განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003423929
საქმე N1-61/20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის - რ----------–----ის
ბრალდებულის - ს----- დ------ის
ადვოკატის - ნ---- დ------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176280518002 საქმე,ბრალდებული: ს----- დ------ე
მამის სახელი: ვ--–----
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული/მცხოვრები მისამართზე: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკო
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილი - სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე - 2 ეპიზოდი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი - თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში, ე.წ. „ხოზანას“ უბანში, ს----- დ------ემ რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელიც 2018 წლის 28 მაისს აღმოჩენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2018 წლის შემოდგომაზე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში, ს----- დ------ემ რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელიც 2019 წლის 07 დეკემბერს, ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ომარ ჯაყელის მიერ ამოღებული იქნა.
ს----- დ------ემ 2019 წლის ივნისის თვეში, მ-----– დ------ის მიერ უკანონოდ მოპოვებული 7,83 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყე, რომელიც დასაწყობებული იყო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში და გარემოსდაცვითი სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჩაბარებული იყო მასზე, თავისად დაგულებული უფლების რეალიზაციის მიზნით, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საჭიროებისამებრ, რაც მოიყვანა სისრულეში -- ე.წ. „ხოზანას“ უბანში, რეგისტრაციის გარეშე დამონტაჟებულ მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხ დანადგარზე დახერხა ფიცრებად და 2019 წლის ივნისის თვეში 1000 (ათას) ლარად გაასხვისა თამაზ ბერიძეზე. ს----- დ------ის აღნიშნულმა ქმედებამ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მიაყენა 1409,40 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა ს----- დ------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- დ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - ა-----–------–-------------------–----------------------------------------------------------------------------------–-------------------–-------------------–------------------------------–---------------------–--------------–---- დ------ის, მ-----– დ------ის ჩვენებები; დაზარალებულის წარმომადგენლის - ქ-------------------ის ჩვენება; 2019 წლის 16 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი, მოხსენებითი ბარათი; ლენტური სახერხის საამქროს დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ზ----- დ------ის და ზ----- ჯ-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა, ს----- დ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა, ფიცრების დათვალიერების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 დეკემბრის საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის N009032719 დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 დეკემბრის N008296418 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; ნივთიერი მტკიცებულებები.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს----- დ------ის ბრალდების დადასტურება.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს----- დ------ემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე და თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
19. ს----- დ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
20. ს----- დ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
27. სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთიდან ორ წლამდე, ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
28. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- დ------ეს, რომელიც აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ნასამართლობის არმქონეა, ითანამშრომლა გამოძიებასთან - დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა - 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
29. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს----- დ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
30. სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, უნდა მოხდეს ნივთმტკიცების - 2018 წლის 28 მაისს ამოღებული, ს----- დ------ის კუთვნილი მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარისა და 74 ცალი სამასალე ფიცრების - საპროცესო კონფისკაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო 2019 წლის 7 დეკემბერს ამოღებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დივიდი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ს----- ვ--–----ს ძე დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სსკ-ის 2871 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სსკ-ის 2871 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ს----- დ------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ს----- დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, მოხდეს ნივთმტკიცების - 2018 წლის 28 მაისს ამოღებული, ს----- დ------ის კუთვნილი მრგვალი ხე-ტყის ლენტური ტიპის სახერხი დანადგარისა და 74 ცალი სამასალე ფიცრის - საპროცესო კონფისკაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ, ხოლო 2019 წლის 7 დეკემბერს ამოღებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; დივიდი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი