გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.07.2019
საქმის ნომერი
330310019002947979
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002947979

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ნ-----–----------–---–ი

წარმომადგენელი - დ--------------ე

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ--------------ე

 

მესამე პირი (16.2) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - რ------------–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----–----------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის 11 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა №------------ სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ქ-------–--–---------------------–----------- 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მინიჭებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის №21.70.1064 დადგენილების (21.09.1995) ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის №178 ბრძანება (28.05.2009), საქართველოს აპარატის უფროსის მიერ გაცემული ცნობა (№2473/2-1; 05.03.2018), საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების №2 ოქმი (09.06.2001).

 

მისივე განმარტებით, 2018 წლის 17 ოქტომბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-------------03 გადაწყვეტილება და განუმარტა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან 2018 წლის 17 ოქტომბრის №435928 და №435932 მიმართვებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ნ-----–----------–---–ისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის სამსახურმა გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ მიმართვებზე პასუხების მიღებამდე, ხოლო სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით დაადგინა, რომ 1992-1995 წლებში მოსარჩელე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ვერ დაადგინა მისი საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრობა და აგრეთვე ის, თუ რომელი ნომერი ან რა ფართობის უძრავი ნივთი გადაეცა საკუთრებაში.

 

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №-------------15 გადაწყვეტილება რომელიც მის მიერ გასაჩივრდა მოპასუხესთან, თუმცა 2019 წლის 21 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება №------ და დაავალა რეგისტრაციის სამსახურს, რომ მოსარჩელის განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაეგზავნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი თვითნებურად არ არის დაკავებული და ის მიიღო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც პარლამენტის წევრმა და ისევე როგორც სხვა დეპუტატებმა/თანამშრომლებმა, რომლებსაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის იდენტური საფუძვლებით აქვთ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ-------–--–---------------------–----------- უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 27 მაისიდან, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 9678.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14.07.2016 (ს.ფ. 31-32).

 

4.1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა დაადგინა, რომ მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და დაკმაყოფილდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის შუამდგომლობა პარლამენტის დეპუტატებისა და თანამშრომლებისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ,-----------–-------- საცხოვრებელ რაიონში მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ. მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსა და თანამშრომლებს დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან.

 

4.1.3. საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 2001 წლის 09 ივნისის №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა ასოციაციის (კავშირის) წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები. ასევე, ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

 

4.1.4. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანების მიხედვით, შეთანხმდა ქ-------–--–---------------------------–---------------–------------ მიკრორაიონის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა და თანამშრომელთა იდნივიდუალური ბინათმშენებლობის ,,ასოციაციისთვის’’ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი მიკრორაიონის განაშენიანების არქიტექტურული პროექტი. მიწის ნაკვეთის ფართობი - 14 ჰა, განაშენიანების ფართობი -1.87 ჰა, საცხოვრებელი ტერიტორია - 7.8 ჰა, საბინაო ფონდი - 26000 კვ.მ.

 

4.1.5. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ 2018 წლის 05 მარტს გაცემული №2473/2-1 ცნობით ირკვევა, რომ ნ-----–----------–---–ი იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილება (ს.ფ. 16-17);

- საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 09.06.2001 წლის №2 ოქმი (ს.ფ. 21-22);

- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანება (ს.ფ. 18-19);

- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 05 მარტის №2473/2-1 ცნობა (ს.ფ. 20)

 

4.1.6. 2018 წლის 11 ოქტომბერს ნ-----–----------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ-------–--–---------------------–----------- 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 05 მარტის №2473/2-1 ცნობა.

 

4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და 2018 წლის 17 ოქტომბრის №435928 და №435932 მიმართვებით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ნ-----–----------–---–ისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ასევე, გენერალური გეგმა და წითელი ხაზები.

 

4.1.8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 19 ოქტომბრის №14/137683 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2018 წლის 17 ოქტომბრის №435928 მიმართვის პასუხად გაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანება და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმა. ამასთან, მოქალაქე ნ-----–----------–---–ის სახელზე რიცხული ქონების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის მოსაძიებლად, სააგეტოს ეთხოვა დამატებით ეცნობებინათ დოკუმენტის სახეობა, ავტორი, დაწესებულება და დოკუმენტის გაცემის სავარაუდო თარიღი.

 

4.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 ნოემბრის №67-01183241801 წერილით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №435932 მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, წერილში მითითებულ მისამართზე, საზღვრების დამდგენი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის გეგმა და აგრეთვე მასთან დაკავშირებული არანაირი სხვა დოკუმენტაცია არ ინახებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----–----------–---–ის 2018 წლის 11 ოქტომბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 65-76);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (ს.ფ. 79);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №435928 მიმართვა (ს.ფ. 80);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №435932 მიმართვა (ს.ფ. 81);

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 19 ოქტომბრის №14/137683 წერილი (ს.ფ. 84);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 ნოემბრის №67-01183241801 წერილი (ს.ფ. 104).

 

4.1.10. 2018 წლის 06 და 09 ნოემბერს, ნ-----–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა იმ კოლეგა პარლამენტარების შესახებ ინფორმაცია (სახელების, გვარებისა და პირადი ნომრების მითითებით), რომელთაც იმავე დოკუმენტაციის საფუძველზე ქონდათ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რაც მის მიერ იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში და მოითხოვა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მითითებული პირების მსგავსად.

 

4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №-------------09, 26 ნოემბრის №-------------11 და 06 დეკემბრის №-------------13 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 1992-1995 წლებში დაინტერესებული პირი იყო საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, მაგრამ არ დგინდებოდა მისი საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრობა და აგრეთვე ის, თუ რომელი ნომერი ან რა ფართის უძრავი ქონება იქნა გამოყოფილი მის საკუთრებაში. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა.

 

4.1.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----–----------–---–ის 2018 წლის 06 ნოემბრის განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 93-94);

- ნ-----–----------–---–ის 2018 წლის 09 ნოემბრის განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 97-99);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №-------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 101);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის №-------------11 გადაწყვეტილება (ს.ფ. 105);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის №-------------13 გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 112).

 

4.1.13. 2019 წლის 14 იანვარს ნ-----–----------–---–მა №15535/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილება ბათილად ცნობა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

 

4.1.14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილებით ნ-----–----------–---–ის 2019 წლის 14 იანვრის №15535/17 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილება და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი დასაბუთებისა (მათ შორის 3.2.12 პუნქტში მითითებული გარემოებების) და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-----–----------–---–ის 2019 წლის 14 იანვრის №15535/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 113-120);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (ს.ფ. 26-30).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია; საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ნ-----–----------–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ-------–--–---------------------–----------- 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.

 

7.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

ამავე კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის, მითითებული მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხსენებული კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს ნ-----–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ-------–--–---------------------–----------- 600 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებას სხვა დოკუმენტებთან ერთად ასევე ერთვოდა: საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 05 მარტის №2473/2-1 ცნობა. მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ნოემბრის №-------------09, 26 ნოემბრის №-------------11 და 06 დეკემბრის №-------------13 გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 1992-1995 წლებში დაინტერესებული პირი იყო საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, მაგრამ არ დგინდებოდა მისი საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრობა და აგრეთვე ის, თუ რომელი ნომერი ან რა ფართის უძრავი ქონება იქნა გამოყოფილი მის საკუთრებაში. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნ-----–----------–---–მა 2019 წლის 14 იანვარს გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის №-------------15 გადაწყვეტილება და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი დასაბუთებისა (მათ შორის 3.2.12 პუნქტში მითითებული გარემოებების) და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით.

 

თავის მხრივ ამავე გადაწყვეტილების 3.2.12 პუნქტში მითითებულია, რომ ,,უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა) ან საკუთრების უფლება, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაგზავნილ უნდა იქნეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში (დაინტერესებული პირის მიერ გამოვლენილი თანხმობა ფიქსირდება 9892018882201განცხადებაში)’’.

 

ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს და იყო თუ არა საჭირო აღნიშნული განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაგზავნილოყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო - 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 21 სექტემბრის №21.70.1064 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა დაადგინა, რომ მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და დაკმაყოფილდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის შუამდგომლობა პარლამენტის დეპუტატებისა და თანამშრომლებისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ,-----------–-------- საცხოვრებელ რაიონში მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ. მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებსა და თანამშრომლებს დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქალაქის მუნიციპალიტეტთან. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის (კავშირის) წევრთა საერთო კრების 2001 წლის 09 ივნისის №2 ოქმი, რომლის თანახმად, დამტკიცდა ასოციაციის (კავშირის) წევრებზე მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მიმაგრების კენჭისყრის შედეგები. ასევე, ქ. თბილისის მერიის მიწის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა ასოციაციის (კავშირის) თითოეულ წევრზე კერძო საკუთრებაში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინა მხოლოდ ასოციაციის (კავშირის) გამგეობის მიერ გაცემული ცნობისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2009 წლის 28 მაისის №178 ბრძანების მიხედვით კი ირკვევა, რომ შეთანხმდა ქ-------–--–---------------------------–---------------–------------ მიკრორაიონის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა და თანამშრომელთა იდნივიდუალური ბინათმშენებლობის ,,ასოციაციისთვის’’ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი მიკრორაიონის განაშენიანების არქიტექტურული პროექტი. მიწის ნაკვეთის ფართობი - 14 ჰა, განაშენიანების ფართობი -1.87 ჰა, საცხოვრებელი ტერიტორია - 7.8 ჰა, საბინაო ფონდი - 26000 კვ.მ. მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ 2018 წლის 05 მარტს გაცემული №2473/2-1 ცნობა, რომლის თანახმად, ნ-----–----------–---–ი იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 06 და 09 ნოემბერს, ნ-----–----------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინა იმ კოლეგა პარლამენტარების შესახებ ინფორმაცია (სახელების, გვარებისა და პირადი ნომრების მითითებით), რომელთაც იმავე დოკუმენტაციის საფუძველზე ქონდათ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რაც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ემსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე, დაინტერესებულ პირს არაერთი გადაწყვეტილებით განემარტა, რომ არ დგინდებოდა მისი საქართველოს პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობის ასოციაციის წევრობა და აგრეთვე ის, თუ რომელი ნომერი ან რა ფართის უძრავი ქონება იქნა გამოყოფილი მის საკუთრებაში. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები შეფასების საგანი არ ყოფილა არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე დროს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლებას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონი ერთნაირად გამოიყენოს ყველას მიმართ. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ-----–----------–---–ის კოლეგა პარლამენტის წევრებს იმავე დოკუმენტაციის საფუძველზე ქონდათ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რაც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია თუ რის საფუძველზე განხორციელდა მის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს ასევე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, იდენტურობის დადასტურების მიზნით, შეეძლო მიემართა შესაბამისი გამგეობისთვის, რომელსაც გადაუგზავნიდა სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულის ნაცვლად კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების გადაგზავნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც ერთის მხრივ ფორმალურად არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ კი იგი ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას. დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

7.6. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ისეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ნ-----–----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–----------–---–ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მარტის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება ნ-----–----------–---–ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ-----–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე- №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი