განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002462925
N1/105-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე----- ტ--–-----;
ბრალდებული - კ------------- ფ--–------–---–-, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, დიდგორის ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2001 წლიდან, ხ------- ჭ----------ე, ქორწინებაში იმყოფებოდა კ------------- ფ--–------–---–თან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები მ------ ფ--–------–---–- (დაბ. 2---------) და ნ-----–-- ფ--–------–---–- (დაბ. 20.07.2003). 2016 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კ------------- ფ--–------–---–-, მეუღლეს - ხ------- ჭ----------ეს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ხ------- ჭ----------ე განიცდიდა ტანჯვას.
2. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ------------- ფ--–------–---–მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ------- ჭ----------ეს. ამ უკანასკნელის მოწოდებაზე დაწყნარებულიყო, კ------------- ფ--–------–---–- გახდა აგრესიული და ხ------- ჭ----------ეს მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა ცხვირის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ კ------------- ფ--–------–---–-სა და ხ------- ჭ----------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ნ-----–-- ფ--–------–---–ები. ძალადობრივი ქმედების შედეგად, ხ------- ჭ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, კ------------- ფ--–------–---–მა, უმიზეზოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ------- ჭ----------ეს, რის შემდეგაც, ოთახში მყოფს ესროლა კვერცხი, რაც ხ------- ჭ----------ეს მოხვდა მარჯვენა ყურის არეში, ასევე, მუჭი დაარტყა მარცხენა საფეთქლის არეში ერთხელ და უკან თავის არეში ორჯერ. ხ------- ჭ----------ის მოწოდებაზე შეეწყვიტა ძალადობა, კ------------- ფ--–------–---–მა გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა ტუჩის არეში. აღნიშნულს შეესწრო კ------------- ფ--–------–---–-ს და ხ------- ჭ----------ის არასრულწლოვანი შვილი - მ------ ფ--–------–---–-. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ხ------- ჭ----------ემ, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
4. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით: 2016 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია), 2018 წლის 25 მარტის ჩათვლით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კ------------- ფ--–------–---–-, მეუღლეს - ხ------- ჭ----------ეს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ------------- ფ--–------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - მ------ და ნ-----–-- ფ--–------–---–ების თანდასწრებით ძალადობა განახორციელა მეუღლის - ხ------- ჭ----------ის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ჭ----------ემ განაცხადა, რომ ხ------- ჭ----------ე არის მისი შვილი, ხოლო კ------------- ფ--–------–---–- მისი სიძე.
6. 2009 წლის 9 ნოემბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ხ------- ჭ----------ე, ხოლო საქმროდ კ------------- ფ--–------–---–-.
7. 2003 წლის 23 ივლისის ნ-----–-- ფ--–------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ხ------- ჭ----------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია კ------------- ფ--–------–---–-.
8. 2009 წლის 30 ნოემბრის მ------ ფ--–------–---–-ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ხ------- ჭ----------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია კ------------- ფ--–------–---–-.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ------------- ფ--–------–---–- და დაზარალებული ხ------- ჭ----------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი):
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ჭ----------ემ განაცხადა, რომ არის ხ------- ჭ----------ის დედა. 2018 წლის 25 მარტს დაურეკა შვილიშვილმა, რომელმაც განუცხადა, რომ სასწრაფოდ ჩასულიყო მათთან სახლში, ვინაიდან კ------------- ფ--–------–---–- ჩხუბობდა. ქ.ზესტაფონში, დიდგორის ქუჩაზე მისვლისას დაინახა, რომ შვილიშვილი ტიროდა, ხოლო შვილი ხ------- ჭ----------ე, მიჰყავდა პოლიციას. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 25 მარტს (ტომი I, ს.ფ. 26-28), მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია ,,ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–--ში ვცხოვრობ მეუღლე მ----- ჭ----------ესთან ერთად. ჩემი შვილი ხ------- ჭ----------ე 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ.ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში მცხოვრებ კ------------- ფ--–------–---–თან. მათ ჰყავთ ორი შვილი: 14 წლის ნ-----–-- და 8 წლის მ------ ფ--–------–---–ები. 2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 18 საათზე ზესტაფონის რაიონის სოფელ ბ----–--ში მოვიდა ჩემი შვილი ხ------- ჭ----------ე და შვილიშვილი მ------ ფ--–------–---–-. ისინი ქ.ზესტაფონში გაემგზავრნენ 2018 წლის 25 მარტს დაახლოებით 12 საათზე. იქნებოდა 14 საათის შემდგომი პერიოდი, როდესაც ჩემს კუთვნილ 5----------- ნომრის მქონე მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა ჩემი შვილიშვილი მ------ ფ--–------–---–-. ის ტიროდა და აღელვებით მეუბნებოდა, რომ წამეყვანა სახლიდან. აღნიშნული საუბრის დროს მე ტელეფონში გავიგონე ჩემი შვილის ხ------- ჭ----------ის ტირილის ხმა. მ------მა მითხრა, რომ სწრაფად მივსულიყავი მასთან. როდესაც მას შევეკითხე, თუ რა მოხდა, არ მიპასუხა და კვლავ გაიმეორა, რომ წამეყვანა სახლიდან. ამის შემდეგ მან გათიშა მობილური ტელეფონი. მე მივხვდი, რომ მომხდარი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტი ჩემი შვილის ხ------- ჭ----------ის მიმართ, რის გამოც დაუყოვნებლივ წამოვედი ქ.ზესტაფონში. მე წამომიყვანა მეზობლად მცხოვრებმა ა---------– ღ------ემ თავისი კუთვნილი ავტომანქანით. დაახლოებით იქნებოდა 14 საათი და 30 წუთის შემდგომი პერიოდი, როდესაც მივედი ქ.ზესტაფონში, დიდგორის ქუჩა N---ში, ჩემი სიძის კ------------- ფ--–------–---–-ს სახლში. აღნიშნულ დროს სახლში იმყოფებოდა ჩემი შვილი ხ------- ჭ----------ე და შვილიშვილი მ------ ფ--–------–---–-. მითითებულ დროს ხ------- ტიროდა. მას ტუჩებზე ეტყობოდა შესიების კვალი, შეწითლებული ჰქონდა მარჯვენა ყურის და მარცხენა საფეთქლის არეში. გარდა ამისა ტიროდა ჩემი შვილიშვილი მ------ ფ--–------–---–-ც. მე ჩემმა შვილმა ხ------- ჭ----------ემ მითხრა, რომ 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, სოფელ ბ----–--იდან დაბრუნების შემდეგ კ------------- ფ--–------–---–მა სრულიად უმიზეზოდ დაუწყო გინება და მას ესროლა კვერცხი, რომელიც მოხვდა მარჯვენა ყურის არეში. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა შვილმა ხ------- ჭ----------ემ მითხრა, მისმა მეუღლემ კ------------- ფ--–------–---–მა მარჯვენა მუშტი ერთხელ დაარტყა ჯერ მარცხენა სახის არეში, ხოლო შემდგომ უკან თავის არეში დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი. მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ, ჩემმა შვილმა ხ------- ჭ----------ემ დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა პოლიციის დახმარება. ჩემს შვილს ხ------- ჭ----------ეს ჩემთვის მანამდე არ უთქვამს, რომ მასზე ხორციელდებოდა ოჯახური ძალადობა’’. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს გამომძიებლისათვის. მხოლოდ დაინახა მის შვილს ტუჩებთან შეწითლება რომ ჰქონდა. კვერცხის სროლასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ეს იცის მ------ისგან და დეტალები მისთვის უცნობია.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო----- ხ---------იამ განაცხადა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. გამომძიებელ ე. გ--–---სთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ზესტაფონში დიდგორის ქუჩაზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-------- ქ-------ამ განაცხადა, რომ მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 25 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტზე, სამმართველოში გამოკითხულმა დაზარალებულმა მიუთითა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. ხელმძღვანელობის მითითებითა და დავალებით, გამომძიებელ თ------ შ------–---სთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა---------– ვ--------სთან ერთად მოახდინა კ------------- ფ--–------–---–-ს დაკავება და წარდგენა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
14. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------– ვ--------მ.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. კ------------- ფ--–------–---–-ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან გ--- ც---–----სთან ერთად, გამოცხადდა კ------------- ფოხვერაშვილის საცხოვრებელ სახლში, ქ.ზესტაფონში დიდგორის ქუჩაზე, რათა მოეხდინა მისი წარდგენა სამმართველოში. აღნიშნულ მისამართზე არავინ არ დახვდათ, რის გამოც შეადგინა შესაბამისი ოქმი.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლად. კ------------- ფ--–------–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა დაკავების ოქმი და გამოკითხა მოწმე ლ--–- ჭ----------ე. ასევე, შეადგინა საპროცესო მოქმედების ოქმები.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო კ------------- ფ--–------–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო კ.ფ--–------–---–ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, შეადგინა დაზარალებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.
18. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ხ------- ჭ----------ემ, მოწმეებმა ნ-----–-- ფ--–------–---–მა, მ------ ფ--–------–---–მა და ა-–---- ფ--–------–---–მა, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა კ------------- ფ--–------–---–მა, გამოიყენა დუმილის უფლება.
19. 2018 წლის 25 მარტის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ე-–--- გ--–---მ, დაზარალებულ ხ------- ჭ----------ის თანხმობითა და მონაწილეობით მოახდინა მისი გარეგნული დათვალიერება და ფოტო-გადაღება. ხ------- ჭ----------ეს აღენიშნებოდა შესიების კვალი ტუჩის არეში, სიწითლე მარცხენა საფეთქლისა და მარჯვენა ყურის არეში.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 25.03.2018წ. 21:32-21:45სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ხ------- ჭ----------ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------მ.
21. 2018 წლის 25 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონი, ბარნოვის ქუჩა N---ში და წარმოადგენს ხ------- ჭ----------ის საცხოვრებელ სახლს....ხ------- ჭ----------ემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ოთახში ამეცადინებდა ის შვილს მ------ ფ--–------–---–ს, როცა მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
22. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კ------------- ფ--–------–---–-ს ქმედებით ხ------- ჭ----------ე განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–---მ.
23. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
24. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ.
25. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
26. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ------------- ფ--–------–---–-ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს კ------------- ფ--–------–---–-ს ბრალეულობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფასა და ძალადობაში. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ------------- ფ--–------–---–-ს უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა კ------------- ფ--–------–---–-ს მხრიდან დაზარალებულ ხ------- ჭ----------ის მიმართ სისტემატურად შეურაცხყოფის და ძალადობის განხორციელების ფაქტები.
სამართლებრივი შეფასება:
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
30. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
31. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ კ------------- ფ--–------–---–-ს მიერ, ხ------- ჭ----------ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი წერილობითი მტკიცებულება, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------------- ფ--–------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოზე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------------- ფ--–------–---–-ს მიერ ხ------- ჭ----------ის მიმართ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, შუადღის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე ძალადობის განხორციელებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, კ------------- ფ--–------–---–-ს მხრიდან ხ------- ჭ----------ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და ძალადობის ორი ეპიზოდის ფაქტი. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულება, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა მიუთითებს კ------------- ფ--–------–---–-ს მხრიდან ხ------- ჭ----------ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო სისტემატურ შეურაცხყოფაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ხ------- ჭ----------ემ, ასევე, მოწმეებმა, ა-–---- ფ--–------–---–მა, ნ-----–-- ფ--–------–---–მა და მ------ ფ--–------–---–მა, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება მასში მითითებული გარემოებების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ ხ------- ჭ----------ესთან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, კ------------- ფ--–------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
34. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------------- ფ--–------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2. კ------------- ფ--–------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გამართლებულ კ------------- ფ--–------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
4. საქმეზე დართული ნივთები და საგნები: საქმეზე დართული CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე