გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
211210019003233582
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/077-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2020 წ. ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

ადიგენის მუნიციპალიტეტში

მაგისტრატი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

მოსარჩელე: შპს „ფი------------------“

წარმომადგენელი: ნ---------–---–---–ი

მოპასუხე: ც------------–--ე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე)

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე ც------------–--ეს დაეკისროს შპს „ფი------------------ს“ სასარგებლოდ:

1. შპს „ფ--------–---------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი - ძირი თანხა 450 ლარის ოდენობით (სესხის ძირი);

2. შპს „ფ--------–---------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი საკომისიო(პროცენტი) – 69 ლარი;

3. შპს „ფ--------–---------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა(პირგასამტეხლო) – 678.68 ლარის ოდენობით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2018 წლის 26 ოქტომბერს შპს „ფ--------–---------------------მ“ მსესხებელ ც------------–--ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფი------------------ს“ სასარგებლოდ.

2016 წლის 03 ოქტომბერს ც------------–--ემ შეავსო განაცხადი „m-------.ge”-ზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რის საფუძველზედაც კომპანიის მიერ მოხდა სესხის დამტკიცება და მის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამის საკომისიოსთან (69 ლარი) ერთად, ჯამში - 519 ლარი, მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულების დასაფარად 2018 წლის 12 ნოემბრის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც ვალდებულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლომ შეადგინა - 678.68 ლარი. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მსესხებლე ეკისრება პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით: სესხის თანხისა და სესხის მომსახურების საკომისიოს ჯამური ოდენობის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია საკომისიოს დაკისრების საფუძვლები, აქედან გამომდინარე მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს ძირი თანხას - 450 ლარს, საკომისიოს - 69 ლარსა და პირგასამტეხლოს - 678.68 ლარს, ჯამში - 1197.68 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ც------------–--ემ სარჩელი არ ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას სესხები გაუნულა ფონდმა „ქ-------მ“. ამასთან მიუთითა პროცენტისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 03 ოქტომბერს ც------------–--ემ შეავსო განაცხადი „m-------.ge”-ზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რის საფუძველზედაც კომპანიის მიერ მოხდა სესხის დამტკიცება და მის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამის საკომისიოსთან (69 ლარი) ერთად, ჯამში - 519 ლარი, მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულების დასაფარად 2016 წლის 12 ნოემბრის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია, რის გამოც ვალდებულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლომ შეადგინა - 678.68 ლარი.

 

3.1.2. მოპასუხე ც------------–--ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება;

· მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;

· გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ც------------–--ის მიმდინარე დავალიანება შპს „ფი------------------ს“ წინაშე შეადგენს ძირი თანხა - 450 ლარს, საკომისიო - 69 ლარსა და პირგასამტეხლო - 678.68 ლარს, ჯამში - 1197.68 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:

· მხარეთა ახსნა-განმარტებები;

· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება;

· მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;

· გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ვალდებულება ბანკის მიმართ შესრულებულია ფონდი ,,ქ-------ს" მიერ რადგან, აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს „ფი------------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 624-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.

2016 წლის 03 ოქტომბერს ც------------–--ემ შეავსო განაცხადი „m-------.ge”-ზე და მოითხოვა სესხი 450 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 450 ლარის ოდენობით, საკომისიოს - 69 ლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%. ც------------–--ე ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული კრედიტის თანხა დაეფარა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს „ფი------------------ს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ც------------–--ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი. ც------------–--ე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა 28/10/2016-მდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (შპს „ფი------------------სა’’ და ც------------–--ეს) შორის 03/10/2016 გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება დარღვეული იქნა ც------------–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას კრედიტორის წინაშე დადგენილ ვადაში სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შპს „ფი------------------ს“ წინაშე შეადგენს ძირი თანხას - 450 ლარს,6.2. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა სასყიდლიანი კრედიტი, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის სარგებლის გადახდის ვალდებულებაც რაც შეადგენს 69 ლარს, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 678.68 ლარს, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს. ასევე გასათვალისწინებელია ც------------–--ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო პირდაპირ თანხობრივად, რის გამოც პირგასამტეხლო, რაც სესხის ხელშეკრულებაზე შეადგენს 678.68 ლარს უნდა შემცირდეს 50 ლარამდე და ც------------–--ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს „ფი------------------ს“ სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: `პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.~

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~

ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს”.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ც------------–--ეს, მოსარჩელე შპს „ფი------------------ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 50 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ფი------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ც------------–--ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „ფი------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხა - 450 ლარი, საკომისიო - 69 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი;

3. მოპასუხე ც------------–--ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „ფი------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახლემწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ადიგენის მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი