გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2019
საქმის ნომერი
330210019002961210
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/8906-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სამეწარმეო ამხანაგობა ,,A----------’’

წარმომადგენელი - ლ---- ლ--------

მოპასუხე - შპს ,,ა----------–ი’’ (ყოფილი შპს ,,ჯ--------------’’)

წარმომადგენელი - ს--–---- ბ-–-–---–-, ნ---- მ------------–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა A-----------ის (ს/ნ S-------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 59 469,31 აშშ დოლარის ოდენობით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 2019 წლის 09 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე).

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

სამეწარმეო ამხანაგობა ,,A----------’’-სა და შპს „ჯ--------------“-ს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს დაიდო სავაჭრო ანგარიშისა და პორტის შესახებ N A-------------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მოსარჩელის ონლაინპროდუქტებს უწევდა საგადასახადო საშუამავლო მომსახურეობას, კერძოდ, შპს ,,A----------’’-ი ვებგვერდის მეშვეობით ყიდდა შეთავაზებულ მომსახურეობას და პროდუქტს, ხოლო პროდუქტის მომხმარებლებს შეეძლოთ შეეძინათ ონლაინ პროდუქცია ძირითადი საკრედიტო ბარათების და შპს ,,ჯ--------------’’-ს მიერ ავტორიზებული სხვა გადახდის მეთოდის გამოყენებით, რაშიც მოპასუხეს ეკუთვნოდა შეთანხმებული საკომისიო, რომელსაც ის მიიღებდა მომსახურეობის დროს მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენაზე შემოსული თანხებიდან. მოპასუხეს ჰქონდა საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერის განმახორციელებელი პირის სტატუსი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, შესაბამისად, აწარმოებდა ფინანსურ მომსახურეობასა და ხელშეკრულების მიხედვით შეეძლო მოეთხოვა სხვა პირებისგან ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით გაყიდვებიდან შემოსული თანხები მოსარჩელის სახელით უნდა მიეღო მოპასუხე მხარეს თავის კუთვნილ ანგარიშებზე. მომსახურეობის საკომისიოს დაქვითვის შემდეგ მომხმარებლებისგან მიღებული თანხები სრულად ეკუთვნოდა გამყიდველ სავაჭრო ამხანაგობას-კომპანია ,,A----------’’-ს.

 

მოსარჩელემ 2017 წლის 09 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდზე გამოწერილი ინვოისი 59 469.31 აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე გაუგზავნა მოპასუხეს, რომელმაც დაადასტურა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა დეპოზიტზე განთავსებულ მოსარჩელის კუთვნილ თანხას, რაც მოპასუხის მხრიდან შეწყვეტილი მომსახურეობის გამო ექვემდებარებოდა დაბრუნებას. დეპოზიტზე თანხის განთავსება ემსახურებოდა გაუქმებული ტრანზაქციების რისკის უზრუნველყოფას, ასევე შესაძლო თაღლითური სქემის დაზღვევას.

 

მოპასუხის წარმომადგენლებმა სს „თ----------ში“ წარადგინეს ინფორმაცია მოსარჩელის კომპანიის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შესახებ, ასევე წარადგინეს საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში ვიზა და მასტერქარდში, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა დააკავა სს „თ----------მა“, რა თანხაც დარღვევის დაუდასტურებლობის გამო დაბრუნებულ იქნა შპს „ჯ--------------’’-სთან. მოპასუხის წარმომადგენელმა გამოკითხვის ოქმში აღიარა ვალდებულება 59 469 აშშ დოლარის არსებობის თაობაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს მათ შორის დადებული ხელშეკრულება მართლაც ავალდებულებდა გარკვეულ ვალდებულებას, თუმცა უმნიშვნელო ვალდებულების დარღვევის გამო მხარეს არ შეეძლო შეეწყვიტა შეთანხმება, მით უმეტეს არასწორი ინფორმაციის წარდგენა არ გულისხმობდა ჯარიმის დაკისრებას. მხარეებს შორის არ დადებულა საიმედოობის საერთო შეთანხმება, ასეთ შეთანხმებას მოსარჩელე არ იცნობს, მითუმეტეს არ ეთანხმება ჯარიმის 500 000 აშშ დოლარის მხარეების მიერ განსაზღვრის ფაქტს. შოტლანდიურ სამეწარმეო ამხანაგობას შპს ,,ა-----–--------’’ არ ჰქონდა დავა სასამართლოში. მოპასუხის მიერ მითითებული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. მოსარჩელეს არასოდეს უღიარებია ვალდებულება არ არსებული შეთანხმების ფარგლებში. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მათი მოთხოვნა იყო საფუძვლიანი და სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ჯ--------------’’-ს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარებს შორის გარდა 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებისა, რომელიც მოსარჩელეს აქვს მითითებული, 2017 წლის 28 აგვისტოს ასევე შპს ,,ჯ--------------’’-ს და შპს ,,ა-----–--------’’ შორის დამატებით დაიდო საიმედოობის საერთო შეთანხმება, რომლის თანახმად შპს ,,ა-----– ი-----მა’’ დაადასტურა, რომ მის ვებ გვერდზე ,,ტ------------’’-ზე მან მიაწოდა მოპასუხეს ნამდვილი და ზუსტი ინფორმაცია და ირწმუნებოდა, რომ არ იყო ჩართული რაიმე სახის სამართლებრივ დავაში არცერთ სამართლებრივ იურისდიქციის სასამართლოში, ინტელექტუალური საკუთრების დავის მხრივ. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ გაცემული ინფორმაცია არ იქნებოდა სწორი და უტყუარი, მას დაეკისრებოდა ჯარიმა მოსარჩელის სასარგებლოდ 500000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ „სარჩელში წარმოდგენილ ფაქტობრივი გარემოებაში წარმოდგენილი ვალდებულებას მოპასუხე აღარებს და აღიშნავს, რომ მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის ნამდვილად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, თუმცა, მოსარჩელეს მხრიდან შესასრულებელი ვალდებულება აჭარბებს მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, და თანხა, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე, უნდა გაიქვითოს.“

 

მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებით, მას შემდეგ რაც მხარეთა შორის გაფორმდა საიმედოობის შეთანხმება, მოპასუხისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს აშშ-ში, კერძოდ, ნიუ-ჯერსის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა შპს ,,ა-----– ი-----ი’’’-ს წინააღმდეგ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევასთან და თაღლითურ ქმედებებთან დაკავშირებით. საქმის მასალიდან ირკვევა, რომ ,,ა-----------------–--მა’’ წარადგინა სარჩელი შპს ,,ა-----– ი-----ი’’-ს წინააღმდეგ საავტორო უფლების და სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, ცრუ რეკლამირებისა და სამართლებრივი ქმედების გვერდის ავლასთან დაკავშირებით.

 

მიუხედავად მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელებისა, შპს ,,ა-----– ი-----მა’’ განზრახ არ შეატყობინა მოპასუხეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დავა ნიუ-ჯერსის რაიონულ სასამართლოში, მან დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები და ამით ზიანი მიაყენა მოპასუხეს, როგორც საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერის რეპუტაციას, რადგან სწორედ ეროვნული ბანკი არეგულირებს საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერებს და უზღუდავს მათ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებიც არიან მაღალი რისკის შემცველი კომპანიები თაღლითობის ან სხვა არასამართლებრივი ქმედებების კუთხით.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სწორედ მოსარჩელის ვებ გვერდზე ,,ტ-------.ქ---’’-ზე რეგისტრირდებოდნენ მომხმარებლები და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდულობდნენ ,,ტ-------.ქ---’’-ის მიერ შეთავაზებულ მომსახურეობას. შესაბამისად, სახეზეა არა თუ მხოლოდ მოპასუხის უფლებების დარღვევა, არამედ იმ მომხმარებლების უფლებების დარღვევაც, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს აღნიშნულ ვებ გვერდს, სწორედ აღნიშნული ვებგვერდის მფლობელმა კომპანიამ შპს ,,ა-----– ი-----მა’’ დაარღვია არამარტო მოპასუხის სახელშეკრულებო უფლებები, არამედ სხვა კომპანიასაც მიადგა ზიანი, კერძოდ მიისაკუთრა სხვა ტელეკომპანიის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება. შესაბამისად, ნათელია, რომ აღნიშნული კომპანია არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 500000 აშშ დოლარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მხოლოდ იგი იყო ის პირი, ვისთან მიმართებაშიც გაიცა წარმომადგენლობა, რის გამოც უსაფუძვლო იყო მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშნულ საკითხზე სადავოობა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი რწმუნებულებებით, ასევე ერთ-ერთ პროცესზე თავად მარწმუნებლის წარმოდგენით.

 

მხარემ დასკვნის სახით მიუთითა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა მათ შორის არსებული საიმედოობის ხელშეკრულება, ამ უკანასკენლის საფუძველზე მოსარჩელეს მისთვის უნდა გადაეხადა 500 000 აშშ დოლარი. ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, მას, როგორც მხარეს, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, სწორედ ხელშეკრულების საფუძველზე, უფლება აქვს დააკავოს მოსარჩელისათვის მისაცემი თანხები და დაქვითოს საკუთარი მოთხოვნიდან (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2016 წლის 29 დეკემბერს სამეწარმეო ამხანაგობა ,,A----------’’-სა და შპს „ჯ--------------“-ს შორის დაიდო სავაჭრო ანგარიშისა და პორტის შესახებ N A-------------------- ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“).

 

ხელშეკრულების მე-14 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ, მიზეზის გამო ან უმიზეზოდ, წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, გამოგზავნილი შეწყვეტამდე 30 დღით ადრე. ნებისმიერი მიზეზით ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში მომსახურე ბანკმა შეიძლება მოსთხოვოს GPN DATA-ს დაიკავოს ყველა შენარჩუნებული ფულადი სახსრები მინიმალური პერიოდით - 6 თვით, მომსახურე ბანკის დაცვის მიზნით პოტენციური დანაკარგისგან. ასეთ შემთხვევაში სავაჭრო ფირმა და მომსახურეობის პარტნიორი ვალდებული არიან შეასრულონ ან გააუქმონ მყიდველის შეკვეთები, მოთხოვნილი წინამდებარე შეთანხმების გაუქმებამდე.

 

ანგარიშის შეწყვეტის შემთხვევაში სავაჭრო ფირმას ატყობინებენ, რომ არსებული პასუხისგებლობა არსებობს ყველა ტრანზაქციისათვის, გაცემული წინა 180 დღის განმავლობაში შეწყვეტამდე და უნდა იყოს გარანტირებული, რომ ფულადი სახსრები ხელმისაწვდომია ტრანსზაქციებისთვის, კუთვნილი ფინანსური პირგასამტეხლოსთვის, ჯარიმებისთვის, საურავისთვის, რომელსაც განიცდის დამმუშავებელი ან ასოცირებული პროვაიდერები.

 

ინგლისურენოვანი ხელშეკრულების აღნიშნული თარგმანი წარმოდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 29 დეკემბრის სავაჭრო ანგარიშისა და პორტის შესახებ N A-------------------- ხელშეკრულება. (ტ.1., ს.ფ. 21-35)

 

4.2. მოპასუხე მხარის მიერ იგივე ხელშეკრულების თარგმანის თანახმად, ხელშეკრულების მე-14 პუნქტის „ვ“ ქვეპუნტის მიხედვით, ეს შეთანხმება შეუძლია შეწყვიტოს ნებისმიერ მხარეს მიუხედავად მიზეზის არსებობისა, რისთვისაც წერილობით უნდა შეატყიბინოს არანაკლებ 30 დღით ადრე. მომსახურების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისას, შემსყიდველმა ბანკმა შეიძლება მოსთხოვოს „ჯ--------------“-ს ანგარიშზე დარჩენილი თანხის დაკავება მინიმუმ 06 (ექვსი) თვის პერიოდით, რომ დაიცვას შემსყიდველი ბანკი პოტენციური დანაკლისისაგან.

 

ანგარიშის შეწყვეტის შემთხვევაში, რეკომენდირებულია, რომ მოვაჭრემ უზრუნველყოს ფინანსური სახსრების არსებობს არსებული ტრანზაქციების ვალდებულებისთვის, იმ ტრანზაქციებისთვის, რომლებიც წარმოდგენილ იქნა შეწყვეტამდე 180 დღით ადრე პერიოდში, რათა ანაზღაურდეს ფინანსური ჯარიმები, გადასახადები და საურავები წარმოშობილი დამუშავებლის ან ასოცირებული მომწოდებლის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 29 დეკემბრის სავაჭრო ანგარიშისა და პორტის შესახებ N A-------------------- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 147-166)

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი „კომერციული შეფასებით“ დგინდება მხარეთა მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებების შესრულება და პირობების განსაზღვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კომერციული შეფასება (ტ.1., ს.ფ. 39-49)

 

4.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ. 36-38) არ არის ინვოისი. მითითებული დოკუმენტი შეიცავს გარკვეულ მონაცემებს, თუმცა იგი არ არის ინვოისი, როგორც ამას უთითებს მოსარჩელე მხარე, რადგან იგი არ წარმოშობს მხარეების მიმართ რაიმე სახის უფლებებსა და ვალდებულებებს. იგი მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტია, რითაც დასტურდება, რომ დამუშავდა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 29 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდი, რა დროსაც ჯამურად გაცემული თანხების რაოდენობა იყო 59469,31 აშშ დოლარი.

 

ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში თანხებთან დაკავშირებულ დამუშავებულ ინფორმაციას და იგი არ საჭიროებს არცერთი მხარის მიერ თანხმობას, ასევე არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. მისი გაგზავნა თუ მისი მიღება არცერთ მხარისთვის არ წარმოშობს მასში მითითებული თანხების გადახდის ვალდებულებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა.

 

4.5. საქმეზე წარმოდგენილი საიმედოობის ძირითადი შეთანხმება (ტ.1, ს.ფ. 169-171), ასევე აშშ-ს სასამართლო არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ტ.3, ს.ფ. 58-128) არ შეეხება მოცემულ საქმეში არსებულ სადავო გარემოებებს, რის გამოც სასამართლოს მიერ იგი არ შეფასდება.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, თუმცა სადავო თანხა მოპასუხის მიერ არ გადახდილა. აღნიშნულის მიზეზად ეს უკანასკნელი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესაც აქვს მის მიმართ შესასრულებელი გარკვეული სახის ვალდებულებები, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ამჟამად სარჩელით მოთხოვნილი თანხა. სწორედ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას უფლება ჰქონდა დაეკავებინა აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ მის მიმართ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე ან/და მომხდარიყო არსებული დავალიანებების გაქვითვა.

 

სასამართლოს მაიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშკრულება იყო მომსახურების ხელშეკრულება და მომსახურების არ გაწევით მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, თუკი მხარის მიწრ მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად არ ხდება მომსახურების გაწევა, ხელშეკრულება ვადამდე შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს, რადგან მომსახურების გაწევა-არგაწევა დაკავშირებულია ხელშეკრულების არსებობა-არარსებობასთან.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვულებს ხელშეკრულების 14-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნტზე, რომელიც შეეხება ბანკსა და ბანკთან ურთიერთობის კონკრეტულ ეტაპზე მხარეს, რა დრისაც ზიანის უზრუნველყოფის მიზნიეთ შესაძლებელი იყო 6 თვემდე ვადით დაკავებული ყოფილიყო არსებული თანხები.

 

ამდენად, აღნიშნული ჩანაწერის თავად მხარეებზე გავრცელება საფუძველს მოკლებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ იმავე მხარეებს შორის არსებული სხვა დავა, რომელიც შეეხება მოსარჩელს ვალდებულება მოპასუხის მიმართ, არის აღნიშნული საქმისგან დამოუკიდებელი საქმე, შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი თანხების მოცემულ საქმეზე კრედიტორის მიერ დაკავება, საფუძველს მოკლებულია, რის გამოც სარჩელის სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3000 ლარიდან (ტ.1, ს.ფ. 56) და 2018 წლის 07 ნოემბერს გადახდილი 2000 ლარიდან (ტ.1, ს.ფ. 63), გახმობილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს 2522,50 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 2477,50 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 57).

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში 2018 წლის 17 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.1, ს.ფ. 82).

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 17 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხის მიერ 2018 წლის 27 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) (ტ.1, ს.ფ. 134) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხე შპს ა----------–ს“ დაუბრუნდეს შპს „ბი ბი ქეი“-ს მიერ მის სასარგებლოდ 2019 წლის 18 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 143), როგორც შეცდომით გადახდილი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, მართალია გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო შპს „ჯ--------------“-ს (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებს, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გავრცელდეს მხოლოდ 59469,31 აშშ დოლარის ნაწილში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს „თ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ს----------–--------ში“ (ს/კ N2--------), სს „ლ-------------ში“ (ს/კ N2--------), სს „პ------------------ში“ (ს/კ N2--------), სს „ბ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ხ--–-------ში“ (ს/კ N2--------), სს „ქ------------ში“ (ს/კ N2-------), სს „ბ-----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ვ-----------ი ჯ--------ში“ (ს/კ N2--------) - გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემი თანხების ნაწილში. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით შპს „ჯ--------------“-ს (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებს 60550 აშშ დოლარის ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------” სარჩელი მოპასუხე შპს „ა----------–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 59 469,31 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე სამეწარმეო ამხანაგობა “A----------” დაუბრუნდეს მის მიერ სს „თ----------ში“ 07/11/2019 წელს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2000 ლარიდან 1009 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ხოლო დარჩენილი თანხა - 991 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის მიერ 25/10/2019 წელს სს „თ----------ში“ N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

4. მოსარჩელის მიერ 17/12/2019 წელს სს „თ----------ში“ N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში) 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

5. მოპასუხე შპს „ა----------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სამეწარმეო ამხანაგობა “A----------”-ის (ს/კ # S-------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ჯ--------------“-ს (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებს 120 019 აშშ დოლარის ოდენობით თანხაზე შემდეგ საბანკო დაწესებულებებში. სს „თ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ს----------–--------ში“ (ს/კ N2--------), სს „ლ-------------ში“ (ს/კ N2--------), სს „პ------------------ში“ (ს/კ N2--------), სს „ბ----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ხ--–-------ში“ (ს/კ N2--------), სს „ქართუბანკში“ (ს/კ N2-------), სს „ბ-----------ში“ (ს/კ N2--------), სს „ვ-----------ი ჯ--------ში“ (ს/კ N2--------) - გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემი თანხების ნაწილში. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე