განაჩენი

სისხლის სამართლის 23.12.2019
საქმის ნომერი
190100119003026065
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-443-19

(N007080519013)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი მაგული კორძაია,ბრალდებული: დ-----------–--ე

მამის სახელი: ნ-----–----ი

დაბადებული: 22.09.1--- წ.

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, რ------------------–--–----------ში

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, რ---------–------------ში

 

კვალიფიკაცია:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. რუსთავში, რ---------–------------ში მდებარე დ-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---------------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე, ცხვირზე, ასევე ხელები მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ. რუსთავში, რ---------–------------ში მდებარე დ-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, დ-----------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---------------ს, რაც ამ უკანასკნელის მიერ აღქმული იქნა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 06 მაისს, დაახლოებით 00:50 საათზე, ქ. რუსთავში, რ---------–------------ში მდებარე დ-----------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელმა თავის მეუღლის ნ---------------ის „აიფონის“ ფირმის „IPHONE XS MAX” მოდელის 3500 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი ურტყა კედელს და შემდეგ გადააგდო ძირს, რის შედეგადაც მობილური ტელეფონი დაზიანდა. აღნიშნული ქმედებით ნ---------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და დაადასტურა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ნ---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ დ-----------–--ესთან ქორწინებაში იმყოფება 2016 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟი. ხშირი კონფლიქტის გამო ცხოვრობდენენ პერიოდულად ცალცალკე. 2019 წლის 06 მაისს, ერთად ცხოვრების დროს, ქ. რუსთავში დ-----------–--ემ ეჭვიანობის გამო კამათისას სახეში გაარტყა ხელი, გაქცეულს გამოეკიდა ბავშვის ოთახში, კისერში მოუჭირა ხელი და ცდილობდა საწოლზე მის დაგდებას. ბავშვს ტირილზე მიბრუნებულს კვლავ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ასევე, აიღო მისი კუთვნილი 3500 ლარად ღირებული აიფონი და კედელზე მირტყმით და იატაკზე დაგდებით დაუმტვრია. იმის გამო, რომ მისი მეუღლე იყო მთვრალი და ვეღარ წყნარდებოდა, ემუქრებოდა მოკვლით და სახის დამახინჯებით, წავიდა ბავშვთან ერთად თბილისში მშობლებთან. 2019 წლის 07 მაისს დანიშნული ჰქონდათ შვილის ნათლობა. სტუმრები მოწვეული ჰყავდათ უკრაინიდან. დ-----------–--ემ ჩააკითხა თბილისში, მივიდა მისი მშობლების სახლში და აბრახუნებდა კარებზე. კონფლიქტი აცილების მიზნით კარი არ გაუღეს, რის გამოც დ-----------–--ემ დაუმტვრია ეზოში გაჩერებული მისი ა/მანქანა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. 2019 წლის 07 ივნისის №003809919 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 08.05.2019 წ. ნ---------------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც-ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ტ. 1, ს.ფ. 215-218).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ---–-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის ნ---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, დაზარალებული განყოფილებაში მივიდა 2019 წლის 8 მაისს და განაცხადა, რომ ქმარი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ნ-----ს სახეზე, ხელებზე და მკლავებზე იდაყვთან აღენიშნებოდა სილურჯეები, მისი განმარტებით, მის მეუღლეს ადრეც მიუყენებია ფიზკური შეურაცხყოფა ფეხმძიმობის დროს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნ---------------ი არის მისი ქალიშვილი. იგი ცხოვრობს უკრაინაში და 2019 წლის მაისში იმყოფებოდა საქართველოში. ნ----- მეუღლესთან კონფლიქტის გამო ხშირად ბრუნდებოდა და ცხოვრობდა მათ სახლში. 2019 წლის 06 მაისს მისი ქალიშვილი ბავშვთან ერთად ჩავიდა თბილისში ნაცემი, ნამტირალევი და მოუყვა რომ სცემა დ-----------–--ემ, დაუმტვრია ტელეფონი და მოკვლით და სახის დამახინჯებით დაემუქრა. 2019 წლის 07 მაისს მათ ოჯახში, ქ. თბილისში იხდიდნენ მისი შვილიშვილის, ნ-----ს ვაჟის ნათლობას. იმის გამო, რომ აგრესიულ მდგომარეობაში მყოფ დ-----------–--ეს კარი არ გაუღეს, მისი ქალიშვილის, ნ-----ს ა/მანქანა დაამტვრია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. 2019 წლის 06 ივნისის №159/სბ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 181-195) თანახმად: ნ---------------ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი - ჯგუფის განსაზღვრაზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი ნ---------------ის სისხლის ნიმუში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------–-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2.7. 2019 წლის 01 ივნისის №1229/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 183-189) თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს ,,iphone xs max“ დაზიანებული აქვს ეკრანი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,iphone xs max“ 256GB“ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 2700 (ორიათას შვიდასი) ლარს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ,,iphone xs max“ დაზიანებული და გამოსაცვლელი ეკრანის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 1300 (ერთიათას სამასი) ლარს, აღდგენითი სამუშაოების (ეკრანის შეცვლა) ღირებულება შეადგენს - 80 (ოთხმოცი) ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე მობილური ზიანის ოდენობა შეადგენს - 1380 (ერთიათას სამასოთხმოცი) ლარს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმაექსპერტმა მ-----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა გ-----------------ემ და დ---------------–---–მა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ-----------–--ემ ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაზე, ცხვირზე, ასევე ხელები მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ნ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სსკ-ის კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას, რა დროსაც დაზარალებული მხარე განიცდის მნიშვნელოვან ზიანს და მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ანდა სარგებელი მიიღოს მისგან.

 

დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. დანაშაულის ხელყოფის საგანი შესაძლებელია იყოს უძრავი ქონებაც.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს გარეგანი ზემოქმედებით, რის შედეგადაც წყდება მისი ფიზიკური არსებობა, ანდა გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის, რადგან კარგავს თვისობრივ განსაზღვრულობას.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აყენებს ზიანს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-----------–--ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) უმართლობის ხარისხის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ შეურიგდა ბრალდებულს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-----------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. დავით მიქელაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე აღებული მაისური და მობილური ტელეფონი ყუთით უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დ-----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 01 წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2. დ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

3. დ-----------–--ეს ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული მაისური და მობილური ტელეფონი ყუთით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი