გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210119003213415
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24530-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - ა-----– თ--–-----ე

წარმომადგენელი - ე-–---- ბ-----ე

მოპასუხე - ლ---- ღ--------ე

წარმომადგენელი - ი----- ჯ-----ე

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლ---- ღ--------ესა და ა-----– თ--–-----ეს შორის 2019 წლის 22 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 1--------)

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს თამარ ონიანის მიერ 25.04.2019 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №---------.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ლ---- ღ--------ეს სთხოვა ფინანსური დახმარება. მოპასუხემ თანხის გაცემისათვის მოითხოვა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმება და ნოტარიულად დამოწმება, რის შემდეგად ლ---- ღ--------ეს უნდა გაეცა თანხა. 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუცია. ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა - 186 600 ლარი 2019 წლის 22 მაისამდე.

 

2019 წლის 24 აპრილს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი შესაბამისად დაყადაღდა მოსარჩელის ქონება და საბანკო ანგარიშები. მოპასუხის მხრიდან იყო მუქარა ა-----– თ--–-----ის ქონების მითვისების შესახებ. ლ---- ღ--------ემ მოატყუა ა-----– თ--–-----ე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია ხელშეკრულებით აღიარებული თანხა.

 

მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ა-----– თ--–-----ე შეძლებს მისი ქონების და საბანკო ანგარიშების ყადაღისაგან გათავისუფლებას, ქონებით სარგებლობასა და შემოსავლის მიღებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულებით ა-----– თ--–-----ემ დაადასტურა დავალიანების არსებობის ფაქტი. მოპასუხის მხრიდან არავითარ მუქარას არ ჰქონია ადგილი. თანხის გადაცემა განხორციელდა გაცილებით ადრე, ვიდრე ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 22 მარტს ა-----– თ--–-----ესა და ლ---- ღ--------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის შესაბამისად ა-----– თ--–-----ემ (მოვალემ) „ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს ლ---- ღ--------ის ვალი“.

 

მოვალეს კრედიტორისათვის თანხა 186 600 ლარი უნდა დაებრუნებინა შემდეგი გრაფიკით: 100 000 ლარი - 2019 წლის 22 აპრილამდე, 86 600 ლარი - 2019 წლის 22 მაისამდე.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით.

 

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2019 წლის 22 მარტის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22).

 

3.1.2. 2019 წლის 22 მარტის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 25 აპრილს ნოტარიუსმა (თამარ ონიანმა) გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს - 186 600 ლარს (აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102,00 ლარი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სააღსრულებო ფურცელი №--------- (ს.ფ. (33-35).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება 2019 წლის 22 მარტის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. ნებისმიერი იურიდიული აქტის განხორციელებისათვის, მათ შორის გარიგების დადებისათვის, მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ნების გამოვლენა.

 

აღსანიშნავია, რომ ერთნამეთისაგან განსხვავდება ნება და ნების გამოვლენა. ნება თავის თავში გულისხმობს პირის სურვილს, განზრახვას განახორციელოს მოქმედება, რომელიც მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. თუმცა, იმისათვის, რომ პირისათვის სასურველი შედეგი რეალურად დადგეს, აუცილებელია ნების გამოვლენა ანუ ნების მატერიალიზება.

 

ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგულისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.

 

ვალის აღიარების (სსკ-ის 341-ე მუხლი) დროს მოქმედებს კანონით გათვალისწინებული ის წესები, რომელიც გარიგების ნამდვილობისათვისაა სავალდებულო. გარიგების ბათილობის საცილო საფუძვლებისას, როგორიცაა იძულება და მოტყუება, ბათილობის საფუძვლების არსებობა სამართალურთიერთობის მოვალემ უნდა ამტკიცოს.

 

სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარების ხელშეკრულება (ხელმოწერილი ორმხრივად) არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებას ადასტურებს, რაც მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ზეგავლენას ახდენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობებისა და ვალის არსებობის დადასტურებაზე, რაც თავისთავად ამარტივებს მტკიცების პროცესს ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მსჯელობისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „თვალსაჩინოების სტანდარტის“ აუცილებლობა მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისას. ამ „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ქვეშ მოიაზრება ის ფაქტი, რომ მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს ნების ნაკლზე და განმარტავს, რომ იგი მოატყუა მოპასუხემ, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იკისრა ვალის დაბრუნება, ლ---- ღ--------ეს კი თანხა ა-----– თ--–-----ისათვის არ გადაუცია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოტყუების ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელემ არ უზრუნველყო მოწმეთა მოყვანა და არც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მათი გამოძახება. შესაბამისად, მოტყუების ფაქტის დადგენა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით შეუძლებელია. სარწმუნო მტკიცებულებები კი, რაც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტყუების თაობაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 81-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდანაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ 2019 წლის 22 მარტს გაფორმებული შეთანხმებით ა-----– თ--–-----ის მიერ აღიარებულია ვალის არსებობა 186 600 ლარის ოდენობით ლ---- ღ--------ის წინაშე, სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. შესაბამისად, ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. ამდენად, ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების პირობებში, ახალი სამართალურთიერთობის საფუძველი ახალი ორმხრივი ხელშეკრულებაა. მხარეებს უფლებამოვალეობები სწორედ აღნიშნული ახალი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობათ. შესაბამისად, უფლებამოვალეობათა ნამდვილობა ახალი გარიგების ნამდვილობაზეა დამოკიდებული. ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, საიდანაც მოთხოვნა წარმოიშობა.

 

ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს კანონით გათვალისწინებული ის წესები მოქმედებს, რომელიც გარიგების ნამდვილობისათვისაა სავალდებულო, შესაბამისად, უცილოდ ბათილად მიიჩნევა ვალის აღიარების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ფორმის დაუცველადაა დადებული, კანონით გათვალისწინებულ მართლწესრიგს და ზნეობის ნორმებს არღვევს, ნების გამოვლენა მოჩვენებითი, ან თვალთმაქცურია და ა. შ., რაც შეეხება გარიგების ბათილობის საცილო საფუძვლებს, იძულება და მოტყუება სამართალურთიერთობის მოვალემ უნდა ამტკიცოს.

 

ა-----– თ--–-----ემ მიუთითა გარიგების მოტყუებით დადებაზე, თუმცა მითითებული გარემოებების დამტკიცება მოსარჩელემ ვერ უზურნველყო.

 

ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება. იგი არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილ მოთხოვნას აღიარებს და შესაბამისად ზეგავლენას ახდენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების შედეგებზე. მხარეთა მიერ გამოხატული ნამდვილი ნება, მიმართული სამართალურთიერთობის დადასტურების, წარმოშობის, შეცვლისა, თუ შეწყვეტისაკენ, სამართალურთიერთობის შედეგების ფორმირებაში ყოველთვის მონაწილეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში, გამოხატული ნების არანამდვილობა არ დადგენილა, შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოშობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც მითითებული ნების გამოხატვას მოჰყვება.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

როგორც აღინიშნა, 2019 წლის 22 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით ა-----– თ--–-----ის მიერ აღიარებულია ვალის არსებობა - 186 600 ლარის ოდენობით ლ---- ღ--------ის წინაშე. დადგენილია, რომ 2019 წლის 22 მარტის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 25 აპრილს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს - 186 600 ლარს.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, სსკ-ის 341-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე ლ---- ღ--------ე უფლებამოსილია მოსთხოვოს ა-----– თ--–-----ეს ვალდებულების შესრულება - 186 600 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს არც ვალის აღიარების ხელშეკრულების და არც სააღსრულებო ფურცლის ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 2000 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განჩინება ექვემდებარება გასაჩივრებას და არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძვლითაც გააუქმოს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე მუხლი, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-----– თ--–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა-----– თ--–-----ეს ლ---- ღ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება - 2 000 ლარის ოდენობით.

 

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე