გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2020
საქმის ნომერი
080210017002154978
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210017002154978

#2/3223-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08.01.2020 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“;

წარმომადგენელი - დ--------------–-–---–ი;

მოპასუხე - ი/მ ი-----–----–----–---–ი; ნ-----------–--ე;

წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი/მ ი-----–----–----–---–ს და ნ-----------–--ეს - სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 62 626,62 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 58 466,67 აშშ დოლარს, პროცენტი 2960.15 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1199.80 აშშ დოლარს.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, ი-----–----–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, ტ--------------------, ს/კ: 0-.0-.2-.2--.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ქონება.

 

1.4. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

1.5. მოპასუხე ი-----–----–----–---–ს და ნ-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 2- დეკემბერს სს „პ------------------სა“ და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 34000.00 აშშ დოლარის ან სხვა ვალუტაში ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2014 წლის 29 სექტემბერს შევიდა ცვლილება და გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება ჩამოყალიბდა შემდეგი პირობებით: გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ლიმიტი განისაზღვრა 150000,00 აშშ დოლარის ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, ხოლო მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი არაუმეტეს წლიური 36%-ის დარიცხვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 04 აპრილს სს „პ------------------ს" და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 61085,00 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

2011 წლის 23 დეკემბრის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „პ------------------სა“ და ი-----–----–----–---–ს შორის 2011 წლის 22 დეკემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ი-----–----–----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე :ქ. ქუთაისი, ტ----------------, ს/კ: 0-.0-.2-.2--.

 

2011 წლის 23 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „პ------------------სა“ და ნ-----------–--ეს შორის 2014 წლის 29 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ნ-----------–--ემ აიღო ვალდებულება ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, რაც გამომდინარეობდა გენერალური საკრედიტო ხაზის და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

 

2016 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–--------ს" და სს "პ------------------ს" შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს----------–--------მა შეიძინა სს "პ------------------ის" მართვაში არსებული გარკვეული სახის და რაოდენობის სესხები. ამდენად აღნიშნულ საქმეზე სს "ს----------–--------ი„ წარმოადგენს სს "პ------------------ის" უფლებამონაცვლეს.

 

მოპასუხეებს მიუხედავად გაფრთხილებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ და მათ მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ. სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იქნა შესრულებული - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თნხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეებს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 62 626.62 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 58 466,67 აშშ დოლარს, პროცენტი 2960.15 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1199.80 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----------–--ემ და ი-----–----–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს "ს----------–--------მა" არ შეასრულა ცესიის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად ცესიონერმა უნდა გააფორმოს და მიაწოდოს მსესხებლებს ან/და მოვალეებს შეტყობინება მოთხოვნის დათმობის შესახებ, დანართი 3-ში მოცემული ფორმით, არაუგვიანეს ცესიის თარიღისა, ასევე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად ცესიონერმა უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რათა შეატყობინოს მსესხებელს ან/და მოვალეებს მოთხოვნისა და გადასაცემი დოკუმენტების ცედენტიდან ცესიონერზე გადაცემის შესახებ. სს "ს----------–--------ის" მიერ ზემოთხსენებული მოქმედებები არ განხორციელებულა. ასევე ცესიის ხელშეკრულებასა და სს "ს----------–--------ის„ მიერ გაცემულ ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაციაში მითითებული ხელშეკრულების ნომრები არ ემთხვევა ერთმანეთს. სს „პ------------------ს" და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და ცესიის ხელშეკრულებით გადაცემული ხელშეკრულების ნომრები არ ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად სს "ს----------–--------ს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით სს "ს----------–--------ი" არის მეორე რიგის იპოთეკარი, შესაბამისად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ უნდა მოხდეს, რადგან პირველი რიგის იპოთეკარს მოვალის მიმართ მოთხოვნა არ წაუყენებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 2- დეკემბერს სს „პ------------------სა“ და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 34000.00 აშშ დოლარის ან სხვა ვალუტაში ბანკის დადგენილი კურსის მიხედვით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2014 წლის 29 სექტემბერს შევიდა ცვლილება და გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება ჩამოყალიბდა შემდეგი პირობებით: გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ლიმიტი განისაზღვრა 150000,00 აშშ დოლარის ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 360 თვით, ხოლო მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი არაუმეტეს წლიური 36%-ის ოდენობით.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 05 აპრილს სს „პ------------------ს" და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 61085,00 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2011 წლის 2- დეკემბრის გენერალური ხელშეკრულება;

- 2-.12.2011 წ. დადებული #FW1.3-- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ცვლილება #3--------.

- 05.04.2016 წ. შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #1.7---.

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „პ------------------სა“ და ი-----–----–----–---–ს შორის, 2011 წლის 23 დეკემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ი-----–----–----–---–ის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ტ----------------, ს/კ: 0-.0-.2-.2--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.12 2011 წ. იპოთეკის ხელშეკრულება # 1-------------;

-22.09.2014წ იპოთეკის ხელშეკრულების ცვლილება #3--------;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „პ------------------სა“ და ნ-----------–--ეს შორის 2014 წლის 29 სექტემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა ნ-----------–--ემ აიღო ვალდებულება ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, რაც გამომდინარეობდა გენერალური საკრედიტო ხაზის და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.09.2014 წ. ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ # 6---------041;

 

3.1.4. 2016 წლის 12 დეკემბერს სს "ს----------–--------ს" და სს "პ------------------ს" შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ს----------–--------მა შეიძინა სს "პ------------------ის" მართვაში არსებული გარკვეული სახის და რაოდენობის სესხები. განსახილველ საქმეზე სს "ს----------–--------ი წარმოადგენს სს "პ------------------ის" უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.12.2016 წ. ცესიის ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 58,466.67 დოლარს, სარგებელი- 2 960.15 დოლარს, პირგასამტეხლო- 1199.80 დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია სს "ს----------–--------ის„ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-21.12.2011 წ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.

-05.04.2016 წ საკრედიტო ხელშეკრულება;

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 62 626,62 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა-58 466,67 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო- 1199,80 აშშ დოლარს, პროცენტი- 2960,15 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სს "ს----------–--------მა" არ შეასრულა ცესიის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმად ცესიონერმა უნდა გააფორმოს და მიაწოდოს მსესხებლებს ან/და მოვალეებს შეტყობინება მოთხოვნის დათმობის შესახებ, დანართი 3-ში მოცემული ფორმით, არაუგვიანეს ცესიის თარიღისა, ასევე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად ცესიონერმა უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რათა შეატყობინოს მსესხებელს ან/და მოვალეებს მოთხოვნისა და გადასაცემი დოკუმენტების ცედენტიდან ცესიონერზე გადაცემის შესახებ. სს "ს----------–--------ის" მიერ ზემოთხსენებული მოქმედებები არ განხორციელებულა, აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 12.12.2016 წ სს პ------------------ს და სს ს----------–--------ს შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ცედენტი არის დანართი-#1-ში ჩამოთვლილი თითოეული სესხის ხელშეკრულების კრედიტორი. დანართი-#1-ის თანახმად, სს ს----------–--------ს გადაეცა სწორედ 05.04.2016წ #1.7--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. ამდენად, სს ს----------–--------ი წარმოადგენს ი-----–----–----–---–ის და ნ-----------–--ის მიმართ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს.

 

სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად, ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს, შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე. აღნიშნული ნორმის მიზანია მოვალის დაცვა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, რადგან იგი არ არის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარე და მისი შეტყობინება მოთხოვნის დათმობის შესახებ სავალდებულო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ს----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 201-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 32--ე, 873-ე, 868-ე, 400, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 290-ე, 301-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32--ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს „პ------------------სა“ და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის 2016 წლის 05 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 61085,00 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით.

 

მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დღეის მდგომარეობით სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 62 626,62 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა-58 466,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 1199,80 აშშ დოლარს, პროცენტი- 2960,15 აშშ დოლარს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2016 წლის 05 აპრილს სს „პ------------------სა“ და ი/მ ი-----–----–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 61085,00 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, ი-----–----–----–---–ისა და ნ-----------–--ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მათთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი 61085,00 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის - ი-----–----–----–---–ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სს "ს----------–--------ი" ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 32--ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ი-----–----–----–---–თან ერთად ნ-----------–--ის ვალდებულება სს ს----------–--------ის წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 120 თვის ვადაში 2026 წლის 2- მარტს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, დარიცხული პირგასამტეხლოს, მსესხებლის/სოლიდარული მოვალის ვალებულების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების, ქონების მოძიების, შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი დანახარჯების, მათ შორის სასამართლო, სასამართლოს გარეშე და სააღსრულებო ხარჯების, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ჩათვლით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----------–--ეს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2016 წლის 05 აპრილს სს „პ------------------სა“ და ი-----–----–----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით. მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. ი-----–----–----–---–ს სს „ს----------–--------ი“ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლოს 119,98 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

მოპასუხის მტკიცებით, ვინაიდან სს "ს----------–--------ი" არის მეორე რიგის იპოთეკარი, შესაბამისად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ უნდა მოხდეს, რადგან პირველი რიგის იპოთეკარს მოვალის მიმართ მოთხოვნა არ წაუყენებია. მოპასუხის აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2011 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–----–----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ტ. ტაბიძის ქუჩა #5, ს/კ: 0-.0-.2-.2--. სსკ 290-ე მუხლის თანახმად, ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში, რეალიზაციის მოთხოვნის წინაპირობაა იპოთეკის უფლების არსებობა. აღნიშნული უფლების წინააღმდეგ მესაკუთრეს შესაგებელი წარდგენილი არ აქვს. იპოთეკის უფლების რიგითობა კი განისაზღვრება მათი წარმოშობის დროის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ი-----–----–----–---–მა ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ი“ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

2011 წლის 23 დეკემბრის მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის საგნის ღებულება მთლიანად არ დაფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

 

ამდენად დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ი-----–----–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ტ. ტაბიძის ქუჩა #5, ს/კ: 0-.0-.2-.2--; ხოლო თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2-.12.2011 წლის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (მუხლი 13.1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4820 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 96,34 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ი-----–----–----–---–ს და ნ-----------–--ეს- სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 61546,80 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 58466,67 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 2960,15 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 119,98 აშშ დოლარს.

 

3. დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ი-----–----–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ტ-------------------ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.2--.

 

4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ მოძრავი ქონება.

 

5. ი-----–----–----–---–ს და ნ-----------–--ეს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 4820 ლარის ოდენობით.

 

6. სს ს----------–--------ს (ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს 2017 წლის 01 ნოემბერს სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 96,34 ლარი (საგადახდო დავალება №2691), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე #2/3223-17) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე