განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2194-19
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–---ია
დაცვის მხარე:
ადვოკატები - თ-----------------------------–-–---–ი
ბრალდებული - რ----- ნ-–----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: თბილისში, ყ---–---------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ბ--------------ში.
კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------–ს, ღამის საათებში, თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ,,ი-–--------ში“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - ,,უ--------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ-–----–---–მა დ------------ესთან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად - გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ხელის დარტყმით, სცემა. რ----- ნ-–----–---–ის ქმედების შედეგად დ------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2----–-–-----------–ს, ღამის საათებში, თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ,,ი-–--------ში“ არსებული სავარჯიშო დარბაზის - ,,უ--------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----- ნ-–----–---–მა დ------------ესთან პირადი ურთიერთობიდან წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ჯგუფურად - გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც დ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა რ----- ნ-–----–---–ის მიერ, 2----–-–-----------–ს, ჯგუფურად - დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის ცემისა და მუქარის ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–----–---–---მა განმარტა, რომ რ----- ნ-–----–---–ი მისი მეგობარია, დაზარალებულ დ------------ეს კი შემთხვევამდე არ იცნობდა. 2----–-–-----------–ს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სპორტულ დარბაზში. მისი მეგობრები - რ----- ნ-–----–---–ი და გ--------------ე მშვიდად საუბრობდნენ მისთვის უცნობ მამაკაცთან. აღნიშნულიდან ცოტა ხანში, ყურადღება მიიქცია უცნობის (რომელიც აღმოჩნდა დ------------ე) აგრესიამ. ის საუბრობდა ხმამაღლა, ყვიროდა, ილანძღებოდა, იმუქრებოდა, იგრძნობოდა, რომ ცდილობდა ძალადობას. რ----- ნ-–----–---–ი და გ--------------ე, ასევე იქ მყოფი სხვა ადამიანები ცდილობდნენ მის დაწყნარებას. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია. ხმაურზე შეიკრიბა ხალხი, დაზარალებულმა კი დარეკა სსიპ 112-ში, ითხოვდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების და სამხედრო პოლიციის ადგილზე მისვლას. ამასთან, უთითებდა, რომ შვიდმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, (რომელიც მასთან გაგზავნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა), მოუწყო სკანდალი. მანვე დაურეკა ს----------------ეს, რომელიც დაახლოებით 40 წუთში მივიდა. გ-------–----–---–---მა განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე მისი პირველი გამოკითხვისას მიუთითა, რომ რ----- ნ-–----–---–მა ხელი დაარტყა დ------------ეს, თუმცა რამდენიმე დღეში ითხოვა დამატებით გამოკითხვა. გამოკითხვისას კი უარყო რ----- ნ-–----–---–ის მხრიდან რაიმე სახის ძალადობის ფაქტი. მან გაიხსენა დ------------ის ყვირილი, თითქოსდა მას დაარტყეს, რამაც შემთხვევის დღეს შეიყვანა შეცდომაში და თქვა ის, რაც რეალურად არც კი დაუნახავს. შესაბამისად, ადასტურებს, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას. ამასთან, დ------------ის სხეულზე, რაიმე სახის დაზიანებები არ შეუნიშნავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით გაიგო, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო დ------------ის მიერ სოციალურ ქსელში გ--------------ის მეუღლის მიმართ გავრცელებული ცრუ და შეურაცხმყოფელი ვიდეოს ატვირთვა, რომლის თანახმადაც გ--------------ე და მისი მეუღლე მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროში და იღებდნენ მაიორის ხელფასს, რომ ისინი არიან ტაკიმასხარები და ა.შ. და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში ისინი არიან მსახიობები.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (მოწმე საქართველოში არ იმყოფება), სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ დ------------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად: ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სოციალური ქსელის ,,Facebook-ის“ მის პირად გვერდზე ატვირთა ვიდეო, სადაც აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს უწყებას, მათ შორის იმ ადამიანებს ვინც არასახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისი კრიტიკის ობიექტი იყო ასევე მ------ (გ------ი ბ--------ის მეუღლე), რადგან, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და სხვა მსგავს პირებთან ერთად, არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, მისი აზრით ასუსტებდა სამინისტროს. აღნიშნულის შემდეგ, 2----–-–-----------–ს, დაახლოებით 1--- საათის შემდეგ პერიოდში, დ------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ-----------–-----–------------------ში მდებარე ,,ი-–--------ში“ მდებარე ,,უ--------------ის“ სავარჯიშო დარბაზში. სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას მამაკაცმა ზურგზე მიადო თითი და უთხრა გარეთ გაჰყოლოდა. იგი გაჰყვა მას ქუჩაში, სადაც მისი გარეთ გამყვანის გარდა იყო ორი მამაკაცი, რომლებიც მას ირონიულად უყურებდნენ. მამაკაცმა, რომელმაც გაიყვანა ქუჩაში, უთხრა, რომ ის იყო იმ ქალის მეუღლე, რომელთან დაკავშირებითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰქონდა ვიდეო, შესაბამისად მოსთხოვა მისი ქმედების - ვიდეოს ატვირთვის მიზეზის ახსნა. თავის მხრივ დ------------ემ უთხრა, რომ ვიდეო ბლოგი სოციალური გვერდიდან იყო აღებული, ასევე აუხსნა, რომ განმარტება ჰქონდა გაკეთებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც თავდაცვის უწყება გაემიჯნა პასუხებს, ასევე შესთავაზა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო ბოდიშის მოხდა. მიუხედავად აღნიშნულისა უთხრეს, რომ ისინი იყვნენ ბევრნი, ძლიერები და გავლენიანები, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში - გააქრობდნენ. მოწმე განმარტავს, რომ მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან მის მიმართვაზე, რომ თუ საუბარს არ აცდიდნენ, კომუნიკაცია ვერ დამყარდებოდა, შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც დაემუქრა, გადაეღობა გზაზე და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, იმავდროულად თანმხლებმა ახალგაზრდა მამაკაცმა, მარჯვენა მხრიდან თვალბუდისა და წარბის არეში მოულოდნელად ძლიერად დაარტყა მუშტი, პარალელურად დაემუქრა. დარტყმის შედეგად წარბიდან წამოუვიდა სისხლი. სიტყვები ,,საჭიროების შემთხვევაში გაგაქრობენ“ მისი მხრიდან აღქმული იქნა, როგორც ფიზიკური ლიკვიდაცია. მოწმემ განმარტა, რომ შავგვრემანმა მამაკაცმა თავის ქმედებით, როდესაც წინ გადაუდგა და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, ხელი შეუწყო კონფლიქტის გამწვავებას და თანმხლებს მისცა დარტყმის საშუალება - მარჯვენა თვალის არეში. მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა ოპერატიული სახის პროვოცირებასთან, ფიზიკურ დაპირისპირებას არ აჰყვა, დარეკა სსიპ 112-ში და გამოიძახა ეკიპაჟი. მოწმემ განმარტა, რომ იყო ძლიერი ემოციური ფონის ქვეშ და უჭირდა მარჯვენა თვალით ხედვა, აწუხებდა ტკივილი, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკა „ნ--------------–ში“.
3.6. მოწმე გ------ი ბ--------ემ (ბრალდებულის ძმა) გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება რ----- ნ-–----–---–ის წინააღმდეგ.
3.7. ბრალდებულმა რ----- ნ-–----–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ისარგებლა დუმილის უფლებით.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რ----- ნ-–----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, საქმის არსებითად განხილვის დროს, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
3.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.12. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა 2----–-–-----------–ს, რ----- ნ-–----–---–ის მიერ, ჯგუფურად - გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დ------------ის ცემა - სახის არეში ხელის დარტყმა, რის შედეგადაც დ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების კვალიფიკაციაზე (დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელ ნიშნებზე), სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. ამასთან, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა. ამასთან, მუქარა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული არ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე და ვერ მოხერხდა მისთვის ამ კუთხით კითხვების დასმა და შესაბამისი პასუხების მიღება, ცხადია რთულია მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვის ოქმით.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ მძიმე შედეგს. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობა, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. ცემა შედეგიანი დელიქტია და აუცილებელია სუბიექტის ქმედებას - დარტყმას მოჰყვეს მსხვერპლის ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. როგორც აღინიშნა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული არ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად მხარეებს და სასამართლოს არ მიეცა საშუალება დაესვა მისთვის კითხვები დარტყმის შედეგად, ასეთის არსებობის შეთხვევაში, გამოწვეული ფიზიკური ტკივილის შესახებ.
5.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა - მოწმე გ-------–----–---–---მა უარყო ბრალდებულ რ----- ნ-–----–---–ის მიერ დაზარალებულისთვის რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის მიყენების დანახვის ფაქტი. ამასთან განმარტა ის მიზეზი რამაც განაპირობა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ინფორმაციებს შორის არსებული განსხვავებები.
5.4. დაზარალებულ დ------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ცემისა და მუქარის შესახებ ფაქტი დგინდება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ამასთან - არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ხოლო რაც შეეხება ამოცნობის ოქმისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი - ამოცნობის ან/და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არის კონკრეტული მოწმის ჩვენებების გაგრძელება და მათში გადმოცემული ინფორმაციის წყარო არის თავად დაზარალებული. შესაბამისად მათი განყენებულად, როგორც ცალკე დამოუკიდებელი მტკიცებულებად განხილვა, მტკიცებულებათა ერთობლიობის კუთხით, დაუშვებელია.
5.5. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები არის ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, მათ შორის მუქარის შემთხვევაში, რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ცემის შემთხვევაში რამდენად განიცადა ტკივილი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის 2----–-–----------ის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ - დ------------ეს თავის მიდამოში აღნიშნული ჰემატომების გარდა, სხეულზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები, მათ შორის მარჯვენა მხარის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, გულმკერდის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში, ცენტრალური ხერხემლის ხაზზე, მარცხენა წინამხარის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში. ამასთან იმ მიზეზით, რომ დაზიანებები არ აღენიშნებოდა, შარვლის გახდაზე განაცხადა უარი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დაზიანებები მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, იგულისხმება 2----–-–-----------–ს, იმავე დასკვნის თანახმად - ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია, რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. და ეს მაშინ, როდესაც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად - მას მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი ბრალდებულმა თვალბუდისა და წარბის არეში. ამ პირობებში კი დგინდება, რომ დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები, რომლებიც ხანდაზმულობით შეესაბამება - 2----–-–-----------–ს და რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული არ იქნა გამოკითხული, იწვევს გარკვეულ ეჭვებს.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, (არათუ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია დარჩა ეჭვად და ვარაუდად. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ძალიან მაღალი სამართლებრივი სტანდარტი - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ დაზარალებულის წინასაწარ გამოძიებაში გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, უპირობოდ ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
5.7. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე, შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარისა და ცემის ფაქტს. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, მუქარა რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში; ხოლო ცემის შემთხვევაში, გამოიწვია თუ არა ფიზიკური ტკივილი.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
5.13. გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტისა, სასამართლო, ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას გამოქვეყნებულ (გადაუმოწმებელ) ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა უნდა გადაწყვიტოს ... მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და ... მას შემდეგ, რაც მოწმის მტკიცებულება დაშვებული იქნება ... სასამართლომ, სხდომის დასასრულს ყველა წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა შეაფასოს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება. (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §117). ამასთან, ევროპული სასამართლოს პოზიციით, დაუსწრებელი მოწმის ჩვენების მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული მოწმის ჩვენება იყო თუ არა განსასჯელის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. „გადამწყვეტი“ მტკიცებულება, გულისხმობს მტკიცებულებას, რომელიც მაღალი ალბათობით საქმის შედეგს განაპირობებს. ამასთან, მტკიცებულება იყო თუ არა გადამწყვეტი უნდა დადგინდეს ეროვნულ სასამართლოთა მიერ (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §123-124).
5.14. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულ დ------------ის საჯაროდ წაკითხული გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, არის სწორედ ერთადერთი მტკიცებულება, სადაც საუბარია ბრალდებულისა და თანხმლები პირის მიერ დ------------ის მიმართ ჩადენილ ცემასა და მუქარაზე.
5.15. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ რ----- ნ-–----–---–მა, სხვა პირთან ერთად 2----–-–-----------–ს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ------------ეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
5.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ნ-–----–---–ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო ცხრილი 1 ცალ დისკზე, ნემსაძის ვიდეო-ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, დ------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----- ნ-–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. რ----- ნ-–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო ცხრილი 1 ცალ დისკზე, ნემსაძის ვიდეო-ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, დ------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, რ----- ნ-–----–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე