განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
330100119003289415
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5485-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ მ-----------------,ადვოკატ მ---------–------,ბრალდებულ ი-–------------–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–------------–---- (პირადი #4----------) - დაბადებულის 1----–ლის 2----ეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ჩ------------- რაიონის სოფელ ბასილეთში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, თ--------- ქ.#-- ბინა #---ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-–------------–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, თბილისში, გ-–-----------, კორპუსი #-- ბინა #---ში, ი-–------------–--- ყოფილ მეუღლეს - ნ------------, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, კისერში წაუჭირა ხელები და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ი-–------------–---- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ნ------------- და მოწმე მ------------- გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ი-–------------–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

 

უტყუარადაა დადგენილი, რომ ი-–------------–--- 2019 წლის 9 ოქტომბერს ყოფილ მეუღლეს - ნ------------, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკვლით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭვქვეშ.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ამდენად, ი-–------------–---- ჩაიდინა ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ყოფილ მეუღლეს - ნ------------ გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, ი-–------------–---- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლით და სასჯელი განესაზღვროს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი-–------------–---- დაზარალებულ ნ------------ მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დანაშაული, რომელმაც დაზარალებულს დაურღვია ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდი ცხოვრების უფლება და გამოიწვია შიში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ი-–------------–---- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ი-–------------–--- ნასამართლობის არმქონეა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, ხასიათდება დადებითად, დაჯილდოებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ი-–------------–---ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.

 

ამასთან, სასამართლო, ი-–------------–---- მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და მისი სამსახურებრივი საქმიანობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად თვლის მის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენებას, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების შეზღუდვის სახით.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას - დანას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი-–------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ი-–------------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ი-–------------–---ს 2 (ორი) წლით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ი-–------------–---ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ი-–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ოქტომბრიდან 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით - 1 (ერთი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე.

 

ი-–------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დანა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე