გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
010210019002884718
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210019002884718

საქმე №2-647/19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - მე----------–---–ი

წარმომადგენელი - ნი----------–---–ი

მოპასუხე - ან--------------ი

წარმომადგენელი - გი-----–--–ი

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შეწყდეს მე----------–---–სა და ან--------------ს შორის, 20-6 წლის 1 აგვისტოს №7716300-119 სააქტო ჩანაწერით, რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით;

 

1.2. დაეკისროს ან--------------ს, მცირეწლოვანი შვილის მა-------------ის (პ/ნ 61--------6; დაბ. 2-.0-.20-7წ) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თვეში 250 ლარის ოდენობით;

 

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის პოზიცია:

20-6 წლის 1 აგვისტოდან მე----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ან--------------თან. 20-7 წლის 2- იანვარს შეეძინათ შვილი მა-------------ი. თანაცხოვრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათი ურთიერთობა დაიძაბა და დღეის მდგომარეობით ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ითხოვს ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მამა არ ზრუნავს შვილის აღზრდა-განვითარებაზე და კეთილდღეობაზე. არ უწევს მოსარჩელეს არავითარ ფინანსურ დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომმუშაობს რამოდენიმე ადგილას და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს ან--------------ს მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი 250 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში. ალიმენტის ნაწილში, მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი, თავისი შემოსავლების შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ მუშაობს და რაიმე შემოსავალი არ გააჩნია.

 

მოპასუხეს არც შესაგებელით და არც თავისი განმარტებით არ დაუსახელებია თუ კონკრეტულად რამდენი ლარის გადახდა შეეძლო შვილისთვის ალიმენტის სახით.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მე----------–---–ი და ან--------------ი დაქორწინდნენ 20-6 წლის 1 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა №7716300-119;

 

3.1.2. მე----------–---–ს და ან--------------ს ჰყავთ ერთი შვილი, 20-7 წლის 2- იანვარს დაბადებული მა-------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მა-------------ის დაბადების მოწმობის ასლი;

 

3.1.3. მე----------–---–ი და ან--------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი შვილის მა-------------ის საცხოვრებელ ადგილად, მშობელთა შეთანხმებით, განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა №68.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. მე----------–---–ი დასაქმებულია ერთ-ერთ სუპერმარკეტში და მისი ყოველთვიური ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენს დაახლოებით 350-400 ლარს. მა-------------ი დადის კერძო ბაღში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი

 

3.1.6. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით (0-.07.20-9წლის მდგომარეობით), ან--------------ს (პ/ნ 61--------8) მიღებული აქვს შემოსავლები 0-.06.20-8-დან 31.05.20-9-ჩათვლით 308.33 ლარი, 20-8 წლის აგვისტოს თვეში, დამსაქმებელი შპს „იბ----ა თრეველ“.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით (26.09.20-9 წლის მდგომარეობით), 0-.0-.20-1 წლიდან ან--------------ს (პ/ნ 61--------8) მიღებული აქვს შემოსავლები (ხელფასი, პრემია და სხვა). ამავე ინფორმაციის თანახმად, ან--------------ი 20-1 წლიდან 20-8 წლის იანვრის თვემდე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, კერძოდ: შპს ბათუმის ნ-----–-------–---–------------------ში; აჭ-----------–-–------------–------------–--------მში“; საქ--------–----–--------–--------------------------ში; აჭ---------–----------–--------------–-–ი; შპს „ეი-----–ი“; ბა----------–-------------------–-------------------–-------–-–------------------–----------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს შემოსავლების სამსახურის 26.09.20-9 წლის N21-11/103782 მომართვა;

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 27 სექტემბრის N338442 მომართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეეტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ან--------------ის (პ/ნ 61--------8) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

ამავე მომართვის თანახმად ან--------------ის (პ/ნ 61--------8) მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 27 სექტემბრის N338442 მომართვა;

 

3.1.8. ან--------------ს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არ ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არ ჰყავს კმაყოფაზე ოჯახის წევრები და სხვა არასრულწლოვანი შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამავე კოდექსის მე-2 ნაწილით საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით საოჯახო დავებზე სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

 

აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმეში არსებული სადავო გარემოებების გამოსაკვლევად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან და სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შემოსავალი და შეძლებს ალიმენტის სახით თვეში 250 ლარის გადახდას. მოპასუხეს, ალიმენტის სახით 250 ლარის დაკისრება, ქონებრივ შესაძლებლობებთან შედარებით, შეუსაბამოდ მიაჩნია. მხარეები ახსნა-განმარტებებში უთითებენ ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასება სასამართლომ უნდა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის განსაზღვრული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგადი წესის თანახმად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ან--------------ი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ღებულობდა შემოსავალს ხელფასის სახით. თუმცა, განმარტავს, რომ იგი დღეის მდგომარეობით უმუშევარია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ განმარტებას და მას რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ არ მიუთითებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს შემოსავლების სამსახურის 26.09.20-9 წლის N21-11/103782 მომართვა;

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-9 წლის 27 სექტემბრის N338442 მომართვა;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების ნაწილში, ხოლო მოპასუხეს მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო-ალიმენტი, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

-გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია;

-საქართველოს კონსტიტუცია;

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის გ. ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარეს სურვილი აქვს შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამდენად, მათი ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან(სუსგ. ას-976-20-9 , 30 სექტემბ----, 20-9 წელი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

6.3. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით 2) ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (გაეროს “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვთა უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები.

 

6.4. სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან--------------ს არ გააჩნია შემოსავლები და ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 20-1 წლიდან 20-8 წლამდე იგი დასაქმებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციაში, ჰქონდა შემოსავალი ხელფასის სახით ანუ იგი მუშაობდა და მომავალში მისი დასაქმების შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ მშობლის მატერიალური შემოსავლები, რომელთანაც არ ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. თუმცა, აღნიშნული ფაქტორი არაა გადამწყვეტი, რამეთუ სასამართლომ რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს მოპასუხის ფიზიკური შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ან--------------ს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არ უფიქსირდება შემოსავლები, თუმცა, არ დგინდება, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ შეუძლია იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი. მოპასუხეს არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები და რეალურად არ უწევს ოჯახის სხვა წევრების რჩენაზე ზრუნვა. არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არ ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უმტკიცდება იმის ვარაუდი, რომ ან--------------ს აქვს შესაძლებლობა მშობლის საალიმენტო ვალდებულება შეასრულოს გონივრულ ფარგლებში და ამით მიიღოს მონაწილეობა მცირეწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარების, მისი განათლების, სულიერი და მატერიალური საჭიროებების უზრუნველყოფაში.

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის 20-9 წლის ნოემბრის თვისათვის შეადგენს 173.3 ლარს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარება ნებისმიერი მშობლის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი და ამოცანაა. იმ პირობებში, როცა ბავშვი მხოლოდ ერთ მშობელთან იზრდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე მშობლის ჩართულობა და მონაწილეობა ამ პროცესში, რაც ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა და ეროვნული კანონმდებლობით მშობლის ერთ-ერთ უპირობო ვალდებულებადაა აღიარებული.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ან--------------ს მცირეწლოვანი შვილის მა-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო ალიმენტის სახით 200 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

7.2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49–ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოპასუხემ კი სასამართლოს მთავარ სხდომადე ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში. რის გამოც, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდისაგან.

 

7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სარჩელი ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 72 ლარს.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი.

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად კი, ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა (საქმე №ას-840-798-20-3 2- იანვარი, 20-4 წელი), რომ სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს..

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მხარეთა თხოვნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საჭიროება კი, განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით, მა-------------ი არის მცირეწლოვანი და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ჰიგიენურ საშუალებებს, კვებას, ექიმის მეთვალყურეობას, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც მხოლოდ მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 268-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მე----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეწყდეს მე----------–---–ს (პ/ნ 61---------) და ან--------------ს (პ/ნ 61--------8) შორის, 20-6 წლის 1 აგვისტოს №7716300-119 სააქტო ჩანაწერით, რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით;

3. ან--------------ს (პ/ნ 61--------8) დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის მა-------------ის (პ/ნ 61--------6; დაბ. 2-.0-.20-7წ) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თვეში 200 ლარის ოდენობით - სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 20-9 წლის 7 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;

4. ან--------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟი 72 ლარის ოდენობით;

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

6. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე