გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
330210019002923145
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/6972-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: სი---- ფა-----------ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: ბე-- გუ-–-----ი

მოპასუხე: ნა----–-ა თვ-----ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: ნ--- ქა-----–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ნა----–-ა თვ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სი---- ფა-----------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, უფ-–--–---ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი N0----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს სი---- ფა-----------ს.

 

მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, მოსარჩელემ მოპასუხეს რამდენჯერმე წერილობით და ზეპირად სთხოვა სადავო საცხოვრებლის დაცლა, მაგრამ უშედეგოდ, რის გამოც, მოსარჩელე იძულებულია, მიმართოს სასამართლოს და სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლება მოითხოვოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ სადავოდ არ გახადა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა, მაგრამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სადავო საცხოვრებლის დაუყოვნებლივ დაცლა არ უნდა დაევალოს, რადგან მოპასუხესთან ერთად პატარა ბავშვები ცხოვრობენ და ოჯახს სხვა საცხოვრებელი არა არქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 მარტიდან, სი---- ფა-----------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, უფ-–--–---ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი N0----------------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 4 მარტის NA---------------- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ (ს. ფ. 14-15).

 

3.1.2. სი---- ფა-----------ის კუთვნილ სადავო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე ნა----–-ა თვ-----ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

3.1.3. მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებებს, რომ მოპასუხესთან ერთად ცხოვრობენ მოპასუხის არასრულწლოვანი შვილები და მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე ამ უძრავ ნივთს ნივთის ფლობის უფლების გარეშე ფლობს, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა შესაბამისი უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლებას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სი---- ფა-----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გარემოებას, რომ სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელეს შეძენილი აქვს იძულებით აუქციონზე. შესაბამისად, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა უძრავი ქონების დაუყოვნებლივ მფლობელობაში მიღების გონივრული მოლოდინი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს უკანონო მდლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ვალდებულებას, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და მოპასუხეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძლაში შესვლამდე, ალტერნატიული საცხოვრებელი მოიძიოს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მესამე წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს. ფ. 21). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით, ხოლო 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სი---- ფა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნა----–-ა თვ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სი---- ფა-----------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, უფ-–--–---ს ქუჩა N3, საკადასტრო კოდი N0----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს სი---- ფა-----------ს.

 

3. ნა----–-ა თვ-----ს სი---- ფა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

4. სი---- ფა-----------ს დაუბრუნდეს 60 ლარი ქე-----ნ ოდ--–-–---–ის მიერ 01/04/2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი 120 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება N0, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების სასამართლო სხდომაზე გამოცხადებიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე