გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18359-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „ვუ----–----ი“
წარმომადგენელი - ლუ---------–-ა (დირექტორი), ბა---------------–-ა, ნი---------ე
მოპასუხე - შპს „ბრ--------------“
წარმომადგენელი - ან-----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - შპს „ბრ--------------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „ვუ----–----ის“ სასარგებლოდ 1685 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
შპს „ვუ----–----სა“ და შპს „ბრ--------------ს“ შორის 2019 წლის 22 აპრილს დაიდო ხელშეკრულება მცენარეების მიბარებაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მოპასუხეს, რეალიზაციამდე უნდა შეენახა მცენარეები ჯეროვნად და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადაეხადა მოსარჩელისთვის. ამავე დღეს მოსარჩელემ შპს „ბრ--------------ს“ მიუტანა 127 ერთეული ჯანსაღი მცენარე, საერთო ღირებულებით 2 748.35 ლარი. თუმცა მოპასუხის მხრიდან შენახვა/მოვლის პირობების დაუცველობის გამო 10 ცალი კვიპაროსი „გოლდკრესტი“ და 5 ცალი პირამიდული კვიპაროსი გახმა, რომელთა ღირებულება იყო 1685 ლარი.
მცენარეთა ხმობის შესახებ მოსარჩელემ პირველად შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორმა ლუ---------–-ამ, მოპასუხის მომსახურე პერსონალს ჩაუტარა რიგითი ტრენინგი. კვიპაროსებს წიწვების ფერი ჰქონდათ შეცვლილი, გამაგრებული და მცენარის ზედა და ქვედა ნაწილში გაცვენილიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე უკვე გამხმარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს დროულად უნდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის მცენარეთა მდგომარეობის ცვლილების შესახებ მოპასუხეს ეს არ გაუკეთებია. მცენარეთა ხმობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა არა პირველადი დაზიანების ნიშნების გამოვლენისას, არამედ ბოლომდე დაზიანების შემდეგ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ბრ--------------ის“ წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ საერთოდ გამორიცხა დამდგარ შედეგში შპს „ბრ--------------ის“ ბრალეულობა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მცენარეთა მოვლა/შენახვის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე. შენახვის თვალსაზრისით მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ რა პირობებში განთავსდებოდა მიწოდებული მცენარეები მაღაზიის ტერიტორიაზე და თუ გარემო მცენარეებისთვის შეუსაბამო იყო, არ უნდა განეხორციელებინა მცენარეების კომპანიის ტერიტორიაზე შეტანა;
2. მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურება, რომელიც დამახასიათებელია წიწვოვანი მცენარეებისთვის (გარემო პირობების მიმართ ამტანობა, ადვილი ადაპტაცია, ყინვა/სიცხის მიმართ გამძლეობა) გამორიცხავს ჯანსაღი წიწვოვანი მცენარის რამოდენიმე დღეში ხმობას. გარდა ამისა, მაღაზიის ტერიტორიაზე რამოდენიმე თვეა არის სხვადასხვა კომპანიების მიერ მოწოდებული სხვა სახეობის წიწვოვანი მცენარეებიც, რომლებთაც არაფერი მოსვლით. ამდენად, იმის მტკიცება, რომ მცენარეთა ხმობა გამოიწვია არასათანადო მოვლა-შენახვამ, უსაფუძვლოა;
3. მოპასუხის ვალდებულება იყო მხოლოდ მცენარისთვის წყლის მიწოდება. შპს „ბრ--------------ს“ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი მცენარეების მაღაზიაში რეალიზაციის კუთხით და სირთულეს ან/და სიახლეს არ წარმოადგენდა მოწოდებული მცენარეების მოვლა/შენახვა.
შპს „ვუ-----–----მა“ მცენარეების მიწოდება ორ ეტაპად განახორციელა და მე-2 ეტაპზე მიწოდებისას, 4 დღეში მცენარეებს მცირე ცვლილება აშკარად დაეტყო, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს. ხოლო 2 კვირაში, 2019 წლის 10 მაისს, შპს „ბრ--------------ში“ ტრენინგის ჩატარებისას კომპანიის დირექტორმა ლუ---------–-ამ პირადად ნახა ფერშეცვლილი მცენარეები და 3 დღეში მოახდინა ყველა მცენარის შეწამვლა. შეწამვლის შემდგომ მოსარჩელე საერთოდ არ დაინტერესებულა მცენარეების მდგომარეობით, ხოლო მას შემდეგ, რაც 2019 წლის 30 მაისს მოპასუხემ მოსთხოვა მცენარეების უკან დაბრუნება, მოსარჩელემ განაცხადა, რომ 15 ძირი მცენარე იყო გამხმარი და უკან არ დაიბრუნებდა.
მოსარჩელემ შპს „ბრ--------------ს“ თავიდანვე არაჯანსაღი მცენარეები მიაწოდა. თუკი ტრენინგის ჩატარების (მიწოდებიდან 2 კვირაში) დროს მისთვის აშკარა იყო, რომ რამოდენიმე მცენარეს ფერი კი არ ჰქონდა შეცვლილი, არამედ უკვე გამხმარი იყო და მათი რეალიზება შეუძლებელი იყო, საინტერესოა, რატომ შეწამლა გამხმარი მცენარეები და მაშინვე არ წაუყენა მოპასუხეს პრეტენზია, თუკი მცენარეების მოვლა/შენახვით უკმაყოფილო იყო.
დამოუკიდებელი ფლორისტის პასუხით დგინდება, რომ მცენარეები მიწიდან ამოღებული იყო არასავეგეტაციო პერიოდში, ასევე არასწორად იყო გადარგული - მცირე ზომის ქოთანში, რამაც თავის მხრივ, განაპირობა მცენარეთა ფესვების დაზიანება, ანუ კომის დაშლა. გარდა ამისა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მცენარეების მთავარღერძა ფესვთა სისტემა მიყენებული მექანიკური დაზიანებების გამო, სუსტად განვითარებული და ნაწილობრივ დანეკროზებულია. ხოლო ფესვთა სისტემის სუსტი განვითარების გამო შეფერხდა მცენარის კვების რეჟიმის რეგულირება, დაირღვა ფიზიოლოგიური ფუნქციები, რამაც საბოლოოდ მათი გახმობა გამოიწვია.
ამდენად, ამ პასუხებით გამოირიცხება შპს „ბრ--------------ის“ ბრალეულობა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე თანახმა იყო არარიალიზებადი მცენარეების ღირებულების 50% გადაეხადა, რაზეც შპს „ვუ----–----მა“ უარი განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ვუ----–----სა“ და შპს „ბრ--------------ს“ შორის 2019 წლის 22 აპრილს დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა შემდგომი რეალიზების მიზნით მოპასუხის ტერიტორიაზე გარკვეული სახეობის მცენარეების განთავსებას, ხოლო რეალიზაციიდან ამონაგები თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურებას.
ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ვუ----–----მა“ მოპასუხეს 2019 წლის 22 აპრილს მიაწოდა 127 ერთეული, სხვადასხვა სახეობის მცენარე, საერთო ღირებულებით 2 748.35 ლარი.
მცენარეთა გადაცემისას მოხდა მათი ვიზუალური დათვალიერება, მოპასუხე კომპანიის მებაღის - ენ---------–---–ის თანდასწრებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნარგავების ღირებულების გაანგარიშება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „------- კ----------“ მოვალეობას წარმოადგენდა მცენარეების მორწყვა და რაიმე უარყოფითი ცვლილების (ავადობის) არსებობის შემთხვევაში შპს „ვუ----–----ისთვის“ შეტყობინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მცენარეთა პირველადი ავადობის შესახებ შპს „ვუ----–----ს“ ეცნობა 2019 წლის 10 მაისს, მოსარჩელის მიერ შპს „ბრ--------------ში“ ტრენინგის ჩატარების დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
3.1.4. გადაცემული ნერგებიდან ორი სახეობის კვიპაროსი: Cupressus Goldcrest – 10 ცალი და Cupressus semprevierens - 5 ცალი გახმა და ვეღარ აღიდგენს პირვანდელ მდგომარეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ექსპერტის დასკვნა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მცენარეთა ხმობა არ არის გამოწვეული შპს „ბრ--------------ის“ ბრალეული ქმედებით.
მოსარჩელე თავის პოზიციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სათანადო მოვლის (დაუშვებელი იყო პირდაპირი მზის ქვეშ განთავსება და შუადღეს მორწყვა, ვინაიდან კონტეინერი ამ დროს არის გახურებული, წარმოიქმნება სოკო, რაც ლპობას იწვევს) პირობებში მცენარეთა გახმობას არ მივიღებდით, ხოლო მოპასუხე აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ სათანადო მოვლის მიუხედავად გარდაუვალი იყო მცენარეთა ხმობა, ვინაიდან თავიდანვე დაზიანებული იყო ფესვთა სისტემა და მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სარჩელის განხილვის დროს მხარეები სასამართლოს სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
მოსარჩელე თავის პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე და განმარტავს, რომ კვიპაროსებს ფესვთა სისტემა დაზიანებული რომ ჰქონოდა, ვერ შეძლებდა შპს „ბრ--------------იდან“ დარჩენილი კვიპაროსების გახარებას. გარდა ამისა, მცენარეები იმავე კონტეინერებშია და შესაბამისად, არც მათი ზომა იყო დაზიანების გამომწვევი.
შპს „ბრ--------------ი“ საერთოდ გამორიცხავს მის ბრალეულობას და მიუთითებს, რომ მცენარეები დასაწყისშივე არაჯანსაღი წარედგინათ მათ სარეალიზაციოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე მოკლე დროში არ უნდა მომხდარიყო მათი ხმობა. პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს ფლორისტის ლა-–----------–---–ის შეფასებაზე, ასევე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–------როს დასკვნაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ქარწყლდება მოსარჩელის პოზიცია მოპასუხის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ფლორისტის, ლა-–----------–---–ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 ივნისს შეამოწმა 15 ძირი (10 ძირი გოლდკრესტი და 5 ძირი პირამიდული კვიპაროსი) კვიპაროსი. მცენარეების გახმობა გამოწვეულია ფესვთა სისტემის დაზიანებით, რომელიც არასწორი გადარგვის შედეგია, კერძოდ, მცენარეები მიწიდან ამოღებულია არასავეგეტაციო პერიოდში და არასწორადაა გადარგული - მცირე ზომის ქოთანში, რამაც თავის მხრივ განაპირობა მცენარეთა ფესვების დაზიანება ანუ კომის დაშლა. ხოლო ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–------როს დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 26 ივლისს მოხდა მცენარეების აღწერა, აღრიცხვა და დასურათება. ვიზუალური დათვალიერებით, მცენარეები ყავისფერი და ხმელია. მთავარღერძა ფესვთა სისტემა მიყენებული მექანიკური დაზიანებების გამო სუსტად განვითარებული და ნაწილობრივ დანეკროზებულია. ფესვთა სისტემის სუსტი განვითარების გამო შეფერხდა მცენარის კვების რეჟიმის რეგულირება, დაირღვა ფიზიოლოგიური ფუნქციები, რამაც გამოიწვია სავარაუდოდ მათი გახმობა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მარადმწვანე წიწვოვანი კულტურების ნერგის წარმოება დახურული ფესვთა სისტემით ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ითვალისწინებს მცენარის ზრდა-განვითარების შესაბამისად სხვადასხვა სიდიდის კონტეინერებში რამოდენიმეჯერ გადარგვას.
ამდენად, ექსპერტის დასკვნაში მცენარეთა გახმობის მიზეზად მითითებულია ფესვთა სისტემაზე მიყენებული მექანიკური დაზიანება და მისი დანეკროზება. ფლორისტის შეფასებაში აღნიშნულია, რომ გახმობის მიზეზი არასწორი გადარგვაა, არასავეგეტაციო პერიოდში მიწიდან ამოღება. შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ კვიპაროსების ხმობა გადარგვის დროს მათზე მიყენებული მექანიკური დაზიანება, არასწორი გადარგვის შედეგია და არა შემდგომში მათი მოვლის დროს სავარაუდოდ დაშვებული შეცდომები. ამდენად, მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებში ექნებოდა მცენარეები შპს „ბრ--------------ს“ განთავსებული (მზეში თუ ჩრდილში), მათი ხმობა გარდაუვალი იქნებოდა, იმთავითვე დაზიანებული ფესვთა სისტემის გამო. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კვიპაროსები არ წარმოადგენენ ოთახის მცენარეებს, არიან ეზოს მცენარეები და გამოირჩევიან გარემო პირობების მიმართ ამტანობით. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებს, სასამართლო ვერ იმსჯელებს მათზე, როგორც სათანადო წესით მოპოვებულ მტკიცებულებაზე, ვინაიდან გაკეთებულია მოსარჩელის მიერ და არ ირკვევა, რომ სადავო მცენარეების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ექსპერტის დასკვნა;
- ფლორისტის შეფასება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნეს სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს, როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისთვის, რომ, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი, ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (შდრ. სუსგ Nას-155-145-2017, 26.10.2018წ.).
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მართლსაწინააღმდგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერების ხასიათზე, სხვანაირად იმაზე, აცნობიერებდა თუ არა ზიანის მიმყენებელი თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოვალე ძირითადად კრედიტორის შეფარდებით (რელატიურ) უფლებებს არღვევს, მაშინ როცა არასახელშეკრულებო (დელიქტურ) ურთიერთობებში ზიანის მიმყენებილის მოქმედებით ირღვევა აბსოლუტური უფლებები.
ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც `მიუღებელია~ ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს.
ზიანის მიმყენებლის ბრალი პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს. მოქმედებდა თუ არა ზიანის მიმყენებელი ბრალეულად, განხილული უნდა იქნეს ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე. ბრალეულობა სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალეულობის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნების დაცვა. ბრალეულობა შეიძლება გამოხატული იქნეს განზრახ, ან გაუფრთხილებელი სახით. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას.
მიზეზ–შედეგობრივი კავშირი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასევე საჭიროა, რომ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის აუცილებელი ერთ–ერთი ელემენტია. სსკ–ის 412–ე მუხლიდან გამომდინარე ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. როგორც ზემოთაც აღინიშნა - მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, მოპასუხის ქმედების ბრალეულობა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ვუ----–----ის“ სარჩელი შპს „ბრ--------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. განემარტოთ მხარეებს, ვინაიდან განხილულ დავაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 (ორი ათასს) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე