გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2019
საქმის ნომერი
411210019003220416
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210019003220416

საქმე № 2/234-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. კასპი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

მოსარჩელე: დ--–- ღ-----–---–ი

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

მოპასუხე: გ------- წ---–-----ი

წარმომადგენელი: გ--------- ქ--------------

დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გ------- წ---–-----ს აღეკვეთოს კასპში, გ------- ს-----ის ქუჩა № 42-ში მდებარე, დ--–- ღ-----–---–ის საკუთრებაში № 6--0--5--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობა (მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა საკანალიზაციო სისტემის დემონტაჟის ნაწილში გაიხმო).

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ცხოვრობს კასპში, გ------- ს-----ის ქ. № 42-ში, რომლის სახელზეც 2010 წლიდან ირიცხება უძრავი ქონება, კერძოდ: სახლი და სახლთან არსებული 1255 მ2 მიწის ნაკვეთი.

 

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გადის საკანალიზაციო მილი, რომლითაც 2016 წლამდე სარგებლობდა როგორც მოსარჩელე, ასევე მის მეზობლად, კასპში, ა--------------ს ქ. № 8-ში მცხოვრები გ------- წ---–-----ი.

 

2016-2017 წლებში განხორციელდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია; მოსახლეობამ, მათ შორის მოსარჩელემ, საკანალიზაციო მილები მიაერთა ახალ სისტემაზე, რადგან მის ეზოში გამავალი ძველი საკანალიზაციო მილის გამოყენება საჭირო აღარ იყო; მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური შესაძლებლობა ჰქონდა მოპასუხე გ------- წ---–-----საც, მან ახალ სისტემაზე მიერთებაზე უარი განაცხადა და დღემდე იყენებს დ--–- ღ-----–---–ის ეზოში გამავალ საკანალიზაციო მილს, სადაც გაედინება გ------- წ---–-----ის სახლიდან გამომავალი ფეკალური მასები, დგას აუტანელი სუნი.

 

დ--–- ღ-----–---–მა 2018 წელს არაერთხელ მიმართა გ------- წ---–-----ს მილის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხეს პრობლემის მოგვარებისათვის რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ განუხორციელებია.

 

მოსარჩელის მითითებით, სახეზეა უძრავი ნივთზე საკუთრების უფლების ხელშეშლა, რამდენადაც მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი და არც აუცილებლობითაა გამოწვეული.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული მილით წლებია, სარგებლობენ როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე. მილი არ არის დაზიანებული, არის თავდახურულ მდგომარეობაში და არ წარმოადგენს ანტისანიტარიის წყაროს. ამასთან, ახალი საკანალიზაციო სისტემა იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ მდებარეობს გ------- წ---–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მაღლა და მასზე მიერთება ფეკალური მასების მის სახლში დაგროვებას გამოიწვევს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. კასპში, გ------- ს-----ის ქ. № 42-ში მდებარე, დ--–- ღ-----–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გადის საკანალიზაციო მილი, რომლითაც 2016 წლამდე სარგებლობდა როგორც მოსარჩელე, ასევე მის მეზობლად, კასპში, ა--------------ს ქ. № 8-ში მცხოვრები გ------- წ---–-----ი, ხოლო 2016 წლიდან დღემდე სარგებლობს მხოლოდ გ------- წ---–-----ი.

 

მტკიცებულება: ფოტოილუსტრაცია, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. გ------- წ---–-----ი და დ--–- ღ-----–---–ი ცხოვრობენ ერთმანეთის მომიჯნავედ.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე კასპში, გ------- ს-----ის ქ. № 42-ში, საკადასტრო კოდით № 6--0--5--0--, წარმოადგენს მოსარჩელე დ--–- ღ-----–---–ის საკუთრებას.

 

მტკიცებულება: 2019 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 14).

 

3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე კასპში, ა--------------ს ქუჩა № 8-ში, საკადასტრო კოდით № 6--0--5--1--, წარმოადგენს მოპასუხე გ------- წ---–-----ის საკუთრებას.

 

მტკიცებულება: 2019 წლის 1 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 15).

 

3.2.3. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით 2016-2017 წლებში კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, მათ შორის ს-----ისა და ა--------------ს ქუჩებზე.

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 24 სექტემბრის № 08/6247 მიმართვა, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისა და მოწყობის პროექტი (ს. ფ. 21-35).

 

3.2.4. კასპის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით დ--–- ღ-----–---–სა და გ------- წ---–-----ს შორის არსებული უთანხმოება, რომლითაც დადგინდა, რომ კასპში, ა--------------ს ქუჩაზე არსებობს ცენტრალური კანალიზაცია, რაც პროექტით ყველა ოჯახზეა გათვლილი. გ------- წ---–-----ი უარს აცხადებს, ცენტრალურ კანალიზაციაზე დააერთოს თავისი სახლის კანალიზაცია, რის გამოც საკითხი სცილდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას.

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 სექტემბრის № 010/2/6369 მიმართვა და მასზე თანდართული პროექტი (ს. ფ. 18-20).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხის მიერ ძველი საკანალიზაციო მილით სარგებლობით, რომელიც გადის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, უკანონოდ ეშლება ხელი დ--–- ღ-----–---–ს; შესაბამისად, გ------- წ---–-----ს უნდა აღეკვეთოს უკანონო ხელშეშლა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად; არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის № 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.

 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დ--–- ღ-----–---–ი მიუთითებს, რომ მოპასუხე გ------- წ---–-----ი უკანონოდ სარგებლობს მის უძრავ ქონებაზე გამავალი საკანალიზაციო მილით, რის გამოც ხელი ეშლება ქონებით სრულფასოვან სარგებლობაში: ძველი საკანალიზაციო მილით, რომელიც გადის დ--–- ღ-----–---–ის ეზოს მიწის ნაკვეთზე, სარგებლობს გ------- წ---–-----ი, სადაც გაედინება ფეკალური მასები.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კასპში, გ------- ს-----ის ქუჩა № 42-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით № 6--0--5--0--, საკუთრების უფლებით ირიცხება დ--–- ღ-----–---–ის სახელზე, ხოლო მის მეზობლად (მომიჯნავედ), კასპში, ა--------------ს ქუჩა № 8-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით № 6--0--5--1--, საკუთრების უფლებით ირიცხება გ------- წ---–-----ის სახელზე.

 

დ--–- ღ-----–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გადის საკანალიზაციო მილი, რომლითაც 2017-2018 წლიდან დღემდე სარგებლობს გ------- წ---–-----ი.

 

საკანალიზაციო მილის ამ ფორმით გამოყენებისათვის იგი იყენებს მეზობელ მიწის ნაკვეთს ისე, რომ არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

 

სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით დ--–- ღ-----–---–სა და გ------- წ---–-----ს შორის არსებული უთანხმოება, რომლითაც დადგინდა, რომ კასპში, ა--------------ს ქუჩაზე არსებობს ცენტრალური კანალიზაცია, რაც პროექტით ყველა ოჯახზეა გათვლილი. გ------- წ---–-----ი კი უარს აცხადებს, ცენტრალურ კანალიზაციაზე დააერთოს თავისი სახლის კანალიზაცია.

 

გ------- წ---–-----ს არ წარმოუდგენია მისი განმარტების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ახალი საკანალიზაციო სისტემა იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ მდებარეობს გ------- წ---–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მაღლა და მასზე მიერთება ფეკალური მასების მის სახლში დაგროვებას გამოიწვევს.

 

ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, სხვისი საკუთრებით კანონიერი სარგებლობისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (მაგ., მხარეთა შეთანხმება, სერვიტუტი), რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ გააჩნია.

 

მოპასუხის მიერ თავისი პოზიციის მართებულად მიჩნევისათვის მოხმობილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა შეეხება შემთხვევებს, როდესაც ერთი მესაკუთრის მხრიდან საყოფაცხოვრებო და სხვა ქმედებების შედეგად ხდება გარკვეული ზემოქმედება სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მიმართებაში ისე, რომ ამ სხვა მიწის ნაკვეთის უშუალო გამოყენებას ადგილი არ აქვს (გაზი, ორთქლი, სუნი, ჭვარტლი, კვამლი, ხმაური, სითბო, რყევები ან სხვა მსგავსი მოვლენები).

 

მოცემულ შემთხვევაში კი კანალიზაციის მილი, რომლითაც სარგებლობს გ------- წ---–-----ი, უშუალოდ გადის დ--–- ღ-----–---–ის კუთვნილ ნაკვეთში, და ამ მიწის გამოყენება გ------- ღ-----–---–ის მხრიდან ხდება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე მხარეს მილის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ;

 

გ------- წ---–-----ის მხიდან არათუ რაიმე სახის რეაგირება მომხდარა, არამედ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში მოპასუხის ოჯახისათვის გათვალისწინებული იქნა ინდივიდუალური ჭა, მაგრამ მან უარი განაცხადა, ცენტრალურ კანალიზაციაზე დაეერთებინა თავისი სახლის კანალიზაცია, რითაც პრობლემა აღმოიფხვრებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

იმავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად, მოპასუხეს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა დ--–- ღ-----–---–ის ნაკვეთით სარგებლობის მართლზომიერებას, რაც მას არ წარმოუდგენია.

 

საკუთრების უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, კანონის ფარგლებში ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრეს ხელი ეშლება თავისი საკუთრებით სარგებლობაში, მან მიმართა მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, თუმცა ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, სახეზეა ხელის შეშლა ნივთის ჩამორთმევის და ამოღების გარეშე.

 

აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლების სრულად რეალიზაციის თვალსაზრისით, სასამართლოს მიზანშეწინილად მიაჩნია, აუკრძალოს გ------- წ---–-----ს ხელის შემშლელი მოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ნაკვეთით უკანონო სარგებლობის აკრძალვაში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

იმავე კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს (4 000 ლარის 3%-ი არის 120 ლარი, რომლის ნახევარიც 60 ლარია).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 (ას ოცი) ლარი, საიდანაც 60 (სამოცი) ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან, ხოლო დარჩენილი 60 (სამოცი) ლარი კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხე გ------- წ---–-----ს.

 

იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს გარეშე ხარჯებში მოიაზრება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული და აგრეთვე მხარეთა სხვაა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით 2019 წლის 1 ნოემბრის კონტრაქტზე მითითებით.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების ოთხი პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხე გ------- წ---–-----ს მოსარჩელე დ--–- ღ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, რაც დავის საგანთან მიმართებაში გონივრულია.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე გ------- წ---–-----ს აღეკვეთოს კასპში, გ------- ს-----ის ქუჩა № 42-ში მდებარე, დ--–- ღ-----–---–ის საკუთრებაში № 6--0--5--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაში გამავალი საკანალიზაციო მილით უკანონო სარგებლობა.

 

2. დ--–- ღ-----–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 (ასოცი) ლარიდან 60 (სამოცი) ლარი, ხოლო დარჩენილი 60 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე გ------- წ---–-----ს მოსარჩელე დ--–- ღ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 60 (სამოცი) ლარი.

 

4. მოპასუხე გ------- წ---–-----ს მოსარჩელე დ--–- ღ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 500 (ხუთასი) ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. № 124) მისი დასაბუთებული ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი