გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7340-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - თე- კვ----–---–--
წარმომადგენელი - ინ---- შე----–--
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „თე- კვ----–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი და მის შემადგენლობაში შედის მოსარჩელე თე- კვ----–---–--, ბა----- ერ----- (მეუღლე), ქი----- ერ----- (დედამთილი), მო---- ერ----- (შვილი), მა----- ერ----- (შვილი).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 ივლისის დასკვნით, მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს მეუღლის - ბა----- ერ----ის ორსართულიანი კაპიტალური სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულია და ფერდობზე განვითარებული საშიში გეოლოგიური პროცესების გამო მდგრადი უბანი აქ პრაქტიკულად არ არის, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსახლისათვის უსაფრთხო მიწის ნაკვეთი გამოყოფა.
2014 წლის 1 ივლისს, მოსარჩელე თე- კვ----–---–--მ სათანადო ფორმით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამურად 16.5 ქულა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განაცხადის ფორმა (ს.ფ. 84-85);
- ეკომიგრანტი ოჯახის შეფასების ფორმა (ს.ფ. 86);
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 ივლისის დასკვნა (ს.ფ. 38-39);
- ეკომიგრანტი ოჯახის კრიტერიუმებით შეფასების ფორმა (ს.ფ. 78);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის ადგილზე გადამოწმება განხორციელდა 2018 წლის 5 დეკემბერს და დადგინდა, რომ ეზოში იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი კაპიტალური სახლი, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის ბზარი, ასევე ეზოში იყო მცირე ზომის მეორე სახლი, რომელშიც მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა. სახლი, რომლის დაზიანების გამოც მოსარჩელის ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა მთლიანად დანგრეული იყო და დარჩენილი იყო მხოლოდ საძირკველი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2019 წლის 21 ივნისს, წერილობით მიმართა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს და უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით მისი განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმავე ეზოში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო.
მოსარჩელე თე- კვ----–---–--მ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თუმცა მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი კომისიის რეკომენდაციითა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ეკომიგრანტის ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ 16.5 ქულა უზრუნველყოფილნი იქნენ შესაბამისი საცხოვრებელი სახლებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გადამოწმების ოქმი (ს.ფ. 35-37);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 44);
- „თე- კვ----–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და საქმეში არსებული გარემოებების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თე- კვ----–---–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და „თე- კვ----–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრე-მბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უბინაოდ დარჩენილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფონი, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი და მის შემადგენლობაში შედის მოსარჩელე თე- კვ----–---–--, ბა----- ერ----- (მეუღლე), ქი----- ერ----- (დედამთილი), მო---- ერ----- (შვილი), მა----- ერ----- (შვილი).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 1 ივლისს, მოსარჩელე თე- კვ----–---–--მ სათანადო ფორმით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამურად 16.5 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის ადგილზე გადამოწმება განხორციელდა 2018 წლის 5 დეკემბერს და დადგინდა, რომ ეზოში იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი კაპიტალური სახლი, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის ბზარი, ასევე ეზოში იყო მცირე ზომის მეორე სახლი, რომელშიც მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა. სახლი, რომლის დაზიანების გამოც მოსარჩელის ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა მთლიანად დანგრეული იყო და დარჩენილი იყო მხოლოდ საძირკველი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2019 წლის 21 ივნისს, წერილობით მიმართა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს და უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით მისი განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმავე ეზოში ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის გამო. ამასთან, მოსარჩელე თე- კვ----–---–--მ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თუმცა მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო, მითითებული ნორმის სისტემური, სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში სტიქიური მოვლენების ადგილზე არსებულ შენობაში ოჯახის ცხოვრება, რაც განპირობებულია იმით, რომ იმავე ადგილზე, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ოჯახის საცხოვრებელი სახლი და დროებით საცხოვრებლად ოჯახმა მოაწყო შენობა, არ ჩაითვლება ალტერნატიულ საცხოვრებლად, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული ნორმატიული აქტის (პროცედურების) მიხედვით, ერთი მხრივ, მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ იქ არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუნდაც სახლი არ იყოს დაზიანებული ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, ოჯახს საკუთრებაში არ უნდა ჰქონდეს ასეთი სახლი რეგისტრირებული იმ მიზნით, რომ შესაბამისი ქულა მოიპოვოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 ივლისის დასკვნით, მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს მეუღლის - ბა----- ერ----ის ორსართულიანი კაპიტალური სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულია და ფერდობზე განვითარებული საშიში გეოლოგიური პროცესების გამო მდგრადი უბანი აქ პრაქტიკულად არ არის, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსახლისათვის უსაფრთხო მიწის ნაკვეთი გამოყოფა. შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე შენობას. ამასთან, არ დგინდება მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ოჯახის მიზანი შესაბამისი ქულის მოპოვებისათვის, იმავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის თავის არიდებასთან დაკავშირებით, რადგან სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის და ქონებისათვის საშიში სტიქიური მოვლენების ადგილზე დროებითი საცხოვრებლის მოწყობა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ოჯახს სხვა, უსაფრთხო ადგილზე, საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია.
ამრიგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტ ოჯახს იმ პირობებში დააკლო 6 ქულა და უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი აქვს, როდესაც ასეთი საცხოვრებელი მოსარჩელის ოჯახს არ გააჩნია.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი კომისიის რეკომენდაციითა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ეკომიგრანტის ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ 16.5 ქულა უზრუნველყოფილნი იქნენ შესაბამისი საცხოვრებელი სახლებით.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბიჭიკო ქვარცხავას სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და „თე- კვ----–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე, 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე- კვ----–---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №0------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი „თე- კვ----–---–--ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №0------- გადაწყვეტილება;
4. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თე- კვ----–---–--ს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ;
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი