გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
330210019003262852
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14687-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს ”თ--–--ი”

წარმომადგენელი - კ------- ჭ------–---–ი

 

მოპასუხე - მ--- ლ--–--ე

 

დავის საგანი - მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--- ლ--–--ისათვის სს ”თ--–--ის” სასარგებლოდ დავალიანების - 1 189,64 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „თ--–--ი“ და მოპასუხე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხე მ--- ლ--–--ე წარმოადგენს სააბონენტო მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეს და რეგისტრირებულია სს "თ--–--ი"-ს #------- აბონენტად. სს "თ--–--ი" ელექტროენერგიით ამარაგებს აბონენტს. აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

 

2019 წლის 21 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 1 189,64 ლარის ოდენობით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სს „თ--–--ი“ სისტემატურად აწვდიდა ელექტროენერგიას მოპასუხე მხარეს, იგი არ იხდის მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. ამასთან, 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით აბონენტს ჩამოეჭრა ხანდაზმული დავალიანება - 2 657,82 ლარის ოდენობით, რაც აისახა სააბონენტო ბარათზე 2017 წლის 20 ნოემბერს და 2019 წლის 21 ივნისის მდგომარეობით არსებული დავალიანება წარმოადგენს მის მიერ გადასახდელ თანხას.

 

2017 წლის 26 დეკემბერს მ--- ლ--–--ემ მომართა სს "თ--–--ს" დავალიანების გადანაწილების მოთხოვნით, თუმცა, დადებითი პასუხის მიუხედავად, ხელშეკრულების გასაფორმებლად აღარ გამოცხადდა

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო - 602,2 ლარის ნაწილში (იხ. 2019 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:14:09).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ”თ--–--ის” სააბონენტო ნომერზე 0------ აბონენტად რეგისტრირებულია მ--- ლ--–--ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 127-139).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ”თ--–--ის” მოთხოვნა მოპასუხის მ--- ლ--–--ის მიმართ - 587,44 ლარის მოთხოვნის შესახებ ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე განიხილება და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, №0------ აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს - 1 189,64 ლარს, საიდანაც სამ წელზე მეტია - 587,44 ლარი. მოპასუხემ მიუთითა - 587,44 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ხოლო სარჩელი ცნო 602,2 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოთხოვნა - 587,44 ლარის ნაწილში ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ (602,20 ლარის ნაწილში) უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მ--- ლ--–--ე სს ”თ--–--ის” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის მ--- ლ--–--ის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თ--–--ი”, ელექტრონერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 587,44 ლარის ოდენობით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვერ განახორციელებს ამ მოთხოვნის უფლებას, რაც მას გააჩნია მოპასუხე მ--- ლ--–--ის მიმართ.

 

6.2. მ--- ლ--–--ემ ცნო სს „თ--–--ის“ წინაშე დავალიანება - 602,2 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს ”თ--–--ის” სარჩელი - 602,2 ლარის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა - 602,2 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს - 24,69 ლარი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, მე-3, 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”თ--–--ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე მ--- ლ--–--ეს სს ”თ--–--ის” სასარგებლოდ დაეკისროს - 602,20 ლარის გადახდა.

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ--–--ს“ მის მიერ 2019 წლის 19 ივნისს №8---- საგადახდო დავალებით გადახდილი - 50,00 ლარიდან - 24,69 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე