გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
010310017001872940
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001872940

№3-237/17 (3-544/17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - გი---------ე

წარმომადგენელი- და-----------ე, და----–--------ე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი-ნი-------------–--ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გი---------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობა; გი---------ის 2016 წლის 20 დეკემბრის №3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 6 მარტის №0---- ბრძანების ბათილად ცნობა.

1.2 გი---------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილების ბათილად ცნობა; გი---------ის 2017 წლის 17 მაისის N15480/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3-237/17 და №3-544/17, ხოლო გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა, ნომერი - №3-237/17.

 

1.4. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილებით და ასევე, 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილებით, გი---------ე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ორჯერ დააჯარიმა, 1000 (ათასი) ლარით.

დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოცემის საფუძველში მითითებულია შემდეგი: 2014 წლის 30 სექტემბერს გი---------ის მიმართ გამოიცა №4-- დადგენილება, რომლითაც ის დავალდებულდა, შეეჩერებინა სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობა და ობიექტი მოეყვანა სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში, მაგრამ 2016 წლის 26 ნოემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებისას გამოვლენილ იქნა მშენებლობის გაგრძელების ფაქტი. სწორედ, ეს გარემოება იქცა გი---------ის მიმართ გასაჩივრებული დადგენილებების გამოცემის საფუძვლად.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა სადავო დადგენილებებისა და ბრძანების გამოცემით არ დაიცვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმპერატიული წესრიგი, რითაც უხეშად დაირღვა გი---------ის უფლებები. კერძოდ, 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების შემდგომ გი---------ემ მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს და მოითხოვა მშენებლობის ნებართვაში (მათ შორის პროექტში) ცვლილებების განხორციელება. ამ სამსახურის მიერ წარმოებაში იქნა მიღებული გი---------ის განაცხადი და დაიწყო სამშენებლო ნებართვის ცვლილების შესაბამისი პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოქმედი სამშენებლო ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით.

გი---------ის განაცხადით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2016 წლის 29 სექტემბერს გამოიცა ბრძანება №მ-----, რომლითაც შევიდა ცვლილებები პირვანდელ პროექტში. ამით უტყუარადაა დადასტურებული, რომ გი---------ის მიერ პროექტთან შეუსაბამო მშენებლობა „დაკანონდა“ ანუ აღმოიფხვრა ის ხარვეზები, რაც იყო 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების გამოცემის საფუძველი.

გასაჩივრებული დადგენილებების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლი „ბ“ პუნქტი, მაშინ, როცა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ არსებული სამშენებლო სამართალდარღვევით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრით, გი---------ე აღარ წარმოადგენდა სამართალდამრღვევ სუბიექტს, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი, გამოეცა გასაჩივრებული დადგენილება.

გი---------ის მიერ გასაჩივრდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 29 ნოემბრის №3-- დადგენილება, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

უდავოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოცემული ადმინისტრაციული აქტები არის უკანონო.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

გი---------ე ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო დაჯარიმდა 1 000 ლარით და დადგინდა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილება გი---------ეს ჩაბარდა, 2014 წლის 22 ოქტომბერს.

ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 19 მარტის შემოწმებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ გი---------ეს ზედამხედველობის სამსახურისათვის არ წარუდგენია სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე გაცემული მშენებლობის ნებართვა და ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში.

შესაბამისად, ჩაითვალა, რომ გი---------ეს ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონდა აღმოფხვრილი, რაც ჩაითვალა სამართალდარღვევად და იგი დაჯარიმდა, 3 000 ლარით.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.

დადგენილია, რომ გი---------ეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე არ გააჩნია მშენებლობის ნებართვა და ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში, ანუ ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ აღმოუფხვრია. აღნიშნულის გათვალისწინებით და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო, გი---------ე დაეჯარიმებინა 3 000 ლარით.

საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 29 ნოემბრის №3-- დადგენილების, ასევე, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 6 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე, არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გი---------ე შეთანხმებული პროექტისა (2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტი) და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში განახორციელებდა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ მ-----–-----------ში გი---------ე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას აწარმოებდა სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით, კერძოდ, გაზრდილი იყო სამშენებლო ობიექტის სიმაღლე და სხვა ელემენტები, მოწყობილი იყო კიბე, სვეტები და სხვა.

2014 წლის 7 აგვისტოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გი---------ეზე გაიცა №1-- მითითება, რომლითაც დაევალა მშენებლობის დაუყონებლივ შეჩერება, 15 დღის ვადაში ობიექტის მოყვანა პროექტთან შესაბამისობაში, ან შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.

2014 წლის 25 აგვისტოს შემოწმების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 7 აგვისტოს №1-- მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ მას ზედამხედველობის სამსახურისათვის არ ჰქონდა წარდგენილი სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე გაცემული მშენებლობის ნებართვა და ობიექტი არ იყო მოყვანილი პროექტთან შესაბამისობაში.

ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით გი---------ე ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო დაჯარიმდა 1 000 ლარით და დადგინდა ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში, სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, უნდა მომხდარიყო ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანა.

დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისა და ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად გი---------ეს განესაზღვრა დადგენილების ჩაბარებიდან, 30 დღე.

2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილება გი---------ეს ჩაბარდა, 2014 წლის 22 ოქტომბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 7 აგვისტოს №1-- მითითება;

- 2014 წლის 25 აგვისტოს შემოწმების აქტი;

- მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2015 წლის 19 მარტს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა გი---------ის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების პირობების შესრულება, რა დროსაც მიჩნეული იქნა, რომ პირობები არ იყო შესრულებული, ანუ №4-- დადგენილებით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ იყო აღმოფხვრილი და ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 6 აპრილის №9- დადგენილებით ეს ჩაითვალა სამართალდარღვევად, რის გამოც გი---------ე დაჯარიმდა, 3 000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 06 აპრილის №9- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. გი---------ემ 2016 წლის 19 ივლისს №2------ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, ცვლილებების შეტანა ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 ივნისის №0----- ბრძანებასა და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №0------ ბრძანებაში, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებში.

გი---------ის განაცხადით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გამოიცა ბრძანება №მ-----, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ცვლილებები იქნა შეტანილი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 ივნისის №0----- ბრძანებასა და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №0------ ბრძანებაში, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა №7-ში მდებარე 5-0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების შესახებ და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებში.

ამასთან, გი---------ეს განემარტა, რომ აღნიშნული ცვლილებები საჭიროებდა ახალი მშენებლობის ნებართვის აღებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გი---------ის 2016 წლის 19 ივლისს №2------ განცხადება;

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანებით ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებსა და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9--, ასევე, 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობაში მოდიოდა, გი---------ის მიერ სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებულ მშენებლობასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 24 ნოემბრის შემოწმების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს გი---------ის მიმართ გამოცემული №4-- დადგენილების პირობები შესრულებული ისევ არ იყო, მშენებლობა არ შეჩერებულა და დამატებით მოეწყო მე-4 და მე-5 სართულების ძირითადი მზიდი კოსტრუქციები.

რადგანაც გი---------ეს ზედამხედველობის სამსახურისათვის არ ჰქონდა წარდგენილი სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე, შეთანხმებული პროექტის შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, ხოლო ობიექტი არ იყო მოყვანილი პროექტთან შესაბამისობაში, ზედამხედველობის სამსახურმა ეს ჩათვალა სამშენებლო სამართალდარღვევად და 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე გი---------ე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დააჯარიმა, 1000 (ათასი) ლარით;

ასევე, 2016 წლის 26 ნოემბრის შემოწმების შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა ისევ მიიჩნია, რომ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების პირობები არ იყო შესრულებული, მშენებლობის შეჩერების ნაწილში და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილებით, გი---------ე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, კვლავ დაჯარიმდა, 1000 (ათასი) ლარით.

ცალ-ცალკე დაჯარიმებაც არასწორია

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 24 ნოემბრის შემოწმების აქტი;

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 26 ნოემბრის შემოწმების აქტი;

- ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილება;

- ზედამხედველობის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. გი---------ის მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება, თუმცა ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გი---------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

_ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს, ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

ამ მუხლის ბ) პუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლოს მიერ დადგენილია, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმებით გამოვლინდა, რომ მ-----–-----------ში გი---------ე შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციას აწარმოებდა სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით, კერძოდ, გაზრდილი იყო 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტის სიმაღლე და სხვა ელემენტები, მოწყობილი იყო კიბე, სვეტები და სხვა. სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის განხორციელების ფაქტი მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული იქნა საქმის სასამართლო განხილვის დროს და ეს სადავო არ გამხდარა.

