განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002863864
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე N1/85-19 11 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031190219003)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე,ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გია დევნოზაშვილი, თემურ პოპიაშვილი
ბრალდებული: რ---- ე---------ი
მამის სახელი: მახმუდ
დაბადებული: 1--- წლის 2------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 2----------
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მარნეული, სულხან საბას პ------–--–-------ი N--
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---- ე---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რ---- ე---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 4,3784 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 19 თებერვალს 15:15 საათზე ქ. მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
2019 წლის 19 თებერვლის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ რაშად ველიევის პატაკით დგინდება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე ავტომანქანა ,,სუბარუ-ლეგასით", სახელმწიფო ნომერი KK982KT სავარაუდოდ უნდა გადაადილდებოდეს რ---- ე---------ი, რომელსაც თან/ან ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშულება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რაშად ველიევი. მან განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლაღიძის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა რ---- ე---------ი, მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა უფროსს კობა ხორბალაძეს. დაადასტურა, რომ გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ გამოკითხული იქნა მოწმის სახით. მან განაცხადა, რომ არ ახსოვს პატაკის მიღებიდან რამდენ ხანში იქნა გამოკითხული, ასევე ოპერატიული ინფორმაციის სააფუძველზე ვინ გავიდა შემთხვევის ადგილზე, რადგან გასულია დიდი დრო, ხოლო თავად არ ყოფლა ლაღიძის ქუჩაზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთდ გასული.
2019 წლის 19 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ---- ე---------ს ქ. მარნეულში ლაღიძის ქუჩაზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 15:15 -15:30 საათებს შორის შუალედში. რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შავი ფერის სპორტული ზედის წინა მარჯვენა ჯიბიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ,,ელემი“-ის სიგარეტის კოლოფის ქაღალდში შეხვეული, მოყვითალო პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებული ხუთი ცალ წონაკად დაფასოებული ფხვნილისებრი მასა.
ასევე 2019 წლის 19 თებერვალს 15:40 საათიდან 16:05 საათამდე პერიოდში ჩატარდა მისი ავტომანქანის ჩხეკა. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა.
რ---- ე---------ის ავტომანქანის და პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გამომძიებლები ლაშა დარაიძე, გიორგი ირემაშვილი, თარჯიმანი ლალი კახნიაშვილი. საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედგენილია გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლაშა დარბაიძე. მან განმარტა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მიიღეს შეტყობინება რ---- ე---------თან დაკავშიებით. კოლეგასთან თამარ ჩუბინიძესთან და თარჯიმანთან (სახელად ლალი) ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. მარნეულში, ლაღიძის ქუჩის დასაწყისში მათ შეხვდათ რ---- ე---------ი, რომელიც გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. რ---- ე---------ს ჩხრეკისას ეცვა სპორტული კოსტუმი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ,,ელემის“ შეკვრა. გამომძიებელ თამარ ჩუბინიძის მიერ შევსებულ იქნა პირადი ჩხრეკის ოქმი, ბრალდებულმა კი უარი განაცხადა დოკუმენტების ხელმოწერაზე. ამოღებული ნივთიერება მოთავსდა ფაილებში და დაილუქა N30/9 ლუქით. ამავე დროს ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება არ მომხდარა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდნენ გიორგი ირემაშვილის ავტომანქანით თეთრი ფერის ,,ნისან ნოუთი". გიორგი ირემაშვილი ჩხრეკის მიმდინარეობისას იცავდა პერიმეტრს. ასევე ადგილზე იყო ,,პიკაპის“ მანქანით იუსუფი, რომელსაც ეძახიან იოსკას. ლაშა დარბაიძემ მიუთითა, რომ ლაღიძის ქუჩამდე მისასვლელად დასჭირდათ სავარუდოდ 2-3 წუთი, ამ დროს რ---- ე---------ი ავტომობილით მოძრაობდა ნელა. თავად იყო სამსახურებრივ ფორმაში. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლაშა დარბაიძემ დაადასტურა, რომ რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარუდგინა გამომძიებელს. განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე შავი ფერის ,,ლენდ კრუიზერი" არ შეუნიშნავს და დაადასტურა ფატმა მამედოვასთან ნაცნობობა, თუმცა უარყო მისი ადგილზე ყოფნის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გიორგი ირემაშვილი, რომელმაც ჩვენებაში განაცხადა შემდეგი: 2019 წლის 19 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში. მიიღეს ოპერატიული ინფომაცია, რის შემდეგაც თანამშრომლებთან ლაშა დარბაიძესთან, თამარ ჩუბინეძესთან და თარჯიმანთან ერთად საკუთარი ავტომანქანით გავიდა შემთხვევის ადგილზე. იყო დღის საათები, პიროვნება ავტომანქანით მოძრაობდა, ლაღიძის ქუჩაზე. იგი ფარნის ანთებით იქნა შეჩერებული. ავტომანქანაში მყოფ პიროვნებას (რ---- ე---------ი) განემარტა, რომ მასთან უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკის შედეგად რ---- ე---------ის ჟილეტის მარჯვენა მხარეს, ჯიბიდან ამოღებული იქნა სიგარეტის კოლოფი, რომლის დალუქვა მოხდა ადგილზე. ჩხრეკის ოქმი შეადგინა თამარ ჩუბინიძემ, ხოლო უშუალოდ პირადი ჩხრეკა ჩაატრა ლაშა დარბაიძემ. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ არ ახსოვს რ---- ე---------მა ხელი მოაწერა თუ არა ჩხრეკის ოქმს, ხოლო დაცვის მხარის შეკითხვაზე ადგილზე იმყოფებოდა თუ არა შავი ფერის ,,პრადო“ განმარტა, რომ არ დაუნახავს.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თამარ ჩუბინიძე. განმარტა, რომ დაეწერა საქმე და დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა მოწმეები. ადგილზე გავიდა თარჯიმანთან ლალი კახნიაშვილთან ერთად. რ---- ე---------ი მოძრაობდა ავტომანქანით ნელა, მისი შეჩერების შემდეგ, ავტომანქანასთან მივიდა თავად, გამომძიებელები ლაშა დარბაიძე, გიორგი ირემაშვილი და თარჯიმანი ლალი კახნიაშვილი. თამარ ჩუბუნიძე გაეცნო რ---- ე---------ს და შემდეგ ავტომანქანასთან ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. თარჯიმანი აწარმოებდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თარგმნას. ასევე გაიჩხრიკა ავტომანაქნაც. რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკა ჩაატარა ლაშა დარბაიძემ. მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე შეადგინა შესაბამისი ოქმები, რაზეც ბრალდბეულმა ხელი არ მოაწერა.
2019 წლის 19 თებერვლის დაკავების ოქმის თანახმად, ქ. მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე, 2019 წლის 19 თებერვალს 16:15 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ---- ე---------ი.
2019 წლის 20 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N742/სქ-845/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი 5(ხუთ) ცალად დაფასოებული ცისფერ პოლიეთილენის პაკეტებში ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით -7,15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ სასუალება ჰეროინს, წონით 4.3784 გრამი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქიმიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი ნათია ორჯონიკიძე, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. მან ასევე დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 წონაკი ცალ-ცალკე აიწონა და შემდეგ მოხდა საერთო წონაზე დაჯამება, ხოლო შემადგენლობა თითოეულ წონაკში იყო ერთიდაიგივე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმმა მაია დანელიამ განმარტა, რომ ჩაატრა ქიმიური ექსპერტიზა და დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე.
2019 წლის 19 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702566 დასკვნის თანახმად ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად რ---- ე---------ს ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერმტკიცებულება დალუქული ორ პაკეტად. პირველ პაკეტში მოთავსებული იყო ნარკოტიკი, ხოლო მეორე პაკეტში სიგარეტის კოლოფი, რომელიც ამოღებულ იქნა რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკის დროს.
საქმის არსებითი განხილვისას ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები.
სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-–-- ე---------ა. მან სასამართლოს მოახსენა, რომ რ---- ე---------ი არის მისი ძმა. 19 თებერვალს, მისი მეზობელი იყო გარდაცვლილი და რ---- ე---------ი იმყოფებოდა დილიდან მათთან. რამდენიმე საათის შემდეგ კი თავად ა-–-- ე---------აც წავიდა მეზობელთან. 13:30 საათზე რ----ი სახლში წავიდა. 14:30 საათზე კი ა-–-- ე---------ას დაურეკა დედამ და შეატყობინა, რომ რ---- ე---------ს დაურეკავს ფატმა მამედოვასათვის და უთქვამს, რომ დააკავეს. ა-–-- ე---------ა 14:50 საათზე ფატმა მამედოვასთან ერთად უკვე იმყოფებოდა პოლიციასთან. პოლიციაში ფატმა მამედოვა შეხვდა უფროსს, შემდეგ კი დაბრუნდა და თქვა, რომ ვიღაც დააკავეს, სახელი არ იცოდა. პოლიციიდან წავიდნენ ჯანდარის მიმართულებით, რადგან რ----ი იქ ასხავს საწვავს და 300-400 მეტრში დაინახეს მისი მანქანა გაჩერებულ მდგომარეობაში. მანქანის წინ იდგა ნაცრისფერი ,,პრიუსი“ და შავი ,,ტოიოტა-პრადო“. თავად დააახლოებით 2 მეტრის მოშორებით გააჩერეს მანქანა. შემდეგ პრადოდან ჩამოვიდა ერთი ადამიანი, პოლიციის უფროსის მადგილე და უთხრეს, რომ იქ გაჩერება არ შეიძლებოდა. ამ დროს დარეკა იაშარ მამედოვმა(ფატმა მამედოვას შვილი). ადგილზე იმყოფებოდნენ რაშად ველიევი და პოლიციის უფროსის მოადგილე. ერთ ადამიანი იჯდა რ----ის მანქანაში. პოლიციის უფროსის მოადგილემ ფატმა ხელკავით გაიყვანა. რ----ი ე---------ი ამბობდა, რომ მას არაფერი ჰქონდა. მასთან ახლოს არავის არ უშვებდნენ და არც მანქანიდან გადმოსვლის საშუალება მისცეს. რ----ის მანქანაში ჩაჯდა გამომძიებელი და თარჯიმანი. შემდეგ ადგილზე მივიდა ,,პიკაპის“ ავტომანქანა, სადაც იყვნენ სხვა პოლიცილებიც, მოწმემ სცადა მიახლოვება, თუმცა არ მიუშვეს. რ---- ე---------ი ავტომანქანიდან გადაიყვანეს, მასთან იმყოფებდა თარჯიმანი და გამომძიებელი, მიაწოდეს რაღაც ქაღალდები, მან ხელი მოაწერა, ჯიბეები შეუმოწმეს და არაფერი ამოუღიათ. შემდეგ რ----ს ისევ ქაღალდი მიაწოდეს, თუმცა მან ხელი არ მოაწერა. იგი კვლავ ჩასვეს მანქანაში. ადგილზე მივიდა ჯერ ნაცრისფერი მანქანა და შემდეგ შავი ,,პრადო" და რ----ი წაიყავენს პოლიციაში. ა-–-- ე---------ას 19:55 საათზე დაურეკა ძმამ და უთხრა არ ენერვიულა და წასულიყო სახლში. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევამდე არ იცნობდა რაშად ველიევს და სხვა პოლიცილებს. ა-–-- ე---------ამ განმარტა, რომ რ---- ე---------ი არის შემდუღებელი და უვლის საქონელს. ფატმა მამედოვა არის რ---- ე---------ის ახლობელი, ხოლო იაშარი არის ფატმას შვილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული რ---- ე---------ი. მან განმატა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს იმყოფებოდა მეზობელთან ორმოცზე დასახმარებლად. მოგვიანებით წავიდა საწვავის ჩასასხმელად ,,ფრეგოს“ ბენზინგასამართ სადგურზე. როდესაც იმყოფებოდა დაახლოებით ლაღიძის ქუჩის მოსახვევში დაურეკეს, შეაჩერა ავტომანქანა, რის შემდეგაც, მის წინ თეთრი ფერის სამარშუტო ფორდი გააჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ რაშადი და ლაშა და უთხრეს, რომ მისთვის ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. რ---- ე---------ი რაშადს იცნობდა სკოლიდან და ჰკითხა მას, თუ რატომ უნდა გაეჩხრიკათ, რაზეც რაშადმა უპასუხა, რომ იყო ,,რეიდი“ და ვინიდან 2008 წელს იყო ,,ნაჯდომი“ უნდა შეემოწმებინათ. რ---- ე---------ის განმარტებით ჩხრეკისას მის ჯიბეში ხელი არ ჩაუყვიათ და შემოაწმეს მხოლოდ ზედაპირულად. მოგვიანებით ადგილზე მივიდა შავი ,,პრადო", საიდანაც მაღალი და გამხდარი ბიჭი გადმოვიდა და რუსულად იკითხა თუ იპოვეს რამე. მათ ქართულად ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, ხოლო რ----ს უთხრეს, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში, მოგვიანებით მივიდოდა გამომძიებლი და მოაწერინებდა ხელს. იგი დატოვეს ადგილზე თავად კი წავიდნენ. ამ დროს - 14:05 საათზე რ---- ე---------მა დაურეკა ფატმა მამედოვას უთხრა, რომ იყო დაკავებული და სწრაფად მისულიყო. პოლიცია ნახევარ საათში უკან დაბრუნდა. რ----ი მარცხენა მხარეს გადაიყვანეს ხის ქვეშ და უთხრეს, რომ ეღიარებინა. ხელში ეჭირათ სამი ჩეკი და არ აჩვენეს. თამუნა (გამომძიებელი თამარ ჩუბინიძე) 3-4 ცელოფნით ხელში მოვიდა მათთან, ქაღალდეზე დადო, გაასწორა, გადაუღო სურათი. საღამოსკენ რ---- ე---------ი წაიყვანეს პოლიციაში. რაშადმა და ლაშამ იგი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. ხელზე ბორკილები გაუკეთეს და ცალკე ოთახში წაიყვანეს. ლაშამ წაიღო მისი მაისური, ხოლო რაშადი დარჩა მასთან. ანალიზის ასაღებად უთხრეს, რომ ჩაენერწყვა ცელოფანში. რ---- ე---------ს რაშადმა უთხრა: ,,ვსიო შენი საქმე გაკეთბულიაო“. რ---- ე---------ის განმარტებით პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია.
2.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.
დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას. რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (გარდა ბრალდებულისა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, რ---- ე---------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც მარნეულის რაიონული თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2019 წლის 19 თებერვალს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას.
რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. აღნიშნულს სასამართლო ვერ გიზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას რაიმე გარემოება რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა არ გამოვლენილა და აღნიშნულით ბრალდებული ცდილობს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და მკაცრი სასჯელის თავიდან არიდებას.
სასამართლომ შეაფასა როგორც ბრალდების მხარის ასევე დაცვის მხარის მიერ წარამოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით შეძლო დაედასტურებინა რ---- ე---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლო განხილვისას დაიკითხნენ რ---- ე---------ის პირადი ჩხრეკის და დაკავებაში მონაწილე პოლიციელები, ლაშა დარბაიძე, გიორგი ირემაშვილი და თამარ ჩუბინიძე. სასამართლომ პოლიცელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და სხვა მტკიცებულებებთა ერთობლიობაში. კერძოდ შეაფასა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მოწმე ა-–-- ე---------ას, რომელიც იმყოფებოდა იმ ადგილთან ახლოს, სადაც მოხდა პოლიციის მიერ რ---- ე---------ის შეჩერება ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს. ვიანიდან, მითითებული მოწმე არ უთითებს, რომ მან დაინახა რ---- ე---------ისათვის ნარკოტიკული საშუალების ჩადების ფაქტი. აღნიშნული მოწმე ადასტურებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ იგი მოშორებით იმყოფებოდა და თვალყურსადევნებდა პოლიციის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას რ---- ე---------თან. რის შემდეგაც რ----ი გადაიყვანეს პოლიციაში. აღნიშნული კი არ გამორიცხავს რ---- ე---------ის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების ქონის ფაქტს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოწმე არის ბრალდებულის და, სესაბამისად გარკვეულწინად მისი ჩვენება მიკერძოებულია.
არც დაცვის მხარეს და არც თავად ბრალდებულს არ უსაუბრიათ რაიმე მოტივზე, რის გამოც შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ დაინტერესებული რ---- ე---------ის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით. შესაბამისად თუ სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამოდის, რომ პოლიციელებმა სასამართლო სხდომაზე მისცეს ცრუ ჩვენებები, ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტებმა გააყალბეს დასკვნები და ეს ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი დაინტერესებისა და მოტივის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას რ---- ე---------ის უდანაშულობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას რაიმე გარემოება რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა არ გამოვლენილა. ბრალდებული საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ჰქონია, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ამგვარი პოზიცია მიმართულია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ.
2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2019 წლის 20 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N742/სქ-845/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი 5(ხუთ) ცალად დაფასოებული ცისფერ პოლიეთილენის პაკეტებში ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით -7,15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ სასუალება ჰეროინს , წონით 4.3784 გრამი. აღნიშნული ოდენობა ცალსახად წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია რომ რ---- ე---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---- ე---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ---- ე---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის (4.3784 გრამი) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება რ---- ე---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8(რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, რ---- ე---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ---- ე---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით.
რ---- ე---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, რ---- ე---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
რ---- ე---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე