გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210019002884266
საქმე №477-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.01..2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - ლ---ნ ჭ--–ვილი;
წარმომადგენელი - ფ-----ონ ბასილაია;
მოპასუხე - მ----ა გ---–ელაძე;
წარმომადგენელი - ზ---– გ-----იძე;
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ლ---ნ ჭ--–ვილს და მ----ა გ---–ელაძეს შორის 2015 წლის 8 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მეუღლეებს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად, თუმცა მოპასუხე არ არის თანახმა შეწყდეს მათი ქორწინების რაგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ----ა გ---–ელაძემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. ამასთან, მოითხოვა შესარიგებელ ვადის განსაზღვრა სასამართლოს მიერ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ლ---ნ ჭ--–ვილი იმყოფება საბერძნეთში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ.სარჩელი და შესაგებელი);
3.1.2. ლ---ნ ჭ--–ვილი და მ----ა გ---–ელაზე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 8 იანვარდან და ჰყავთ ერთი შვილი, 2016 წლის 27 სექტემბერს დაბადებული ე-–--ი ჭ--–ვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა და დაბადების მოწმობა (ს.ფ. 12, 13).
3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით მხარეებს განესაზღვრათ შერიგების ვადა, 2019 წლის 01 დეკემბრამდე, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მაინც არ დაუჭირა მხარი ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან არსებობს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1112-ე, 1127-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით, მხარეებს განესაზღვრათ შერიგების ვადა, 2019 წლის 01 დეკემბრამდე, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამდენად, მოცემულ ეტაპზე ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---ნი ჭ--–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ლ---ნი ჭ--–ვილს და მ----ა გ---–ელაძეს შორის სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 8 იანვარს №68153000019 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. მ----ა გ---–ელაძეს ლ---ნი ჭ--–ვილის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე