გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002868469
საქმე №3/1423-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ა----------------–---–ი
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------------ე
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ვ--–---------------ე
მესამე პირი (16.1) - ე-–-----------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება „ა----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.
მოსარჩელის განმარტებით, 08.10.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.09.2018წ. №------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც განესაზღვრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით თ---–--–---–-------–---------------------------- მიმდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის და დაევალა მისი დემონტაჟი. ზემოაღნიშნულ დადგენილება გაასაჩივრა, ვინაიდან მისი აზრით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის IV თავის ნორმები არ უნდა გავრცელებულიყო მასზე, რამეთუ არავითარ სამშენებლო სამართალდარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ავტოფარეხი მას არ აუშენებია და ის იყიდა მიწის ნაკვეთთან ერთად მოქ. ლ----------–---–ისგან. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა, რომ იმ პიროვნების მიმართ, ვისგანაც შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე მდგარი ნაგებობით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება ძალაში დარჩა.
მოსარჩელის განმარტებით, მერიის 2019 წლის 25 იანვრის გასაჩივრებულ ბრძანებაში, ერთის მხრივ, მითითებულია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება ზედამხედველობის სამსახურის 10.09.2018წ. №------ დადგენილებაში აღნიშნული უნებართვო სამუშაოს განმახორციელებელი პირი, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის უნდა იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად, რადგან, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამუშაოს მწარმოებელ პირს, მაგრამ სწორედ მის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვა, რაც გამოიხატება ზედამხედველი ორგანოს მითითებათა შესრულებასა და დარღვევათა გამოსწორებაში. რაც შეეხება ავტოფარეხის დემონტაჟს, მოსარჩელე უთითებს, რომ ეს მოქმედება ვერ განხორციელდება მისი მხრიდან, რადგან №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ადევს ყადაღა სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აუდიტორული შეფასების საფუძველზე, რომელშიც შეფასებულია როგორც მიწის ნაკვეთი, ისე მასზე მდგარი ნაგებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - ე-–-----------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით განმარტა, რომ სადავო კაპიტალური ავტოფარეხი აშენებულია მის მიერ 90-იან წლებში, რომელიც 2015 წელს მიჰყიდა ა----------------–---–ს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2013 წლის 28 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე-–-----------–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 23.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 10, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1.
აღნიშნული უძრავი ქონება, 2015 წლის 05 ივნისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 10 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ა----------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.06.2013 (ს.ფ. 77-78);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.02.2019 (ს.ფ. 24-25).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით (საქმე №1------), 2016 წლის 29 ოქტომბრის №1-------- განჩინებით ბრალდებულ ს---------------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება 2 000 (ორი ათასი) ლარი გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ფარგლებში ყადაღა დაედო ა----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მის: ქ. თბილისი, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, ზ------------–--------------------------------------------–---------------------------------------–------------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით (საქმე №1------ (ს.ფ. 28-31)).
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა----------------–---–ის მიმართ 2018 წლის 06 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, განთავსებულია ლითონის ავტოფარეხი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა----------------–---–ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის მითითება №------ (ს.ფ. 99-100).
3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 11 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა----------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 06 ივნისის №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 ივლისის შემოწმების აქტი №------ (ს.ფ. 95-96).
3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ა----------------–---–ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა----------------–---–ს დაევალა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (ს.ფ. 12-14).
3.1.6. 2018 წლის 08 ოქტომბერს ა----------------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანებით ა----------------–---–ის 2018 წლის 08 ოქტომბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------------–---–ის 2018 წლის 08 ოქტომბრის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 152-154);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება ,,ა----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ს.ფ. 16-23).
3.1.7. 2018 წლის 09 ივლისს, ა----------------–---–ის წარმომადგენელმა - ს---------------–------ემ №----------------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ლეგალიზება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის №------------- წერილით, ა----------------–---–ის წარმომადგენლის - ს---------------–------ის 2018 წლის 09 ივლისის №----------------- განცხადება კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ხოლო არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის №-------------- წერილით ს---------------–------ეს განემარტა, რომ ლეგალიზების მოთხოვნით განცხადება უნდა წარედგინა ელექტრონული სახით, არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით.
3.1.8. 2018 წლის 11 დეკემბერს ა----------------–---–ის წარმომადგენელმა, ს---------------–------ემ №--------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ავტოფარეხის ლეგალიზება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 09 იანვრის №------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა----------------–---–ის წარმომადგენლის ს---------------–------ის №--------- განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ,. №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ავტოფარეხის ლეგალიზებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------------–---–ის წარმომადგენლის - ს---------------–------ის 2018 წლის 09 ივლისის №----------------- განცხადება (ს.ფ. 230-231);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 ოქტომბრის №------------- წერილი (ს.ფ. 246);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 ნოემბრის №-------------- წერილი (ს.ფ. 244-245);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 09 იანვრის №------- ბრძანება (ს.ფ. 247-250).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა----------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა----------------–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომელთა კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გარდა ამ ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობისა, - 8 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა----------------–---–ის მიმართ 2018 წლის 06 ივნისს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, განთავსებულია ლითონის ავტოფარეხი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა----------------–---–ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 11 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ა----------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 06 ივნისის №------ მითითების პირობები. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ა----------------–---–ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა----------------–---–ს დაევალა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟი.
მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას დაჯარიმების შესახებ და განმარტავს, რომ სადავო ავტოფარეხი მას არ აუშენებია და ის იყიდა 2015 წელს მიწის ნაკვეთთან ერთად მოქ. ლ----------–---–ისგან, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის წარმოების ეტაპზე, არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი მიუხედავად მისი არაერთგზის მითითებისა. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ ავტოფარეხის დემონტაჟი ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგარ შენობა-ნაგებობას ედო ყადაღა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ კი აღნიშნული გარემოება არ იქნა მიღებული მხედველობაში. სადავო დადგენილების არაკანონიერების დასადასტურებლად მოსარჩელე ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მან განცხადებით მიმართა შესაბამის სამსახურს №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ლეგალიზების მოთხოვნით, რისი უფლებაც არ ჰქონდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ლეგალიზების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას სამართალდამრღვევ სუბიექტთან დაკავშირებით და მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2013 წლის 28 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე-–-----------–---–ის სახელზე, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება ა----------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ 2015 წლის 10 ივნისიდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირის - ე-–-----------–---–ის პოზიციაზე, რომელმაც, როგორც 2019 წლის 21 მაისს სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით, ისე 2019 წლის 12 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, განმარტა, რომ ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს ფლობდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ხოლო 90-იან წლებში აღნიშნულ ნაკვეთზე ააგო კაპიტალური ავტოფარეხი, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ კი 2015 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა ა----------------–---–ს. მისივე განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურს არც კი უცდია დაედგინა, თუ ვის მიერ იქნა აშენებული ავტოფარეხი, ვინაიდან არავის მიუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად (იხ. 21.05.2019 წელს წარმოდგენილი მესამე პირის მოსაზრება (იხ. ს.ფ. 292-293) და 12.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 301-310)). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 14.08.2018 წლის ოქმით ირკვევა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ მხარემ მიუთითა სადავო ობიექტის ე-–-----------–---–ისგან სწორედ იმ სახით შეძენის თაობაზე, რა სახითაც არსებობს დღეის მდგომარებით.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს ე-–-----------–---–ი, ა----------------–---–ის მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად მხოლოდ იმის გამო, რომ სადავო ნაგებობა დღეის მდგომარეობით მის საკუთრებას წარმოადგენს, სრულიად გაუმართლებელია, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება, ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ავტოფარეხის განთავსებისთვის ა----------------–---–ის დაჯარიმების ნაწილში, უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
რაც შეეხება სადავო დადგენილების იმ ნაწილს, რომლითაც ა----------------–---–ს დაევალა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟი, სასამართლო სადავო აქტის აღნიშნულ ნაწილსაც უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო დადგენილების გამოცემის დროს, ყადაღა ედო ა----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მის: ქ. თბილისი, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, ზ------------–--------------------------------------------–---------------------------------------–------------------------. საკადასტრო კოდი: 0---------------). აღნიშნული ფაქტი რომ ცნობილი იყო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის, დასტურდება ამავე სამსახურის 14.08.2018 წლის ოქმით (იხ. ს.ფ. 301-310), თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 10 სექტემბერს ისე მიიღო №------ დადგენილება ა----------------–---–ის დაჯარიმების შესახებ, რომ აღნიშნული გარემოება მისთვის არც კვლევის საგანი გამხდარა და რატომღაც არც დამაბრკოლებელ გარემოებად იქნა მიჩნეული, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის საკითხი არსებობდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ 2016 წლის 11 ნოემბრის N1------ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საფუძველი, კერძოდ ხომ არ იყო შეწყვეტილი სისხლისამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან განაჩენი ხომ არ იყო მიქცეული აღსასრულებლად და ამასთან, არც იმ საკითხე უმსჯელია ა----------------–---–ის მიერ მითითების შესრულება და ავტოფარეხის დემონტაჟი, შეფასდებოდა თუ არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების შეუსრულებლობად და გამოიწვევდა თუ არა მის პასუხისმგებლობას. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ მიუთითებს გასაჩივრებული აქტის უკანონობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისმა წარმომადგენელმა მანამდე მიმართა კომისიას განცხადებით ობიექტის ლეგალიზების თაობაზე, ვიდრე სადავო დადგენილება იქნებოდა მიღებული, რაც სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, მართალია, ლეგალიზების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება აჩერებს საქმის წარმოებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა----------------–---–ის წარმომადგენელმა 2018 წლის 09 ივლისს განცხადებით მიმართა არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, არამედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მას მოსთხოვა ქ. თბილისში, წ-------–---------------------------------- მიმდებარედ, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ლეგალიზება, ხოლო ამ უკანასკნელმა 2018 წლის 26 ოქტომბრის №------------- წერილით, ანუ სადავო დადგენილების მიღების შემდგომ (დადგენილება გამოცემული იქნა 10.09.18წ.) გადაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ა----------------–---–ის წარმომადგენლის - ს---------------–------ის 2018 წლის 09 ივლისის №----------------- განცხადება კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად. შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს, ზედამხედველობის სამსახურისთვის უცნობი იყო ლეგალიზების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების არსებობის შესახებ.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია, ა----------------–---–ი საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონო შენობა-ნაგებობის მშენებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ხელახლა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთოებისა და თავისუფალი მიმიქცევის კოდექსის“ მოთხოვნათა დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ა----------------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება „ა----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე ა----------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----------------–---–ის სარჩელი, დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება „ა----------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“;
4. მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელე - ა----------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი