გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010210017001929167
N2-1692/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - როინ კახიძე
სხდომის მდივანი - თენგიზ ბოლქვაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე----- კ-------- +"
წარმომადგენელი -ნ---- კ-----–---–-
მოპასუხე - ზ---- ც-–--–---, რ---- მ---------–---, ა------ კ-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ე----- კ-------- +"-მა სარჩელი აღძრა ზ---- ც-–--–----, რ---- მ---------–----, ა------ კ------ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემდეგი თანხის გადახდა:
- სესხის ძირი თანხა - 3 500 აშშ დოლარი;
- სესხის სარგებელი - 1 738 აშშ დოლარი;
- სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარი;
- გირავნობის მოწმობისთვის გადახდილი - 50 ლარი;
- გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარი.
-
1.2. თანხის ამოღება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით;
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ე----- კ--------+"-ს და ზ---- ც-–--–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №139669/B და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ №139669/B, ხოლო მოსარჩელესა და თავდებებს - რ---- მ---------–---ს და ა------ კ-----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელს ზ---- ც-–--–---ს საკრედიტო ლიმიტის სახით დაუმტკიცდა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის სახით გადაეცა 3 500 აშშ დოლარი, თვიური სარგებლის - 5%-ის გადახდის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი შედგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველთვიურად 19 რიცხვში გამსესხებლისთვის გადაეხადა 212 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის გაცემა მოხდა გიორგი ვერულიძის ავტომანქანის ბმვ 745 I-ის დაგირავების საფუძველზე. თუმცა მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ნაკისრი ვალდებულების შესრულება თავიდან აირიდეს ასევე თავდებებმაც და დღეის მდგომარეობით შპს ,,ე----- კ--------+"-ის მიმართ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: - სესხის ძირი - 3 500 აშშ დოლარი; - დარიცხული სარგებელი - 1 738 აშშ დოლარი. ვინაიდან მსესხებელს სესხზე გადახდა არ განუხორციელებია არცერთი გადახდა, კლებადი გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური დარიცხული სარგებელი შეადგენს ძირი თანხის 5 %-ს (175 აშშ დოლარი ანუ სულ 9 თვის და 28 დღის დავალიანება); პირგასამტეხლო - 100 აშშ დოლარის ოდენობით. (პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 4 195 აშშ დოლარს, თუმცა მოსარჩელე თავისი კეთილი ნებით აკორექტირებს აღნიშნულ პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარამდე); - გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი; - სააღსრულებლო წარმოების ხარჯი - 150 ლარი. მოსარჩელემ ზ---- ც-–--–---ს სთხოვა, სესხის უზრუნვესაყოფად დაგირავებული ავტომანქანას (ბმვ 745 I) ნებაყოფლობით გადაცემა, თუმცა მან არ უზრუნველყო აღნიშნულის შესრულება, რის შედეგადაც კომპანიამ განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 08.12.2016-ში აღნიშნული გირავნობის მოწმობის გაცემის შემდეგ იგი გადაეცა კერძო აღმასრულებელს, რის საფუძველზეც ავტომანქანა დაისვა ძებნაზე (ძებნის თარიღი:12.12.2016). თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ავტომანქანის მოძიება.
შესაბამისად შპს ,,ე----- კ-------- +"-ი მოითხოვს მის სასარგებლოდ ზ---- ც-–--–---ს, რ---- მ---------–---ს და ა------ კ-----ს სოლიდარულად დაეკისროთ ზემოთაღნიშნული თანხების გადახდა.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ა------ კ-----მ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ ცნობს და განმარტავს რომ მისთვის ცნობილი იყოს მოსარჩელესა და ზ---- ც-–--–---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ასევე მან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულება, მაგრამ მისთვის არ განუმარტავთ ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულებით არებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, მაშინ როდესაც მოსარჩელეს არ უცდია გაცემული თანხის ძირითადი მოვალისაგან ამოღება, დავალიანების უძულებითი აღსრულებით, ასევე საპროცენტო განაკვეთი არის დიდი და გაურკვეველია თუ რა გათვლებით დაადგინა მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხების ოდენობა.
2.1. მოპასუხეები - რ---- მ---------–--- და ა------ კ----- სარჩელს არ სცნობენ, ისინი ადასტურებენ მოსარჩელესთან დადებულ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, ასევე ადასტურებენ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების პირობებს, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. ასევე განმარტავენ, რომ ვინაიდან მოსარჩელის მხრიდნ არ მომხდარა მათი ინფორმირება სოლიდარული ვალებულებების შესახებ, რაც გათვალისწინებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებაში, მოსარჩელეს არ წარმოეშობა უფლება თავდებებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - ზ---- ც-–--–---ს სარჩელის მიმართ შესაგებლი არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ე----- კ--------+"-ს და ზ---- ც-–--–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №139669/B, რომლის საფუძველზეც შპს ,,ე----- კ--------+"-მა ზ---- ც-–--–---ს 36 თვის ვადით ასესხა 3 500 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №139669/B;
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ №139669/B;
3.1.2. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი;
3.1.3. 2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ე----- კ--------+"-ს და რ---- მ---------–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ---- მ---------–---მ შპს ,,ე----- კ--------+"-ის წინაშე იკისრა ზ---- ც-–--–---- სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
3.1.4. 2016 წლის 19 ივლისს შპს ,,ე----- კ--------+"-ს და ა------ კ-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა------ კ-----მ შპს ,,ე----- კ--------+"-ის წინაშე იკისრა ზ---- ც-–--–---- სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
3.1.5. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა გიორგი ვერულიძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანას ბმვ 745 I;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ;
3.1.6. მოპასუხემ-ზ---- ც-–--–---მ დაარღვია ვალდებულებები, რის გამოც როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი, მიუხედავად ამისა, მათ ვალდებულება არ შეასრულეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- გაფრთხილების წერილები;
- გადახდის გრაფიკი;
- ახსნა-განმარტებები;
- უკუგზავნილი
-საგაზეთო პუბლიკაცია.
3.1.7. შპს ,,ე----- კ--------+"-მა ზ---- ც-–--–---ს სთხოვა, სესხის უზრუნვესაყოფად დაგირავებული ავტომანქანის (ბმვ 745 I) ნებაყოფლობით გადაცემა, თუმცა მან არ უზრუნველყო აღნიშნულის შესრულება, რის შედეგადაც კომპანიამ განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 08.12.2016-ში აღნიშნული გირავნობის მოწმობის გაცემის შემდეგ იგი გადაეცა კერძო აღმასრულებელს, რის საფუძველზეც ავტომანქანა იმყოფებოდა ძებნაზე (ძებნის თარიღი:12.12.2016). თუმცა ვერ მოხერხდა ავტომანქანის მოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- გირავნობის მოწმობა №011600;
- ხელშეკრულება №35-16, კერძო სააღსრულებო მომსახურების გაწევის შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს სოლიდარული თავდებობა. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ მოსარჩელესა და მათ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. რ---- მ---------–--- და ა------ კ----- სოლიდარულად აგებენ თუ არა პასუხს მოსარჩელის წინაშე ზ---- ც-–--–---სთან ერთად, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია;
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ზ---- ც-–--–---მ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირის მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სასესხო-საკრედიტო და სოლიდარული პასუხისმგებლობის, თავდებობის ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლთ - ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს ,,ე----- კ--------+"-ი სესხის გამცემი სუბიექტია. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ზ---- ც-–--–---ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2016 წლის 19 ივლისს მათ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ე----- კ--------+"-მა ზ---- ც-–--–---ს 36 თვის ვადით ასესხა 3 500 აშშ დოლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 5 %. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის მიხედვით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობამ მოსარჩელეს მიანიჭა უფლება გაეყიდა გირავნობის საგანი და მიღებული თანხით დაეფარა ვალი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს სესხისა და მის უზრუნველსაყოფად გირაოს ხელშეკრულებას. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველმყოფი საგანი, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე მას უნდა გადაეცა ავტომანქანა (გირავნობის საგანი) თუმცა არ გადასცა კვლავ დარჩა ზ---- ც-–--–---- მფლობელობაში, რის გამოც ხელი შეეშალა და ვერ დაიკმაყოფილა მოსარჩელემ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად: 1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით ,,გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში”.
ხელშეკრულებაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ დამსესხებელმა ვალდებულებები შეასრულოს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგაც. სასამართლოს მიერ კი დადგენილია, რომ გირავნობის საგანი- ავტომანქანა ვერ იქნა მოძიებული.
შესაბამისად სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მოპასუხეს ზ---- ც-–--–---ს უნდა დაეკისროს სესხის თანხის გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 19 ივლისს მათ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, თვეში 5 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა, როგორც ამაზე ხელშეკრულებაში იყვნენ შეთანხმებულნი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 36 თვის ვადით. დადგენილ ვადაში სესხად მიღებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა და არ განუხორციელებია არც ერთი გადახდა გრაფიკის მიხედვით, რის გამოც მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა და სასამართლო წესით მოითხოვა სარგებლის დაკისრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით.
ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს. გადასახდელი სარგებელის ოდენობაა 1 738 აშშ დოლარი. ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა გირავნობის მოწმობისთვის გადახდილი 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯისთვის გადახდილი 150 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. საერთო ჯამში პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 4 195 აშშ დოლარს, თუმცა მოსარჩელე თავისი კეთილი ნებით აკორექტირებს აღნიშნულ პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარამდე), შესაბამისად მას გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ზ---- ც-–--–---სთან დადებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო რ---- მ---------–---სთან და ა------ კ-----სთან. მათ იკისრეს ვალდებულება ზ---- ც-–--–---სთან ერთად პასუხი აგონ სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
ზ---- ც-–--–---- მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, ისინი ვალდებულები არაინ, რაც მოსარჩელის მიმართ ზ---- ც-–--–---ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ. ამ მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და მისი შინაარსიც ასე უნდა განიმარტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ზ---- ც-–--–----, ასევე რ---- მ---------–---- და ა------ კ------ მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.10. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის 2016 წლის 19 ივლისს დადებული ხელშეკრულების 8.12 პუნქტი და სოლიდარული თავდებობის შესახებ 3.8-ე პუნქტი, რითაც დგინდება რომ მხარეები წინასწარ შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეების მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისათვის თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 8.12.პუნქტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ 3.8-ე პუნქტის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 394 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გამო საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ საპროცესო ხარჯები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. აღსრულების წესის განსაზღვრა
მხარეებს შორის 2016 წლის 19 ივლისის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.5 პუნქტის თანახმად მხარეები შპს ,,ე----- კ--------+ წარმომადგენელი და ზ---- ც-–--–--- შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. საქმის მასალების თანახმად უდაოდ დადგენილია, რომ ზ---- ც-–--–---მ მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ გადასცა გირავნობის საგანი ავტომანქანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. შპს ,,ე----- კ-------- +"-ის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თანხის ამოღება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით) განსაზღვრის თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ზ---- ც-–--–---- მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ 139669/B ხელშეკრულების 8-ე მუხლის 12 პუნქტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების 5-ე მუხლის 8-ე ნაწილის თანახმად მხარეები შეთანხმებული არიან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, თუ მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.1. მოპასუხეებს - ზ---- ც-–--–---ს, რ---- მ---------–---ს და ა------ კ-----ს მოსარჩელის შპს ,,ე----- კ--------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 3 500 აშშ დოლარის, სარგებელის/პროცენტის - 1 738 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს - ზ---- ც-–--–---ს, რ---- მ---------–---ს და ა------ კ-----ს მოსარჩელის შპს ,,ე----- კ--------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გირავნობის მოწმობისთვის გადახდილი საფასურის - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 150 ლარის გადახდა;
1.3. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება მიექცეს (თანხის ამოღება) ზ---- ც-–--–----, საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე;
2. მოპასუხეებს - ზ---- ც-–--–---ს, რ---- მ---------–---ს და ა------ კ-----ს მოსარჩელის შპს ,,ე----- კ--------+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 394 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიქცეული იქნას დაუყონებლივ. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30);
4. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30);
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე როინ კახიძე