2014 წლის 25 აგვისტოს შემოწმების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 7 აგვისტოს №1-- მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ანუ გი---------ეს ობიექტი არ ჰქონდა მოყვანილი პროექტთან შესაბამისობაში და ზედამხედველობის სამსახურისათვის არ ჰქონდა წარდგენილი სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე სათანადო ნებართვა.

ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით გი---------ე ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო დაჯარიმდა 1 000 ლარით და დადგინდა ქ. ბათუმში, მ-----–-----------ში, სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე, კერძოდ, უნდა მომხდარიყო ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანა.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ გი---------ემ 2016 წლის 19 ივლისს №2------ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, ცვლილებების შეტანა ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 ივნისის №0----- ბრძანებასა და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №0------ ბრძანებაში, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებში.

გი---------ის განაცხადით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს გამოიცა ბრძანება №მ-----, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ცვლილებები იქნა შეტანილი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 ივნისის №0----- ბრძანებასა და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №0------ ბრძანებაში, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა №7-ში მდებარე 5-0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების შესახებ და 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9-- და 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებში, რითაც ნაწარმოები მშენებლობა პროექტთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი, რასაც სადავოდ არ ხდის მოპასუხე მხარეც და ამით შესრულდა როგორც 2014 წლის 7 აგვისტოს №1-- მითითების პირობები, ისე ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით დათქმული პირობებიც, რომლითაც გი---------ეს დავალებული ჰქონდა №1-- მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტი) შესაბამისობაში მოყვანა. პროექტში შეტანილი და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული ეს ცვლილებები უკვე სრულად ასახავდა გიგა აბაშიძის მიერ განხორციელებულ მშენებლობას, თუმცა მას არ ჰქონდა მიღებული პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისი, ახალი მშენებლობის ნებართვა.

ამის მიუხედავად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 24 ნოემბრის შემოწმების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს გი---------ის მიმართ გამოცემული №4-- დადგენილების პირობები შესრულებული ისევ არ იყო, რადგანაც მშენებლობა გრძელდებოდა, ხოლო გი---------ეს არ ჰქონდა წარდგენილი, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ამსახველი, შეთანხმებული პროექტის შესაბამისი, ახალი მშენებლობის ნებართვა.

ამ საფუძვლით, ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილებით გი---------ე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დააჯარიმა, 1000 (ათასი) ლარით, ასევე, 2016 წლის 26 ნოემბრის შემოწმების შემდეგ, იგივე საფუძვლით მიღებული, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილებით გი---------ე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, კერძოდ, პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეუჩერებლობისათვის კვლავ დაჯარიმდა, 1000 (ათასი) ლარით.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

25-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისა.

სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე გი---------ის მიერ განხორციელებული მოქმედება, როცა მისი მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანებით შეთანხმდა პროექტი, რომლითაც შესაბამისობაში მოვიდა გი---------ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა და მშენებლობის პროექტი, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გი---------ემ განახორციელა შესაბამისი ქმედებები და იზრუნა, რათა გამოესწორებინა ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უარყოფს ამ ფორმით გი---------ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებას, მაგრამ რამდენადაც გი---------ეს არ ჰქონდა იმ დროისათვის მიღებული, მშენებლობის ახალი (ცვლილებიანი) პროექტის შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, ზედამხედველობის სამსახურმა ჩათვალა, რომ ბოლომდე არ იყო შესრულებული 2014 წლის 30 სექტემბერს გი---------ის მიმართ გამოცემული №4-- დადგენილების პირობები.

სასამართლო მიიჩნევს, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ გი---------ემ 2016 წლის 19 ივლისს №2------ განცხადებით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესათანხმებლად წარუდგინა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებულ პროექტში შესატანი ცვლილების დოკუმენტაცია და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი შეთანხმებულ პროექტში, რითაც შესაბამისობაში მოვიდა ნაწარმოები მშენებლობა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა გონივრული ვადა მისთვის, რომ მიეღო შეცვლილი პროექტის შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, რამდენადაც განხორციელებული ცვლილებები ახალ ნებართვას საჭიროებდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, ანუ მთლიანობაში ზედამხედველობის სამსახურს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მისაღებად გააჩნია 4 თვის ვადა.

კანონის ეს რეგულაცია მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურს აძლევდა შესაძლებლობას, რომ გი---------ისათვის მიეცა (გაეგრძელებინა) სამართალდარღვევის გამოსწორების დამატებითი ვადა, თუ მიაჩნდა, რომ სამართალდარღვევის სრული გამოსწორებისათვია აუცილებელი იყო, შეცვლილი პროექტის შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღება.

 

6.5. სასამართლო ამასთან, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გი---------ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით, ერთსა და იმავე ფაქტზე და ერთი და იგვე საფუძვლით, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს გამოცემული №4-- დადგენილების პირობები შესრულებული ისევ არ იყო, მშენებლობა გრძელდებოდა, ხოლო გი---------ეს არ ჰქონდა წარდგენილი, სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ამსახველი, შეთანხმებული პროექტის შესაბამისი, მშენებლობის ახალი ნებართვა, ზედამხედველობის სამსახურმა ზედიზედ ორჯერ, 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილებით და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილებით დააჯარიმა გი---------ე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო, 1000-1000 (ათასი) ლარით.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ორივე, 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება ერთსა და იმავე სამართალდარღვევის ფაქტს შეეხება და ამ აქტებში მითითებული, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველიც („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტი) იგივეა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და იმავე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ წესებთან, სახდელის დაკისრების შესახებ. კერძოდ, ერთი და იგივე დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ორჯერ დაკისრება, კანონშესაბამისად ვერ ჩაითვლება.

 

6.6. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის N4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება, ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილება და გი---------ის 2016 წლის 20 დეკემბრის №3------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანებები, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მოპასუხე მხარის წერილობით შესაგებელში მითითებულია, რომ გი---------ეს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე არ გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და ობიექტი არ მოუყვანია პროექტთან შესაბამისობაში, ანუ ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ აღმოუფხვრია, ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო, გი---------ე დაეჯარიმებინა 3 000 ლარით. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ სამართლებრივ არგუმენტს, რამდენადაც სადავო აქტების თანახმად, გი---------ეს საჯარიმო სანქცია დაეკისრა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ არა 26-ე მუხლის, არამედ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის საფუძვლით.

 

6.7. ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დაასკვნის, რომ გი---------ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რაც უდავოდ მიუთითებდა დარღვევის აღმოფხვრაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2016 წლის 29 სექტემბრის №მ----- ბრძანება საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტის შეთანხმების შესახებ, უდავოდ ქმნიდა საფუძველს დასაბუთებული დასკვნისა, რომ გი---------ეს, რომელიც შეთანხმებული პროექტის გადახვევით აწარმოებდა მშენებლობას, უკვე გააჩნდა ახალი შეთანხმებული პროექტი, რომლითაც 2013 წლის 1-ლი ნოემბრის №9--, ასევე, 2014 წლის 3 თებერვლის №5- არქიტექტურულ პროექტებთან შეუსაბამობა გასწორდა და ის მოიპოვებდა მშენებლობის ნებართვასაც, რაც გამორიცხავდა მისთვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება, დამღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, მაშინ, როცა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13-მე-14 პუნქტების მიხედვით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოტივირებული საფუძვლით შეეძლო ვადის გაგრძელებაც, გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამასთან, სადავო აქტებით, 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილებებით ერთსა და იმავე სამართალდარღვევის ფაქტზე, ერთი და იგივე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით ორჯერ დაეკისრა პასუხისმგებლობა გი---------ეს, რაც არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს.

მოსარჩელე გი---------ის მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრდა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- და 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება, თუმცა ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ ბრძანებაში არ არის გაანალიზებული და სამართლებრივად შეფასებული ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაზეც სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში მიუთითებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტით, დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მითითებული ნორმა, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა მოაწესრიგოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.

სასამართლოს მიიჩნევს, რომ მართალია შემოწმების აქტის მიღებიდან ორი თვის ვადაში ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება მიეღო დადგენილება, ასევე მის დისკრეციას წარმოადგენდა გააგრძელებდა თუ არა შემაჯამებელი დადგენილების გამოცემის ვადას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, მისი დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, პირის უფლება - დაიცვას თავი, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებისგან - იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.

მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ (საჩივრის განხილვისას) ისე გადაწყვიტეს გი---------ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ, რომ შეთანხმებული იყო საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი, რაც საქმეზე (დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე გი---------ის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“, 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების შესახებ“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გი---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. - ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №3-- დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების, მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“.

- ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №3-- დადგენილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 30 სექტემბრის №4-- დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში არ შესრულების გამო დაკისრებული ჯარიმის დაკისრების შესახებ“;

- ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის №0---- და 2017 წლის 27 ივნისის №0----- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე