გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4478-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ო------------------ა
წარმომადგენელი - თ----------------ე
მოპასუხეები:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - კ-------------–---–ი და ხ---------------ე
2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ი-------------–----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანება;
1.3. დაევალოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ო------------------ას 2018 წლის 16 მაისის NA-------- განცხადების საფუძველზე გამოსცეს დადებითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (თანხმობა), N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანებით მის საკუთრებაში არსებულ, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, დ----–----------–------–---------------------------------------) დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. ო------------------ამ 2018 წლის 16 მაისის №A-------- განცხადებით მოითხოვა მითითებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, რაზეც უარი ეთქვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანებით უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაკმაყოფილდეს მისი განცხადება N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია ადმინისტრაციულ ორგანოთა კომპეტენციის ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ო------------------ას სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 10.10.2017წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.10.2017წ. (ს.ფ. 19-20).
3.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქ ო------------------ას 2017 წლის 23 ოქტომბრის №A-------- განცხადება და დამტკიცდა ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. ამ უკანასკნელის თანახმად, უძრავი ქონება მდებარეობს საცხოვრებელი ზონა 1-ში (სზ-1).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ. 21-26).
3.3. ო------------------ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2018 წლის 16 მაისს წარდგენილი №A-------- განაცხადით, ამავე სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე უძრავ ნივთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 23 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ო------------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დადგინდა ხარვეზები ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანილი ხე-ნარგავების გენერალურ გეგმაზე სრულყოფილად დატანასთან, შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმებთან, ასევე, შენობა-ნაგებობის ჭრილებთან და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემასთან დაკავშირებით.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №3------ გადაწყვეტილებით ო------------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დადგინდა რიგი ხარვეზები შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმებთან, ასევე, შენობა-ნაგებობის ჭრილებთან დაკავშირებით.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო------------------ას 2018 წლის 16 მაისის №A-------- განაცხადი ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე უძრავ ნივთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს. ის ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი და არის გამწვანებული ტერიტორია, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 23 მაისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 126-128);
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 28 მაისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-125);
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 120-122).
3.4. ო------------------ა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3------ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და 2018 წლის 4 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ო------------------ას 2018 წლის 4 ივლისის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3------ გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ო------------------ას ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 101-108);
- განცხადების/საჩივრის მიღების ბარათი (ს.ფ. 100);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანება (ს.ფ. 38-45).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ო------------------ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5 ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვალს №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელეს და რომლითაც დაევალება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ო------------------ას 2018 წლის 16 მაისის NA-------- განცხადების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება - N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ახალ მშენებლობაზე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსაკუთრებული იერარქიის ნებართვას და, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან, ამავე დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
ამდენად, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ ახალი მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მოპოვება. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ წინა სტადიაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის დაწყება, მშენებლობის ნებართვის სტადიები წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ სტადიებს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გულისხმობს, რომ პირველ სტადიაზე ხდება საპროექტო ტერიტორიის შეფასება ქალაქთმშენებლობითი კუთხით, მეორე ეტაპზე - დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გათვალისწინებით წარდგენილი, არქიტექტურული პროექტის შესაბამისობის დადგენის კუთხით, მესამე ეტაპზე - შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად და თითოეულ სტადიაზე საკითხი განიხილება სტადიის შესაბამისი კუთხით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანებით დამტკიცდა ო------------------ას კუთვნილი, ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით.
ასევე, დადგენილია, რომ ო------------------ამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2018 წლის 16 მაისს წარდგენილი №A-------- განაცხადით, ამავე სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანების საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე უძრავ ნივთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 23 მაისის №3------ და 2018 წლის 28 მაისის №3------ გადაწყვეტილებებით ო------------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დადგინდა რიგი ხარვეზები წარდგენილ არქიტექტურულ პროექტთან მიმართებაში.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო------------------ას 2018 წლის 16 მაისის №A-------- განაცხადი ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე უძრავ ნივთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქალაქისთვის მნიშვნელოვან, რეკრეაციული მახასიათებლების მქონე სივრცეს. ის ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით: ადგილმდებარეობა, ხე-ნარგავები, ხედვითი არეალი და არის გამწვანებული ტერიტორია, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას.
ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე - არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე საპროექტო ტერიტორიის გამწვანების საფუძვლით უარყოფითი გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი; ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი; გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.
ამასთან, მითითებული დადგენილების მე-6, მე-7 და მე-9 მუხლები დეტალურად განსაზღვრავენ რომელი მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთებს, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთებს და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო მიწის ნაკვეთს წარმოადგენს ისეთი ტერიტორია, რომელიც მოქცეულია საცხოვრებელ ზონა 1-ის საზღვრებში, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლოდ შეზღუდულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო------------------ას კუთვნილი, ქ. თბილისში, დ----–------, ე-–------–---------“ ტერიტორიაზე, ნაკვეთი №8--–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 1-ში, რაც განისაზღვრა კიდეც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა მითითებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია). შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საპროექტო ტერიტორია ფუნქციური ზონების მიხედვით წარმოადგენს არა სამშენებლოდ შეზღუდულ, არამედ სამშენებლო მიწის ნაკვეთს.
სასამართლო აქვე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 43-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობა. კერძოდ, განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ, მათ შორის, მიწის ნაკვეთის სახეობას გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად და ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს.
ამდენად, საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე, რაც განხორციელდა კიდეც. როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ნოემბრის №3------ ბრძანებით, რომლის თანახმადაც, საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 1-ში, მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება საპროექტო ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი ანდა შესაძლებელი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად არქიტექტურული პროექტის შეთანხმება საცხოვრებელ ზონა 1-ში მდებარე საპროექტო მიწის ნაკვეთზე მაშინ, როდესაც სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის კონკრეტული ბრძანებით დადგენილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, მართალია, მშენებლობის ნებართვის წინა სტადიაზე გაცემული გადაწყვეტილება ავტომატურად არ გულისხმობს შემდეგ ეტაპების გავლას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე შესაფასებელ გარემოებას ერთმანეთისაგან გამოყოფს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ დაასაბუთეს არის თუ არა შესაძლებელი ნებართვის მაძიებელს უარი ეთქვას მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე ან მესამე სტადიაზე წინა სტადიით გათვალისწინებული საფუძვლით და რა ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ შესაძლებლობას. გარდა ამისა, სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, ეს უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანება საერთოდ დაუშვებელია. როგორც უკვე აღინიშნა, გამწვანებული ტერიტორია, რომელიც სარეკრეაციო ზონაშია მოქცეული წარმოადგენს არა შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, სადაც არ შეიძლება მშენებლობა, არამედ სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთს, სადაც რიგი მოთხოვნების გათვალისწინებით, მშენებლობა ნებადართულია.
ამასთან, რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვალს №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების შესაბამისად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქალაქ თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო და ვალდებულია იზრუნოს ქალაქის იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით განსაზღვროს კონკრეტული ტერიტორიის სამომავლოდ განვითარების მიზანშეწონილობის საკითხი, თუმცა ეს უნდა განახორციელოს კანონმდებლობის, ასევე, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონის, ქალაქის განვითარებისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების გზით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე მხარემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გამწვანებულ ტერიტორიას წარმოადგენდა საპროექტო მიწის ნაკვეთი, თუმცა მან არ გაითვალისწინა მიწის ნაკვეთის მდებარეობა სამშენებლოდ ნებადართულ ფუნქციურ ზონაში და ასევე, ის ფაქტი, რომ სამშენებლო განვითარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით მას უკვე ჰქონდა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების სახით.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის ხელახლა გამოცემისას უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის გაითვალისწინოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები, ასევე, შეაფასოს ადგილი ხომ არა აქვს იდენტურ შემთხვევებში სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას და ამის შემდეგ, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით (ს.ფ. 76) დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2019 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებითა და 2019 წლის 12 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერით (ს.ფ. 64-71) დასტურდება, რომ ო------------------ამ შპს „ნ------------“ მისი თანამშრომლის საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 500 (ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი - 1613,47 ლარი. ამასთან, ო------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, ასევე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - საადვოკატო მომსახურების თანხა - 500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის №2-- ბრძანება;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №3------ გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;
4. მოპასუხეებს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. მოპასუხეებს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ წარმომადგენელის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე