განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
060100119003081220
დავის ტიპი
126
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/108-19 (№061120419003)

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------–-ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული ხა-----ა მა-–----ის ასული აფ------ძე, დაბადებული 1----–-–-----------------–------------------, მცხოვრები: ქ. სამტრედია, სოფელი დ-----------–ი.

 

ადვოკატი- გო------–-----ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხა-----ა აფ------ძემ ჩაიდინა - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წელს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ხა-----ა აფ------ძემ, განაწყენების ნიადაგზე, სამტრედიის რაიონის სო----–-------------––ი მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხის ტოტის ფეხზე დარტყმით სცემა არასრულწლოვან შვილს - 2----–-–---------–-სს დაბადებულ, შო----------აძეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ხა-----ა აფ------ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ხა-----ა აფ------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ხა-----ა აფ------ძის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ -მოწმე რო---------------ემ და შვილმა -დაზარალებულმა შო----------აძემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ხა-----ა აფ------ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-------------ძემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სო----–-------–ში, ყა-------------ში, მეუღლესთან, შვილთან რო---------------ესთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან შო---------------------------თან ერთად. მისი შვილი და ხა-----ა აფ------ძე დაქორწინდნენ 2009 წელს და ერთმანეთთან ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მას არასოდეს დაუნახავს, რომ ხა-----ას რომელიმე ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობა განეხორციელებინა. იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, გადატანილი აქვს 5 ოპერაცია და ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მიცემული გამოწვეული იყო ძლიერი სულიერი აღელვებით, ხოლო ის რაც დღეს განუცხადა სასამართლოს არის სრული სიმართლე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-------------ემ განმარტა, რომ იგი არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯი---–----- სკოლის პედაგოგი. შო----------აძე მის სადამრიგებლო კლასში სწავლობს და პირველი კლასიდან და შესაბამისად მუდმივი კონტაქტი აქვს მასთან. ბავშვი არის კარგი მოსწავლე, მაგრამ იმავდროულად არის ცელქი. ერთ დღეს ზუსტი თარიღი, არ ახსოვს მასთან მივიდა მისი თანამშრომელი ნი----------–--–--ლი და უთხრა, რომ ხა-----ა აფ------ძისათვის არ ეთქვა შო----------აძის ცელქობის თაობაზე, რადგან ბავშვის ბებიის მონათხრობით აღნიშნულის გამო ბავშვს დედა, ხა-----ა აფ------ძე, უწყრებოდა ხოლმე. მას თავად ნაცემი შო----------აძე არასოდეს უნახავს და არც ბავშვს მოუყოლია აღნიშნულის თაობაზე მისთვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნი----------–--–--ლმა განმარტა, რომ იგი მუშაობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-----------–ის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლად. შ------ მშობელთან, ხა-----ა აფროიძესთან, ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მას ახასიათებს როგორც საუკეთესო დედას, თავად შო----------აძეც იყო ძალიან მოწესრიგებული და კარგი მოსწავლე. მას თავად არც ნაცემი და არც ანერვიულებული შო----------აძე არასოდეს უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზვ-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ- გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნენ მცირეწლოვანი მოწმეები, შო----------აძე და დ------------აძე. შო----------აძის გამოკითხვა მოხდა საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობით, რა დროსაც მან განმარტა, რომ დედა ხა-----ა აფ------ძე არ სცემდა მას, მხოლოდ ხანდახან უყვიროდა, როცა არ მეცადინეობდა ხოლმე. ერთხელ დაარტყა მცირე ზომის წკეპლა, რომელიც ეტკინა მაგრამ არ უტირია. რაც შეეხება დ------------აძეს იგი არის ხუთი წლის და ამიტომ მისგან ორჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება, რის გამოც მესამედ იგი დაკითხულ იქნა საპროცესო წარმომადგენლის და ფსიქოლოგის თანდასწრებით, მცირეწლოვან დ------------აძეს, შო----------აძის ცემის თაობაზე, მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002560119 დასკვნის მიხედვით, 13/04.2019 წ. 15:56 -16:10 სთ. ჩატარებული შემოწმებისას მოქალაქე შო----------აძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით, კერძოდ, ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს, მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივ- ირიბად მდებარე, უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით: 6,OXO,2სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,OXO,2სმ. (მისივე გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვს სეტკის ღობეზე გადახტომის დროს 5-6დღის წინ). სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ხა-----ა აფ------ძემ ჩაიდინა- ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ხა-----ა აფ------ძის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ მოწმე-რო---------------ემ და შვილმა - დაზარალებულმა - შო----------აძემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის ბრალდებულ ხა-----ა აფ------ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ხა-----ა აფ------ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მოწმე რო---------------ისა და დაზარალებულ შო----------აძის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ხა-----ა აფ------ძის წინააღმდეგ. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ხა-----ა აფ------ძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ხა-----ა აფ------ძემ ჩაიდინა

 

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ხა-----ა აფ------ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ხა-----ა აფ------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხა-----ა აფ------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ხა-----ა აფ------ძეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე