განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2971-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - ზ-------------
დაცვის მხარე
ადვოკატი - ხ---------------–---–-
ბრალდებული - ზ---------------------–---–-- დაბადებული - 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–--------–---–------------–-.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ზ------------–---–-, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 2 თვით და 6 დღით თ/აღკვეთა, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ზ------------–---–მა კვლავ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0346 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 ცალად დაფასოებული ოქროსფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული 4 ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ტაბლეტი და 1 ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, რაც 2019 წლის 13 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თ---–--–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ზ------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზ------------–---–-ს მიერ არაერთგზის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას
მოწმე ა---------–------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 13 ივნისს დღის მეორე ნახევარში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ. თბილისში, ა–------- ქუჩაზე იმყოფებოდა პიროვნება - ზ---------------------–---–-- დაბ. 1--- წელს, რომელსაც პირადად და ავტომობილში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ასევე, იგი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რის თაობაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმე ა-----–---–--–-–---–-- ჩვენების მიხედვით, 2019 წლის 13 ივნისს ა---------–------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგ მოწმის სახით გამოკითხა პატაკის ავტორი - ა---------–------–---–ი და მოწმეები. დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გაუცვალა მტკიცებულებები.
მოწმე ი-------------–---------------------------–---–--------–---------–---–-- ჩვენებებით დასტურდბა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადნენ ქ. თბილისში, ა–------- ქუჩაზე, სადაც ქუჩაში შენიშნეს ბრალდებული - ზ------------–---–-. მიუახლოვდნენ წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა. ზ------------–---–მა გაუწია წინააღმდეგობა და შეეცადა მიმალვას, თუმცა გამოიყენეს პროპორციული ზომა და მოახერხეს მისი შეჩერება. ზ------------–---–ს მუჭი ჰქონდა შეკრული და უარს ამბობდა ხელის გაშლაზე, თუმცა შემდეგ დათანხმდა მის ხელთ არსებული ნივთიერების წარდგენაზე. აღნიშნულით შევიდა მათთან ნდობაში, ისარგებლა სიტუაციით და შეეცადა მარჯვენა ხელში არსებული ორი ე.წ. „წონაკის“ გადაყლაპვას. თუმცა დროულად მოახერხეს რეაგირება, დაუჭირეს ხელი და არ მისცეს ნივთიერების გადაყლაპვის საშუალება. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა გაშალა ხელი და ძირს დააგდო ორი პატარა რუხი ფერის ე.წ. „წონაკი.“ ამის შემდეგ, გამომძიებელმა რ-------------------–---–-- ტ-----–---–ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელსაც ბრალდებული გაეცნო, თუმცა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, გამომძიებელ ლ---------–---–ის მიერ ჩატარდა ზ------------–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პირადი ნივთები, ხოლო გამომძიებელ ა-–----------ის მიერ აღებული იქნა ძირს დაგდებული ორი პაკეტი, რომლებიც გახსნილი და დათვალიერებული იქნა კანონით დადგენილი წესით. პირველ პაკეტში მოთავსებული იყო 3 აბი და აბის ნატეხი, ხოლო მეორეში - ერთი მოთეთრო ფერის აბი, წარწერით „B8“ ე.წ. „სუბოტექსი.“ აღნიშნულის შემდეგ, ზ------------–---–- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელიც გაეცნო დაკავების ოქმს, თუმცა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ასევე, მათ მიერ ჩატარებულ იქნა ზ------------–---–-ს ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–-–---–მა და ა-–----------მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ ბრალდებულის მიერ ძირს დაგდებული 2 ცალი ე.წ. „წონაკი“ ხელთათმანის გამოყენებით აღებული იქნა ა-–----------ის მიერ, რომლისგანაც ამოღებული იქნა გ------------–-–---–ის მონაწილეობით, რ-------------------–---–ის მიერ.
2019 წლის 13 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ზ------------–---–ს განემარტა, რომ წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რა დროსაც მან პირისკენ წაიღო ხელები, რაც აღკვეთილი იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ამის შემდგომ, მან ხელიდან მიწაზე დააგდო ორი ცალი ე.წ. „წონაკი“ და შეეცადა გაქცევას, თუმცა შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2019 წლის 13 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ---–--–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–----------ისგან ამოღებული იქნა ორი ცალი მოთეთრო ფერის გადახვეული ქაღალდი ე.წ. „წონაკი,“ რომლებიც მიწაზე დაყარა ზ------------–---–მა პირადი ჩხრეკის დროს და აიღო ა-–----------მა. დათვალიერების მიზნით გახსნილი და დათვალიერებული იქნა აღნიშნული ე.წ. „წონაკები,“ რომელთაგან პირველში აღმოჩნდა სამი ცალი აბი და ერთი ცალი აბის ნატეხი, ხოლო მეორეში - ერთი ცალი აბი, წარწერით „B8“.
2019 წლის 14 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: ოქროსფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული 3(სამი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ტაბლეტი ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი „B8“ და 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ერთ მხარეს ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი „B“, საერთო წონით-1,3696 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო რაოდენობაა – 0,0271 გრამი (ობ.N1). ოქროსფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული 1(ერთი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის, ტაბლეტი ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი „B8“ წონით - 0,3904 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ტაბლეტს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბურენორფინის“ რაოდენობაა – 0,0075 გრამი (ობ.N2). საკვლევ ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა – 0,0346 გრამი.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ--------------მა.
2019 წლის 06 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „შესაფუთი მასალა...,“ მოთავსებულ ორ ცალ ფოლგის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალა (ობ. N1) ეკუთვნის ზ------------–---–ს (ობ. N2; პაკეტი წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ ზ--------------------–---–----------------------...“).
2018 წლის 11 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით, ზ------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 02 თვით და 06 დღით თ/აღკვეთა, ხოლო 05 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ზ------------–---–- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ზ------------–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსა და გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ------------–---–-ს ბრალდების დადასტურება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ბუპრენორფინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ „ბუპრენორფინი“.
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში.
აღნიშნული მუხლის დამამძიმებელი გარემოება, რომელსაც ითვალისწინებს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი, არის იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის. არაერთგზისი დანაშაულის ცნების გასარკვევად უნდა მივმართოთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლს. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, 260-ე მუხლში არაერთგზისობა გულისხმობს ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (2018 წლის 11 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით, ზ------------–---–- მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის). თუ პირს ადრე ჩადენილი ჰქონდა არა ამ მუხლით, არამედ ამ თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და არა „დ“ ქვეპუნქტით (ნასამართლობა არ უნდა იყოს გაქარწყლებული ან მოხსნილი).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ასევე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, ზ------------–---–- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩადენილი არაერთგზის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, ზ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. ზ------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 ივნისიდან.
4. ზ------------–---–-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, ზ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი