განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2157-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------------
ბრალდებული - მ---------------- (პასპორტის ნომერი K--------), დაბადებული 1--- წლის 2------------, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქ----------–-, შ--------------ში, დროებით მცხოვრები თბილისში, ი---------- ქუჩა, 1--–- კორპუსი, ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1--–- ნაწილი და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
თარჯიმანი - ს----------------------
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 2---------, თბილისში, დ-------------–--- ქ.#--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მ----------------ს მართვის ქვეშ მყოფი, ყვითელი ფერის MAN-ის მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით 1-------, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 14,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და 0,6157 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი, შვიდ პაკეტად დაფასოებული 697 ცალი აბი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი მ----------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ მ----------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, შპს ,,ო----------‘ დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2 წელი მუშაობდა მძღოლად თეირანი-თბილისის მარშრუტის ავტობუსზე. დაკავების წინა დღეს, მეორე მძღოლთან და დამხმარესთან ერთად, გამოვიდა თეირანიდან. ირანისა და თურქეთის ტერიტორიაზე საჭესთან თვითონ იჯდა, ხოლო საქართველოს საზღვარზე გადმოსვლის შემდეგ მეორე მძღოლი დაჯდა. თვითონ თბილისამდე ეძინა. გაიღვიძა, თბილისში როდესაც შემოვიდნენ. ო--------–-- ავტოსადგურში ავტობუსი მგზავრებისგან დაიცალა. მეორე მძღოლი ნაქირავებ ბინაში წავიდა, სადაც მორიგეობით ცხოვრობდნენ თეირანიდან ჩამოსული მძღოლები. დაახლოებით ერთ საათში, ავტობუსში დატოვა დამხმარე, რომელიც ავტობუსს ასუფთავებდა. თვითონ ვ------–--- აპირებდა წასვლას. ტაქსს ელოდებოდა, როდესაც მასთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს, ნარკოტიკულ საშუალებებს ფლობდა, რაც იუარა. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, მაგრამ არაფერი ამოუღიათ. ამის შემდეგ გაჩხრიკეს ავტობუსი, იქაც არაფერი იყო. შემდეგ პოლიციელები ჩავიდნენ, დაუძახეს, ქვემოთ ჩაიყვანეს და ავტობუსის უკანა მხარეს ნარკოტიკებიანი ცელოფნის პარკი აჩვენეს, რაზეც ეუბნებოდნენ, რომ მისი იყო. აღნიშნულ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, არც უნახავს. არც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს.
ამასთან, ბრალდებულმა თავის ჩვენებაში ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე, წებოვან ლენტებზე, ამოსულ კვალთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის ხშირად იყენებდა წებოვან ლენტს მგზავრების ბარგის შესაკრავად, ავტობუსშიც აქვს, შესაძლოა, სხვა ტვირთიდან მოხსნა ვინმემ და ნარკოტიკს შემოაკრა.
მოწმე რ------------–---–-- ჩვენების თანახმად, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა მ----------------ს მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკას, ასევე, ავტობუსის, ოფისისა და ბინის ჩხრეკებს, რომელსაც რამდენიმე პოლიციელი ატარებდა. პოლიციელებს ავტობუსის ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, რის შემდეგაც ისინი ავტობუსიდან ჩავიდნენ, თვითონ და მ---------------- კი ავტობუსში დარჩნენ. როდესაც დაუძახეს და ჩავიდნენ, დაინახა, რომ უკან, მიწაზე, საბურავის მხარეს, სადაც ჩანთებია ხოლმე, პოლიციელები ნარკოტიკებს ხსნიდნენ. ნარკოტიკებთან დაკავშირებით მ---------------- ამბობდა, რომ მისი არ იყო. პოლიციელებმა შეადგინეს ოქმები, რასაც ხელი მოაწერეს. მ---------- ოქმზე ხელი არ მოუწერია, რადგან ამბობდა, რომ ნარკოტიკები მისი არ იყო.
მოწმე კ--------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, თბილისში, გ---–--- ქ.#--ში ჰქონდა ნაქირავები ოფისი, სადაც მისი კუთვნილი შპს ,,ო------‘‘ მგზავრების გადმოყვანას ემსახურებოდა თეირანიდან თბილისში. ხელშეკრულების საფუძველზე, რეისებს ირანული კომპანია ,----------------‘ მძღოლები ასრულებდნენ. ავტობუსზე მძღოლად მუშაობდა მ----------------, რომლისთვისაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი შეუნიშნავს და მხოლოდ დადებითად დახასიათება შეუძლია. 2019 წლის მარტში, ღამის საათებში, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და ფირმაში მისვლა სთხოვა, რადგან დაკავებული ჰყავდათ მძღოლი. ადგილზე რომ მივიდა, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ნარკოტიკი ამოიღეს. მ---------- ავტობუსში იჯდა, ჩამოიყვანეს და ოფისისკენ წაიყვანეს, რა დროსაც ხელებით ანიშნებდა, ჩემი არ არისო. პოლიციელებმა ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, არაფერი ამოუღიათ, შემდეგ კი, როგორც იცის, ბინის გასაჩხრეკად წავიდნენ. მ------------- ერთად იმ დღეს ორი მძღოლი იყო, რომლებმაც, როგორც ახსოვს, პირველად გააკეთეს რეისი მასთან. მეორე დღეს ერთი მათგანი ამბობდა, ჩქარა უნდა წავიდეო, და წავიდა. ავტობუსი სხვამ წაიყვანა. არც ერთი მათგანი ამ ამბის მერე არ უნახავს.
მოწმე გ-------------------–---–-- ჩვენების მიხედვით, მონაწილეობდა ბრალდებულის პირად, მანქანის, ოფისის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკებსა და დაკავებაში. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლებთან და თარჯიმანთან ერთად, გამოცხადდა ო--------–-- ავტოსადგურში. ვინაიდან თან ჰქონდათ ბრალდებულის სურათი, იცოდნენ ავტობუსის მარკა, ნომერი და საზღვრის კვეთის დრო, მოახდინეს ავტობუსის იდენტიფიცირება, სადაც მამაკაცი იდგა, რომელიც ფოტოსურათზე მ---------- წააგავდა. წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩხრეკის შედეგად მ---------------- არაფერი აღმოჩენია. გაჩხრიკეს ავტობუსიც, რომლის სალონში არაფერი აღმოჩნდა. ავტობუსის მარჯვენა ბორბლის უკან, მიწაზე იდო პარკი, შეცურებული იყო ისე, რომ ბორბალსაც ეხებოდა და მიწასაც. პარკში იდო ნარკოტიკები შვიდ პაკეტად, რომელთაგან ექვს ცალს შავი ე.წ. სკოჩი ჰქონდა დახვეული, ერთი ცალი გამჭირვალე იყო. პაკეტების გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მონაცრისფრო ფერის აბები. კანონით დადგენილი წესით მოხდა აბების ამოღება და დალუქვა, რასაც ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც შემდეგ დააკავეს. ავტობუსის შემდგომ ოფისისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ შედეგად არაფერი ამოღებულა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ-----------–----, რომელმაც განმარტა, რომ მ----------------ს პირადი ჩხრეკის შემდეგ, ო--------–-- სადგურის ტერიტორიაზე, ჩაატარეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკა, რასაც დაესწრო თარჯიმანი. ავტობუსის ჩხრეკისას მარცხენა მხარეს, უკანა საბურავთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპოვნი იქნა გადაგდებული პოლიეთილენის პარკი, ნივთიერებით. პარკი შიგნითა სივრცეში არ ყოფილა, გარედან იყო. ადგილზე მოხდა პაკეტების გაშლა, რომელიც წებოვანი ლენტებით იყო შეკრული. პაკეტებში აბები აღმოჩნდა. ყველაფერი დასურათდა და დაერთო ჩხრეკის ოქმს. მ---------------- და თარჯიმანი იმ მომენტშიც, როდესაც ფუთები იპოვეს, იქ იყვნენ და ესწრებოდნენ გახსნასაც. მოწმისვე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან, არც მეორე მძღოლი და არც სხვა პირი იქ არ ყოფილა. ბრალდებული მარტო იყო.
მოწმეების - ი--------------- და კ---------------- გამოკითხვის ოქმები საჯაროდ იქნა წაკითხული, ვინაიდან 2019 წლის 27 მარტს ორივე მათგანს გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და უკან აღარ დაბრუნებულან. ამასთან, ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება დისტანციურად დაკითხვის მიზნით.
მოწმე ი-------------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გზაში თეირანიდან თბილისში ავტობუსის საჭესთან მორიგეობით ისხდნენ კ--------------- და მ----------------. თბილისში ჩამოვიდნენ 2019 წლის 2---------, ო--------–-–-, ავტოსადგურში ავტობუსი დაცალეს მგზავრებმა, შემდგომ კ--------------- მოსასვენებლად წავიდა ნაქირავებ ბინაში, თვითონ კი, მ------------------- ერთად, დარჩა ავტობუსთან, რა დროსაც დაასუფთავეს ავტობუსი. შემდგომ მ---------------- ავტოსადგურზე არსებული ჯიხურების მიმართულებით წავიდა, თვითონ ავტობუსთან დარჩა. რამდენიმე ხანში ის პოლიციის ფორმიანი პირების თანხლებით ავტობუსისკენ მომავალი დაინახა. ამის შემდგომ პოლიციელებმა, მ----------------ს თანდასწრებით, მოახდინეს ავტობუსის ჩხრეკა. როდესაც მათ დაიწყეს ავტობუსის საბარგულების შემოწმება, შენიშნეს, ავტობუსის მარჯვენა მხარეს, უკანა საბურავთან, მიწაზე დაგდებული ცელოფნის პარკი, რომლის გახსნის შემდგომ მასში, როგორც შენიშნა, იპოვეს ცელოფნის მოგრძო შეკვრები. როგორც მიხვდა, პოლიციელებმა აღნიშნული შეკვრები გახსნეს და დაათვალიერეს, რის შემდგომაც რა ქნეს, არ იცის, რადგან უკვე გაჩხრეკილ ავტობუსის სალონში ავიდა. რამდენიმე ხანში მ---------------- პოლიციელებმა ხელბორკილი დაადეს. მ----------------სგან და იქ მყოფი სპარსულენოვანი თარჯიმნისგან გაარკვია, რომ პოლიციელებს საბურავის ქვეშ მიწაზე დაგდებულ ცელოფნის პაკეტში ნარკოტიკების შემცველი აბები უპოვიათ და მ----------------სთვის დაუბრალებიათ. აღნიშნული ცელოფნის პარკი და მასში არსებული შეკვრები თვითონ პირველად ნახა და არ იცის, ვინ დააგდო ის ავტობუსის უკანა მარჯვენა საბურავის ქვეშ, მიწაზე. არც კ----------------თვის და არც მ----------------სთვის რამე საეჭვო საქციელი არ შეუნიშნავს, გამორიცხავს მათ კავშირს ნარკოტიკებთან, ავტობუსის ბორბლის ქვეშ ნაპოვნ ნარკოტიკებიან პარკს მათთან არანაირი შეხება არ აქვს.
მოწმე კ---------------- გამოკითხვის ოქმით, ო--------–-- ავტოსადგურში მისვლის შემდეგ სახლში წავიდა, მ---------- ავტობუსში დარჩა, ი---------------- ერთად. ღამით ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოუღიათ. საიდან და რა ვითარებაში მოხვდა მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის უკანა საბურავთან ნარკოტიკული საშუალება, არ იცის.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - დ-------------------, მ------------–---- და გ---------–---------–----- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა.
ავტობუსის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 2---------, 21:15 საათიდან 23:05 საათამდე პერიოდში, თბილისში, დ-------------–--- ქ.#--ის ტერიტორიაზე მდებარე ო--------–-- ავტოსადგურის ეზოში, ყვითელი ფერის MAN-ის ფირმის ავტობუსის ჩხრეკისას, უკანა მარჯვენა საბურავის უკანა მხარეს, მიწის ზედაპირზე, აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, რომელთაგან 6 ფუთას შემოკრული აქვს შავი ფერის წებოვანი ლენტი, ე.წ. იზოლენტა, ხოლო მე-7 ფუთა არის გამჭვირვალე პოლიეთილენის, რომელსაც შემოკრული აქვს გამჭვირვალე წებოვანი ლენტი. საბოლოოდ, ავტობუსის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, მასში მოთავსებული 697 აბით.
ქიმიური ექსპერტიზის #1-------------ქრ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი 7 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის 683 ცალი მთლიანი ტაბლეტი, 3 ცალი გატეხილი ტაბლეტი და 24 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით 165,77 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ტრამადოლს - 14,58 გრამის ოდენობით, მეთადონს (მარილი) - 0,6157 გრამის ოდენობით, და არანარკოტიკულ მინარევებს - კოფეინს, ლიდოკაინს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ-----–-------- და ა-–-----------------------.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის პარკში ე.წ. ფაილში მოთავსებული სერი ფერის მრგვალი ფორმის 697 აბი წარწერით f-M20‘‘ მოთავსებულ: ოთხ სხვადასხვა თეთრი ფერის ძაფით თავმოკრულ პარკში მოთავსებულ ერთმანეთზე შეწებებულ წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე (ობ. #4,6,9,13) და პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ. #5,7,10,14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #4,6,7,9,10,13,14-ის პროფილების მაჟორული წილი და ობ. #5-ის პროფილის ერთი წილი მ----------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე------------ და ი-------------- საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით, ავტობუსიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია მ----------------სგან აღებულის სუნის კვლის ნიმუშის.
დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ------------------.
საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მ----------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, შპს ,,ო------ს‘‘ ოფისის ჩხრეკის ოქმი, რომელთა მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ასევე, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მ---------------- არც კლინიკური და არც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1--–- ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება.
სასამართლომ გამოიკვლია, ასევე, დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები: შპს ,,ო------ს‘‘ დირექტორ კ--------------------- ცნობა, რომლის თანახმადაც, მ---------------- მძღოლად მუშაობდა ს----------–---------- ერთობლივ კომპანიაში, და დახასიათება, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი მუშაობის პერიოდში არასდროს ჰქონია დარღვევა და კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა კომპანიაში.
ზემოთ განხილული, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენას და ამოღებას არ ესწრებოდა არც უცხოენოვანი ბრალდებული და არც თარჯიმანი. შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რის გამოც ზემოაღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე ბრალდებულ მ----------------ს მსჯავრდებას სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს, რომ ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ავტობუსის ჩხრეკა გამოძიების ეტაპზე სასამართლოს მიერ კანონიერად არის ცნობილი, ასევე, მტკიცებულებადაა დაშვებული წინასასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს რამდენად კანონიერად მოხდა ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალების მოპოვება, რომელსაც სრულად ეფუძნება ბრალდება.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები - 14,58 გრამი ტრამადოლი და 0,6157 გრამი მეთადონი (მარილი) 2019 წლის 2--------- ამოღებულ იქნა მ----------------ს მართვის ქვეშ მყოფი MAN-ის მარკის ავტობუსის გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკისას.
ავტობუსის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, ამოღებულია თბილისში, დ-------------–--- ქ.#--ის ტერიტორიაზე მდებარე ო--------–-- ავტოსადგურის ეზოში მდგარი, ყვითელი ფერის MAN-ის მარკის ავტობუსის ჩხრეკისას. ჩხრეკის ოქმში დაკონკრეტებულია ადგილი, საიდანაც მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ამოღება, ეს არის ავტობუსის უკანა მარჯვენა საბურავის უკანა მხარე.
ამდენად, ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია არა უშუალოდ ავტობუსიდან, მისი სალონიდან ან საბარგულიდან, არამედ გარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მიწის ზედაპირიდან, ავტობუსის მარჯვენა საბურავის უკანა მხარეს, რაც ძირითადად შესაბამისობაშია ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებთან, თუმცა გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს. კერძოდ:
მოწმე გ-------------------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ ავტობუსის ჩხრეკისას სალონში არაფერი აღმოჩენილა, ხოლო, ავტობუსის მარჯვენა საბურავის უკან, მიწაზე იდო პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. მანვე განმარტა, რომ პარკი შეცურებული იყო ისე, რომ საბურავსაც ეხებოდა და მიწასაც.
მოწმე ნ-----------–---- ჩვენების თანახმად კი, ავტობუსის ჩხრეკისას, მიმდებარე ტერიტორიაზე, მარცხენა მხარეს, უკანა საბურავთან, ნაპოვნი იქნა პოლიეთილენის პარკით ნივთიერება. განსხვავებით გ-------------------–---–----, რომელიც უთითებს, რომ პოლიეთილენის პარკი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბებით პაკეტებში, ისე იყო შეცურებული უკანა საბურავთან, რომ საბურავსაც ეხებოდა და მიწასაც, ნ-----------–--- აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერება ნაპოვნი იქნა უკანა საბურავის მიმდებარედ, რამდენიმე სანტიმეტრში, თან უთითებს მარცხენა მხარეს და არა მარჯვენას, როგორც ეს ჩხრეკის ოქმშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ოქმის შემდგენი პირი.
ამავდროულად, მოწმე ნ-----------–---, ისევე, როგორც მოწმე გ-------------------–---–- ადასტურებს, რომ, ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის ფაქტს ესწრებოდა ბრალდებული, რაც წინააღმდეგობაშია როგორც ამ უკანასკნელის ჩვენებასთან, ასევე, ჩხრეკის მონაწილე პირის - მოწმე რ------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან.
მოწმე რ------------–---–--, რომელიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა როგორც თარჯიმანი, სასამართლოს განუცხადა, რომ პოლიციელებს ავტობუსის ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, რის შემდეგაც ისინი ავტობუსიდან ჩავიდნენ, თვითონ და მ---------------- კი ავტობუსში დარჩნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც პოლიციელების მოწოდებაზე ისინიც ჩავიდნენ ავტობუსიდან, მიწაზე, საბურავის მხარეს, პოლიციელები ხსნიდნენ უკვე ნარკოტიკების შემცველ პაკეტებს. აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ბრალდებულის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ავტობუსის ჩხრეკის შემდეგ პოლიციელები ჩავიდნენ, შემდეგ დაუძახეს და ქვემოთ ჩაიყვანეს, რა დროსაც ავტობუსის უკანა მხარეს აჩვენეს პარკი, ნარკოტიკებით, და ეუბნებოდნენ, რომ იყო მისი.
ამდენად, ცალსახად დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ფაქტს ბრალდებული და თარჯიმანი არ დასწრებიან, როგორც ამას პოლიციის თანამშრომლები უთითებენ. შესაბამისად, მათი ჩვენებები ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვებს მისი მოპოვების კანონიერებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, პოლიციელთა ჩვენებებს მცირე მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა არა უპირობოდ, რადგან კუმულაციურად, პარალელურად, ეჭვქვეშ უნდა იყოს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა, მათი კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების წარმოებასთან მიმართებით. ამგვარი შემთხვევისთვის აუცილებელია ჩვენებათა სარწმუნოობა სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდებოდეს (Ochelkov v. Russia, application no. 17828/05, &90, ECtHR, 11.04.13).
მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა - ნ-----------–---- და გ-------------------–---–-- სასამართლოს განუცხადეს, რომ ბრალდებული ჩხრეკას ესწრებოდა, აღნიშნული ცალსახად გამორიცხულია თარჯიმან რ------------–---–-- ჩვენებით, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ნეიტრალური მოწმეა და რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც ის და ბრალდებული მ---------------- ავტობუსიდან ჩადიოდნენ, პოლიციელები უკვე ხსნიდნენ მიწაზე პარკებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ მიუთითებს, ნარკოტიკული საშუალება რომელი საგამოძიებო მოქმედებით უნდა მოპოვებულიყო, თუმცა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოპოვება არ მომხდარა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ავტობუსის ჩხრეკის დროს, შესაბამისად, არ მომხდარა მისი სათანადო გაფორმებაც. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტობუსის სალონის ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავები აგრძელებდნენ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებას, კერძოდ, აწარმოებდნენ საბარგულის ჩხრეკას ან ახდენდნენ მის დათვალიერებას გარედან და სწორედ ამ დროს მოხდა მათ მიერ კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენა, აღნიშნულ მოქმედებებს უპირობოდ უნდა დასწრებოდა ბრალდებული, თარჯიმანთან ერთად.
ავტობუსის ჩხრეკის ოქმში თარჯიმანი და ბრალდებული, რა თქმა უნდა, მითითებული არიან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებად, რაც მოიაზრებს, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალების ნახვის და მოპოვების უშუალო დამსწრეები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არც თარჯიმანი და არც ბრალდებული არ ესწრებოდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოპოვებას სამართალდამცავთა მიერ, რამდენადაც ნარკოტიკული საშუალების პოვნისას ორივე მათგანი ავტობუსის სალონში იმყოფებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. აღნიშნული ნორმით ხაზი ესმევა სიტყვას - ამოღებამდე, რათა არ წარმოიშვას ეჭვი აღმოჩენილი ობიექტის შესაძლო გამოცვლისა და სხვა გარემოებების თაობაზე.
რამდენადაც დადგინდა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არც ბრალდებული და არც თარჯიმანი არ დასწრებიან პოლიციელების მიერ ნარკოტიკული საშუალებების ავტობუსის საბურავთან აღმოჩენის ფაქტს და ამოღებას, მეტიც, როდესაც ჩავიდნენ, პოლიციელები ფუთებს უკვე ხსნიდნენ, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებითად არის დარღვეული მტკიცებულების მოპოვების კანონით დადგენილი წესი, რაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ექსპერტიზით დადგენილია ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალაზე მ----------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურობა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებები კანონით დადგენილი წესის დაცვით არ ყოფილა მოპოვებული, ასეთ ობიექტზე ჩატარებული ექსპერტიზა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათი მოპოვების წესის დარღვევის გამო, სასამართლო არ მიიჩნევს ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელ მტკიცებულებად, დეტალურად აღარ მსჯელობს მათ რაობასა და ბრალდებულისადმი კუთვნილების საკითხზე.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1--–- ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, სამართლებრივი შეფასებისას, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა და დამაჯერებელი, რათა მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი გამოირიცხოს და არ უნდა წარმოშვას ისეთი დამატებითი კითხვები, რაც ეჭვქვეშ დააყენებს დანაშაულის არსებობას.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1--–- ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები, ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს. რაც შეეხება ერთ ცალ ლაზერულ დისკს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ---------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1--–- ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები, ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ მ---------------- უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე