გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2019
საქმის ნომერი
140310019003229778
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003229778

საქმე № 3/249-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: გ------- რ------ე

წარმომადგენლები: ზ---- მ-----–---–- და რ----- გ-----–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირი: დ-------- რ------ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე, 3356 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ------- და დ-------- რ------ეების საკუთრებაში № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობა დ-------- რ------ის თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე, 2940 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ------- და დ-------- რ------ეების საკუთრებაში № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 23 აგვისტოს № 882019612474-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დ-------- რ------ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის ნაწილში.

 

1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის № 321874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, გ------- რ------ე (პირ. № 5----------) არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე 2940 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთადერთი მართლზომიერი მფლობელი და მესაკუთრე. ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს; მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა იმგვარად, რომ ამ მიწაზე თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა დ-------- რ------ე, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ეს ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციით, ორივე პირის თანასაკუთრებაში აღმოჩნდა აღრიცხული.

 

მოსარჩელემ მოითხოვა სისტემური რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა დ-------- რ------ის ნაწილში, რაზეც მას მოპასუხის მხრიდან უარი ეთქვა. დ-------- რ------ეს არასდროს უცხოვრია სოფელ ქ------------ში, რაიმე სახის კავშირი და ურთიერთობა გ------- რ------ესთან მას არ აქვს და რეფორმის პერიოდში მასზე არც მიწა განაწილებულა რაიმე ფორმით.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ, მართალია, საჯარო რეესტრში დაცული არ არის დ-------- რ------ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის საგადასახადო სია, თუმცა სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების დამდგენ ჩანაწერს; ამავე დროს, დ-------- რ------ის შესახებ რაიმე, მათ შორის მისი საკუთრების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს მიერაც მოძიებული ვერ იქნა, თუმცა, რეგისტრაციის დროისათვის არსებული ხარვეზიანი პრაქტიკის გათვლისწინებით, შესაძლოა, რეგისტრაცია შეცდომით მოხდა სხვა პირის სახელზე და ,,დ--------ის" ან მისი მამის ,,ტ------ის" ნაცვლად უნდა ყოფილიყო მსგავსი სახელი, და აქედან გამომდინარე, დასაშვებია, რომ სადავო მიწას რეალურად ჰყავდეს ნამდვილი თანამესაკუთრე.

 

მესამე პირი - დ-------- რ------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (მისი ადგილსამყოფელი სასამართლოსათვის უცნობია) და არც შესაგებელი წარმოუდგენია; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით უცნობია (სხდომის ადგილისა და დროის შესახებ მას ეცნობა საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე 3356 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2003 წლის 26 აგვისტოდან № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით, სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე, ირიცხება გ------- ვ-------ის ძე და დ-------- ტ------ის ასულ რ------ეების სახელზე;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს. ფ. 91-93).

 

3.2.2. მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია № 0--, რაც საჯარო რეესტრში დაცული არ არის.

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ს. ფ. 91), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს № 882019612474-03 გადაწყვეტილება (ს. ფ. 66).

 

3.2.3. ზ--------–---ის თემის საკრებულოს სოფელ ქ------------ის 1986-1995 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ------- ვ-------ის ძე რ------ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1981 წელს აგებული 20 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში - 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი. 1996-2007 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ------- ვ-------ის ძე რ------ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1981 წელს აგებული 30 მ2 საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება.

 

სოფელ ქ------------ის 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში გ----- ვ-------ის ძე რ------ის სახელზე ირიცხება 1 ჰა მიწის ფართობი (პირველი კატეგორია). სოფელ ქ------------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის სიებში (წელი არ ფიქსირდება) გ----- ვ-------ის ძე რ------ის სახელზე ირიცხება 1 ჰა მიწის ფართობი (გადამხდელთა აღრიცხვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 5 აგვისტოს № 27/88932 მიმართვა (ს. ფ. 17).

 

3.2.4. ზ--------–---ის თემის საკრებულოს სოფელ ქ------------ის 1983-2007 წლების საკომლო წიგნებსა და 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში დ-------- ტ------ის ასულ რ------ის კომლისა და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 29 ოქტომბრის № 27/121138 მომართვა (ს. ფ. 40).

 

3.2.5. სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ერთიან მონაცემთა ბაზაში დ-------- ტ------ის ასულ რ------ის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2019 წლის 22 ნოემბრის № 01/328001 მომართვა (ს. ფ. 128).

 

3.2.6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სოფელ ქ------------ში მოკვლეული იქნა ცნობები დ-------- ტ------ის ასულ რ------ის შესახებ, რომლის მიხედვითაც მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი ქ------------ი არ არის და ამ სოფელში ამ პიროვნებას არასდროს უცხოვრია. მისი ტელეფონის ნომერი ან სხვა ინფორმაცია, რაც იძლევა მისი ადგილსამყოფლის დადგენის შესაძლებლობას, მერიას არ მოეპოვება;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ნოემბრის № 04/20627 მომართვა, 2019 წლის 7 ნოემბრის აქტი (ს. ფ. 102-103).

 

3.2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, დ-------- რ------ე არ ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი პოლიციისათვის უცნობია;

 

მტკიცებულება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 14 ნოემბრის № MIA 9 19 03047208 მომართვა, 2019 წლის 10 ნოემბრის ოქმი (ს. ფ. 105-106).

 

3.2.8. დ-------- რ------ის მონაწილეობით დამოწმებული სანოტარო აქტებისა (გარიგება, ხელშეკრულება) და მასზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის მოძიება ვერ მოხერხდა;

 

მტკიცებულება: საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის № 16/14403 მომართვა (ს. ფ. 130).

 

3.2.9. გ------- რ------ემ საჯარო რეესტრის სამსახურს 2019 წლის 29 ივლისს მიმართა განცხადებით, მის თანამესაკუთრედ არ მომხდარიყო დ-------- რ------ის რეგისტრაცია, რაზეც მას მოეთხოვა დ-------- რ------ის თანხმობა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 13 აგვისტოს № 882019612474-05 გადაწყვეტილება (ს. ფ. 76-77).

 

3.2.10. საჯარო რეესტრის 2019 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2940 მ2 მიწის ნაკვეთი ელექტრონულ ფორმატში აღირიცხა გ------- და დ-------- რ------ეების თანასაკუთრებაში. უძრავი ქონების წინა საკადასტრო კოდად მიეთითა 6--1--1--0--;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 23 აგვისტოს № 882019612474-08 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 87-88).

 

3.2.11. გ------- რ------ემ საჯარო რეესტრის სამსახურს 2019 წლის 12 სექტემბერს მიმართა განცხადებით, გასწორებულიყო უზუსტობა და სისტემური რეგისტრაციიდან ამოღებულიყო დ-------- რ------ე, რაზეც 2019 წლის 13 სექტემბრის აქტით მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სააღრიცხვო ბარათი წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების დამდგენ ჩანაწერს, ხოლო ამ უფლების რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი გ------- რ------ეს არ წარუდგენია.

 

მტკიცებულება: განცხადება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის № 321874 აქტი (ს. ფ. 94-96).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სისტემური რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დ-------- რ------ის ნაწილში, რადგან დადგენილია, რომ სისტემური რეგისტრაციით გ------- რ------ის თანამესაკუთრედ აღრიცხულია დ-------- რ------ე, რომლის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია მოძიებული ვერ იქნა; შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების დ-------- რ------ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც ამ სისტემური აღრიცხვისა და ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის საფუძველი, და შესაბამისად, კანონიერება სათანადოდ გამოკვლეული და დადგენილი არ არის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. - 6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს სადავო მიწის ნაკვეთის დ-------- რ------ის თანასაკუთრებაში აღრიცხვის კანონიერება - გააჩნდა თუ არა საჯარო რეესტრის სამსახურს (მიწის მართვის სამმართველოს) მის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საკმარისი საფუძველი.

 

დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე 3356 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2003 წლის 26 აგვისტოდან № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით, სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე, ირიცხება გ------- ვ-------ის ძე და დ-------- ტ------ის ასულ რ------ეების სახელზე, რომელთა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია № 0--, რაც საჯარო რეესტრში დაცული არ არის.

 

ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ზ--------–---ის თემის საკრებულოს სოფელ ქ------------ის 1986-1995 წლების კავშირგაწყვეტილ პირთა საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ------- ვ-------ის ძე რ------ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1981 წელს აგებული 20 მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებით გ----- ვ-------ის ძე რ------ის სახელზე ირიცხება 1 ჰა მიწის ფართობი (პირველი კატეგორია).

 

ზ--------–---ის თემის საკრებულოს სოფელ ქ------------ის 1983-2007 წლების საკომლო წიგნებსა და 1993-1998 წლების მიწის განაწილების სიებში დ-------- ტ------ის ასულ რ------ის კომლისა და მის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ ჩანაწერი კი საერთოდ არ ფიქსირდება;

 

სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ერთიან მონაცემთა ბაზაში დ-------- ტ------ის ასულ რ------ის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი ქ------------ი არ არის და ამ სოფელში ამ პიროვნებას არასდროს უცხოვრია.

 

დ-------- რ------ის სახელზე სადავო რეგისტრაცია განხორციელდა 2003 წელს.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს 2007 წლის 11 მაისის № 4741 კანონით) მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-1515-ე მუხლებით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყო სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან; საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს, ხოლო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა უზრუნველეყოთ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

 

როგორც აღინიშნა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე 3356 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2003 წლის 26 აგვისტოდან სისტემური რეგისტრაციით აღირიცხა დ-------- რ------ის სახელზე ისე, რომ მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული მიწის საგადასახადო სია № 0-- მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარდგენილა; ადმინისტრაციულ ორგანოში ასევე არ მოიპოვება დოკუმენტაცია, მიმართა თუ არა დ-------- რ------ემ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადით, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი თუ არა და ა. შ.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის № 327-ე ბრძანებულების მე-8-მე-9 პუნქტების თანახმად, ამ ბრძანებულების 5-7 პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს და მიწის მფლობელთათვის ხორციელდებოდა უსასყიდლოდ; მიწის რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ზონის რეგისტრატორებს შეეძლოთ, ესარგებლათ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესრულებული აგეგმვითი სამუშაოების შედეგებით და დოკუმენტებით (სარეგისტრაციო ბარათები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ნაკვეთის გეგმები და საკადასტრო რუკები), აგრეთვე გამოეყენებინათ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტების განხილვისა და მოწონების შემდეგ ზონის რეგისტრატორი რეგისტრაციას ახორციელებდა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით. ინფორმაციის სიზუსტისა და საიმედოობისათვის პასუხისმგებელი იყო მისი შემსრულებელი, ხოლო მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვოდა ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდებოდა ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ;

 

იმავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის მიხედვით, მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

ამ პუნქტში მითითებული აუცილებელი დაზუსტება გულისხმობდა მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე მონაცემების დაზუსტების და არა მიწაზე საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობის თვალსაზრისით.

 

რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის შესახებ, დამატებითი დოკუმენტაცია; დაინტერესებული მხარე კი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა რეგისტრატორის მოთხოვნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო, საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არ იყო უფლებამოსილი, დაერეგისტრირებინა დ-------- რ------ის თანასაკუთრებაში სადავო ქონება, რამდენადაც ზუსტად და ნათლად უნდა გარკვეულიყო, გ------- რ------ესთან ერთად, წარმოადგენდა თუ არა ეს მიწა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართს, და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელ ორგანოს დ-------- რ------ის სახელზე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია საკუთრების უფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, უფლებამოსილი პირი, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, და მხოლოდ ამ მიწაზე სხვა პირთა (მათ შორის სახელმწიფო) საკუთრებისა თუ სხვა უფლების არარსებობის დადგენის შემთხვევაში მოეხდინა მის სახელზე საკუთრების უფლებით ქონების რეგისტრაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რეესტრის სამსახურმა გ------- რ------ის სისტემური რეგისტრაცია არ ჩათვალა მისი საკუთრების დამადასტურებელ უტყუარ ჩანაწერად და დამატებით გამოითხოვა საკომლო წიგნისა თუ მიწის განაწილების შესახებ მონაცემები (იხ. საჯარო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 1 აგვისტოს № 882019612474-03 გადაწყვეტილება, ს. ფ. 66) მაშინ, როდესაც დ-------- რ------ე მის თანამესაკუთრედ აღრიცხა სწორედ სისტემური აღრიცხვის ჩანაწერზე დაყრდნობით და ეს მონაცემები უტყუარად მიიჩნია (იხ. საჯარო რეესტრის 2019 წლის 13 აგვისტოს № 882019612474-05 გადაწყვეტილება, ს. ფ. 76-77 და 2019 წლის 13 სექტემბრის № 321874 აქტი (ს. ფ. 96).

 

ელექტრონულ ფორმატში გ------- და დ-------- რ------ეების თანამესაკუთრეებად რეგისტრაციის საფუძველად მითითებულია მიწის საგასადასახადო სია № 0-- (რაც მოძიებული ვერ იქნა) და 2019 წლის 5 აგვისტოს № 27/88932 საარქივო ცნობა, სადაც დ-------- რ------ე მოხსენიებული საერთოდ არ არის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სისტემური რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავო გადაწყვეტილებები დ-------- რ------ის ნაწილში ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

მართალია, დ-------- რ------ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მოხდა აღმჭურველი სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს არსებითად არღვევს, შეუძლებელია, პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა - მესამე პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დ-------- რ------ის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - კანონიერების პრინციპთან, არამედ აღნიშნული აქტით არსებითად ილახება მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები. კერძოდ: თუკი გაირკვევა, რომ დ-------- რ------ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს გ------- რ------ის ერთპიროვნულ საკუთრებას და მასზე დ-------- რ------ეს რაიმე უფლება არ გააჩნია, სარეგისტრაციო სამსახურის სადავო აქტების ძალაში დატოვებით მიღებული იქნება მდგომარეობა, როდესაც აღნიშნული ქონება დარჩება კვლავ ორივე პირის თანასაკუთრებაში.

 

ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის სამსახურმა დ-------- რ------ესთან მიმართებაში) მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის № ბს-259-255 (კ-15) გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტით მიწის საგადასახადო სია ქმნის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სიაში მითითებული მიწის ადგილმდებარეობა, კოორდინატები, მოსაზღვრეები და ა. შ.

 

დ-------- რ------ის შემთხვევაში კი მიწის საგადასახადო სია მოძიებული საერთოდ ვერ იქნა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

როგორც აღინიშნა, მარეგისტრირებელი ორგანოს ჩანაწერი დ-------- რ------ის სახელზე ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთის დ-------- რ------ის თანასაკუთრებად აღიარება ან მასზე უარის თქმა. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთზე დ-------- რ------ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” განსაზღვრული დებულებებით (საჭიროების შემთხვევაში სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითაც).

 

6.3. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.

 

დადგენილია, რომ გ------- რ------ემ საჯარო რეესტრის სამსახურს მიმართა განცხადებით, გაუქმებულიყო სისტემური რეგისტრაცია (გასწორებულიყო შეცდომა) დ-------- რ------ის ნაწილში, რაზეც მას 2019 წლის 13 სექტემბრის № 321874 აქტით უარი ეთქვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი მიდგომა კი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში, ეწინააღმდეგება მითითებული საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნებს; მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეხდინა დ-------- რ------ის ნაწილში განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითრები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

 

იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს გაწეული ხარჯები, რამდენადაც მისი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის უნდა განისაზღვროს 800 ლარით, რაც, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ------- რ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე, 3356 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ------- და დ-------- რ------ეების საკუთრებაში № 6--1--1--0-- საკადასტრო კოდით სისტემური რეგისტრაციის შესახებ 2003 წლის 26 აგვისტოს ჩანაწერი დ-------- რ------ის თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში.

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ------------ში მდებარე, 2940 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გ------- და დ-------- რ------ეების საკუთრებაში № 6--5--1--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 23 აგვისტოს № 882019612474-08 გადაწყვეტილება დ-------- რ------ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის ნაწილში.

 

1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 სექტემბრის № 321874 გადაწყვეტილება.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს სადავო მიწის ნაკვეთზე დ-------- რ------ის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონებაზე მისი (ან სხვა პირის) საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით და 800 (რვაასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 900 (ცხრაასი) ლარი - გადახდეს გ------- რ------ის სასარგებლოდ.

 

4. გ------- რ------ის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბერს ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება 21849637) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი