გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
330210119003218306
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24869-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ნ---- ლობჟანიძე

მოსარჩელე - მ---- ი------–---–ი

წარმომადგენლები - ვ----– მ--------ე, ე-–--- ჩ--–----ა

მოპასუხე - მ----- შ------–---–ი

წარმომადგენელი - ნ---- ლ--–--–---–ი

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს 2017 წლის 5 სექტემბერს მ---- ი------–---–სა და მ----- შ------–---–ს შორის დაებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქ-------–-------–-----------------------------------------------------------------------) ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება აღირიცხოს მ---- ი------–---–ის სახელზე.

 

სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: მოსარჩელე ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ-------–-------–-----------------------------------------.

 

2008 წლის 24 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ვ--–------ ი--–---–ი, ხოლო 2016 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა მოსარჩელის ქალიშვილი - ე-–--- ი--–---–ი.

 

ნერვიულობის ნიადაგზე მოსარჩელემ დაკარგა მხედველობა. მან გადაწყვიტა მ----- შ------–---–ისათვის ეჩუქებინა ბინა იმ პირობით, რომ მოევლო მოსარჩელისათვის და ეცხოვრა მასთან, რადგან ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კი ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია მოხდა, მ----- შ------–---–ი აგრესიული გახდა მოსარჩელის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, რომ გაასახლებდა ბინიდან და უპატრონოთა სახლში გადაიყვანდა, ღამე არ რჩებოდა მოსაჩელესთან და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. თვალის ოპერაციებზე მოსარჩელე მეზობლებს დაყავდა.

 

დასაჩუქრებული მოპასუხე მძიმე მდგომარეობაში აყენებდა მოსარჩელეს, აყენებდა როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცჰყოფას. მოსარჩელის მიერ მიცემული თანხით არ ყიდულობდა მისთვის წამლებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ----- შ------–---–ი სარჩელს არ ცნობს და შესაგებელში აღნიშნავს, რომ სწორედ მისმა სანდო, თბილმა და მზრუნველმა ხასიათმა განაპირობა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო მის დასადებად არანაირი პირობა არ ყოფილა განსაზღვრული. სასამართლო დავები მოსარჩელის ხასიათის თავისებურებამ განაპირობა, ასევე მას აქეზებდნენ ნათესავებიც.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ის არანაირ უმადურობას არ იჩენდა მოსარჩელის მიმართ - გასულია სარჩელის წარდგენის ხარდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 5 სექტემბერს მ---- ი------–---–სა (გამჩუქებელი) და მ----- შ------–---–ს (დასაჩუქრებული) შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამჩუქებელმა დასაჩუქრებულს, თავის დისშვილს, აჩუქა მისი კუთვნილი, ქ-------–--–-----–---------------------------------–------------------------------------------------- (ჩუქების საგანი). ჩუქების საგნის მესაკუთრედ დარეგისტრირდა დასაჩუქრებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 5 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);

- 03.10.2019 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18).

 

3.1.2 გამჩუქებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 59-73).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ჩუქების ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ დასაჩუქრებულს ეზრუნა გამჩუქებელზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამტკიცებელი იყო ის, რომ ხელშეკრულება კონკრეტული მიზნით დაიდო.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მარტო ცხოვრობს. 2008 წლის 24 მარტს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ვ--–------ ი--–---–ი, ხოლო 2016 წლის 4 აგვისტოს გარდაიცვალა მოსარჩელის ქალიშვილი - ე-–--- ი--–---–ი.

 

სადავო არც ის გარემოებაა, რომ მ---- ი------–---–ი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, არის ინსულინდამოკიდებული. აქვს მხედველობისა და სმენის პრობლემა. ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე თვით ადრე მოსარჩელემ ფეხი მოიტეხა და დასჭირდა ოპერაცია. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ს.ფ. 37-133, პაციენტის ამბულატორული ბარათი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ს.ფ. 135-153).

 

დადგენილია ისიც, რომ დასაჩუქრებული და გამჩუქებელი ახლო ნათესავები არიან, კერძოდ, დასაჩუქრებული მოსარჩელის დისშვილია.

 

მოწმე მ------ ი------–---–მა განმარტა, რომ მოსარჩელის დაა. მოსარჩელეს ორი ოპერაცია აქვს თვალზე გაკეთებული და ორი ოპერაცია ფეხზე. გადაადგილება უჭირს და მეზობლები ეხმარებიან. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ჯანმრთელობა ყოველ დღე უარესდებოდა. ცოტა ხანი მათი და უვლიდა, მომვლელიც აუყვანეს. ბოლოს შეატყეს, რომ დამოუკიდებლად თავს ვერ მიხედავდა, ღამე რეკავდა ხშირად, ცუდად ვარ, მომხედეთო. ნათესავებმა გადაწყვიტეს, აეყვანათ მომვლელი. მრავალრიცხოვან ნათესავებს შორის მოპასუხე მ----- შ------–---–მა თავად გამოთქვა სურვილი, რომ მოსარჩელეს მოუვლიდა, ყველანაირად დაეხმარებოდა სიცოცხლის ბოლომდე და ისე იზრუნებდა, როგორც საკუთარ ოჯახის წევრზე. (20.11.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 10:35:51). მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხესთან ტელეფონზე საუბრისას გაიგონა მისი მეუღლის სიტყვები, სანამ ბინას არ გადაუფორმებს, მ----- ერთი დღეც არ გავაო მოსარჩელესთან (იქვე 10:39:46).

 

მოწმე მ---- ფ---–----–---–ი განმარტავს, რომ მხარეების ნათესავია. მოსარჩელე მისი დეიდაა. მას შემდეგ, რაც ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქვს მხედველობის პრობლემა, სმენაც დაქვეითებული აქვს. სჭირდება მომვლელი, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს წამლის მიღებას. მ----- შ------–---–მა ითავა მისი მოვლა, ყველაფერს მე გავუკეთებო. თვითონვე გადაწყვიტეს მერე ხელშეკრულების დადება (იქვე 10:46:65).

 

მოწმე ც---–- ხ-------–---–ის განმარტებით მთელმა სანათესაომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეს სჭირდებოდა მოვლა. მოსარჩელის შვილის ორმოცზე იყო ყველა ნათესავი შეკრებილი და იქ განიხილეს, ვინ მიხედავდა მ----ს. სურვილი გამოთქვა მოპასუხემ. მოლაპარაკება იყო, რომ ვინც მიხედავდა მ----ს, სახლიც და კარიც მისი იქნებოდა, არავინ მოდავე არ ეყოლებოდა (იქვე 12:08).

 

მოწმე ლ---–- თ-------–---–-ს განმარტებით, ის მოსარჩელის მეზობელია და მოსარჩელისგან გაიგო, რომ მისთვის უნდა მოევლო მ----- შ------–---–ს, მის დისშვილს (იქვე, 12:39).

 

ყველა ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო კონკრეტული დათქმით: მ----- შ------–---–ს გამჩუქებლისთვის უნდა მოევლო და მასზე ეზრუნა.

 

3.2.2 ჩუქების ხელშეკრულების მიზანი არ შესრულდა. დასაჩუქრებული არ ზრუნავდა გამჩუქებელზე და იჩენდა უმადურობას.

 

მოსარჩელე თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ მოპასუხე იყო მის მიმართ აგრესიული, აყენებდა როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, არ რჩებოდა მასთან სახლში და ტოვებდა მას მარტო, ოპერაციებზე დაყავდათ მეზობლებს, არ ყიდულობდა წამლებს (მოსარჩელის ფულით).

 

მოპასუხე უარყოფს აღნიშნულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხე უვლიდა დეიდას, ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში და ამას აკეთებდა მხოლოდ მისი კეთილი ნების და სიყვარულის გამო, რომელიც დეიდის მიმართ გააჩნდა.

 

მოწმე მ------ ი------–---–ის განმარტებით ხელშეკრულების დადებამდე ერთი 8-9 თვე მოსარჩელეს და მოპასუხეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ გადიოდა მოპასუხე მოსარჩელესთან. მერე უკმაყოფილება გაჩნდა მათ შორის. გაბრაზებულმა მოპასუხემ რამდენჯერმე მიატოვა მოსარჩელე და აღარ აკითხავდა. მან დაურეკა მოპასუხეს და ჰკითხა, რატომ არ უვლიდა. მოპასუხემ უპასუხა, რომ მცირეწლოვანი შვილიშვილები ყავს, ოჯახის წევრები ყველა მუშაობენ და მე ვერ გავაცდენინებო. მ----- შ------–---–ის მეუღლეც ამ დროს სახლში იყო და თქვა, სანამ ბინას არ გადაუფორმებთ, იმ ერთ დღესაც არ გავა მ-----ო. მოწმის აზრით, მოპასუხემ დაუფიქრებლად მიიღო გადაწყვეტილება და ვერ განსაზღვრა, რომ მოვლას ვერ შეძლებდა. მოპასუხე უარს ამბობდა მოსარჩელესთან ღამე დარჩენაზე. მოსარჩელე დარჩა მეზობლების ამარა, მ----- აღარ მიდიოდა მასთან. მეზობლები ურეკავდნენ და ატყობინებდნენ, რომ საავადმყოფოში მიჰყავდათ (20.11.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი10:39:46).

 

მოწმე მ-----– ქ--------–---–ი განმარტავს, რომ მ---- ი------–---–ის კარის მეზობელია. მოსარჩელე ხშირად უნახავს ატირებული მ----- შ------–---–ის გამო. მოწმე აღნიშნავს, რომ მას მიჰქონდა წამლები მოსარჩელესთან, ყრიდა ნაგავს. მოსარჩელისგან იცის, რომ მოპასუხეს აჩუქა ბინა იმისთვის, რომ მას მოევლო (იქვე 10:18). მოწმე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელეს მომვლელი ჰყავდა აყვანილი. მოპასუხე მიდიოდა მოსარჩელესთან, მაგრამ თუ უვლიდა, არ იცის. ექიმთან მარტო დადის მოსარჩელე (იქვე 10:22:11).

 

მოწმე მ------ დ--–------ აღნიშნავს, რომ ბევრჯერ უნახავს მოსარჩელე მ-----ს გამო ატირებული, ის თითქმის ყოველდღე დადიოდა მ---- ი------–---–თან, მაგრამ მ----- იქ არ უნახავს. მოსარჩელე ყვებოდა, რომ მოპასუხე არ უვლიდა, არ მიდიოდა, ექცეოდა უხეშად. ექიმთან მეზობლები დაყვებიან (იქვე 11:15).

 

მოწმე მ---- ფ---–----–---–ის განმარტებით როცა ჩამოდიოდა სოფლიდან მოსარჩელე ხვდებოდა დაღონებული, ატირებული. მ----- შ------–---–ი არ მიდიოდა მასთან. ფეხი რომ მოიტეხა თვითონ ადგა თავზე, მოპასუხე იქ არ მისულა.

 

მოსარჩელე სარჩელში აღწერს მოპასუხესთან მომხდარ ინციდენტს, კერძოდ, მისი განმარტებით, ერთხელ სადილს რომ მიირთმევდა, მოპასუხემ შეგნებულად ხელზე ხელი დაჰკრა, თეფში საჭმლით ძირს დააყრევინა და მას ააკრეფინა ძირს დაყრილი საჭმელი.

 

მოწმე ც---–- ხ-------–---–ის განმარტებით ერთხელ როცა მივიდა მ----სთან, დარეკა ზარი, კარს არ უღებდა, კარგა ხნის შემდეგ გააღო კარი. მ---- ტიროდა, დაჯდა მაგიდასთან და უფრო მოუმატა ტირილს. სამზარეულოში დაინახა დაღვრილი საჭმელი, მაგიდაზეც იყო დაღვრილი და თვითონაც იყო ჩამოწუწული. მოსარჩელემ მას ჰკითხა, მოპასუხე ხომ არ შეხვედრია. თურმე შელაპარაკებულან, მოსარჩელემ სთხოვა ღამე დარჩენა, რაზეც უარი უთხრა. მოსარჩელის განმარტებით, ამ შელაპარაკების დროს ჩაარტყა ხელში და დააღვრევინა საჭმელი. მოწმემ შესთავაზა პატრულის გამოძახება, რაზეც მოსარჩელემ უარი უთხრა (იქვე 12:12:04-12:14:49).

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე და მოსარჩელე ერთი და იგივე ინციდენტს აღწერენ.

 

მოწმეები ლ---–- თ-------–---–- და ნ-----–--------–-–---–ი ადასტურებენ, რომ მ---- ი------–---–ი სულ უკმაყოფილებას გამოხატავდა მ----- შ------–---–ის მიმართ, ამბობდა არ მივლისო. ნ-----–--------–-–---–ის განმარტებით, მოპასუხე იშვიათად მიდიოდა მოსარჩელესთან და მალევე ტოვებდა. ექიმთან თავად დაყვება.

 

მოწმეების - მ-----– ქ--------–---–ისა და მ------ ი------–---–ის ჩვენების საფუძველზე იკვეთება ისიც, რომ მოპასუხე კონფლიქტური ხასიათისაა, კერძოდ, მ-----– ქ--------–---–ის განმარტებით, მოპასუხემ რომ გაიგო, მოწმედ მოდისო, მის შვილს მიუვარდა სამსახურში, ატეხა წიოკობა, რის გამოც მისი შვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს (იხ. აუდიოჩანაწერი 10:23:31). მ------ ი------–---–ი ასევე განმარტავს, რომ დავის დაწყების შემდეგ მოპასუხემ სახლში მიაკითხა და იჩხუბა.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არ გამოდგება.

 

მოწმე გულნაზი გოდერიძე საერთოდ არ ფლობს დავასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას და ზოგადად ახასიათებს მოპასუხეს.

 

მოწმეები ნ--- წ--------–ი, ნ---- რ-----–-–---–ი, ც----- გ---–-----ი, ნ--- ბ-----ე აღწერენ იმ ფაქტებს, რაც მოპასუხისა და მისი მეუღლისაგან იციან გადმოცემით.

 

რაც შეეხება მოწმე ა---------– შ------–---–ს, ის მოპასუხის მეუღლეა და მის სასარგებლო ჩვენებას იძლევა.

 

სასამართლო თვლის, რომ ის გარემოება, რომ მ---- ი------–---–ის მეზობლებს და ნათესავებს უწევდათ მოსარჩელისათვის დახმარების გაწევა, მისთვის მომვლელის აყვანა, წამლების ყიდვა, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და ა.შ. გამორიცხავს მ----- შ------–---–ის მიერ მ---- ი------–---–ზე ზრუნვას. ის გარემოება, რომ მ----- შ------–---–ი არ ასრულებდა დეიდის თხოვნას დარჩენილიყო მასთან თუნდაც ერთი ღამით, შეეძინა მის მიერ მიცემული თანხით წამლები, ხელშეკრულების დადების შემდეგ დეიდის მიმართ უყურადღებო, აგდებული და აგრესიული დამოკიდებულება - ადასტურებს მოპასუხის უმადურობას მოსარჩელის მიმართ.

 

სასამართლო აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც მოპასუხემ, ვერც მოწმედ დაკითხულმა მისმა მეუღლემ ვერ შესთავაზეს სასამართლოს რაიმე გონივრული ახსნა, თუ მხარეებს შორის კარგი ურთიერთობა იყო და მოპასუხე მოსარჩელეზე ზრუნავდა, რამ გამოიწვია მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 524-ე, 529-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით, ხოლო 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის თანახმად, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

აღნიშნული ნორმა მოიცავს გამჩუქებლის შესაძლებლობას, მის მიერ შეცილებულ იქნეს ხელშეკრულება და მისი შედეგები ისეთი სპეციფიკური საფუძვლებით, როგორიცაა დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოჩენა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან, სავალდებულო არ არის, რომ შეურაცხყოფა უშუალოდ გამჩუქებელს ეხებოდეს, არამედ ჩუქების გაუქმების საკმარისი საფუძველია შეურაცხყოფის მიყენება გამჩუქებლის ახლო ნათესავისათვის.

 

მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, მაგრამ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ №ას-62-59-2012).

 

ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად მჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა მჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (იხ. სუსგ ას-68-65-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს.ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. საკუთრების უფლება სუბსტანციურად შეზღუდული უფლებაა. კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდვა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის ერთი მონაწილის (დასაჩუქრებულის) შეზღუდვას მეორე მონაწილის (მჩუქებლის) სასარგებლოდ. დიდი უმადურობით გამოწვეული ვნების სუბიექტი მჩუქებელია, რაც განპირობებულია ჩუქების განსაკუთრებული ზნეობრივ-სამართლებრივი ხასიათით. ჩუქების გაუქმების ნებადართულობით, სამართალი იცავს საზოგადო ინტერესებსაც, რადგან საზოგადო ინტერესი გულისხმობს სტაბილურ, უსაფრთხო და გაწონასწორებულ სამოქალაქო ბრუნვას, როცა ბრუნვის მონაწილეების ქცევები კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერია ამ ინტერესის გამოხატულება, ვინაიდან დასაჩუქრებულის არაზნეობრივი მოქმედება ძირს უთხრის ნაჩუქრობის, როგორც მორალურ სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტის არსებობას. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია, ნამდვილი და, შესაბამისად, უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძვლები, ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით. (სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).

 

მხარეებს შორის არსებობდა იმგვარი ნათესაური კავშირი - დეიდა-დისშვილი, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. უფრო მეტიც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულება კონკრეტული მიზნით დაიდო - დასაჩუქრებულს უნდა ეზრუნა გამჩუქებელზე, მოევლო მისთვის.

 

დადგენილია ისიც, რომ ჩუქების მიზანი არ შესრულდა, მოპასუხე არ უვლიდა მოსარჩელეს და უმადურობას იჩენდა მის მიმართ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს, რომელიც გამჩუქებლის დისშვილია, უფრო მეტი მადლიერებისა და ყურადღების გამოჩენა ევალება და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა დასაჩუქრებული მესამე პირია.

 

მოპასუხე უთითებს, რომ მ---- ი------–---–ის სარჩელი ხანდაზმულია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17).

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, კერძოდ, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოებათა შესახებ, რომელიც მას ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ჩუქების გაუქმებას უკავშირებს არა ერთ კონკრეტულ უმადურობის ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, არამედ იმას, რომ მოპასუხე არ ზრუნავს მოსარჩელეზე, რაც თავისი არსით დროში განგრძობადი ქმედებაა და ვადის ათვლის ერთი კონკრეტული მომენტი არ გააჩნია.

 

ისიც აღსანიშნავია, რომ მოცემული სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელე შეეცილა ჩუქების ხელშეკრულებას და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა (იხ. 3.1.2 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ჩუქების გაუქმების საფუძველი და ჩუქების საგანი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

6.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მტკიცებულებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვენლობა არ აქვს იმის დადგენას, მ---- ი------–---–ს გააჩნია თუ არა საკუთრების უფლება მისი მეუღლის მიერ დატოვებულ ბინაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მ----- შ------–---–ს უნდა დაეკისროს მ---- ი------–---–ის სასარგებლოდ სახელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1190 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ---- ი------–---–ის სარჩელი მ----- შ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მ---- ი------–---–სა და მ----- შ------–---–ს შორის 2017 წლის 5 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ჩუქების საგანი: ქ-------–--–-----–-------------------------------------–-------------------------------------------------- აღირიცხოს მ---- ი------–---–ის სახელზე;

3. მ----- შ------–---–ს მ---- ი------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 1190 ლარის, ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია