განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003216492
N1/276-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - რ-------- კ-----–-–---–-, ნ----- მ---------–--;
ბრალდებული - გ------- კ-–----–---–-, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი N---, ბინა N--; ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის მარტში (ზუსტი დრო დაუდგენელია), თერჯოლის რაიონის სოფელ ბ----------ში, გ------- კ-–----–---–მა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, პირადი მოხმარებისათვის, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 3 ძირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - ,,კანაფი’’ (მცენარე), საერთო წონით 2875,35 გრამი, რაც პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებული იქნა 2019 წლის 4 სექტემბერს.
2. გ------- კ-–----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ-–----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების ბ---- ო-----–--ის, ა-–---------- ხ-------ს, ი---- ა–-----ას, რ----- ბ---------–--ის და გ------- კ-–----–---–-ს გამოკითხვის ოქმები; გ------- კ-–----–---–-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის ოქმი; ქიმიური ექსპერტიზის N715/სქ დასკვნა; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ------- კ-–----–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა და მოყვანა. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, მარიხუანა და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განაყოფიერებაში და ასე შემდეგ. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმით მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად, მცენარე კანაფი, მიიჩნევა 750 გრამიდან.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით გ------- კ-–----–---–მა ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. გ------- კ-–----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- კ-–----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
14. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
15. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს 4 თვის შვილი. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლომსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, გ------- კ-–----–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვეროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია გ------- კ-–----–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, თუმცა 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით იგი მსჯავრდებულია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის და სახეზე არ გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, შესაბამისად მას სასჯელის ზომად საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ------- კ-–----–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრა სასჯელის მინიმალური ვადით.
16. გ------- კ-–----–---–-ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სადაც მითითებულია, რომ თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის N316აგ-13 განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ 59-ე მუხლის 1-ლი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება.
17. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ გ------- კ-–----–---–- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით და დღეის მდომარეობით გ------- კ-–----–---–- აღრიცხვაზე იმყოფება პრობაციის სამსახურში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა განსაზღვეის საფუძვლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ, გ------- კ-–----–---–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი - სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
ნივთიერი მტკიცებულებები:
18. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ-–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით გ------- კ-–----–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით);
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქას წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და გ------- კ-–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით, დაემატოს წინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 (შვიდი) თვის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ გ------- კ-–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი 7 (შვიდი) თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა;
5. გ------- კ-–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 სექტემბრიდან;
6. გ------- კ-–----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
7. გ------- კ-–----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის, შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
8. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------- კ-–----–---–-ს საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ამოღებული 3 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი წონით 2875,35 გრამი (საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა 2875,1 გრამი), რაც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე