განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
010100118002276553
დავის ტიპი
126
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002276553

საქმე #1-83/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ლ---------------ის

ადვოკატის _ პ------–----ის

ბრალდებულის - ნ------- ტ----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171131217003 საქმე:

 

ბრალდებულ ნ------- ტ----ის მიმართ

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 1--------- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ--------------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2017 წლის 13 დეკემბერს, ქ. ბ------–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის სადარბაზოში, ნ------- ტ----ემ, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, მობილური ტელეფონის თავში ჩარტყმის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ჟ--–--------------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ნ------- ტ----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ნ------- ტ----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით ნ------- ტ----ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. მოწმე პ----------–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი, არაერთხელ მომსახურებია თავისი ავტომანქანით ნ------- ტ----ეს, 2017 წლის 13 დეკემბერს, ქ. ბ------–----------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთანაც მან მიიყვანა. მანქანიდან ნ-------ის გადასვლის და სადარბაზოში შესვლის შემდეგ, მანქანაში ელოდება მის დაბრუნებას. ცოტა ხანში სადარბაზოდან შემოესმა ხმაური, ყვირილის ხმა, გადავიდა მანქანიდან და შევიდა სადარბაზოში, ხმის მიმართულებით წასულმა მეხუთე სართულზე დაინახა ნ-------ი, რომელიც უცნობ ქალბატონთან კამათობდა. შეესწრო მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს.

 

5. მოწმე მ--------------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ დაზარალებული ჟ--–--------------ე მისი დედამთილია. 2017 წლის 13 დეკემბერს მათთან სახლში ყვირილით და ლანძღვით მივიდა ბრალდებული ნ------- ტ----ე, რომელიც სახლში შეუსვლელად, სადარბაზოშივე იდგა და ილანძღებოდა. მოხდა შეხლა-შემოხლა ტ----ესა და დ-------ეს შორის, რა დროსაც ტ----ემ დ-------ეს მობილური ტელეფონი მოარტყა შუბლის არეში.

 

6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007337417 დასკვნის თანახმად, 2017 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, ჟ--–--------------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

7. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ღ----------------–---–-ა.

 

8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 27 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007618017 დასკვნის თანახმად, დაზიანება აღენიშნებოდა ნ------- ტ----ესაც, კერძოდ: 2017 წლის 13 დეკემბერს პირადი შემოწმების მონაცემებით, ნ------- ტ----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მტევნის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

9. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლევან ფუტკარაძემ დაადასტურა მის მიერ დასკვაში მითითებული გარემოებების სისწორე.

 

10. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებული ჟ--–--------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ნ------- ტ----ე ოქროს სამკაულებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, 2017 წლის 13 დეკემბერს ყვირილით და ლანძღვით მიიჭრა მის საცხოვრებელ მისამართზე, იძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. გაუღო კარი და სთხოვა სახლში ესაუბრათ, თუმცა ნ-------ი შეთავაზებას არ დათანხმდა, სადარბაზოში აგრძელებდა ლანძღვას, მოუქნია ტელეფონი, რომელიც მოხვდა შუბლის არეში.

 

11. მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

15. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.

 

16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

17. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოედგინა სასამართლოსთვის დაზარალებული ჟ--–--------------ე.

 

18. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, კანონის ამ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვითი განმარტების თანახმად, სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

19. განსახილველ საქმეზე ჟ--–--------------ე არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვისას. მოწმე მ--------------–---–ის, როგორც პირდაპირი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელშიც ადასტურებს ნ------- ტ----ის მიერ ჟ--–--------------ისთვის შუბლის არეში დაზიანების მიყენებას, თანხვედრაშია გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურებულია დ-------ის შუბლის არეში დაზიანების არსებობა, თუმცა ძალადობა (სსკ-ს 126-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 13 დეკემბერს ნ------- ტ----ის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებულმა ჟ--–--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულის დაკითხვა არსებითი განხილვისას არ მომხდარა, გამოკითხვის ოქმში კი, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას, დ-------ე არაფერს ამბობს განცდილი ფიზიკური ტკივილის შესახებ არც თავისუფალი თხრობისას და არც კითხვა დასმულა გამომძიებლისგან აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რთულია მისი ჩვენების გარეშე სხვა მტკიცებულებებით დადასტურდეს ტ----ის მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - განიცადა თუ არა დაზარალებულმა დ-------ემ ფიზიკური ტკივილი შუბლის არეში ტელეფონის დარტყმით. დაზარალებულის მხრიდან ამ გარემოების დადასტურების გარეშე, ნებისმიერი მსგავსი ვერსია: რადგან დაზიანება სახეზეა სისხლნაჟღენთის სახით, ეს აუცილებლად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, რომ შუბლში ნივთის მოხვედრა ყოველთვის მტკივნეულია და ა.შ. მხოლოდ ვარაუდის და ეჭვის საფუძველს ქმნის, რაც არ არის საკმარისი კონკრეტული გარემოების დადასტურებულად მიჩნევისთვის.

 

20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

23. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------- ტ----ის ბრალდების დადასტურება.

 

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------- ტ----ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ნ------- ტ----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ნ------- ი------ს ასული ტ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ------- ტ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ------- ტ----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულ ნ------- ტ----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი