განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
330100119003162750
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3948-19

(გამოძიების №------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 6 ნოემბერი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ-----------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული (მონაწილეობის გარეშე) - ა----------------ი (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, გ-–-----------------------------------------------------ში),ადვოკატი - ო-–----------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით (2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის კანონის გამოყენებით შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა). 2017 წლის 12 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ----------–---–--------–------------------- გადაადგილებისას, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ა----------------ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ა----------------ის მიერ განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - დ--------------ის, თ------–------–ის, ი-----–---------ს, ნ------------ისა და გ--–------–---ს ჩვენებები, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი და ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ა----------------ის წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.2. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.3. სასამართლოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის - ა----------------ის მიერ ცივი იარაღის ტარება უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა გ--–------–---მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მან დამატებით განმარტა, რომ თავის მეწყვილე ი-----–---------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროს სწრაფად მიმავალ ავტომანქანას დაედევნენ და გააჩერეს. მძღოლი აღმოჩნდა ა----------------ი, რომელიც იყო ნასვამი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მან და მისმა მეწყვილემ ა----------------ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი გასინჯვა. ა----------------ს შემოწმებისას ჯინსის შარვალსა და ქამარს შორის აღმოაჩნდა დანა. შესაბამისი დოკუმენტაცია, შეადგინა შემთხვევის ადგილზე, ხოლო შემოწმების შემდეგ ა----------------ი გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციულ შენობაში.

 

2.5. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ი-----–---------მ.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა თ------–------–მა და ნ------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2.7. 2017 წლის 12 აგვისტოს პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის N-–---------- ოქმის თანახმად, ნ----–-------------------–---- მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორ გ--–------–---ს მიერ ა----------------ს 2017 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისი გ----------–---–--------–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რომელსაც წელის არეში ჯინსის შარვალსა და ქამარს შორის აღმოაჩნდა სავარაუდოდ ცივი იარაღი - დანა. ოქმის სისწორე დადასტურებულია გ--–------–---ს ხელმოწერით, ბრალდებულმა ა----------------მა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

 

2.8. 2017 წლის 12 აგვისტოს ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის თანახმად, ა----------------ს 2017 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისი გ----------–---–--------–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რომელსაც წელის არეში ჯინსის შარვალსა და ქამარს შორის აღმოაჩნდა სავარაუდოდ ცივი იარაღი - დანა. შავტარიანი დანა ვერცხლისფერი მჭრელი პირით, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N-- ლუქით, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ოქმის სისწორე დადასტურებულია გ--–------–---ს ხელმოწერით, ბრალდებულმა ა----------------მა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

 

2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 14 აგვისტოს ექსპერტის N-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა----------------------------ს კუთვნილი დანა დამზადებულია კუსტარული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა დ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.

 

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენით დატოვებულია უცვლელად) ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს გამოყენების შესახებ განჩინებით ა----------------ს ¼ -ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2.13. ამდენად, სასამართლო აფასებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მოწმეების - გ--–------–---სა და ი-----–---------ს ჩვენებებით, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმითა და ნივთის ფაქტობრივად შეზღუდვის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს ა----------------ს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, გ----------–---–--------–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა დანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 14 აგვისტოს ექსპერტის N-----–- დასკვნის თანახმად, აღნიშნული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად, ა----------------ი ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2.14. ამდენად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევის პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენით უცვლელი დარჩა აღნიშნული განაჩენი) ა----------------ი ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს ა----------------ი ქ. თბილისში, გ----------–---–--------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ა----------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა----------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ა----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული ჯიბით ატარებდა ცივ იარაღს - დანას), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მკურნალობის კურსს გადის საზღვარგარეთ), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა----------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.6. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ა----------------ს ჯარიმის ოდენობად უნდა განესაზღვროს 2 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მიღებული განაჩენის გასაჩივრების წესთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: ა) დაპატიმრებიდან; ბ) სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან და გ) პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა----------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად (თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას), თუმცა სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა და არ არსებობს მისი დაპატიმრების საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა----------------ს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს არ უნდა შეეზღუდოს გასაჩივრების უფლება, ვინაიდან საქმე განხილულ იქნა მის დაუსწრებლად.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

2. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ა----------------ს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე