გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002832369
№3-36/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - კო------------------------–--
წარმომადგენელი - ალ------------------------–--
მოპასუხე - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მა---------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - პლ---------------–---–ი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. კო------------------------–--მ (წარმომადგენელი - ალ------------------------–--) სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აღიარებული იქნას კო------------------------–--ს მიერ 1979 წელში, ქალაქ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0-----) მიღების ფაქტი.
1.2. სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის N3-36/19 განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო - სსიპ განთლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
კო------------------------–--მ 1979 წელს დაასრულა ქობულეთის რაიონის, სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლა და მასზე გაიცა ატესტატი N0-----, სკოლის დასრულების შემდგომ კი მოსარჩელე გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც დაკარგა ატესტატი. ის ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და არის ამ ქვეყნის, საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
2018 წლის 15 ნოემბერს, კო------------------------–--მ N50-------6 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დასრულების შესახებ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 15 ნოემბერს N14-----ნ წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და არქივიდან გამოითხოვა კო------------------------–--ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილობითი პასუხით დგინდება, რომ არქივში იძებნება მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ნაწარმოები რუსულ ენაზე, ხოლო, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის 1978-1979 წლის ბრძანების წიგნი და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება, კონსტანტინ სიდიროპულომ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომლის 2019 წლის 18 იანვრის N01------/გ გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა, სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. სწორედ ამიტომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების არსებითი ელემენტია უწინარეს ყოვლისა თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება და ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არარსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერ ინტერესიც გააჩნია.
ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის/არარსებობის დადგენაში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას მასზედ, რომ კო------------------------–--მ 1979 წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რაზეც გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შემდეგი საფუძვლით:
კო------------------------–--მ 2018 წლის ნოემბრის თვეში განცხადებით მიმართა ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის, ატესტატის დუბლიკატის გაცემა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 15 ნოემბერს N14----- წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და არქივიდან გამოითხოვა კო------------------------–--ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 2018 წლის 19 ნოემბრის N18----- წერილობითი კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების დოკუმენტაცია გადაცემული იყო არქივისთვის, ცენტრალიზებული დაცვის მიზნით.
N01-------- ქობულეთის საარქივო ცნობის თანახმად, ქობულეთის არქივში დაცული, ქობულეთის რაიონის დაგვას N2 რუსული საშუალოს სკოლის დოკუმენტებით, საშუალო განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნით დასტურდება, რომ 1978-1979 სასწავლო წელს სიდიროპულო კონსტანტინ ფეოდორეს ძეს ჩაბარებული აქვს ატესტატის მისაღები გამოცდები და მიღებული აქვს საშუალო განათლების ატესტატი ნომერით - 0-----. დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნის 1978-1979 სასწავლო წლის ჩანაწერის ბოლოს და აღნიშნული წიგნის დამამოწმებელ ფურცელზე (1970 წელი) დასმული ბეჭდიდან სკოლის დასახელება იკითხება ასე:
სსსრ განათლების სამინისტრო აასსრ ქობულეთის რ-ნი დაგვას N2 საშ. სკოლა.
შენიშვნა: დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის 1978-1979 სასწავლო წლის ბრძანების წიგნი და პედაგოგიური საბჭოს სხდომების ოქმები ქობულეთის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შეტანილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კო------------------------–--ს მიერ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის დასრულებისა და მასზე ატესტატის გაცემის ფაქტი დასტურდება, თუმცა ვერ მოხერხდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებისა და სკოლის დირექტორის შესაბამისი ბრძანების მოძიება და მხოლოდ ამის გამო ეთქვა უარი სკოლის მიერ კო------------------------–--ს, თავის მოთხოვნაზე, თუმცა მისი სკოლაში სწავლისა და დასრულების ფაქტი სადავო არ არის.
3.მესამე პირის პოზიცია:
2.2.სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
2018 წლის 21 ნოემბერს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N1501451 წერილით გადაგზავნილი, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 2018 წლის 19 ნოემბრის N14----- კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების დოკუმენტაცია გადაცემული იყო არქივისთვის, ცენტრალიზებულ დაცვაზე.
საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- საარქივო ცნობით, არქივში იძებნება მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი (ნაწარმოები რუსულ ენაზე). წერილის თანახმად, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის 1978-1979 წლის ბრძანების წიგნი და პედაგოგიური საბჭოს სხდომების ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა.
ვინაიდან, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ვერ მოხერხდა კო------------------------–--ს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N1---ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2018 წლის 27 ნოემბრის N1----- წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2018 წლის 15 ნოემბერს, საბერძნეთში მცხოვრები და საბერძნეთის მოქალაქის, კო------------------------–--ს წარმომადგენელმა, ალ------------------------–--მ N50-------6 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
2018 წლის 15 ნოემბერს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ NMES218014----- წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტს, რომლითაც გამოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია: ქობულეთის რაიონის დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის სამართალმემკვიდრესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს - ქობულეთის არქივიდან, კო------------------------–--ს მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები, ოქმები და ატესტატების გაცემის ჟურნალის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 15 ნოემბრის NMES218014----- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2018 წლის 19 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლამ NMES9----4----- წერილით აცნობა ქობულეთის საგანმანათლებლოს რესურსცენტს, რომ ინფორმაცია კო------------------------–--ს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში სწავლების შესახებ ვერ გაიცემოდა საარქივო დოკუმენტაციის არ არსებობის გამო. ამავე წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტაცია გადაცემული იყო ქობულეთის არქივისათვის.
ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით (ასლი) კონსტანტინ ფეოდორეს ძე სიდიროპულოზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი, ნომრით - 0-----.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული N01-------- საარქივო ცნობის თანახმად, ქობულეთის არქივში დაცული, ქობულეთის რაიონის დაგვას N2 რუსული საშუალოს სკოლის დოკუმენტებით, საშუალო განათლების ჩასაწერი წიგნით დასტურდება, რომ 1978-1979 სასწავლო წელს სიდიროპულო კონსტანტინ ფეოდორეს ძეს ჩაბარებული აქვს ატესტატის მისაღები გამოცდები და მიღებული აქვს საშუალო განათლების ატესტატი, ნომრით - 0-----. დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის განათლების ატესტატების ჩასაწერი წიგნის 1978-1979 სასწავლო წლების ჩანაწერის ბოლოს და აღნიშნული წიგნის დამამოწმებელ ფურცელზე (1970 წელი) დასმული ბეჭდიდან სკოლის დასახელება იკითხება ასე: სსსრ განათლების სამინისტრო აასსრ ქობულეთის რ-ნი დაგვას N2 საშ. სკოლა.
შენიშვნა: დაგვას N2 რუსული საშუალოს სკოლის 1978-1979 სასწავლო წლის ბრძანების წიგნი და პედაგოგიური საბჭოს სხდომების ოქმები ქობულეთის არქივში სახელმწიფო შესანახად არ შეტანილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 19 ნოემბრის NMES9----4----- წერილი;
- 2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- საარქივო ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3.სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 27 ნოემბრის NMES1---------- წერილით აცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ვერ ხერხდებოდა კო------------------------–--ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ნოემბრის NMES1---------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის N6----/გ გადაწყვეტილებით, კო------------------------–--ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
2018 წლის 26 დეკემბერს, კო------------------------–--მ (წარმომადგენელი - ალ------------------------–--) N2----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის 2018 წლის 30 ნოემბრის N6----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამ სამსახურისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის დავალება.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ არსებობის გამო, კო------------------------–--ს წარმომადგენლის, ალ------------------------–--ს 2018 წლის 15 ნოემბრის N50-------6 განცხადება გადაეგზავნა საინფორმაციო სისტემას, რომელმაც მიმართა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სადაც კო------------------------–--ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება არ დადასტურდა. ამდენად, საინფორმაციო სისტემამ ვერ მოახრეხა აღნიშნული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, რაც გახდებოდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ატესტატის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 აინვრის N01------/გ გადაწვეტილებით, მოსარჩელე მხარის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30.11. N6----/გ გადაწყვეტილება;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წ. 18.01 N01------/გ გადაწვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2019 წლის 4 თებერვალს, კო------------------------–--მ (წარმომადგენელი - ალ------------------------–--) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აღიარებული იქნას კო------------------------–--ს მიერ 1979 წელში, ქალაქ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0-----) მიღების ფაქტი.
სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის N3---/19 განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო - სსიპ განთლების მაღთვის საინფორმაციო სისტემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კო------------------------–--ს სასარჩელო განცხადება;
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რასაც მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ კო------------------------–-- სწავლობდა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) და 1979 წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი - N0-----.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 2018 წლის 19 ნოემბრის NMES9----4----- წერილით, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- საარქივო ცნობით, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით.
ამასთან, საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული მიხეილ თურმანიძის განმარტებით, რომელიც ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში კო------------------------–--ს ოჯახის მეზობლად და არის პედაგოგი, დაახლოებით 25 წელია იცნობს მოსარჩელეს და მის ოჯახს. მიხეილ თურმანიძემ სოფელ დაგვას საჯარო სკოლა დაასრულა 1971 წელს, ხოლო 1981 წელს დაიწყო მუშაობა პედაგოგად, ამავე სკოლაში. კო------------------------–-- დადიოდა და სწავლობდა სოფელ დაგვას N2 რუსულ საშუალო სკოლაში, რომლის სრული დოკუმენტაციაც შემდგომში გადაეცა სოფელ დაგვას საჯარო სკოლას და გაუერთიანდა მას. მიხეილ თურმანიძის განმარტებით, კო------------------------–-- ნამდვილად სწავლობდა სოფელ დაგვას N2 რუსულ საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 1979 წელს.
მოწმის სახით დაკითხული კოზმა სიდიროპულოს განმარტებით, იგი კო------------------------–--ს ბიძაშვილია და რამდენიმე წლით უმცროსია მასზე, თუმცა დანამდვილებით, იცის, რომ მოსარჩელე სწავლობდა სოფელ დაგვას N2 რუსულ საშუალო სკოლაში, რომლის დასრულების შემდგომაც მიიღო ატესტატიც. მოწმის ჩვენებით, კო------------------------–-- დაახლოებით 1993-1994 წლებში საქართველოდან გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც მისი ინფორმაციით, დაკარგა საშუალო განათლების ატესტატი.
ამდენად, მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კო------------------------–-- ნამდვილად სწავლობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას N2 რუსულ საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 1979 წელს და მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 15 ნოემბრის NMES218014----- წერილი
-2018 წლის 19 ნოემბრის NMES9----4----- წერილი;
-2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- საარქივო ცნობა;
-2018 წლის 27 ნოემბრის NMES1---------- წერილი;
-ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერი;
- მოწმეების, მ. თურმანიძისა და კ. სიდიროპულოს ჩვენებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს კო------------------------–--ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, 1979 წელს ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო (ზოგადი) განათლების ატესტატის მიღების ფაქტის აღიარების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღიარებითი სარჩელის წინაპირობები, კერძოდ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი; უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის საკითხი; ასევე უნდა დადგინდეს სარჩელის დასაშვებობა, ანუ მიკუთვნებითი/ვალდებულებითი სარჩელის შესაძლებლობა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები განმარტებულია შემდეგნაირად - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.
ატესტატი გაიცემა აგრეთვე საბაზო განათლების მიღების შემდეგაც.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საბაზო განათლების მიღების ფაქტის აღიარებით დგინდება, მხარის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი.
კერძოდ, საშუალო განათლების მიღების ფაქტის დადგენა მარინა ყალიჩავას აძლევს შესაბამისი ატესტატის დუბლიკატის მიღების უფლებას და მოსარჩელე გახდება საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი, ამასთან სახეზეა მოსარჩელის იურიდიული (კანონიერი) ინტერესი.
6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---ნ ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება:
ა)საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია - შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. ამასთან, ამავე წესის 7.16 მუხლის თანახმად პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კო------------------------–--სათვის ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) მიერ გაცემული ატესტატი დაკარგულია და საჭიროა მისი დუბლიკატის გაცემა.
მოსარჩელემ ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლა (ამჟამად - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დაამთავრა 1979 წელს, როდესაც ატესტატი გაიცემოდა ჯერ კიდევ სკოლის მიერ. ამჟამად ატესტატი (დუბლიკატი) გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---ნ ბრძანების შესაბამისად. ამასთან, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას იმპერატიულად არის გათვალისწინებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებობა, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ.
6.4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ კო------------------------–--მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
კო------------------------–--ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მოთხოვნაზე, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ N50-------6 განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 27 ნოემბერის NMES1---------- წერილით დადგინდა, რომ საინფორმაციო სისტემამ 2018 წლის 21 ნოემბერს N14----- წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას საარქივო სამმართველოს - ქობულეთის არქივს, გამოითხოვა კო------------------------–--ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რესურსცენტრის 2018 წლის 21 ნოემბრის N1501451 წერილით, სერვისების სააგენტოში გადაგზავნილი სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 2018 წლის 19 ნოემბრის N14----- კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების დოკუმენტაცია გადაეცა არქივს ცენტრალიზებულ დაცვაზე. რესურსცენტრის იმავე წერილით გადაგზავნილი არქივის 2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- კორესპოდენციის თანახმად, არქივში იძებნება მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი (ნაწარმოები რუსულ ენაზე). წერილში ასევე მითითებულია, რომ ქობულეთის რაიონის დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის 1978-1979 წლების ბრძანების წიგნები და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემამ ვერ შეძლო კო------------------------–--ს მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 27 ნოემბრის NMES1 1--------- წერილზე დაყრდნობით, სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 ნოემბრის N6----/გ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კო------------------------–--ს უარი ეთქვა 2018 წლის 15 ნოემბრის N50-------6 განცხადების დაკმაყოფილებაზე.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სკოლის მოქმედ ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ძველი თარიღით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კო------------------------–--ს სკოლაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული აქტების არსებობის აღიარება, ასევე შეუძლებელია სკოლას დაევალოს ძველი თარიღით აღნიშნული აქტების გამოცემა (აღდგენა). აღნიშნული აქტების არარსებობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს, კერძოდ ატესტატის დუბლიკატის მიღებაზე. ამავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---ნ ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“ არ არეგულირებს ადმინისტრირებას, მსგავს შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კო------------------------–--ს მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარება, გარდა აღიარებითი სარჩელით სასამართლოში მომართვისა, შეუძლებელია.
6.6. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ კო------------------------–-- სწავლობდა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) და აღნიშნულ სკოლაში 1979 წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი - N0-----.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება მოწმეთა მ. თურმანიძისა და კ. სიდიროპულოს ჩვენებებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 2018 წლის 19 ნოემბრის NMES9----4----- წერილით, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2018 წლის 20 ნოემბრის N01-------- საარქივო ცნობით, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ კო------------------------–--მ დაკარგა სრული საშუალო განათლების ატესტატი.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კო------------------------–-- ნამდვილად სწავლობდა ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) და 1979 წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0-----.
შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნეს, კონსტანტინ სიდიროპულოს მიერ 1979 სასწავლო წელს ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დამთავრების და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 25-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.კონსტანტინ სიდიროპულოს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
-აღიარებული იქნას კო------------------------–--ს მიერ 1979 სასწავლო წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვას N2 რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0-----) მიღების ფაქტი;
2.მოპასუხე მხარეს, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლას კო------------------------–--ს სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიპორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე