გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.12.2019
საქმის ნომერი
010210018002579574
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002579574

N2-3327/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - გი-----------ძე

წარმომადგენელი - შო---------–-ძე

მოპასუხე - შპს „რა--“

წარმომადგენელი - რუ--–---–-–--–-ძე

დავის საგანი - დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „რა--ს“ გი-----------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 11 170 ლარის გადახდა.

 

2. მხარეთა პოზიცია:

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს:

გი-----------ძის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ დო-–-----ში 2500 კვმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის ნაწილი წარმოადგენდა სავარგულს, ხოლო ნაწილზე გაშენებული იყო მრავალწლიანი ნარგავები. მოპასუხე შპს „რა--მ“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ქვა-ღორღის მოპოვება, რის შედეგადაც ნაკვეთი დაიმეწყრა. მეწყერმა ჩამოშალა მიწის საფარი და ნარგავები. ამჟამად, ნაკვეთის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის შეუძლებელია, ვინაიდან, ნაყოფიერი მიწის საფარი გადარეცხილია.

 

მიყენებული ზიანის თაობაზე, მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება და შპს „რა--მ“ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა 15 000 ლარი. ანაზღაურების ფორმად განისაზღვრა ნატურით ანაზღაურება. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო: 800 ც. სამაშენებლო ბლოკი (680ლ), 3 კბმ სამშენებლო სილა (90ლ). ა--ვე, შეთანხმების საფუძველზე, შპს „რა--მ“ შპს „თე-------------ს“ მიაწოდა 2160 ლარის ღირებულების ქვა-ღორღი, ხოლო ამ უკანასკნელმა თანხა გადაუხადა გი-----------ძეს. რის შედეგადა, ასანაზღაურებელი დარჩა 11 170 ლარი.

 

მოპასუხემ 2018 წლიდან შეწყვიტა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი თავისი ნაკვეთის მიმდებარედ მდებარე მიწების მესაკუთრეებს, ხოლო მას უარი უთხრა დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე. ამდენად, შპს "რა--ს" უნდა დაეკისროს აუნაზღაურებელი ზიანის თანხა 11 170 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, თუმცა, არ ეთანხმება, რომ, სწორედ, გი-----------ძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი დაზიანდა. მართალია, შპს „რა--“ აწარმოებს სოფელ დო-–-----ში, მდინარის პირას, ქვა-ღორღის მოპოვებას, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მეწყრული მოვლენები, სწორედ, ამ სამუშაოებმა გამოიწვია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომლითაც მოპასუხე განსაზღვრავდა დაზიანებული მიწის ნაკვეთი კუთვნილებას ან მართლზომიერ ფლობელობას და შეაფასებდა მიყენებული ზიანის ოდენობას. ასეთ პირობებში, მოპასუხის პოზიციით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემული დავა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან - დელიქტური სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის ზიანის მიყენების გამო, ფულად ანაზღაურებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის წინაპირობების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (სუსგ. 522-499-16 05/04/2019წ). მტკიცების ტვირთის განაწილების მოცემული პრინციპის გათვალისწინებით, დელიქტიდან გამომდინარე დავებში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ზიანის არსებობის ფაქტის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, ხოლო მოპასუხის პროცესუალური ვალდებულება მოიცავს მის ქმედებაში ბრალის არარსებობის დადასტურებას.

3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, კერძოდ, საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, კომლის სხვა წევრებთან ერთად, ცხოვრობს ქედის რაიონის ს. დო-–-----ში და თანასაკუთრებაში გააჩნია 2600 კვმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ასევე, დამატებით, სარგებლობდა 2500 კვმ მიწის ნაკვეთით, რომელსაც იყენებდა სავარგულად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაზიანდა, მეწყრული მოვლენების შედეგად, რომლის მიზეზი გახდა შპს „რა--ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, უპირველესად უნდა მოხდეს იმ ობიექტის იდენტიფიცირება, რომელსაც მიადგა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ზიანის ობიექტი მიწის ნაკვეთია, თუმცა, სადავოდ არის გამხდარი მისი მოსარჩელისადმი კუთვნილების ან/და მართლზომიერი მფობელობის საკითხი.

სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სარწმუნოდ ვერ დაადგინა, ვერც ნაკვეთის ადგილმდებარეობა და ვერც მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის უფლება ან თვითნებურად დაკავებულის სტატუსი. საქმეში წარმოდგენილია დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ გი-----------ძეს გააჩნია სოფელ საფარიძეებში საკომლო მიწის ნაკვეთი (0.25). თუმცა, ცნობაში მითითებულია საკომლო მიწის ნაკვეთის და არა სხვა უფლებრივი ობიექტის შესახებ. ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას დავისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, კერძოდ, დამეწყრილი ნაკვეთის მდებარეობას (განლაგება კარიერის გავლენის დასადასტურებლად) და სამართლებრივ სტატუსს (მოსარჩელის ბატონობის უფლების დასადასტურებლად). აღნიშნულის დადგენის გარეშე შეუძლებელია სარწმუნოდ დადასტურდეს, ჰქონდა თუ არა გი-----------ძეს მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად დაკავებული მიწა, რომელიც დაიმეწყრა მოპასუხის ქმედების შედეგად. შესაძლოა, რაღაც მიწის ნაკვეთით გი-----------ძე მართლაც სარგებლობდა, რაზედაც უთითებენ მოწმეები, თუმცა, სადავო ობიექტის იურიდიული ბუნების (უძრავი ნივთი) გათვალისწინებით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდება.

მოსარჩელე განმარტავდა, რომ ვერ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რადგან მეწყრული მოვლენების გამო, ნაკვეთს მოშორდა მიწის საფარი და კლდოვანი ქანების აზომვითი ნახაზის შედგენასა და მის დარეგისტრირებაზე საჯარო რეესტრმა უარი უთხრა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მიზეზი, სამართლებრივად, არ წარმოადგენს დაბრკოლებას უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირებისათვის. ამასთან, თვითნებურად დაკავებული ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის სტატუსი მიწის ნაკვეთს ენიჭება კანონით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ხდება შემდეგში მისი რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანი უნდა იყოს ამ კრიტერიუმების არსებობა სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რასაც სასამართლო განიხილავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16)

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 17-18)

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სოფელ დო-–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთების დამეწყვრის მიზეზის საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიჩნევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ განთავისუფლდება დელიქტური სამართლის აუცილებელი ელემენტის - მიზეზობრივი კავშირის დადასტურების მტკიცების ტვირთისაგან.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სოფელ დო-–-----ის მიმდებარე ტერიტორიების დამეწყვრის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია და მიწის ნაკვეთის დამეწყვრა ცალსახად შპს „რა--ს“ მიერ წარმოებული კარიერული სამუშაოების გამო მოხდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ა. ქვეპუნქტით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს. სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისთავად მეწყრულ მოვლენებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა, მაღალმთიან აჭარაში აღნიშნული მოვლენა ხშირია და ამ ფაქტის, სწორედ, შპს „რა--ს“ მიერ წარმოებულ კარიერულ სამუშაოებთან დაკავშირება, მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის დაძლევითაა შესაძლებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მიზეზობრივ კავშირს ზიანის არსებობის ფაქტსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ასეთი მიზეზობრივი კავშირი დადგენას დელიქტური სამართალი აუცილებელ პირობად განიხილავს. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია დადგინდეს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების განმაპირობებელი გარემოებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა (ს.ფ. 77)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ფოტოსურათები

 

3.2.5. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ ზიანის ფაქტი აღიარა ნაწილობრივი ანაზღაურებით.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს „რა--მ“ ვალდებულება აღიარა და ზიანის ასანაზღაურებლად მას მიაწოდა სამშენებლო ბლოკი და მასალები. მოპასუხემ სადავოდ გახადა ეს გარემოება და განმარტა, რომ ასეთ ანაზღაურებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელემ, ამ შემთხვევაშიც, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება. გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების აღიარებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ასევე, ვერ გაიზიარებს სასამართლო მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „თე-------------ისაგან„ მიიღო გარკვეული თანხა, შპს „რა--ს“ მიერ შესასრულებელი ვალდებულების დასაფარად. ასეთი ანაზღაურების დასადასტურებლად წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას. იგი ეხება არა შპს „რა--ს“, არამედ შპს „რა-- ბ-------ს“ მხრიდან გარკვეული ქმედების განხორციელებას. აღნიშნული სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მერაბ აბაშიძემ.

 

მოსარჩელე თავის პოზიციას ამყარებდა იმ გარემოებით, რომ შპს „რა--მ“ აანაზღაურა მომიჯნავედ არსებული ნაკვეთების ზიანის ღირებულება, ხოლო ამ ფაქტის დასადასტურებლად მან მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ელგუჯა საფარიძემ და მალხაზ საფარიძემ განმარტეს, რომ შპს „რა--მ“ იყიდა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და გადაუხადა ნასყიდობის ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობები (ს.ფ. 20-21)

-მოწმე მერაბ აბაშიძის ჩვენება (სხდომის ოქმი 28/11/2019წ)

-მოწმე მალხაზ საფარიძის ჩვენება (სხდომის ოქმი 14/11/2019წ)

-მოწმე ელგუჯა საფარიძის ჩვენება (სხდომის ოქმი 14/11/2019წ)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს კანონი „???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასარჩელო მოთხოვნა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ _ დელიქტიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოპასუხეს ედავება მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის ზიანის მიყენების გამო და სთხოვს ფულად ანაზღაურებას. შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-409-ე და 411-ე მუხლებია.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად, საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის ძირითად ელემენტებს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაიშვება, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და პირის ქმედებას შორის.

 

6.2. მოპასუხე შპს „რა--“ არ აღიარებს სარჩელს და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის დელიქტური ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელი ელემენტები: მოსარჩელე ვერ ადასტურებს შედეგს-ზიანის არსებობას. მიწის ნაკვეთი, რომელიც მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანდა არ ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში, არც თვითნებურად დაკავებულის სტატუსი აქვს. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის ობიექტზე ბატონობას და შესაბამისად, ვერც ზიანის მიღების შესაძლებლობას.

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტის მთავარი ელემენტია მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი-ზიანი. ზიანის დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ხოლო 411-ე მუხლით ზიანი არის არა მხოლოდ პირდაპირი ქონებრივი დანაკლისი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

გი-----------ძე მიუთითებდა, რომ მან მიიღო ქონებრივი დანაკლისი, ვინაიდან, მისი ქონება გაუფასურდა დაზიანების გამო, ასევე, ზიანი განიცადა მიუღებელი შემოსავლის სახითაც, რადგან ამ ნაკვეთზე გაშენებული იყო მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და იყენებდა მათ სავარგულად. მიწის ნაკვეთის აღდგენა შეუძლებელია და მოითხოვა ფულადი ანაზღაურება.

ნაგულისხმევი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის ქონებად მიჩნევის საკითხის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გი-----------ძის საკუთრებას და იგი სახელმწიფო საკუთრებაა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ წლების მანძილზე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რომელიც მართალია არ არის მის საკუთრებაში დარეგისტრირებული, თუმცა, შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული. სასამართლო ვერ დაეთანხმება ამგვარ განმარტებას და მიუთითებს „???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? “ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სტატუსს.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; ამავე მუხლის ბ) პუნქტი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთს მიეცეს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი. კერძოდ: თვითნებურად დაკავებულად ითვლება თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ა--ვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ა--ვე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (2013 წლის 20 სექტემბრის რედაქციით).

დადგენილია, რომ გი-----------ძე სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერ მფლობელობას არ ახორციელებდა. მას არ მოუპოვებია ნივთზე მფლობელობა მესაკუთრის ნების საფუძველზე. ა--ვე, ვერ დასტურდება მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტობრივი საფუძვლებიც(დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სუბიექტის საცხოვრებელი სახლის ან სხვა შენობის არსებობა, სუბიექტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეობა და ა.შ.), რაც მითითებული ნორმის თანახმად, აღნიშნული სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ზიანი დადასტურდეს პირმა უნდა განიცადოს ქონებრივი დანაკლისი ან დაკარგოს შემოსავალი. ასეთი ზიანი გი-----------ძეს არ მიუღია, ზიანის ობიექტის არარსებობის გამო. ამდენად, იგი ვერ მიიჩნევა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურების სუბიექტად. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო დადგენილად ჩათვლიდა გი-----------ძისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, მოცემულ საქმეში, სახეზე არაა დელიქტის კიდევ ერთი ელემენტი - მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.

 

სასამართლომ ვერ მოახდინა სადავო მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება ზიანის წყაროსთან მისი სიახლოვის, შესაძლებელი გავლენის მოხდენისა და ამ გავლენის რეალური შედეგის დადგენის თვალსაზრისით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სოფელ დო-–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთების დამეწყვრის მიზეზის საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიჩნევის თაობაზე. ამდენად, მოსარჩელე არ გაანთავისუფლა დელიქტური სამართლის აუცილებელი ელემენტის - მიზეზობრივი კავშირის დადასტურების მტკიცების ტვირთისაგან.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დამეწყვრის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია და იგი უკავშირდება შპს „რა--ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ა. ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ, ზოგადად, მეწყრული მოვლენების შედეგად აჭარის მაღალმთიანი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანებისა და მიწის ფენის გადარეცხვის ფაქტი, შესაძლებელია მიჩნეული იქნეს საყოვეთაოდ აღიარებულად. თუმცა, ამ მოვლენების შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, უპირობოდ, დაკავშირება შპს „რა--ს“ საქმიანობასთან, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად ვერ იქნება აღიარებული და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დამტკიცდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზეზობრივი კავშირის დასადგენად აუცილებელია იმ სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს პირდაპირ კავშირს წარმოებულ სამუშაოებსა და მიწის ნაკვეთის საფარის დაზიანებას შორის. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი კავშირი მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა.

6.4. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ ვალდებულების არსებობა დაადასტურა ნაწილობრივი შესრულებით. ამ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ნორმის თანახმად, სადავოობისას, შესრულების ფაქტის დადასტურებით შესაძლებელია დადასტურდეს ვალდებულების არსებობა. ეს არის ერთგვარი პრეზუმფცია, რომელმაც შესაძლოა შესრულება ვალდებულების საფუძვლად აქციოს. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების სათანადოდ დადასტურება, მხოლოდ ამის შემდეგ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, „თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა მან ეს შესრულება და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა“ (სამოქალაქო კოდექსი კომენტარი 25/08/2016წ.).

მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოსარჩელემ ვერ გადალახა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების სტანდარტი. მის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის აღიარება, ვალდებულების შესრულებით, არ მომხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გი-----------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე