გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
010210017002198298
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002198298

2-4766/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27/11/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - გ---- დ-------ე

წარმომადგენელი - ვ--------–-----–------------ დ-------ე

მოპასუხე - სს "ს--–-----ი"

წარმომადგენელი - ირ---–-------–---–-----–-----------------ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს ‘’თ---–----------------------–----------’’

წარმომადგენელი--------------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

გ---- დ-------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს სს "ს--–-----ს" მის სასარგებლოდ დაეკისროს 15 300 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის ივლისის თვეში გ---- დ-------ემ შპს „ჯ------–ს“ ქირით გადასცა 15 კვ.მ. ფართი, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში ი---------------------ში. შპს „ჯ------–ს“, 2016 წლის 15 ივლისიდან მოსარჩელისათვის ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 900 ლარი. შეთანხმების შემდეგ შპს „ჯ------–მა“ ქირით აღებულ ფართში დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ფიდერები და ანტენები. მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხის მიერ ტექნიკური მოწყობილობების დემონტაჟისა და მოსარჩელის კუთვნილი ფართიდან გატანის შემდეგ. ქირავნობის პერიოდი შეადგენდა 2016 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდს. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და ქირა არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 15 300 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

სს "ს--–-----ი" სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ სს ,,ს--–-----ი“ შპს ,,ჯ------–ის“ უფლებამონაცვლეა. შპს „ჯ------–ს“ და გ---- დ-------ეს შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად სს ,,ს--–-----ს“ გ---- დ-------ის სასარგებლოდ ქირის თანხა გადასახდელი არ აქვს.

 

2.1. მესამე პირის პოზიცია:

შპს ‘’თ---–----------------------–----------’’ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ და შპს „ჯ------–ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ‘’თ---–----------------------–----------“, შპს ,,,,ჯ------–ის“ ტექნიკური დანადგარების განთავსებისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა პირებთან. შეთანხმების შემდეგ ქირით ღებულობდა ფართებს და მასში ამონტაჟებდა შპს ,,ჯ------–ის“ ტექნიკას. ქირის თანხის გადახდას კისრულობდა შპს ,,ჯ------–ი“. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მათ დაინტერესდნენ გ---- დ-------ის ფართით. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და მოილაპარაკეს თვეში 700 ლარის ქირის სახით გადახდის სანაცვლოდ მისი კუთვნილი 15 კვ.მ. ფართის ქირავნობაზე. ქირავნობის ხელშეკრულება წარმოშობილად ჩაითვლებოდა ტექნიკური დანადგარების დამონტაჟებისა და სიგნალის ჩართვის მომენტიდან. შეთანხმების შემდეგ მათ გ---- დ-------ის ფართში განათავსეს მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ფიდერები და ანტენები. მათი განთავსების შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა. შესაბამისად აღარ წარმოშობილა ქირის გადახდის ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წელში შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ და შპს „ჯ------–ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ ვალდებულებას წარმოადგენდა შპს“ ჯ------–ისათვის“ გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: - დ-----–---------------–--ს სხვადასხვა რეგიონებში საბაზო სადგურებისათვის ადგილმდებარეობის მოძიება, იმ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომელთა საკუთრებაშიც უნდა განთავსებულიყო საბაზო სადგურები, შესაბამისი ნებართვების მიღება, ხელშეკრულების გაფორმება და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წერილი. ს.ფ. 94-95

 

3.1.2. შპს ‘’თ---–----------------------–----------“ დაინტერესდა ქ. ბათუმი, ი---------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 0-.3-.0-.2--.0-----) შპს“ ჯ------–ის“ ტექნიკის განთავსებით. დასახელებულ მისამართზე მდებარე შენობა გ---- დ-------ის საკუთრებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 69-70;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წარმომადგენლები შეხვდნენ გ---- დ-------ეს და მოელაპარაკნენ მის კუთვნილ შენობის ფართის ქირავნობაზე. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და შეთანხმების შემდეგ შპს „ჯ------–თან“ არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს ‘’თ---–----------------------–----------მ“ გ---- დ-------ის კუთვნილ შენობაზე (15.კვ.მ ფართი) განათავსა/დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 69-70;

-ფაქტების კონსტანტაციის მასალები. ს.ფ. 64-68;

- ფოტო სურათები. ს.ფ. 17-20.

 

3.1.4. გ---- დ-------ის კუთვნილ შენობაზე შპს ,,ჯ------–ის“ ტექნიკური მოწყობილობების განთავსებამ მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი წინააღმდეგი იყვნენ შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ გ---- დ-------ის შენობის სახურავზე განეთავსებინა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა. მათ შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.5. მხარეებს შორის ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ნოემბერს გ---- დ-------ის შენობის სახურავზე დამონტაჟებულ ტექნიკურ მოწყობილობებს გაუკეთდა დემონტაჟი და ტექნიკა გადაეცა შპს ,,ჯ------–ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 90

 

3.1.6. გ---- დ-------ის შენობის სახურავზე დამონტაჟებულ ტექნიკურ მოწყობილობები ექსპლოატაციაში არ გაშვებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 90

 

3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ქ. ბ---------------მ შპს ,,ჯ------–ის“ ტექნიკის გ---- დ-------ის შენობის სახურავზე განთავსების ნებართვა არ მისცა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.8. საქმის განხილვის მომენტისათვის შპს ,,ჯ------–ში“ განხორციელებულია რეორგანიზაცია, რის შემდეგადაც ის შეერწყა სს ,,ს--–-----ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 97-99

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებისათვის ძირითადი სადაო გარემოებებია:

- ქირავნობის ხელშეკრულების დადება;

- ქირის ოდენობა;

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული სადაო გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხევაში უნდა დადგინდეს მხარეებს შორის დადებულია თუ არა ქირავნობის ხელშეკრულება. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ქირავნობის ფაქტი. მანვე უნდა ამტკიცოს ქირის ოდენობაც.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.6. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ გ---- დ-------ეს შეხვდა შპს ‘’თ---–----------------------–----------ს’’ წარმომადგენელი და მოსთხოვა გარკვეული ქირის გადახდის პირობით, ფართის შპს ,,ჯ------–ისათვის“ გადაცემა. გ---- დ-------ემ მიიღო მისი წინადადება და შპს ‘’თ---–----------------------–----------ს’’ წარმომადგენელს შპს ,,ჯ------–ის“ ანტენებისა და სხვა მოწყობილების განთავსებისათვის ქირით გადასცა ფართი. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს, როგორც მოპასუხე, ისე მესამე პირიც. აღნიშნული ფაქტი არის თუ არა ქირავნობა, სწორედ ამას ხდის მოპასუხე სადაოდ. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ურთიერთობა შეიძლება თუ არა დაკვალიფიცირდეს ქირავნობად, აღნიშნული არაა ფაქტობრივი გარემოება. ქმედების შეფასება ფაქტი არაა. თუმცა მისი შეფასებისა და კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია გაირკვეს მხარეებს შორის არსებული კონკრეტული ურთიერთობის შინაარსი, მათ შორის მხარეთა ნების გამოვლენის საკითხი. სადაო ფაქტების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ქირავნობის არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მან ქირის სანაცვლოდ მოპასუხეს გადასცა ფართი. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ქონების ქირით გადაცემის დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტული მტკიცებულება რიგ შემთხვევაში შეიძლება ადასტურებდეს ქირავნობაზე შეთანხმებას, რიგ შემთხვევაში კი არა. წინამდებარე შემთხვევაში ამ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად უნდა გავაანალიზოთ ის ურთიერთობები, რაც მხარეებს შორის არსებობს. მტკიცებულებებით დგინდება ფაქტების შემდეგი თანამიმდევრობა:

- შპს ‘’თ---–----------------------–----------“, შპს „ჯ------–ის“ დავალებითა და მისი სახელით შპს“ ჯ------–ის“ საბაზო სადგურებისათვის არჩევს ადგილებს, მოლაპარაკებებს აწარმოებს მესაკუთრეებთან, ათანხმებს ქირავნობის დეტალებს, ღებულობს შესაბამისი ნებართვებს და ამონტაჟებს ტექნიკას;

- შპს ‘’თ---–----------------------–----------მ“ მოიწონა ქ. ბათუმი, ი-------ის I---------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ 0-.3-.0-.2--.0-----);

- ქ. ბათუმი, ი---------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ 0-.3-.0-.2--.0-----) გ---- დ-------ის საკუთრებაა

- შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წარმომადგენლები შეხვდნენ გ---- დ-------ეს და მოსთხოვეს ქონების ქირით გადაცემა;

- გ---- დ-------ე დაეთანხმა ქონების ქირით გადაცემას;

- შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წარმომადგენლებმა გ---- დ-------ის კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე (სახურავზე) განათავსეს/დაამონტაჟეს მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები.

ეს გარემოებები მხარეებისათვის სადაო არაა. მიუხედავად ამისა მოპასუხე და მესამე პირი თვლიან, რომ მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 69-70;

- ფაქტების კონსტანტაციის მასალები. ს.ფ. 64-68;

- ფოტო სურათები. ს.ფ. 17-20.

- შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წერილი. ს.ფ. 94-95

- მესამე პირების სასარგებლოდ დადებული გარიგებები. ს.ფ. 135-154

 

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ყველაზე ზუსტი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს მხარეთა ურთიერთობის დეტალები, ესაა ხელშეკრულება. თუ საქმეში იქნებოდა ასეთი წერილობითი ხელშეკრულება, მაშინ სასამართლო იხელმძღვანელებდა ამ კონკრეტული ხელშეკრულების ჩანაწერებით და გაარკვევდა თუ რაზე შეთანხმდენ მხარეები. ასეთი სიტუაციაში საკითხის გადაწყვეტა გაცილებით იოლია. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ მხარეებს წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დაუდვიათ და არარსებობს დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება მხარეთა უფლებები და მოვალეობები. ამ მიმართულებით მოპასუხის მტკიცება მასზედ, რომ მხარეებს შორის წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დადებულა, საფუძვლიანია. მოპასუხემ და მესამე პირმა წარმოადგინეს მესამე პირებთან დადებული გარიგებები. ამ გარიგებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ------–ი“ მობილური კავშირგაბმულობის აპარატურას ამონტაჟებდა ერთი სცენარით. კერძოდ, შპს ‘’თ---–----------------------–----------“, შპს „ჯ------–ის“ დავალებითა და მისი სახელით შეარჩევდა საბაზო სადგურებისათვის ადგილს, ქირავნობაზე მოელაპარაკებოდა მესაკუთრეს, ამონტაჟებდა მოწყობილობებს და მესაკუთრესთან დებდა ხელშეკრულებას. ქირას ხდიდა შპს ,,ჯ------–ი“. სხვა მეთოდით მათ ქირავნობის ხელშეკრულებები დადებული არ აქვთ (ყოველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არაა). ანალოგიურ ფაქტს აქვს ადგილი მოსარჩელის შემთხვევაშიც. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მხარეებს შორის გარიგება წერილობითი ფორმით არ დადებულა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობა ქირავნობაა. მთლიანად შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც ქირავნობისათვისაა დამახასიათებელი.

იხ. მესამე პირების სასარგებლოდ დადებული გარიგებები. ს.ფ. 135-154

 

3.2.8. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ქირის გადახდის ვალდებულება მაშინ შევიდოდა ძალაში, როდესაც გ---- დ-------ის შენობაზე განთავსებული ტექნიკა შევიდოდა ექსპლოატაციაში. ასეთ შეთანხმებას მოსარჩელე უარყოფს. მოპასუხემ ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის წარმოადგინა მესამე პირებთან დადებული გარიგებები და მოწმეთა ჩვენება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ყველა ხელშეკრულება ინდივიდუალურია. ,,ა“-სთან დადებული გარიგება არ გულისხმობს ,,ბ“-სთან იმავე შინაარსის გარიგების დადებას. გ---- დ-------ესთან დადებული გარიგების შინაარსი უნდა დადგინდეს მასთან დადებული გარიგებით. ამიტომ მესამე პირთან დადებული გარიგება ამ ფაქტის დადასტურებისათვის ,,უვარგისი“ მტკიცებულებაა.

 

3.2.9. მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენებათა შეფასება. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ მოწმეები გ---- დ-------ესთან ურთიერთობისას, წარმოადგენდნენ შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“, ანუ იმ საწარმოს, რომელიც მოპასუხის მხარესაა მესამე პირად ჩაბმული. სწორედ ამის გამო მათი ჩვენებები კრიტიკულადაა შესაფასებელი. მათი ჩვენების გაზიარებისათვის აუცილებელია სადაო ფაქტი მტკიცდებოდეს სხვა რომელიმე მტკიცებულებითაც. ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მოპასუხე ქირას გადაიხდიდა სიგნალის გაშვების შემდეგ, ასეთი ფაქტი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება. სწორედ აღნიშნულის გამო, მხოლოდ მოწმის ჩვენება არაა საკმარისი ამ ფაქტის დადგენისათვის.

იხ. მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.10. სიგნალის გაშვება არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მიზნებისათვის პირობით დადებულ გარიგებას, ამიტომ სიგნალის გაშვების პირობა ბათილი შეთანხმებაა და ზეგავლენას ვერ იქონიებს გარიგების შინაარსზე. თუ რატომა არაა პირობით დადებული გარიგება და შეთანხმება რატომ არის ბათილი, მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

 

3.2.11. შემდეგი საკითხია ქირის ოდენობის საკითხი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქირის ოდენობა შეადგენს 900 ლარს. მას ამ გარემოების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ აქვს.

 

3.2.12. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქირის ოდენობაზე მოსარჩელესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წარმომადგენელი ნ-----–---- ტ--------ე და დ----- ტ-------ე. ნ-----–---- ტ--------ემ განმარტა, რომ ქირის ოდენობა შეადგენდა 500 ლარიდან 900 ლარამდე. ზუსტი ციფრი მას არ ახსოვს. დ----- ტ-------ემ განმარტა, რომ თავდაპირველად შეთანხმდნენ 700 ლარზე. თუ გ---- დ-------ე ქირავნობის საფუძველზე გადაიხდიდა გადასახადს, მაშინ ქირის ოდენობა იქნებოდა 900 ლარი. თუმცა მას ეს საკითხი უფლებამოსილ პირებთან არ შეუთანხმებია. 700 ლარის ქირაზე კი შპს ,,ჯ------–ის“ თანხმობა თავიდანვე არსებობდა. დ----- ტ-------ის ჩვენება დაადასტურა გ---- დ-------ის წარმომადგენელმა რ----- დ-------ემაც. მათი განმარტებების საფუძველზე სასამართლო ქირის ოდენობად ადგენს თვეში 700 ლარს.

იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები

იხ. მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.13. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელშეკრულებო პერიოდი მოიცავს ტექნიკის დამონტაჟებიდან, ანუ 2016 წლის ივლისის თვიდან ტექნიკის დემონტაჟამდე, ანუ 2017 წლის 29 მარტამდე პერიოდს.

იხ. მოწმეთა ჩვენება.

- მიღება-ჩაბარების აქტი.ს.ფ. 90

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია ანტენებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების განთავსებისათვის შეთანხმებული ქირა თვეში 700 ლარი, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. შპს "ს--–-----ს" გ---- დ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 11 200 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

_ საქართველოს კონსტიტუცია;

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

გ---- დ-------ე ამტკიცებს, რომ შპს ,,ჯ------–მა“ მისგან დაიქირავა და 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის 29 მარტამდე ფლობდა ქ. ბათუმში ი---------------------ში მდებარე 15 კვ.მ. ფართს. მოპასუხეს ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 900 ლარი. მან ქირა არ გადაიხადა. აღნიშნული გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. თუ მოპასუხემ დაიქირავა მოსარჩელის ფართი და ქირა არ გადაიხადა, ბუნებრივია მის ამ ქმედებას მიეცემა მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაცია. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი აღძრას და მოპასუხის მიერ ქირის თანხის გადახდა მოითხოვოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სკ-ის 531-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა“.

 

მოპასუხემ ქირავნობის ხელშეკრულების დადება თავიდანვე სადაო გახადა. მას ქირავნობის არარსებობის დასაბუთებაში მხარი დაუჭირა მესამე პირმა. ქირავნობის ხელშეკრულების დადებაზე სადაოობის გამო, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შინაარსზე. სასამართლომ, ამ გადაწყვეტილების 3.2.7. (ასევე ზოგადად 3.2.8.-3.2.10.) პუნქტში განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ქირავნობაა. ქირავნობის ნამდვილობისათვის აუცილებელია ქირავნობასთან დაკავშირებით გამქირავებლისა და დამქირავებლის ნების თავისუფალი გამოვლინება. ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან ქირავნობის არსებით პირობებზე და არსებითი პირობების შეთანხმების შემდეგ გამოხატავენ ნებას ხელშეკრულების დადებაზე, რის შემდეგაც გამქირავებელი დამქირავებელს სარგებლობაში გადასცემს ფართს. თავის მხრივ დამქირავებელი ღებულობს ვალდებულებას დათქმულ დროს გადაუხადოს ქირა. სწორედ ეს შინაარსია ქირავნობისათვის დამახასიათებელი. დადგენილია და სადაოც არ არის ის გარემოება, რომ გ---- დ-------ესთან საწყის ეტაპზე შპს ,,ჯ------–ის“ წარმომადგენელს კომუნიკაცია არ ჰქონდა. ის, რომ შპს ,,ჯ------–ის“ წარმომადგენელი მოსარჩელეს არ შეხვედრია, არ ნიშნავს მას, რომ მხარეეთა ნება ნაკლიანია და რომ მოპასუხეს ქირავნობაზე ნება არ გამოუხატია. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წელში შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ და შპს „ჯ------–ს“ შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ‘’თ---–----------------------–----------“, შპს“ ჯ------–ის“ საბაზო სადგურებისათვის არჩევდა ადგილებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდა მესაკუთრეებთან, ათანხმებდა ქირავნობის დეტალებს, ღებულობდა შესაბამისი ნებართვებს და ამონტაჟებდა ტექნიკას. შესაბამისად შპს ‘’თ---–----------------------–----------“, გ---- დ-------ესთან მოლაპარაკებისას წარმოადგენდა შპს ,,ჯ------–ს“. შესაბამისად მის მიერ გამოვლენილი ნება შპს ,,ჯ------–ის“ ნების გამოვლენას ნიშნავს. დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ‘’თ---–----------------------–----------მ“ მოიწონა ქ. ბათუმი, ი-------ის I---------ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ 0-.3-.0-.2--.0-----), რომელიც გ---- დ-------ის საკუთრებაა. შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ წარმომადგენლები შეხვდნენ გ---- დ-------ეს და მოსთხოვეს ქონების ქირით გადაცემა. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ გ---- დ-------ე შპს ,,ჯ------–ს“ ქირით გადაცემდა 15 კვ.მ. ფართს, სადაც შპს ‘’თ---–----------------------–----------“ დაამონტაჟებდა შპს ჯ------–ის“ ტექნიკას. სანაცვლოდ შპს ,,ჯ------–ი“ ქირის სახით გადაიხდიდა თვეში 700 ლარს. შეთანხმების შემდეგ შპს ‘’თ---–----------------------–----------მ“ გ---- დ-------ის კუთვნილი შენობის ბოლო სართულზე (სახურავზე) განათავსა/დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები.

 

6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იყო შემდეგი ქმედებები:

- შპს ‘’თ---–----------------------–----------ს“ დასამონტაჟებელი ჰქონოდა შპს ,,ჯ------–ის“ ტექნიკა;

- შპს ‘’თ---–----------------------–----------“, შპს ,,ჯ------–ის“ სახელით გ---- დ-------ეს შეთანხმებოდა ქირის გადახდას.

- შპს ,,ჯ------–ის“ ტექნიკა განთავსებულიყო გ---- დ-------ის შენობაზე.

ამ საკითხებზე შეთანხმება და შეთანხმების რეალიზება გულისხმობს უფლებამოსილი პირების მიერ ნების თავისუფალ გამოვლინებას. სწორედ ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დადებულია ქირავნობის ხელშეკრულება.

 

6.5. მოპასუხე მიუთითებს პირობით დადებულ გარიგებაზე. ამტკიცებს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება წარმოშობილად ჩაითვლებოდა მოსარჩელის შენობაზე განთავსებული მოწყობილობებიდან სიგნალის გაშვების შემდეგ. ასეთი პირობა ახლოს დგას პირობით დადებულ გარიგებასთან. სხვა შეფასება მოპასუხის განმარტებას ვერ მიეცემა. პირობითი გარიგების საკითხები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 90-98-ე მუხლებით. პირობითი გარიგების ინსტიტუტი გარიგების მონაწილეებს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ გარიგებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა დამოკიდებული გახადონ სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე. მოვლენა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად, თუკი იგი ობიექტურადაც და მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია. სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლი შეიცავს პირობის ბათილობის ერთეთ შემთხვევას. კერძოდ ბათილად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობაც გარიგების მხარეებზეა დამოკიდებული. თუ პირობის დადგომა დამოკიდებულია მხარის ნებაზე, მაშინ მისი ამოქმედება სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მისი ამოქმედება დამოკიდებულია მხარის ნება-სურვილზე. ნებაზე დამოკიდებული პირობითი გარიგება კი ბათილი გარიგებაა. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ ქირის გადახდის ვალდებულება სიგნალის გაშვების პირობაზე ყოფილიყო შეთანხმებული. თუმცა ასეთი რამ, რომც დადგენილიყო, ეს იქნებოდა ბათილი გარიგება, რადგანაც სიგნალის გაშვება არ წარმოადგენს სამომავლო და უცნობ მოვლენას. იგი მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული ქმედებაა. პირობით დადებული გარიგება იქნებოდა შეთანხმება მერიისაგან ნებართვის მიღებაზე. მხარეები ასეთ საკითხზე არ შეთანხმებულან. მოპასუხე მხოლოდ სიგნალის გაშვების პირობას ასახელებს ქირავნობის ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობად. ასეთი შეთანხმება კი ბათილი შეთანხმებაა და იგი ქირავნობის ურთიერთობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს.

 

6.6. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შპს ,,ჯ------–ს“, როგორც დამქირავებელს უფლება ჰქონდა გ---- დ-------ისაგან მოეთხოვა დაქირავებული ფართის გადაცემა. გ---- დ-------ემ ეს პირობა შეასრულა: - მოპასუხეს გადასცა ქირავნობის ობიექტი, სადაც შპს ‘’თ---–----------------------–----------მ“ განათავსა/დაამონტაჟა მობილური კავშირგაბმულობის აპარატურა, მოწყობილობები, ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები. ამ მოქმედების შესრულების შემდეგ მოპასუხე მოვალე იყო, გ---- დ-------ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ქირა გადაეხადა დათქმულ დროში. მოპასუხეს ფართი სარგებლობაში ჰქონდა 2016 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 29 ნოემბრამდე. მას ამ პერიოდში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 700 ლარი. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და ქირა არ გადაიხადა. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დაარღვია მოსარჩელის ქონებრივი უფლება. ვალდებულების შესრულებისა და მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16 თვისა და 14 დღის ქირის გადახდა, სულ 11526,66 ლარის ოდენობით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია 11 526,66 ლარის ნაწილში. სხვა ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარეებს შორის ქირავნობა, რომც არ იყოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოპასუხე მაინც ვალდებული იქნებოდა მოსარჩელეს ზიანი აუნაზღაუროს კონდიქციური ვალდებულების პრინციპით (სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა ქირავნობაა და ამიტომ მათი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ქირავნობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 15 300 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 510 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 125,78 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 384,22 ლარის გადახდა.

 

7.3. მესამე პირი წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 2360 აშშ დოლარის და მგზავრობის ხარჯები 150 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილება გამორიცხავს მოსარჩელეს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ---- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სს "ს--–-----ს" გ---- დ-------ეს სასარგებლოდ დაეკისროს 11 526,66 ლარის გადახდა;

3. სხვა თანხის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს "ს--–-----ს" გ---- დ-------ეს სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 384,22 ლარის ანაზღაურება.

5. გ---- დ-------ეს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 125,78 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე