გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002608148
საქმე №2/2864-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.12.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - მ----------------ე;
წარმომადგენელი- ა---------ე;
მოპასუხე - შპს ჭ---ი, თ----------------------ი;
წარმომადგენელი- ი-–---------–--ე, ვ-----------------ე;
დავის საგანი - მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - შპს „ჭ---ი„-ს და თ----------------------ს, ლ-----–---------ას სასარგებლოდ დაეკისროს, მამის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის გამო, ყოველთვიური სარჩო 1000 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე;
1.2. თ----------------------ს დაეკისროს ნ-----–-----–---------ის მიმართ არსებული დავალიანების 2500 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მ----------------ის სიძე ნ-----–-----–---------ი 2018 წლის 21 მარტიდან მუშაობდა შპს „კ-----------------ე„-ს მშენებლობაზე, ი/მ თ----------------------თან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. 2018 წლის 28 მარტს ნ-----–-----–---------ი გარდაიცვალა შპს „კ-----------------ე„-ზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად შპს „კ------------------ე„-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის შესრულების დაკვეთა მოხდა მოპასუხე შპს „ჭ---ი„-ს მიმართ, რომელიც იყო ძირითადი შემსრულებელი სამშენებლო ობიექტზე სადემონტაჟო საქმიანობის. შპს „ჭ---მა„ სიტყვიერი შეთანხმებით სამუშაოების შესრულება შესთავაზა მოპასუხე თ----------------------ს.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იყო შპს „ი-------------------------ის„ მიერ გაცემული დემონტაჟის პროექტი, რომელიც მოიცავდა უსაფრთხოების ნორმების დაცვას მშენებლობის პროცესში, რამაც გამოიწვია დასაქმებული ნ-----–-----–---------ის სიკვდილი.
ნ-----–-----–---------ს ჰყავს შვილი ლ-----–---------ი. ნ-----–-----–---------ის ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1000 ლარს.
ნ-----–-----–---------ის მიმართ თ----------------------ს ჰქონდა სახელფასო დავალიანება 2500 ლარის ოდენობით. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს „ჭ---ი„-ს წარმომადგენელმა და მოპასუხე თ-------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ნ-----–-----–---------ი არ მუშაობდა შპს „კ-----------------ე„-ს მშენებლობაზე. შპს „ჭ---ი„ არ აწარმოებდა მშენებლობას და ახორციელებდა მხოლოდ შენობის დემონტაჟს. შესაბამისად ნ-----–-----–---------ი მშენებლობაზე ვერ იმუშავებდა. თ----------------------ს მასთან არანაირი შეთანხმება, მათ შორის ზეპირი ან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. ნ-----–-----–---------ი არ გარდაცვლილა შპს „კ-----------------ეს„ სამშენელო სამუშაოების წარმოებისას. ნ-----–-----–---------ი არ იყო დასაქმებული აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე რაიმე სახის მშენებლობაზე. იგი გარდაიცვალა ხსენებულ ობიექტზე დასაწყები სადემონტაჟო სამუშაოების დათვალიერებისას.
შპს „კ-----------------ეს„-ს და შპს ჭ---ს შორის არანაირი ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე არ გაფორმებულა. შპს „ჭ---ი„ ახორციელებდა მხოლოდ უვარგისი შენობის სადემონტაჟო სამუშაოებს. რაც შეეხება ნ-----–-----–---------ს, იგი დასაქმებული აღნიშნული ობიექტის სადემონტაჟო სამუშაოებზე არ ყოფილა. არანაირი ხელშეკრულება, თუნდაც ზეპირი, მათ შორის შრომითი, მოპასუხეებთან რაიმე სამუშაოების განხორციელებაზე არ გაფორმებულა. თ----------------------ი ნ-----–-----–---------თან ერთად მივიდა დასახელებულ ობიექტზე დასათვალიერებლად. თ----------------------ს უნდა განესაზღვრა (შეეფასებინა) შეძლებდა თუ არა განეხორციელებინა აღნიშნულ ობიექტზე სრულად ან ნაწილობრივ რაიმე სამუშაოები შპს „ჭ---ი„-ს მხრიდან გარკვეული საფასურის გადახდის პირობით და თუ ობიექტი არ მოეწონებოდა, ასეთ შემთხვევაში ნ-----–-----–---------ი განიხილავდა მას, შეძლებდა თუ არა ობიექტზე რაიმე სამუშაოს შესრულებას და დამოუკიდებლად მოახდენდა სამუშაოს წარმოებას, ხოლო თუ რაიმე შეთანხმება მოხდებოდა ამის შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრებოდა თანხის ოდენობაც და გაფორმდებოდა ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნულ პროცესში ნ-----–-----–---------ი ავიდა ობიექტზე დასათვალიერებლად და მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ნ-----–-----–---------ი, ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად დაქირავებული არ ყოფილა, ის ობიექტზე მივიდა, როგორც გარეშე პირი და არა როგორც დასაქმებული. მოპასუხე მხარესთან ნ-----–-----–---------ს რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია. არ არსებობს დოკუმენტი იმის დამადასტურებელი, რომ ნ-----–-----–---------ს ჰქონდა ხელფასი 1000 ლარის ოდენობით. თ----------------------ს ნ-----–-----–---------ის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლ-----–---------ა დაიბადა 2005 წლის 19 ივლისს.
2015 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა, ლ-----–---------ას დედა- ნათია შაპარიოვა. ხოლო 2018 წლის 28 მარტს გარდაიცვალა მამა- ნ-----–-----–---------.
2018 წლის 21 მაისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებით, მ----------------ე დაინიშნა არასრულწლოვანი დიშვილის, ლ-----–---------ას (დაბ: 19.07.2005წ, პ/ნ 6----------) მზრუნველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ლ-----–---------ას დაბადების მოწმობა;
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 21.05.2018წ გადაწყვეტილება;
3.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჭ---ი„-ს ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გურამი გუმბერიძე.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 წლით გამოსაცდელი ვადით.
განაჩენის მიხედვით, გ-----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, 2018 წლის 28 მარტს ბაღდათის რაიონ კ-----------------ეში მდებარე ოთხსართულიანი შენობის სადემონტაჟო შენობის დათვალიერების დროს, შპს „ჭ---ი„-ს დირექტორმა გ-----------------ემ დაარღვია 2014 წლის 27 მაისის #3-- დადგენილება მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. სამშენებლო ნორმები და წესები, უსაფრთხოების წესები მშენებლობაში, რამაც გამოიწვია ამავე ობიექტის მუშის ნ-----–-----–---------ის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- 08.06.2018წ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი;
3.1.3. შპს „ჭ---ი„-ს 2018 წლის შემოსავალი შეადგენს 2300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „ჭ---ი„-ს მიერ გაცემული ცნობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 12 მარტს, შპს „კ-----------------ე„-ს და შპს ჭ---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ჭ---მა„ აიღო ვალდებულება შპს კ------------------ეს მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-12.03.2018 წ. ხელშეკრულება;
3.2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უბედური შემთხვევის გამოკვლევის ანგარიშის თანახმად, „2018 წლის 28 მარტს ბაღდათის რაიონ კ-----------------ეში მიმდინარეობდა შენობის სადემონტაჟო სამუშაოები, შპს „კ-----------------ეს„ დაკვეთით, შემსრულებელს წარმოადგენდა შპს „ჭ---ი„. თავდაპირველად აღნიშნული სამუშაოების წარმოება დაიწყო შპს „ჭ---მა„, შემდგომ სამუშაოების გაგრძელება სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შესთავაზა თ----------------------ს. თ----------------------მა ობიექტზე 21 მარტს აიყვანა გ---- და გ--–----------ეები, რომლებიც აწარმოებდნენ ბეტონის ფილებისგან არმატურის ამოღების სამუშაოებს, ხოლო 28 მარტს ასევე სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიიყვანა ნ-----–-----–---------ი და ბ-----------–---–---–--ნი სადემონტაჟო სამუშაოების საწარმოებლად. თვითმხილველთა და გამოკითხულთა ჩვენებების თანახმად აღნიშნულმა პირებმა ჩაიცვეს სამუშაოს ფორმა და ავიდნენ შენობის მე-4 სართულზე. მათ თან ჰქონდათ პნევმატური სანგრევი ჩაქუჩი, რათა შემოწმებინათ ბეტონის ფილებში განთავსებული არმატურების რაოდენობა. ნ-----–-----–---------ი გადავიდა ბეტონის ფილებზე, რა დროსაც ფილები ჩამოიშალა, რასაც მოყვა ნ-----–-----–---------ის ვარდნა, რის შემდეგაც მან სიცოცხლისათვის შეუთვსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა„.
3.2.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უბედური შემთხვევის გამოკვლევის ანგარიშის დასკვნის თანახმად, სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე ორგანიზაციის ერთდროულად მუშაობისას მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი არ იყო განხილული და შეთანხმებული ძირითად კონტრაქტორ ფირმასთან; ობიექტზე არ იყო გამოყოფილი შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; არ განხორციელებულა საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება; ობიექტი არ იყო შემოღობილი; ასევე დარღვეული იყო შპს „ი-------------------------ი„-ს მიერ გაცემული პროექტი შენობის დემონტაჟის ორგანიზების შესახებ; დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური უსაფრთხო სამუშაო გარემო, რამაც გამოიწვია აღნიშნულ ობიექტზე უბედური შემთხვევის დადგომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უბედური შემთხვევის გამოკვლევის ანგარიში;
-შპს „ი-------------------------ი„-ს მიერ გაცემული პროექტი;
3.2.4. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თ----------------------ს ნ-----–-----–---------ის მიმართ გააჩნდა დავალიანება 2500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა „ნამუშევარი დღეების და აღებული თანხის„ შესახებ არსებული ჩანაწერი.
მოწმე ნ------–---------ამ (ნ-----–-----–---------ის და), სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-----–-----–---------ი კ-----------------ეში შენობის დემონტაჟს ახორციელებდა. თ----------------------თან ერთად 2006-2007 წლიდან ერთად ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოებს. აღნიშნული შენობის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია თ----------------------მა მიაწოდა. ნ-----–-----–---------ი ყოველდღიურ ჩანაწერს აკეთებდა შესრულებული სამუშაოს შესახებ. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი, ჩანაწერი, „ნამუშევარი დღეების და აღებული თანხის„ შესახებ, შეიცავს სწორედ ნ-----–----ის მიერ შესრულებული სამუშაოს და ასაღების თანხის შესახებ ინფორმაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩანაწერი, „ნამუშევარი დღეების და აღებული თანხის„ შესახებ;
-მოწმე ნ------–---------ას ჩვენება;
სასამართლო აღნიშნულ ჩანაწერს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ დასტურდება, ვის მიერ შესრულებული და აღებული თანხის შესახებ ინფორმაციას შეიცავს ჩანაწერი. აღნიშნული გარემოება, მოწმის ჩვენებით ვერ იქნება დადასტურებული.
დადგენილია, რომ ნ-----–-----–---------ის საქმიანობას წარმოადგენდა დაქირავებით სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „კ-----------------ე„-ს და შპს ჭ---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ჭ---მა„ აიღო ვალდებულება შპს კ------------------ეს მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული შენობის დემონტაჟის სამუშაოს შესრულების მიზნით 2018 წლის 28 მარტს ნ-----–-----–---------ი ავიდა შენობაზე, რა დროსაც ფილები ჩამოიშალა, რასაც მოყვა ნ-----–-----–---------ის ვარდნა, რის შემდეგაც მან სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეთა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ნ-----–-----–---------ის გარდაცვალება.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ამ უკანასკნელთა ბრალეულობა. ნ-----–-----–---------თან არ ქონიათ რაიმე შრომითი ურთიერთობა. შპს ჭ---ის განმარტებით, დამკვეთს ზეპირი განცხადების საფუძველზე უარი განუცხადა სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, რთულად შესასრულებელი სამუშაოს გამო. სასამართლო მოპასუხე მხარის აღნიშნულ განმარტებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან შპს „ჭ---ს„ და შპს „კ-----------------ეს„ შორის 2018 წლის 12 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხევაში, რაც მოითხოვს მხარის წერილობით ურთიერთშეთანხმებას. შპს ჭ---ის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ასეთი წერილობითი შეთანხმება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის განმარტება, რომ დამკვეთს ზეპირი განცხადების საფუძველზე უარი განუცხადა სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე უსაფუძვლოა. წერილობით შესაგებელში მოპასუხე მხარემ თავად აღნიშნა, რომ თ----------------------ს უნდა განესაზღვრა (შეეფასებინა) შეძლებდა თუ არა განეხორციელებინა აღნიშნულ ობიექტზე სრულად ან ნაწილობრივ რაიმე სამუშაოები შპს „ჭ---ი„-ს მხრიდან გარკვეული საფასურის გადახდის პირობით და თუ ობიექტი არ მოეწონებოდა, ასეთ შემთხვევაში ნ-----–-----–---------ი განიხილავდა მას, შეძლებდა თუ არა ობიექტზე რაიმე სამუშაოს შესრულებას და დამოუკიდებლად მოახდენდა სამუშაოს წარმოებას, ხოლო თუ რაიმე შეთანხმება მოხდებოდა ამის შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრებოდა თანხის ოდენობაც და გაფორმდებოდა ხელშეკრულება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „კ-----------------ეს„ დაკვეთით, შემსრულებელს წარმოადგენდა შპს „ჭ---ი„, ხოლო აწ გარდაცვლილი ნ-----–-----–---------ი 2018 წლის 28 მარტს ბაღდათის რაიონ კ-----------------ეში მიმდინარე შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად მივიდა ობიექტზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ჭ---ი, როგორც სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებული იყო სამუშაოების შესრულება უზრუნველეყო უსაფრთხოდ. შპს ჭ---ი ვალდებული იყო გაეწია კონტროლი სადემონტაჟო ობიექტზე თუნდაც გარეშე პირთა შესვლასთან დაკავშირებით, რათა გამორიცხულიყო სხვა, გარეშე პირთა შესვლის შესაძლებლობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ნ-----–-----–---------ს და თ----------------------ს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. ნ-----–-----–---------ის გარდაცვალება არ არის მიზეზობრივ კავშირში თ----------------------ის ქმედებასთან. ასევე არ დასტურდება, რომ თ----------------------ს ნ-----–-----–---------ის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 2500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ ნ-----–-----–---------ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს. შესაბამისი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2017-2019წ კვარტლების მიხედვით შეადგენს: 2017წ - 1511,2-1992,7 ლარს, 2018წ - 1552,5-1952,9 ლარს, 2019წ - 1562,7 ლარს.
სასამართლო აწ გარდაცვლილი ნ-----–-----–---------ის შემოსავლის ოდენობას ადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ გაცემული ინფორმაციით.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა თ----------------------ის მიმართ უსაფუძვლოა. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები თ----------------------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ჭ---ს„ ლ-----–---------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩოს გადახდა, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელე მ----------------ეს უარი უნდა ეთქვას თ----------------------ის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 1006-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ივნისის განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთავალა პირობით 02 წლით გამოსაცდელი ვადით.
განაჩენის მიხედვით, გ-----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, 2018 წლის 28 მარტს ბაღდათის რაიონ კ-----------------ეში მდებარე ოთხსართულიანი შენობის სადემონტაჟო შენობის დათვალიერების დროს, შპს „ჭ---ი„-ს დირექტორმა გ-----------------ემ დაარღვია 2014 წლის 27 მაისის #3-- დადგენილება მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. სამშენებლო ნორმები და წესები, უსაფრთხოების წესები მშენებლობაში, რამაც გამოიწვია ნ-----–-----–---------ის სიცოცხლის მოსპობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006.1. მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
დადგენილია, რომ ლ-----–---------ას (დაბადებული 2005 წლის 19 ივლისს) მამა, ნ-----–-----–---------ი გარდაიცვალა 2018 წლის 28 მარტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მარჩენალის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხე შპს „ჭ---ი„-ს ბრალეულ ქმედებასთან. ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ამასთან, ზიანის მიმყენებელს მიუძღოდა ბრალი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს „ჭ---ი„-ს დირექტორის გ-----------------ის მიერ დარღვეული იქნა 2014 წლის 27 მაისის #3-- დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, სამშენებლო ნორმები და წესები, უსაფრთხოების წესები მშენებლობაში, რამაც ნ-----–-----–---------ის გარდაცვალება გამოიწვია.
დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც, დაზარალებულის გარდაცვალებით, დაკარგეს მარჩენალი.
შპს კ------------------ეს მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟის ვალდებულება გააჩნდა შპს „ჭ---ს„. ნ-----–-----–---------ს უნდა განეხორციელებინა შპს ჭ---ის მიერ შესასრულებელ სამუშაოები. შპს „ჭ---ი„-ს მიერ დარღვეული იქნა სამშენებლო სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უბედური შემთხვევის გამოკვლევის ანგარიშის დასკვნის თანახმად, სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე ორგანიზაციის ერთდროულად მუშაობისას მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი არ იყო განხილული და შეთანხმებული ძირითად კონტრაქტორ ფირმასთან; ობიექტზე არ იყო გამოყოფილი შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; არ განხორციელებულა საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება; ობიექტი არ იყო შემოღობილი; ასევე დარღვეული იყო შპს „ი-------------------------ი„-ს მიერ გაცემული პროექტი შენობის დემონტაჟის ორგანიზების შესახებ; დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური უსაფრთხო სამუშაო გარემო, რამაც გამოიწვია აღნიშნულ ობიექტზე უბედური შემთხვევის დადგომა. შესაბამისად შპს ჭ---ი წარმოადგენს მარჩენალის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღურებაზე აღძრულ სარჩელზე ვალდებულ პირს.
განსახილველ შემთხვევაში მარჩენალის ნ-----–-----–---------ის შვილი ლ-----–---------ა წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის რჩენის ვალდებულება გააჩნდა, გარდაცვლილ ნ-----–-----–---------ს.
სამშენებლო სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევას, შედეგად მოჰყვა მარჩენალის ნ-----–-----–---------ის გარდაცვალება, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და შესაბამისად, გამოწვეული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს მოპასუხე შპს ჭ---ის მხრიდან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2017-2019წ კვარტლების მიხედვით შეადგენს 2017წ - 1511,2-1992,7 ლარს, 2018წ - 1552,5-1952,9 ლარს, 2019წ- 1562,7 ლარს. სასამართლო აწ გარდაცვლილი ნ-----–-----–---------ის შემოსავლის ოდენობას ადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქსტატის მიერ გაცემული ინფორმაციით და გონივრულად მიაჩნია შპს ჭ---ს ლ-----–---------ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე.
თ----------------------ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები თ----------------------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თ----------------------ის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
7.4. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე. ამიტომ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 180 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს „ჭ---ს„- ს/ნ: 2--------, არასრულწლოვანი ლ-----–---------ას (დაბ.19.07.2005წ) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიურად - 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2018 წლის 29 აგვისტოდან) - მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე შპს „ჭ---ს„- ს/ნ: 2--------, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 180 ლარის გადახდა;
4. მ----------------ეს უარი ეთქვას თ----------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე