გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 511210019003363516 - 2/54-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წ. ქ.ნინოწმინდა
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
სასამართლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი - ლუიზა გიქოშვილი
მოსარჩელე - ჰ---------------
წარმომადგენელი - ვასილ ბალახაძე
მოპასუხე- შ----------------
წარმომადგენელი - ლევან გიორგაძე
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს შ---------------- ს/კ 204876606 გაათავისუფლოს ჰ---------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 65.06.3-.0--. მოახდინოს იქ არსებული ანძის დემონტაჟი და შეწყვიტოს მისი უკანონო ფლობა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ს/კ 65.06.3-.0--, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მისი ნებართის გარეშე განთავსებულია შპს „მაგთიკომის“ კუთვნილი ანძა, რის გამოც მოსარჩელე ვერ იყენებს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, რათა შეეწყვიტათ მისი მიწის ნაკვეთის უკანონო ხელყოფა, რაზედაც არანაირი პასუხი არ მიუღია და მოპასუხე კვლავ აგრძელებს მისი მიწის ნაკვეთის უკანონოდ გამოყენებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი კუთხით და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ გარემოებათა გამო: შპს „მაგთიკომზე“ გადადის იმის მტკიცება, რომ თუ მოსარჩელის ტერიტორიაზე იქნებოდა მოპასუხის ნივთი განთავსებული ქონდათ თუ არა ამის კანონიერი უფლება. შპს „მაგთიკომის“ ანძა სარჩელში მითითებულ ს/კ 65.06.3-.0--, დარეგისტრირებულ ტერიტორიაზე არ დგას, შ---------------- აქვს 3000 ანძა სხვადასხვა ადგილბზე განთავსებული და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განთავსებულია სატყეო სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ზონაში, რაზედაც არსებობს ხელშეკრულება, მაგრამ მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ იყო, მოსარჩელემ თვითონ უნდა დაასაბუთოს, რომ შპს „მაგთიკომის„ ანძა მის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო კოდზეა განთავსებული.
ამიტომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის სრულიად დაუსაბუთებელი და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძა, საკადასტრო კოდი #65.06.3-.0-- - რეგისტრირებულია ჰ---------------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ,რომ მოპასუხე შ------------------ ანძა, რომელიც განთავსებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში # 65.06.3-.0-- საიდენტიფიკაციო კოდით დგას მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმართებას , თითქოს ვალდებული არ არის ამტკიცოს, ვის ტერიტორიაზე მოთავსებულია შ------------------ ანძა რადგან მოპასუხეს მხრიდან საწინააღმდეგო მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი ,,გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით."
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სიტუაციური ნახაზი.
3.2.2. საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ჰაიკზ აფოიანის სარჩელი შპს „მაგთიკომის“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 174-ე, 311-312-ე მუხლები.
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა და მხოლოდ საკუთრების უფლება აქვს შერჩენილი. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. საკუთრების დაცვის მეორე საშუალება ნეგატორული სარჩელია. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ნეგატორული სარჩელი აღიძვრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნივთთან დაკავშირებული სხვათა უფლებიდან გამომდინარე უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა. ამის განსაზღვრისთვის კი აუცილებელია დადგინდეს - არის თუ არა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; ხელყოფს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის საკუთრების ან მფლობელობის უფლებას და აქვს თუ არა მოპასუხის მოქმედებას მართლზომიერი საფუძველი.
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება, ზემოაღნიშნული სამივე პირობის არსებობა აუცილებელია.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად:
- საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;
-აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი;
-აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და სხვა შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა. მართალია იგი აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს მაგრამ ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 18.05.2007 წლის №2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).
ამდენად, საკუთრების უფლება დაცულია როგორც შიდა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც და ყოველი დარღვეული უფლების დაცვა, აგრეთვე ამ უფლებაში პირის აღდგენა, სამართლებრივი ნორმებით გარანტირებული და უზრუნველყოფილია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს, თუმცა მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით. იმ შემთხვევაში კი თუ საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ხელმყოფისგან მესაკუთრის უფლების დაცვა გარდაუვალია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია ხდება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფა.
6.5.საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ ჰ---------------ის საკუთრების უფლებით რიცხულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძაში, (ს/კ N65.06.3-.0--) დამონტაჟებულია შ------------------ ანძა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, უძრავი ქონებით სარგებლობაში მოპასუხე მხარის მიერ ხელშეშლა გამოიხატება იმაში, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული შ------------------ ანძის გამო, ვერ სარაგებლობს მიწის ნაკვეთით, ამასთან, არც ქირას იხდის, მისი საკუთრებით სარგებლობის გამო. ამდენად, მოსარჩელე მხარე ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი აქვს ხელშეშლას. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „მაგთიკომის“ მხრიდან აღიკვეთოს ხელშეშლა, ჰ---------------ის საკუთრებით უკანონო სარგებლობა.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადასტურებულია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მდებარე საჯარო რეესტრში 65.06.3-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ჰ---------------ის საკუთრებას. საკუთრების უფლება 2019 წლის 28 თებერვლიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასაც იგი ითხოვს. აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელს მოპასუხე უშლის - ვერ სარგებლობს მიწის ნაკვეთით, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არის დამონტაჟებული შპს „მაგთიკომის“ ანძა.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მართლზომიერ საფუძველს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში ჰ---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 60 (სამოცი) ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე შ---------------- მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.დაკმაყოფილდეს ჰ---------------ის წარმომადგენლის ვასილ ბალახაძის სარჩელი.
1.1. აღკვეთილ იქნეს ხელშეშლა შპს „მაგთიკომის“ (ს/ნ 204876606) მხრიდან ჰ---------------ის საკუთრებით უკანონო სარგებლობა და მოხსნას მოსარჩელის ჰ---------------ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ს/კ 65.06.3-.0-- შპს „მაგთიკომის“ მიერ დამონტაჟებული ანძა, მდებარე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში.
2. დაეკისროს მოპასუხე შ---------------- (ს/ნ 204876606) მოსარჩელე ჰ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ნინოპწმინდის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან