გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
140210018002542429
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002542429

საქმე №2/1347-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2019 წ. ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელეები - სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ი-----“

წარმომადგენელი- ს-------- კ------ე

მოპასუხე - ნ--ო ფ-----ე

მოპასუხის წარმომადგენელი - ა-–---ი მ------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნ--ო ფ-----ეს მოსარჩელე - სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ი-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 9207 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელემ დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი N MI 51295/15, რომლითაც დაზღვეული იქნა ა/მანქანა „----- TUNLAND” ს/ნ GE0---M. 2016 წლის 24 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა აღნიშნული ა/მანქანა. საჯარიმო ქვითრის მიხედვით სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოპასუხე ნ--ო ფ-----ე. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით, სადაზღვევო ანაზრაურების კომიტეტის და ინვოისის თანახმად, ა/მანქანის აღდგენის საერთო ღირებულებამ შეადგინა 9207 ლარი. მოსარჩელის მიერ თანხა სრულად იქნა ანაზღაურებული. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე, არ ანაზრაურებს სადაზღვევო თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ნ--ო ფ-----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევისას იგი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების წინააღმდეგი არ ყოფილა. ვინაიდან ა/მანქანა დაზღვეული იყო მას უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სადაზღვევო თანხას, რადგან მისი აზრით სარჩელზე თანდართულ ინვოისში მითითებულია ისეთი ნაწილები, რომლებიც არ დაზიანებულა შემთხვევის შედეგად. გარდა ამისა მოპასუხე აღნიშნავს, რომ ნაწილების და ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ შეესაბამება საბაზრო ფასს. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ 2500 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელემ დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი N MI 51295/15, რომლითაც დაზღვეულ იქნა ა/მანქანა „----- TUNLAND” ს/ნ GE0---M. 2016.

 

მტკიცებულება:

- სადაზღვევო პოლისი N MI 51295/15;

 

3.1.2. 2016 წლის 24 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ა/მანქანა„----- TUNLAND” ს/ნ GE0---M. საჯარიმო ოქმის მიხედვით, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოპასუხე ნ--ო ფ-----ე.

 

მტკიცებულება:

- სამართალდარღვევის ოქმი N 497278;

- ა/მანქანის დაზიანების აქტი;

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ თანხა სრულად იქნა ანაზღაურებული;

 

მტკიცებულება:

- სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი N1545/16;

- ინვოისი;

- საგადახდო დავალება N 12260;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით, სადაზღვევო ანაზრაურების კომიტეტის და ინვოისის თანახმად ,ა/მანქანის აღდგენის საერთო ღირებულებამ შეადგინა 9207 ლარი.

 

მტკიცებულება:

- სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი N1545/16;

- ინვოისი;

- საგადახდო დავალება N 12260;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4-ე, 102-ე, 105-ე მუხლები

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 832-ე, 992-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად მიადგა ზიანი, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში არ არის წინააღმდეგი აანაზრაუროს ზიანი, თუმცა იგი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის თანხის ოდენობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს 1) მართლსაწინააღმდეგო, 2) სახეზე იყოს დამდგარი შედეგი _ ზიანი, 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და 4) არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სახმელეთო საშუალებათა დაზღვევის პოლისი, რომლითაც ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ა/მანქანა დაზღვეულია მოსარჩელის მიერ. ასევე წარმოდგენილია სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი და საგადახდო დავალება თანხის ჩარიცხვის შესახებ.

გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ნ--ო ფ-----ემ, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად დააზიანა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ა/მანქანა. ე.ი. მხარეთა შორის არსებული ვალდებულება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებით დადგენილია, რომ ნ--ო ფ-----ემ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გარდა საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებებისა, თავადაც აღიარა, აღნიშNული ქმედებით მან დააზიანა მოსარჩელის მიერ დაზღვეული ა/მანქანა. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 832-ე და 992-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის მოთხოვნისა და მისი ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.

 

6.5. რაც შეეხება ზიანის ოდენობას სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან და სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი; სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17 „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული“).

 

სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტიცებულებების განხილვისა და შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ნამდვილი ზიანი - 7606 ლარის ოდენობით, რაც გამომდინარეობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანების აქტში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალება „----- TUNLAND” ს/ნ GE0---M დაზიანების შინარსსა და ამ დაზიანების გამოსწორების მიზნით N 165304405 ინვოისში მითითებულ თანხების ჯამური ოდენობიდან. სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ზიანის სახით 1601 ლარის ნაწილში დაუსაბუთებელია, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ამ ოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი და შესაბამისად, მას არ შეიძლება დაეკისროს ამ თანხების ანაზღაურების ვალდებულება.

 

ხოლო, რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, კერძოდ, შ.პ.ს "მანქანას" მიერ გაცემულ ცნობას, იგი ვერ გამოდგება სადავო თანხების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობის დოკუმენტს,რომელსაც შემხებლობა არა აქვს მოცემულ დავასთან. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ დოკუმენტს სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ ობიექტურ მტკიცებულებად ვერ განიხილავს და მხოლოდ მასზე დაყრდნობით ვერ დაადგენს სადავო ზიანის თანხების ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი 7606 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 53-ე მუხლის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, ასევე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აქედან გამომდინარე მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 276.5 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 75 ლარი, ხოლო დანარჩენი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 153.18 ლარის ანაზრაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნ--ო ფ-----ეს მოსარჩელე სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-----ს“ სასაგებლოდ დაეკისროს 7606 (შვიდიათას ექვსასექვსი) ლარის გადახდა;

 

3. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

4. მოსარჩელე სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-----ს“ (ს/კ 20-----56) დაუბრუდეს მის მიერ 2018 წლის 16 მაისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 276.50 (ორასსამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო დანარჩენი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოპასუხე ნ--ო ფ-----ეს მოსარჩელე სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-----ს“ (ს/კ 20-----56) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 153.18 (ასორმოცდაცამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე