25.06.2018 წელს არსობრივი ექსპერტიზის სტადიაზე საქპატენტის ექსპერტების გელ---------------------–----------ის მიერ საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე, არასაპატენტო (მაგ. სამეცნიერო) ლიტერატურის ბაზების გამოყენებით ჩატარდა ძიება, რის შედეგად გამოვლენილია შემდეგი დოკუმენტაცია:

 

1) D1- GB-------------------------------ST [DE]), 23.04.1903;

 

2) D2 - RU 2------------------------------------------------------------ [GB1]), 20.12.2015;

 

3) D3 - SU----------3, (В. А. Барзам [SU]), 15.03.1993.

 

ძიების ანგარიშის თანახმად, მითითებული დოკუმენტებიდან, დოკუმენტი D1 ეხება სიგარეტს, რომელიც შეიცავს მუნდშტუკს შესრულებულს ბუნებრივი ლაფანის/ნეჭის/ჭილობის ზოლის თავისუფალი ბოლოდან სპირალური დახვევით ისე, რომ ხვიები ნაწილობრივ გადაფარავენ ერთმანეთს, ამასთან, ხვიები მუნდშტუკის მეორე ბოლოსთან შეწებებულია. თამბაქოს ღერო მუნდშტუკთან შეერთებულია ქაღალდის რგოლის საშუალებით.

 

დოკუმენტი D2 ეხება მოსაწევ ნაწარმს, რომელიც შეიცავს მოსაწევი მასალის ღეროს და მილისებრ საჭერს-მუნდშტუკს, რომელშიც ჩასმულია აღნიშნული ღერო შეწეულ მდგომარეობასა და გამოწეულ მუშა მდგომარეობას შორის სრიალის შესაძლებლობით, ამასთან, მილისებრი საჭერი ფორმირებულია სპირალურად დახვეული ფურცლოვანი მასალის ნამზადისაგან.

 

დოკუმენტი D3 ეხება მრავალფენიანი მუნდშტუკის მქონე მოსაწევი ნაწარმის წარმოების ხერხს, რომელიც ითვალისწინებს მოსაწევი ნაწარმის ბოლოს ქაღალდის ან მუყაოს რამდენიმე ფენაში შეხვევას. აღნიშნული ხერხი მრავალფენიანი ქაღალდის/მუყაოს მუნდშტუკის მქონე უფილტრო სიგარეტის დამზადების საშუალებას იძლევა.

 

ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში გადმოცემული ობიექტები ცალ-ცალკე არ შეიცავენ ყველა იმ არსებითი თუ კონსტრუქციული ნიშნების ერთობლიობას, რომელიც გადმოცემულია მოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში და აქედან გამომდინარე, მოცემული სასარგებლო მოდელის ობიექტი აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმს - "სიახლე".

 

რაც შეეხება საგამომგონებლო დონეს, ექსპერტის მითითებით, ზემოაღნიშნული ანალიზი ცხადყოფს, რომ დოკუმენტში D1 აღწერილი ობიექტი მოიცავს ისეთ არსებით კონსტრუქციულ ნიშნებს, მათ შორის მთლიანად მოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულის განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილ არსებით ნიშნებს, კერძოდ: "მუნდშტუკი შედგება სპირალური ხვიებისაგან, რომლებიც გაერთმთლიანებულია ერთმანეთის გადაფარვითა და შეწებებით". ამასთან ამავე დოკუმენტიდან ნათლად იკვეთება, რომ მუნდშტუკის სპირალური ხვიების რაოდენობა ორზე მეტია, რაც მთლიანად ემთხვევა მოცემული სასარგებლო მოდელის დამოკიდებულ მუხლებში მ.2 და მ.3-ში გახსნილ კერძო შესრულების ფორმებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, D1 დოკუმენტში მოყვანილი ობიექტი მოიცავს იმ ნიშნებსაც, რომლებიც მოყვანილია სასარგებლო მოდელის ფორმულის ცნობილ ნაწილში: "სიგარეტის ქაღალდში გახვეული თამბაქოს ღერო, რომელთანაც გარსაკრავი ქაღალდის საშუალებით მიერთებულია მუნდშტუკი". ერთადერთი განსხვავება მოცემული სასარგებლო მოდელის ობიექტსა და D1 დოკუმენტში აღწერილ ნაკეთობას შორის მდგომარეობს იმაში, რომ D1 დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ქაღალდის მასალაზე, რომლითაც შესაძლებელი იყოს დამზადებული მუნდშტუკი. თუმცა ეს არსებითი ნიშანი ახასიათებს ტექნიკის არსებულ დონეს, რომელიც მითითებულია თვით მოცემული სასარგებლო მოდელის საგანაცხადო მასალებში, რითაც განპირობებული იყო მისი ჩართვა ფორმულის ცნობილ ნაწილში. თუმცა სპირალურად დახვეული ქაღალდის მუნდშტუკი გახსნილია დოკუმენტში D2, სადაც მოსაწევი ნაწარმის საჭერი-მუნდშტუკი ფორმირებულია სპირალურად დახვეული ფურცლოვანი მასალის ნამზადისაგან. გარდა ამისა, დოკუმენტში D3 მოყვანილია მოსაწევი ნაწარმის მუნდშტუკის ქაღალდის ან მუყაოს რამდენიმე ფენაში შეხვევა მრავალფენიანი ქაღალდის/მუყაოს მუნდშტუკის მქონე მოსაწევი ნაწარმის დამზადების მიზნით. თუ განვიხილავთ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს ერთობლიობაში და მათ კომბინაციებს: D1 D2; D1-D3 და D2-D3, კერძოდ, მათში აღწერილი ობიექტების დამახასიათებელი ზოგიერთი კონსტრუქციული არსებითი ნიშნის კომბინაციის თვალსაზრისით, იქმნება სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის დამახასიათებელ არსებით ნიშანთა ერთობლიობა არის არსებული ტექნიკის დონის შედეგი, რადგან არ ჩანს აშკარად შესამჩნევი განსხვავება მათ შორის და დარგის სპეციალისტს, დაპირისპირებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და დარგში არსებული ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე, შეეძლო განეხორციელებინა ქაღალდის მუნდშტუკიანი უფილტრო სიგარეტი იმ კონფიგურაციით, როგორც ის არის გადმოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულაში, რადგან ნათელია ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას, ნათელია ამ ამოცანის გადაჭრის გზა, და თვალსაჩინოა, რომ ასეთი გადაწყვეტის გამოყენებით მას შეეძლო განეჭვრიტა გარანტირებული შედეგი.

 

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, 06.08.2018 წელს საპატენტო კანონის 712 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ელ-------–-----–------------–-----ედმა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელა გამოგონებაზე N14----1 განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად, რის შემდგომაც სასარგებლო მოდელის განაცხადს მიენიჭა ახალი ნომერი - 14----2.

 

გარდა ამისა, განაცხადის გარდაქმნის შემდეგ, საქპატენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება დაცვის ობიექტი დადგენის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 99);

-გადაწყვეტილება (ს.ფ. 80);

-წინასწარი ძიების ანგარიში (ს.ფ. 97);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ექსპერტებმა გელ---------------------–---------ძემ მოხსენებითი ბარათით (წინადადებით) მიმართეს საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს - მანანა ფრუიძეს, მასზედ, რომ მათ N14----2 განაცხადზე ტექნიკის დონის კვლევის შედეგად გამოვლენილი დოკუმენტაციით შეექმნათ სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის ობიექტი სპეციალისტისთვის ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან და შესაბამისად არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, რის გამოც ექსპერტების მხრიდან მოთხოვნილ იქნა საგამომგონებლო დონის შეფასება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 93);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 20.06.2019 წელს საქპატენტის მიერ საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გელა კვატიძისა და ვასილ გიორგაძის მიერ შედგენილია არსობრივი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ელ-------–-----–------------–-----ედის განაცხადით დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელის ობიექტი - ქაღალდის მუნდშტუკიანი უფილტრო სიგარეტი აკმაყოფილებს სიახლის პატენტუნარიანობის კრიტერიუმს, თუმცა არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს. აღნიშნულ სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზისას მხედველობაში მიღებული იქნა გამოვლენილი ტექნიკის დონის D1-D3 დოკუმენტები, რომელთა მიმართაც მოცემული სასარგებლო მოდელის ობიექტი ვერ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა „საგამომგონებლო დონე“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 99);

-ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 125-169);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. ჩატარებული არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე „საქართველოს საპატენტო კანონის“ 42-ე მუხლის თანახმად, საქპატენტის 20.06.2019 წლის N3----- ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა წარდგენილი განაცხადით სასარგებლო მოდელზე პატენტის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 99);

-ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს.ფ. 125-169);

-სადავო აქტი (ს.ფ. 19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.10.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.

ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის გონებრივი შემოქმედების შედეგი, რაც გამოიხატება ხსენებული დაცვის ობიექტებში და გააჩნია სიახლის თვისება.

 

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს პატენტს. ამავე შეთანხმების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პუნქტები 2 და 3 დებულებების თანახმად, პატენტი გაიცემა ნებისმიერ გამოგონებაზე, ეს იქნება პროდუქტი თუ საწარმოო პროცესი, ტექნიკის ყველა დარგში, თუ ისინი ახალია, მათში ჩადებულია გამომგონებლური მარცვალი და შესაძლებელია მათი სამრეწველო გამოყენება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი - ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადებულ ობიექტზე - სასარგებლო მოდელზე (ქაღალდის მუნდშტუკიანი უფილტრო სიგარეტი) პატენტის გაცემაზე.

 

აღსანიშნავია, რომ სადავო საკითხს არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი - ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’, კერძოდ, იგი აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

აღნიშნული კანონის 711-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის სამ ძირითად კრიტერიუმს: სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას. შინაარსობრივად განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

 

1) სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით;

 

2) სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღისთვის ტექნიკის მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან;

 

3) სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი სამრეწველო წესით დამზადება ან გამოყენება.

 

იმავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქპატენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლები, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე მუხლი) ატარებს განაცხადის ფორმალურ და არსობრივ ექსპერტიზებს. ფორმალური ექსპერტიზის დროს მოწმდება აკმაყოფილებს, თუ არა განაცხადი ფორმალურ მოთხოვნებს (განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე), დადებითი პასუხის შემთხვევაში, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ და იწყებს არსობრივ ექსპერტიზას, რა დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა.

 

დაცვის ობიექტის დადგენის შემდგომ ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ, თუმცა თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან, საქპატენტი ექსპერტის წინადადების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე, რის საფუძველზედაც საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, თუ შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, ხოლო თუ დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ 06.08.2018 წელს წარდგენილი სასარგებლო მოდელის განაცხადის განხილვისას, არსებითი ექსპერტისის ჩატარების დროს ექსპერტს არ უნდა ეხელმძღვანელა უცხო ქვეყნის გამოგონებების შესახებ ინფორმაციით - D1-D3 დოკუმენტებით და ამ არგუმენტის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’ 711-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლითაც სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას საქპატენტი კვლევას ატარებს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადთან მიმართებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ცალსახად ეხება სასარგებლო მოდელის კრიტერიუმებიდან მხოლოდ სიახლის დადგენის პროცესს, რაც ნიშნავს იმას, რომ ექსპერტს არა საგამომგონებლო დონის, არამედ სიახლის კრიტერიუმის შეფასებისას ეკრძალება მოიძიოს მასალები - უცხო ქვეყნის საპატენტო დოკუმენტები ნებისმიერი გზით, თუნდაც საერთაშორისო კომერციული და არაკომერციული საპატენტო ბაზების, ასევე, არასაპატენტო ლიტერატურის ბაზების მეშვეობით და ვალდებულია დაეყრდნოს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადს და მასზედ თანდართულ მასალებს. ამასთან, ყურადღების ღირსია 711-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული „გამოგონებისა და სასარგებლო სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ’’ ინსტრუქციით.

 

დადგენილია, რომ არსობრივი ექსპერტიზის სტადიაზე ჩატარებული წინასწარი მოძიების შედეგად გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტების საფუძველზე, შედგენილი იქნა წინასწარი ძიების ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო, რომ გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტების მიმართ მოსარჩელის მიერ წარდგენილი გამოგონების ობიექტი აკმაყოფილებდა სიახლის კრიტერიუმს, მაგრამ არ გააჩნდა საგამომგონებლო დონე. განმცხადებლის მიერ 06.08.2018 წელს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მოხდა აღნიშნული გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად, რა დროსაც 03.04.2018 წლიდან ძალაში იყო შესული „გამოგონებისა და სასარგებლო სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ’’ ინსტრუქციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც განმცხადებელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. განმცხადებელს, რომელსაც სურს განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე, უნდა წარადგინოს განცხადება ამის შესახებ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. გამოგონების განაცხადის სასარგებლო მოდელის განაცხადად გარდაქმნის შემთხვევაში გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტები მხედველობაში მიიღება ასევე სასარგებლო მოდელის ექსპერტიზის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც ინსტრუქციის მითითებული ნორმის დებულება სრულად შეესაბამება განსახილველ საქმეზე არსებულ ფაქტობრივ მოცემულობას, მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიერ გარდაქმნილი განაცხადის განხილვისას სასარგებლო მოდელის კრიტერიუმი - საგამომგონებლო დონე ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, ასევე, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, შეემოწმებინა გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტებით, მოცემულ შემთხვევაში, გამოგონების განაცხადის განხილვისას წინასწარი ძიების შედეგად მოპოვებული გამოგონების შესახებ უცხო ქვეყნის მასალებით: 1) D1- GB-------------------------------ST [DE]), 23.04.1903; 2) D2 - RU 2------------------------------------------------------------ [GB1]), 20.12.2015; 3) D3 - SU----------3, (В. А. Барзам [SU]), 15.03.1993.

 

მითითებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე 20.06.2019 წლის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გამოგონება სპეციალისტისათვის (ექსპერტისთვის) ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დოკუმენტში D1 აღწერილი ობიექტი მოიცავს ისეთ არსებით კონსტრუქციულ ნიშნებს, მათ შორის მთლიანად მოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულის განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილ არსებით ნიშნებს, კერძოდ: "მუნდშტუკი შედგება სპირალური ხვიებისაგან, რომლებიც გაერთმთლიანებულია ერთმანეთის გადაფარვითა და შეწებებით". ამასთან ამავე დოკუმენტიდან ნათლად იკვეთება, რომ მუნდშტუკის სპირალური ხვიების რაოდენობა ორზე მეტია, რაც მთლიანად ემთხვევა მოცემული სასარგებლო მოდელის დამოკიდებულ მუხლებში მ.2 და მ.3-ში გახსნილ კერძო შესრულების ფორმებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, D1 დოკუმენტში მოყვანილი ობიექტი მოიცავს იმ ნიშნებსაც, რომლებიც მოყვანილია სასარგებლო მოდელის ფორმულის ცნობილ ნაწილში: "სიგარეტის ქაღალდში გახვეული თამბაქოს ღერო, რომელთანაც გარსაკრავი ქაღალდის საშუალებით მიერთებულია მუნდშტუკი". ერთადერთი განსხვავება მოცემული სასარგებლო მოდელის ობიექტსა და D1 დოკუმენტში აღწერილ ნაკეთობას შორის მდგომარეობს იმაში, რომ D1 დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ქაღალდის მასალაზე, რომლითაც შესაძლებელი იყოს დამზადებული მუნდშტუკი. თუმცა ეს არსებითი ნიშანი ახასიათებს ტექნიკის არსებულ დონეს, რომელიც მითითებულია თვით მოცემული სასარგებლო მოდელის საგანაცხადო მასალებში, რითაც განპირობებული იყო მისი ჩართვა ფორმულის ცნობილ ნაწილში. თუმცა სპირალურად დახვეული ქაღალდის მუნდშტუკი გახსნილია დოკუმენტში D2, სადაც მოსაწევი ნაწარმის საჭერი-მუნდშტუკი ფორმირებულია სპირალურად დახვეული ფურცლოვანი მასალის ნამზადისაგან. გარდა ამისა, დოკუმენტში D3 მოყვანილია მოსაწევი ნაწარმის მუნდშტუკის ქაღალდის ან მუყაოს რამდენიმე ფენაში შეხვევა მრავალფენიანი ქაღალდის/მუყაოს მუნდშტუკის მქონე მოსაწევი ნაწარმის დამზადების მიზნით. თუ განვიხილავთ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს ერთობლიობაში და მათ კომბინაციებს: D1 D2; D1-D3 და D2-D3, კერძოდ, მათში აღწერილი ობიექტების დამახასიათებელი ზოგიერთი კონსტრუქციული არსებითი ნიშნის კომბინაციის თვალსაზრისით, იქმნება სრული შთაბეჭდილება, რომ სასარგებლო მოდელის დამახასიათებელ არსებით ნიშანთა ერთობლიობა არის არსებული ტექნიკის დონის შედეგი, რადგან არ ჩანს აშკარად შესამჩნევი განსხვავება მათ შორის და დარგის სპეციალისტს, დაპირისპირებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და დარგში არსებული ზოგადი ცოდნიდან გამომდინარე, შეეძლო განეხორციელებინა ქაღალდის მუნდშტუკიანი უფილტრო სიგარეტი იმ კონფიგურაციით, როგორც ის არის გადმოცემული სასარგებლო მოდელის ფორმულაში, რადგან ნათელია ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას, ნათელია ამ ამოცანის გადაჭრის გზა, და თვალსაჩინოა, რომ ასეთი გადაწყვეტის გამოყენებით მას შეეძლო განეჭვრიტა გარანტირებული შედეგი.

 

ამრიგად, გამოც ექსპერტებმა გამოიტანეს დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, რაც ,,საქართველოს საპატენტო კანონი’’-ს 711-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს 06.08.2018 წლის განაცხადით წარდგენილი სასარგებლო მოდელის ობიექტზე პატენტის გაცემის საფუძველს.

 

6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტის მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ელ-------–-----–------------–-----ედის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა