გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.01.2020
საქმის ნომერი
330310019003358563
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9892-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21.01.2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი

 

მოსარჩელე - ამ----------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - მა------------–---ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ----------------ის სასარგებლოდ დაევალოს წარმოშობილი სახელფასო დავალიანების 1656,90 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის მიერ 2015 წლის 20 დეკემბრის ცნობის შესაბამისად, ამ----------------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება 1998-2000 წლებში მიუღებელი დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ. დახარება) რომელიც შეადგენს 1656,90 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 20 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 13);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

მოცემულ შემთხვევაში ამ----------------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1656,90 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო.

 

ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 20 დეკემბრის ცნობის შესაბამისად, ამ----------------ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება 1998-2000 წლებში მიუღებელი დავალიანება (ხელფასი, კვება, ჯილდო, მატ. დახარება) რომელიც შეადგენს 1656,90 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმის განხილვის დროს არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ----------------ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2017 წლის 1 ივლისამდე სახელფასო დავალიანების მოთხოვნით მიმართვის ფაქტს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ----------------ეს მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე მისი, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მან თავისი უფლების რეალიზაცია განახორციელა.

 

6.2. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

მითითებული კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასს 1998-2000 წლების პერიოდზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ამ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ამ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე ბადრი შონია