გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/28202-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - ს-----------------
წარმომადგენელი - ნ-------------–----
მოპასუხე - ი-–----------–------
წარმომადგენელი - მ----–---–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი-–----------–------ს მოსარჩელის ს-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 10000 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მხარეებმა 2017 წლის 6 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს-----------------მ აიღო ვალდებულება მოპასუხისთვის გადაეცა 10000 აშშ დოლარი კომერციული ობიექტის ამუშავებისთვის, ხოლო მ-----–------ ი-–---მა აიღო ვალდებულება, ყოველთვიურად გადაეხადა ობიექტიდან მიღებული მოგების 33,33%. მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება და გადასცა თანხა, თუმცა თანხის გადაცემიდან 5 დღეში ობიექტი დაიხურა და აღნიშნულის შესახებ ს----------------- წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული. მოპასუხემ აცნობა, რომ ობიექტი გაკოტრდა და მისი ამუშავება შეუძლებელი იყო. ფაქტიურად, მ-----–------ ი-–---მა მოატყუა მოსარჩელე და პირადი მოხმარების მიზნით მიითვისა გადაცემული თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი-–----------–------მ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით არ ცნომ სარჩელი და სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ დავაზე უკვე არსებობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა. გარდა ამისა, ხელშეკრულება დადებული იყო შპს „შ---------------“-ის სახელით, იგი იყო ობიექტის დამფუძნებელი და ხელშეკრულების შინაარსიც მიუთითებდა, რომ არა ფიზიკურ პირებს, არამედ მოსარჩელესა და ორგანიზაციას შორის იყო დადებული. შესაბამისად, იგი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 6 ივნისს დაიდო თანამშრომლობისა და საერთო საქმიანობის შესახებ შეთანხმება, სადაც მხარეებად მითითებულია: შპს „შ---------------“-ის დამფუძნებელი მ-----–------ ი-–---მი და ს-----------------.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს: გაყიდვების მოცულობის გაზრდის და მოგების მიღების მიზნით, კომერციულ საფუძველზე 10000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი თანხის შეტანა, რასაც ს----------------- გადასცემს მ-----–------ ი-–---მს, რის სანაცვლოდაც მოსარჩელე მიიღებს ყოველთვიურ მოგებას ობიექტიდან 33,33%-ის ოდენობით, თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მომიჯნავედ არსებულ შპს „შ---------------“-დან. მოგების მიღება უნდა მოხდეს ყოველი მომდევნო წლის 15 რიცხვამდე, მომზადებული ფინანსური დოკუმენტების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.2017 წლის ხელშეკრულება თანამშრომლობისა და საერთო საქმიანობის შესახებ.
3.1.2. ხელშეკრულებით შეთანხმდა ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, კერძოდ შეთანხმება შეწყვეტილი შეიძლება იყოს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვეში. ამ შემთხვევაში თანხის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს ფულადი შენატანის მთლიანი თანხა, მისთვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.2017 წლის ხელშეკრულება თანამშრომლობისა და საერთო საქმიანობის შესახებ.
3.1.3. ი-–----------–------ არის შპს „შ---------------“-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ იგი ხელშეკრულების დადების დროს და ან შემდგომში წარმოადგენდა შპს „შ---------------“-ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ს-----------------მ მოპასუხე ი-–----------–------ს 2017 წლის 28 ივნისს, ელექტრონული ფოსტის, ასევე სოციალური ქსელის (ვოცაფ - whatsApp) მეშვეობით გაუგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლისა და ფულადი თანხის - 10000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09.08.2019 წლის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ F--------;
- 09.08.2019 წლის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ F--------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს ნასიმინის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ს----------------- რ----------ს სარჩელი მოპასუხეების მ------------------------------–-ს და ი-–---------–------–--------–------ს მიმართ ფულადი მოთხოვნის თაობაზე. საქმე განხილულია სამივე ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულია ი-–----------–------ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, თუმცა მიმდინარე დავის განხილვის დროისთვის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქართველოს უზენასი სასამართლოს 11.12.2019 წლის ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მხრიდან თანხის - 10000 აშშ დოლარის გაცემის მიზანს წარმოადგენდა თანხის შპს „შ---------------“-ის კომერციულ საქმიანობაში ჩადება და შესაბამისი მოგების მიღება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ორ ფიზიკურ პირს შორის, თანხა მან მოპასუხეს და არა იურიდიულ პირს გადასცა, შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვალდებულებაც ი-–----------–------ს აკისრია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი ხელშეკრულების შინაარსი უნდა განიმარტოს მხარეთა შეთანხმების მიზნებიდან და უნდა დადგინდეს, ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა გამოვლენილი ნება რა მიზანს ემსახურებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებაზე: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამები. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.
ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს.
„ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ, ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.
ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა.
ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.
ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (სუსგ 23.02.2015 საქმე №ას-1144-1090-2014).
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ თანხის გამცემ პირს წარმოადგენს მოსარჩელე ს-----------------, ხოლო ხელშეკრულების მეორე მხარედ, თანხის მიმღებ პირად მითითებულია შპს „შ---------------“-ის დამფუძნებელი - ი-–----------–------. ხელშეკრულებაში შეთანხმების საგანს წარმოადგენს: გაყიდვების მოცულობის გაზრდის და მოგების მიღების მიზნით, კომერციულ საფუძველზე თანხის - 10000 აშშ დოლარის შეტანა და ყოველთვიურად ობიექტიდან 33,3% მოგების მიღება. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ თანხის გადაცემის მიზანს წარმოადგენდა იურიდიული პირის - შპს „შ---------------“-ის მოგების მოცულობის გაზრდა და სანაცვლოდ მოგებიდან ყოველთვიურად 33,33% მოგების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.2017 წლის ხელშეკრულება თანამშრომლობისა და საერთო საქმიანობის შესახებ.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოპასუხე ი-–----------–------ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
(დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლები.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით (იხ. სუსგ საქმე №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ნორმის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირები სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდიან დამოუკიდებლად და ისინი დამოუკიდებლად აგებენ პასუხს მესამე პირთა წინაშე. კერძოდ, ფიზიკურ პირს აქვს უნარი თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლი), ხოლო იურიდიული პირი, როგორც განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი).
ფიზიკური პირის მსგავსად, კერძო სამართლის იურიდიული პირი სარგებლობს ზოგადი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობით, რაც გულისხმობს იურიდიული პირის უფლებას, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს კანონი, იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა გათვალისწინებული ეს საქმიანობა ორგანიზაციის შესაბამის სადამფუძნებლო დოკუმენტებში (სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლი).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან თანხის - 10000 აშშ დოლარის გაცემის მიზანს წარმოადგენდა თანხის შპს „შ---------------“-ის კომერციულ საქმიანობაში ჩადება და შესაბამისი მოგების მიღება. ამდენად, მოგების მიღებას მოსარჩელე გეგმავდა არა ფიზიკური პირის - ი-–----------–------სგან, არამედ იურიდიული პირის - შპს „შ---------------“-დან. ის გარემოება, რომ ხელშეკრულებას ხელს აწერს ი-–----------–------, როგორც შპს „შ---------------“-ის დამფუძნებელი და ამასთან არ დგინდება, ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა თუ არა იგი ორგანიზაციას, არ გულისხმობს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს შორის დაიდო და მოპასუხე ხელშეკრულების დადების დროს შპს „შ---------------“-ს წარმოადგენდა.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–----------–------ არ წარმოადგენს იმ პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს ს-----------------ს მიერ აღძრულ სარჩელზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 876 ლარი. მოსარჩელის მიერ გაწეულია ასევე ფაქტების კონსტატაციის მომსახურების, იურიდიული მომსახურების და სანოტარო მომსახურების ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 876 ლარიდან - 875,46 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 0,54 (54 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მოსარჩელის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების, ფაქტების კონსტატაციისა და სანოტარო მომსახურების ხარჯის მოპასუხეს დაკისრების შესახებ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 876 ლარიდან - 875,46 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. მოსარჩელე ს-----------------ს (P AZE C--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 16/08/2019 წელს, N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 876 ლარიდან - 0,54 (54 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“, მიმღები: სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე