განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
120100119003024742
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/145-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

27 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – თ------------------ (დაბ. 1---------წ., პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტ. მცხოვრები ა---––---- რაიონი, სოფელი ღ----–-)

 

ადვოკატი - ნ---------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----------------ს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დადგენილების თანახმად, 2019 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, ა---––---- რაიონის სოფელ ღ----––-, საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ თ-----------------მ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, დედას მ---–-------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოხვია მხრების არეში, ასევე წააქცია ასფალტზე და ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. ბრალდებული თ----------------- წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით მადლენა გიორგაძის, კლავდია სუდაძის ჩვენებები უდავოდ იქნა ცნობილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმე რ------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 აპრილს იმყოფებოდა სოფელ ღ----––- მდებარე საცხოვრებელის სახლის ეზოში, რა დროსაც დაახლოებით 20-25 მ მანძილის მოშორებით გზაზე დაინახა თ----------------- და დედამისი მ---–-------------, რომლებიც საუბროდნენ. მას ჩხუბი არ დაუნახავს და არც ჩხუბის ხმა გაუგონია.

 

მოწმე მ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონული სამმართველოში. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შსს ადმინისტრაციულ შენობაში მივიდა მ---–-------------, რომელმაც მორიგეს უთხრა, რომ სცემა შვილმა თ-----------------მ, კერძოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა, რის გამოც სუნთქვა შეეკრა, წააქცია და წიხლიც დაარტყა, რის გამოც დაიწყო გამოძიება.

 

მოწმე ა-–---------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონული სამმართველოში. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სამუშაო ადგილას, სადაც სამმართველოში მორიგესთან მივიდა მ---–------------- და განაცხადა რომ შვილმა თ-----------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა, სუნთქვა გაუჭირდა, წააქცია. მ---–------------- ითხოვდა თ------------------ს დაჭერას და შესაბამისი ზომების გატარებას. ეს ყველაფერი კი ა-–---------------------მ გაიგონა, ვინაიდან იმყოფებოდა მორიგე ოპერატორთან ახლოს, რომელმაც მ---–-------------ს შეტყობინება მიიღო.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხულმა თ-------------–---–---

 

მოწმეებმა ლ-–---------–---–--, შ---–-----------, მ--------------- დაადასტურეს მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

 

ბრალდებულმა თ-----------------მ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

რაც შეეხება დაზარალებულს მ---–-------------ს, მან გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილის - თ------------------ს მიმართ.

 

ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა მ---–-------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, ის განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვევა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მისცემია საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანია მიღებული ინფორმაციის (ამ შემთხვევაში ჩვენების) შემოწმება.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 19 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნა, რომლის სისწორე დააადასტურა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითულმა ექსპერტმა დ-------------–---–-ა, დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ მ---–-------------ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ძალადობის ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა აღნიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასაც, რადგან იგი უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს.

 

ამდენად, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (მინიმუმ ორი), რაც დაადასტურებდა მ---–-------------ზე ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თ----------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი. ოჯახის წევრად ითვლება დედა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა, დამცირებაში ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკურ ტკივილში (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური იძულებით. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი, რაც მოცემულ შემთხვევაში, ასევე, უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა - დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასევე არ არის საკმარისი მტკიცებულება მ---–-------------ს მიერ ტკივილის განცდის ფაქტის დასადგენად.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში თ------------------ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ თ-----------------მ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში დედის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------------------ მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------------------ (პ/ნ 4----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

2. თ------------------ს (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ დ---------------ს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ა---––---- რაიონი სოფელი ღ----–-, ს.კ. 6-----------;

 

3. განემარტოს თ-----------------ს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა