გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1233-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------“
წარმომადგენელი არ-----------------
მოპასუხეები ბე----–-------–--(არ გამოცხადდა)
შ----------------
დავის საგანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ბ-----–-------–-სა და შ------------------თვის მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 479.99 ლარის გადახდის დაკისრება.
2016 წლის 08 დეკემბერს ქ. თბილიში, წ-------–--------ზე მოპასუხე შ----------------- საკუთრებაში არსებული „მაზდას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, თანამოპასუხე ბ-----–-------–მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა „ი-----–-“ დაზღვეულ შპს „ე-–------------“ კუთვნილ „ჰონდას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
შპს „ე-–------------“ კუთვნილ ჰონდას მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 480 ლარი.
სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი 479.99 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს შესაგებლები სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით E------- დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 20).
3.1.2. 2016 წლის 08 დეკემბერს, ქ. თბილისში, წ-------–--------ზე, შ----------------- საკუთრებაში არსებული „მაზდას“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მოპასუხე ბ-----–-------–მა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა სს „დ-------------------–-------------------------ში“ დაზღვეულ, შპს „ე-–------------“ კუთვნილ „ჰონდას“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას.
ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბ-----–-------–-ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).
- საჯარიმო ქვითარი(ს.ფ.15).
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;(ს.ფ.16).
- ბ-----–-------–-სა და დ------------–--–---–ის ახსნა-განმარტებები.(ს.ფ.17-18).
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 19).
3.1.3. სს „დ-------------------–-------------------------მ“ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი 479.99 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- საგადასახადო დავალება N753 (ს.ფ. 29).
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 23).
- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 21-22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ბ-----–-------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 479.99 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, ბ-----–-------–-ს მიერ შ----------------- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზღვეული შპს „ე-–------------“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი 479.99 ლარის ოდენობით.
ამდენად, შპს „ე-–------------“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადავიდა მზღვეველზე - სს „დ-------------------–-------------------------ზე“.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.2. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.
მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).
ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევია ბე----–-------–-- ხოლო შ---------------ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ბ-----–-------–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მასვე მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა შპს „ა------------------------“ შეფასების საფასურის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად და 21 ლარის გადახდა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ბ-----–-------–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 479.99 ლარის გადახდა;
1.2. სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შ-----------------ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს ბ-----–-------–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
2.1. დაეკისროს ბ-----–-------–ს მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 81 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია